წარმოდგენილი სტატია აანალიზებს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის განახლებულ კონცეფციას და განიხილავს კრემლის მიერ გაცხადებულ მიზნებს და ამოცანებს საგარეო პოლიტიკურ განზომილებაში. განახლებული კონცეფციის მიხედვით კრემლს აქვს ამბიცია წამყვანი როლი ითამაშოს ახალი საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, სადაც გარანტირებულად დაცული იქნება რუსეთის სახელმწიფო ინტერესები.
დასავლური სახელმწიფოების მხრიდან უპრეცედენტო საერთაშორისო იზოლაციის ფონზე რუსეთის ფედერაცია ცდილობს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ზიანის მინიმალიზაციას. საგარეო პოლიტიკური პოზიციონირების თვალსაზრისით კრემლი ცდილობს ანტიდასავლური და ანტიკოლონიალისტური დღის წესრიგის ჩამოყალიბებას და მის გაძლიერებას პოტენციურად მოწყვლად აზიის და აფრიკის რეგიონების სახელმწიფოებზე. გარდა ამისა, განახლებულ კონცეფციის მიხედვით, რუსეთი მზადაა გამოიყენოს შეიარაღებული ძალები საკუთარი მოკავშირეების და თანამოქალაქეების დასაცავად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
იდეოლოგიური თვალსაზრისით დოკუმენტის განახლებული ვერსია სრულად ეფუძნება ე.წ. „რუსული სამყაროს“ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საბოლოო ჯამში უნდა ჩამოყალიბდეს როგორც სახელმწიფო-ცივილიზაცია, რომელიც ხალხს რუსული იდენტობის ირგვლივ აერთიანებს.