„ისტორია“ კრემლის ტყვეობაში: რისთვის სჭირდება პუტინის რეჟიმს წარსულით მანიპულაცია?

„ისტორია“ კრემლის ტყვეობაში: რისთვის სჭირდება პუტინის რეჟიმს წარსულით მანიპულაცია?

ავტორი: ვაჟა სოფრომაძე, UGSPN-ის მკვლევარი

შესავალი

თანამედროვე რუსეთს საშინაო და საგარეო ასპარეზზე სჭირდება ძალმომრეობაზე, რევანშიზმსა და ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკის ლეგიტიმაცია. ამიტომაც სისტემა ალტერნატიული და მანიპულირებადი რეალობის შექმნას ცდილობს, სადაც კრემლის დესტრუქციულ საგარეო და ავტორიტარულ საშინაო პოლიტიკას ექნება მყარი საფუძველი. შედეგად, რუსეთში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ ეგუება, არამედ ხშირ შემთხვევაში იჯერებს სახელმწიფოს მიერ  შემოთავაზებულ ალტერნატიულ რეალობას. ამ რეალობის შექმნაში ჩართული სახელმწიფო აპარატი,  სრულად აკონტროლებს განათლების სისტემას, მედია გარემოსა და საზოგადოებრივ დისკურს.

კრემლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მის მიერ კონსტრუირებული ისტორიული წარსულის ნარატივები დომინირებდეს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც. 90-ნი წლებთან შედარებით კრიტიკული ლიბერალური დისკურსი, მათ შორის, ისტორიულ წარსულთან მიმართებაში უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. სისტემის ავტორიტარული ბუნებიდან გამომდინარე კრემლი არ უშვებს ნებისმიერი ტიპის ორაზროვნებას, როგორც წარსულთან, აგრეთვე აწმყოსთან მიმართებაში. ვინაიდან კრემლი  საკუთარ მოსახლეობას ვერ სთავაზობს თანამედროვე შემაკავშირებელ იდეას, სისტემისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის გამაერთიანებელი გახდეს საერთო ისტორიული წარსული. სწორედ ამიტომ, სისტემა მათ შორის საკანონმდებლო ბერკეტებით აკონტროლებს კრემლისთვის მისაღები ისტორიული დისკურსის ურღვეობას.

უახლესი ისტორიით მანიპულირების რამდენიმე შემთხვევა

შუა საუკუნეების ან უფრო ადრეული ისტორიული პერიოდების განსხვავებულად ინტერპრეტაცია და მანიპულაცია რაღაც დოზით ყველა სახელმწიფოს ახასიათებს. მაგრამ, შედარებით ახლო წარსულში მომხდარი მოვლენების განსხვავებულად ინტერპრეტაცია, მათ შორის ისეთ საკითხებზე რომელზეც თითქოს უკვე არსებობდა საზოგადოებრივი კონსენსუსი „პერესტროიკის“ პერიოდიდან მოყოლებული, ცალსახად მიუთითებს კრემლის მხრიდან ისტორიის გადაწერის მცდელობაზე. მაგალითისთვის, თანამედროვე კრემლის პროპაგანდა ამართლებს საბჭოთა კავშირის მიერ 1968 წელს ჯარების შეყვანას ჩეხოსლოვაკიაში და 1979 წლის ავღანეთში შეჭრას. აგრეთვე მიდის გადაფასების მასშტაბური კამპანია საბჭოთა კავშირის დაშლის საკითხთან მიმართებაში. სხვადასხვა ტრიბუნიდან სისტემის მაღალჩინოსნები აჟღერებენ მოსაზრებას, რომ სსრკ-ს დაშლა არ იყო კანონიერი, რითაც პირველ რიგში ცდილობენ ეჭვის ქვეშ დააყენონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტი.

კრემლის მხრიდან ისტორიის მანიპულაციის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მცდელობა არის უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებული მრავალწლიანი  კამპანია. ამ კამპანიის მთავარია მიზანია – დაარწმუნოს როგორც საკუთარიასევე სხვა ქვეყნების საზოგადოებები იმაში, რომ უკრაინა არის ხელოვნური  წარმონაქმნი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანიპულაციებს არ აქვს განსაზღვრული ისტორიული დროის ჩარჩო. კრემლს აქვს პრეტენზიები დაწყებული მე-10საუკუნის კიევის სამეფოს გაქრისტიანების პერიოდიდან, დამთავრებული მე-20 საუკუნის მეორე ნახევრით, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებისას ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას გადაეცა. უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკნინების კამპანიაში ჩართულია მთელი სახელმწიფო მანქანა, დაწყებული რიგითი პროპაგანდისტებით დამთავრებული  უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებით. პრეზიდენტი პუტინიც  საჯარო გამოსვლებში საუბრობს უკრაინაზე, როგორც ხელოვნურ  წარმონაქმნზე. კიევის დესუბიექტიზაციით კრემლი ირიბად ცდილობს გაამართლოს  აგრესია თანამედროვე უკრაინული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

დასავლეთისგან შექმნილი მტრის ხატი

ისტორიული მანიპულაციების შედეგად სისტემა ცდილობს შექმნას დისკურსი რომლის მიხედვითაც „კოლექტიური დასავლეთი“ რუსეთის (მანამდე საბჭოთა კავშირის და რუსეთის იმპერიის) შიგნიდან დესტაბილიზაციას და დაშლას ცდილობდა (და ცდილობს). კრემლის პროპაგანდა ქმნის სურათს, რომ თითქოს კონკრეტული გრანდ-გეგმით ჯერ კიდევ 90-იან წლებში რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებში ჩანერგეს „კოლექტიური დასავლეთის“ ინტერესების გამტარებელი აქტორები. აღნიშნული ნარატივის მიხედვით, ეს ჩანერგილი აქტორები  მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ელცინის მმართველობის  პერიოდში და სწორედ მათი ქმედებებით იყო გამოწვეული იმ პერიოდში სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში. ამავე ნარატივის მიხედვით, სისტემაში ჩანერგილი მოთამაშეების გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და აღნისნული  პერიოდიდან „დასავლეთი“ ცდილობს მოსყიდული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობის ჩართულობით მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია. კრემლის ნარატივის მიხედვით, საშინაო წნეხთან ერთად არსებობს  გრანდ-გეგმის საგარეო კომპონენტიც, რომლის მიხედვითაც „დასავლეთი“ კრემლის უშუალო სამეზობლოში მარიონეტული რეჟიმების მეშვეობით და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებით ცდილობს ალყაში მოაქციოს რუსეთი. ამ ნაწილში მოსკოვის მიერ ისტორიით მანიპულაცია კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს, დაწყებული იუგოსლავიის დასავლეთის მიერ ორკესტრირებული დაშლით, აღმოსავლეთ ევროპაში ნაციზმის ხელოვნურად აღზევებით და უკრაინაში ნეო-ნაცისტური ხელისუფლების დასმით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დინამიკას  კრემლი დასავლეთის მიერ  ორკესტრირებული დიდი ანტი-რუსული სტრატეგიის ნაწილად აფასებს. კერძოდ,  ისტორიის ახალ სასკოლო სახელმძღვანელოში, რომელიც რამდენიმე წლის წინ პუტინის მრჩევლის, ყოფილი კულტურის მინისტრის რედაქციით დამტკიცდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი  „პრო-ამერიკული სააკაშვილის რეჟიმის მიერ ე.წ. „სამხრეთ ოსეთზე“ თავდასხმად არის წარმოჩენილი, რომელთანაც რუსეთს საუკუნოვანი მეგობრობა და საერთო ისტორია აკავშირებს“.

9 მაისი – დაღუპულების ხსოვნის პატივისცემიდან „გამარჯვების“ კულტამდე

კრემლის მხრიდან  ისტორიის სისტემური რევიზიონიზმის ყველაზე მასშტაბურ მცდელობად უნდა შევაფასოთ მეორე მსოფლიო ომი, რადგან მოსკოვი მიზანმიმართულად ამახინჯებს ამ ომის შესახებ ხსოვნას და საკუთარ ხალხს ახალ ისტორიულ ნარატივს უქმნის. ამ ნარატივის მიხედვით, რუსული სამყარო და რუსული იდეა განსაკუთრებული ცივილიზაციურ-ისტორიული როლის მატარებელია. კრემლი არ ასაჯაროებს მეორე მსოფლიო ომის არქივებს, მათ შორის, რეალური დანაკარგების შესახებ ინფორმაციას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. მოსკოვი ქმნის ნარატივს, თითქოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება მხოლოდ საბჭოთა კავშირის დამსახურებაა (იგივეა რაც რუსი ხალხის გამარჯვება). ობიექტური ისტორიული ფაქტების იგნორირებით, კრემლი ცდილობს შეამციროს მოკავშირეების და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წვლილი ნაციზმზე გამარჯვებაში. ამავდროულად, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ხალხის გაწეული მსხვერპლი წარმოჩენილია როგორც „დიდი რუსეთის“  უძლეველობის ორგანული ნაწილი.

პუტინის მმართველობის პერიოდში, „9 მაისი“ – თარიღი რომელიც როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე დამოუკიდებელი რუსეთის პირველ წლებში, პირველ რიგში, ასოცირდებოდა  ომში გამარჯვებისთვის დაღუპული ათეულობით მილიონი ჯარისკაცის ხსოვნასთან  ტრანსფორმირდა სრულიად არაჰუმანურ, მილიტალისტურ კულტად, რომელიც ხელს უწყობს კრემლის რევანშისტული იდეოლოგიის გამყარებას და გავრცელებას. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღის აღსანიშნავად საბჭოთა ხელისუფლება არ ატარებდა ყოველწლიურ მასშტაბურ სამხედრო აღლუმებს. პირველი „გამარჯვების აღლუმი“ საბჭოთა კავშირში ჩატარდა 1945 წელს  24 ივნისს, მაგრამ ეს ერთჯერადი ღონისძიება იყო. მეტიც 1965 წლამდე ეს თარიღი სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსის მატარებელიც კი არ იყო[1]. საბჭოთა კავშირისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო „ოქტომბრის რევოლუციის“ აღნიშვნა და სწორედ 7 ნოემბერს ყოველწლიურად საბჭოთა ხელისუფლება ატარებდა მასშტაბურ აღლუმებს, მათ შორის სამხედრო ტექნიკის დემონსტრაციით.

ყოველწლიურად „9 მაისის“ აღნიშვნა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  ელცინის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს. ქვეყნის მთავარ სახელმწიფო დღესასწაულად „9 მაისი“ უკვე პუტინის პრეზიდენტობის ვადაში გადაიქცა. სწორედ პუტინის პრეზიდენტობის პირველივე წლებიდან იწყება მასშტაბური სამხედრო აღლუმების ჩატარება, რომლის მოსამზადებელ ღონისძიებებში არის ჩართული მთლიანი სახელმწიფო აპარატი. ამ პროცესების სწორად შესაფასებლად მნიშნველოვანია გავიაზროთ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დინამიკა. პუტინის მეორე ვადის ბოლოს ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა სისტემამ ვერ ჩამოყალიბა ფუნდამენტი ახალი იდეოლოგიისთვის.  რეტროსპექტიულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეჟიმმა გადაწყვიტა წარსულზე კაპიტალიზება და ყველაზე რაციონალური სამიზნე სწორედ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საკითხი აღმოჩნდა.


[1] საბჭოთა მმართველობის პერიოდში „გამარჯვების აღლუმი სულ ოთხჯერ ჩათარდა 1945, 1965, 1980 და 1990 წელს ჩატარდა.

„9 მაისი“ როგორც ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი

რეჟიმმა შექმნა ნარატივი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციას როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს   ტრადიციული ფასეულობების დაცვისა და მორალის განსაკუთრებული „ისტორიული მისია“ აქვს. უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ ებრძვის სახეცვლილ ფაშიზმს. 2022 და 2023 წლების 9 მაისის საზეიმო აღლუმებზე პუტინმა პირდაპირი პარალელები გაავლო ნაცისტურ გერმანიასთან ბრძოლასა და უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ ოპერაციის შორის. მსგავსი რიტორიკით კრემლი ცდილობს ისტორიული მეხსიერების დამახინჯებას. ასევე, იგი მსგავს ნარატივებს იყენებს სამხედრო დანაშაულების, რეპრესიების და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის გადასაფარად. აღსანიშნავია, რომ ფაშიზმთან ბრძოლა გახდა უნივერსალური ინსტრუმენტი რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი ალტერნატიული შეხედულების ჩახშობა და კონკრეტული ინდივიდების ან ჯგუფების „სამშობლოს მტრებად“ გამოცხადება.

მილიტარისტული ზეიმის ძირითადი ატრიბუტიკა

2000-ნი წლების მეორე ნახევრიდან აღლუმის ძირითადი ფოკუსი ვეტერანებიდან და დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივისცემიდან გადაერთო  სამხედრო ატრიბუტიკის და თანამედროვე შეიარაღების დემონსტრაციაზე. აგრეთვე დაიწყო არასრულწლოვნების ჩართვა „საზეიმო ღონისძიებებში“ და სწორედ ამ პერიოდში პირველად გაჟღერდა რუსეთის თანამედროვე რევანშისტული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოზუნგი –  შეგვიძლია გავიმეოროთ (можем повторить). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქში მიმდინარე აღლუმის პარალელურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება სხვადასხვა სავალდებულო ხასიათის ღონისძიებები, მათ შორის სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც კი.

განსაკუთრებული ადგილი პუტინის თანამედროვე „9 მაისის“ აღნიშვნაში უკავია ე.წ. უკვდავ პოლკს (бессмертный полк). თავდაპირველად, ამ აქციას ჰქონდა სამოქალაქო ინიციატივის სტატუსი რომლის, ფარგლებშიც ხალხი ომში დაღუპული ოჯახის  წევრებისა და ვეტერნების პორტრეტებით გამოდიოდა მსვლელობაზე. 2015 წლიდან სახელმწიფომ დაიწყო აქციის „მიტაცების“ პროცესი და ღონისძიების დაგეგმვა დაევალა კრემლის მიერ კონტროლირებად ორგანიზაცია „ერთიან ეროვნული ფრონტს“ (ОНФ). მალევე ღონისძიების ნებაყოფლობითი და სპონტანური ხასიათი შეცვალა, ის გახდა სავალდებულო  ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის. აქცია კოვიდ-პანდემიის დროს (2020-2021 წლებში) ჩატარდა ონლაინ ფორმატში და განახლდა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ფოტოებთან ერთად აქციაზე ასევე „მიაგეს პატივი“ უკრაინასთან ომში დაღუპულ ჯარისკაცებს. ამ დროისთვის აქციამ უკვე მიიღო გლობალური მასშტაბი და როგორც რუსული პროპაგანდა იუწყებოდა სხვადასხვა ფორმით ჩატარდა 80-ზე მეტ ქვეყანაში.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის შემდეგ აქციის ჩატარება აიკრძალა აშშ-ში (ნაწილობრივ), დიდ ბრიტანეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთსა და ესტონეთში. საქართველოში უკვდავი პოლკის აქციები სხვადასხვა მასშტაბით ტარდება 2017 წლიდან,.წელს მედიაში გავრცელდა მასალები, რომლის თანახმად მოქალაქეთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა მსგავსი ტიპის აქცია ჩაატარა ვაკის პარკში.

კრემლის პროპაგანდისტული მანქანის კიდევ ერთი თვალსაჩინო ინსტრუმენტი არის ე.წ. „ღამის მგლების“ კლუბი, რომელიც შეიქნა 80-ნი წლების ბოლოს, როგორც  მოტოციკლისტების ერთ-ერთი პირველი გაერთიანება საბჭოთა კავშირში. 2010-იანი წლებიდან ორგანიზაცია აქტიურად შემოდის კრემლის საინფორმაციო სივრცეში. კლუბის ხელმძღვანელი ალექსანდრ ზალდასტანოვი, იგივე „ქირურგი“, პრეზიდენტ პუტინთან ერთად არაერთხელ იყო საჯარო ღონისძიებებზე. სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კლუბის საქმიანობა პირდაპირ ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან გრანტების მეშვეობით. შინაარსობრივად, კლუბის საქმიანობა პირდაპირ თანხვედრაშია ე.წ. „რუსული სამყაროს“ კონცეფციასთან, რაც მათ შორის მოიცავს ფსევდორელიგიურ, იმპერიალისტურ და ნაციონალისტურ რიტორიკას და შესაბამისი სიმბოლიკის გამოყენებას.

2014 წლიდან  „ღამის მგლებმა“ „9 მაისის“ აღსანიშნავად დაიწყეს მოტორბოლების ორგანიზება. ყველაზე ცნობილი მარშრუტი იყო მოსკოვი – ბერლინი.  უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან კლუბის აქტივობა მათ ტერიტორიაზე იკრძალება. მაგალითად პოლონეთმა ჯერ კიდევ 2016 წელს ორგანიზაციის საქმიანობა ეროვნული უსაფრთოხების გამოწვევად შეაფასა. ბალტიის სახელმწიფოებმა სანქციების რეჟიმის დარღვევის გამო აუკრძალეს მათ საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა. ასევე, ბევრი სხვა ევროპული სახელმწიფო სხვადასხვა მიზეზით არ აძლევს ორგანიზაციას ოფიციალურად ღონისძიებების ჩატარების საშუალებას. დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კლუბის ინდივიდუალური წევრების მაინც ახერხებენ სხვადასხვა ფორმით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე მცირე მასშტაბის ღონისძიებების ჩატარებას. საქართველოს შემთხვევაში „ღამის მგლები“  2015 და 2017 წლებში იყვნენ ჩამოსული მცირერიცხოვანი ჯგუფით და მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა ცერემონიალურ ღონისძიებაში. აქვე უნდა აღინიშნოს რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს, პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი მამუკა ფიფია შეხვდა ზალდასტანოვს მოსკოვში და ის საქართველოში დაპატიჟა.

შეჯამება

პუტინის რუსეთის მიერ ისტორიის სისტემური რევიზიონიზმი არ წარმოადგენს მხოლოდ წარსულის მიმართ დამოკიდებულების გადახედვას – ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური პროექტი, რომელიც ემსახურება არსებული რეჟიმის ლეგიტიმაციას, შიდა კონსოლიდაციასა და საგარეო აგრესიის გამართლებას. დამახინჯებული ისტორიული ნარატივების მეშვეობით კრემლი ცდილობს ალტერნატიული რეალობის ჩამოყალიბებას, სადაც რუსეთი წარმოდგენილია როგორც მსხვერპლი და ამავრდოულად არსებობს მისი უძლეველობის მითი. „9 მაისის“ ინსტრუმენტალიზაცია, უკრაინის და სხვა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის დელეგიმიტიზაცია, საბჭოთა წარსულის მორალური რეაბილიტაცია ქმნის სისტემის ფუნქციონირების იდეოლოგიურ საფუძველს. ისტორია რუსეთში გადაიქცა სახელმწიფო პროპაგანდის ინსტრუმენტად, სადაც წარსულის კონტროლი ნიშნავს ძალაუფლების შენარჩუნებას აწმყოში და ამავდროულად მომავლის კონსტრუირებას რეჟიმის  სასარგებლოდ.