რუსეთის ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ – სამხრეთ კავკასიის კონტექსტი

რუსეთის ბრძოლა დასავლეთის წინააღმდეგ – სამხრეთ კავკასიის კონტექსტი

გიორგი ბილანიშვილი

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, ცხადია გაცილებით უფრო დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე უბრალოდ ომს სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის და მისი საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიზნით.  უკრაინის ტერიტორიების მითვისებისა და მის საგარეო პოლიტიკაზე მინიმუმ ეფექტური გავლენის მოპოვების პარალელურად, მოსკოვი სულ მცირე რამდენიმე ძირითად მიზანს ისახავს:

  • დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის პოზიციების დასუსტება საერთაშორისო პოლიტიკაში;
  • ანტი-დემოკრატიული და ანტი-ლიბერალური ძალების გაძლიერება დემოკრატიულ ქვეყნებში;
  • სხვადასხვა, მათ შორის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება;
  • უკრაინის გარდა სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე ექსკლუზიური გავლენის აღდგენა.

ამ ბლოგში, რუსეთის ზემოხსენებული მიზნების კონტექსტში, მიმოვიხილავთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს, რეგიონში სამხედრო და ალბათ პოლიტიკური თვალსაზრისთაც ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე, აზერბაიჯანზე ფოკუსით.

www.pspresident.az

პოსტ-ყარაბაღი

მას შემდეგ, რაც 2020 წლის შემოდგომაზე ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებით  აზერბაიჯანმა გადამწყვეტი გარდატეხა შეიტანა ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში, ხოლო 2023 წლის სექტემბერში სწრაფი სამხედრო ოპერაციის შედეგად მთლიანად დაიბრუნა ეს რეგიონი, ბევრს ალბათ გაუმყარდა რწმენა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანზე გავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტი დაკარგა. ეს ობიექტურად ასეც არის, რადგან მოსკოვი, როგორც წესი, კონფლიქტურ კერებს ეფექტიანად იყენებს ამა თუ იმ ქვეყანაზე გავლენის მიზნით.

აზერბაიჯანის სიძლიერეს და  რუსეთის სისუსტეს თითქოს ისიც ადასტურებდა, რომ მოსკოვმა არც მეორე ომის დროს და არც მას შემდეგ ხელი არ შეუშალა აზერბაიჯანს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებდა. მართალია ამის საჭიროება მოსკოვს არასოდეს ქონია, რადგან თავად მუდმივად უხეშად არღვევდა საერთაშორისო სამართალის ნორმებს, მაგრამ მას სომხეთის მხარდასაჭერად სამართლებრივი საფუძველიც ჰქონდა. მოსკოვს ასეთ ვალდებულებას ორმხრივი შეთანხმებაც აკისრებდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) სომხეთის წევრობაც და 2020 წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტ ალიევის, პრემიერ ფაშინიანის და პუტინის ერთობლივი განცხადებაც, რომლის საფუძველზე ყარაბაღის მეორე ომი შეწყდა და ახალი სტატუს-კვო ჩამოყალიბდა.

ახალი სტატუს-კვოს პირობებში მოსკოვმა ზეგავლენის ახალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტიც მიიღო. კერძოდ,  ზემოხსენებული განცხადების საფუძველზე, რუსი „სამშვიდობოები“ კონფლიქტის ზონაში  (პუნქტი 4)[1], მათ შორის, ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ ლაჩინის დერეფანში (პუნქტი 6) განთავსდნენ. ამის მიუხედავად, 2022 წლის დეკემბერში ბაქომ  ლაჩინის დერეფნის ბლოკირება მოახდინა, რითაც მიიღო  მის მიერ ყარაბაღის არაკონტროლირებად  ნაწილზე წნეხის გაძლიერების შესაძლებლობა. ეს წნეხი თანმიმდევრულად გააძლიერა და 2023 წლის სექტემბერში, სწრაფი სამხედრო ოპერაციით მთლიანად ყარაბაღი დაიბრუნა, რის შემდეგაც სომხურმა მოსახლეობამ ეს ტერიტორია დატოვა.

„სამშვიდობოებს“, როგორც ზემოხსენებულ, ისე სხვა დროს სიტუაციის გამწვავებისას ქმედითი ზომები არ მიუღიათ, თუმცა, ყარაბაღში ბოლო დრომდე რჩებოდნენ. მათი იქ ყოფნის ვადა 2025 წელს იწურებოდა, ავტომატურად 5 წლის ვადით გახანგრძლივების პერსპექტივით და  მიუხედავად იმისა რომ ბაქოს არ ჰქონია ამის მოთხოვნა,  მოსკოვმა ისინი ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანიდან გაიყვანა.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, რუსეთის ასეთი პოლიტიკა სანაცვლოდ ბაქოსგან მოსკოვის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინით იყო განპირობებული. ასეთად აზერბაიჯანის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) შესაძლო გაწევრიანება მიიჩნეოდა. თუმცა, აპრილში ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ილჰამ ალიევმა ასეთი შესაძლებლობა დიპლომატიური ენით უარყო. მისი თქმით,  „მათ ასეთი გეგმა არ აქვთ, მაგრამ არ ამბობენ, რომ ეს საკითხი მომავალში არ შეიძლება  გახდეს განხილვის საგანი. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენ ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ დაახლოებისგან. თუ კი ამას დავინახავთ, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას.“

აზერბაიჯანზე გავლენის შენარჩუნების რუსეთის სტრატეგია

ამ ყველაფრის მიუხედავად, ცხადია მოსკოვის ბაქოზე გავლენის შენარჩუნების განზრახვა არ განელებულა და ამისთვის, როგორც ჩანს, იგი თავის სტრატეგიას საკმაოდ მოხერხებულადაც აგებს. ეს სტრატეგია, სავარაუდოდ, ინტერესთა თანხვედრის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შედეგად აზერბაიჯანზე რუსეთის გავლენის გაძლიერებასა და სომხეთში ფაშინიანის ხელისუფლების პრო-რუსული ძალებით ჩანაცვლებაშია.  რუსეთის აზერბაიჯანთან ინტერესთა თანხვედრის სფეროებად კი შემდეგი უნდა მივიჩნიოთ:

ნეგატიური დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გავლენის მიმართ – რუსეთ-აზერბაიჯანის მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელის დუმის დეპუტატის დიმიტრი საველიევის აზრით, „რუსეთ-აზერბაიჯანს ერთიანი პოზიცია გააჩნიათ „გარე მოთამაშეების“ მიერ სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის წინააღმდეგ“. ბაქოს როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში სამხედრო სფეროში სომხეთ-საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობაც არ მოსწონს. ოფიციალური ბაქოს შეფასებით, მას შემდეგ რაც ამ მისიაში კანადაც ჩაერთო იგი დე-ფაქტო ნატოს მისიად და ანტი-აზერბაიჯანული  პროპაგანდის ინსტრუმენტად გადაიქცა.  ნიშანდობლივია, რომ ოდნავ მოგვიანებით იგივე შინაარსის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმაც გააკეთა. ამის გარდა მოსკოვს სომხეთთან მიმართებაში სხვა ბევრი რამეც აღიზიანებს. მათ შორის, არის  ერევანის სწრაფვა ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და, მისი გადაწყვეტილება დე-ფაქტო CSTO-ში საკუთარი მონაწილეობის შეჩერების თაობაზე.

ამ ფონზე ყურადღებას იქცევს, რუსეთის მხრიდან სომხეთის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებების კონტექსტიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ერევანთან მიმართებაში ხშირად უკრაინის მსგავს ტერმინოლოგიას იყენებს, როდესაც სომხეთის მთავრობას „ერევანის მმართველებად“ მოიხსენიებს და ხშირად ხაზს უსვამს, რომ მათგან განსხვავებით რუსეთს სომეხ ხალხთან პრობლემა არ გააჩნია.  სომხეთის მთავრობასთან მიმართებაში საკმაოდ აქტიურია რუსული პროპაგანდაც, რომელიც ცხადია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებების კონტექსტსა და შინაარსს განავრცობს.

სავაჭრო ურთიერთობები და ეკონომიკური პროექტები აზერბაიჯანში – აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.  რუსეთის ვიცე-პრემიერ/წარმოებისა და ვაჭრობის მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარესთან, სხვადასხვა კომერციული სტრუქტურებისა და კომპანიების ხელმძღვანელებთან გამართულ  შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ორმხრივი ვაჭრობა იზრდება, რადგან ამას ორივე ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მართლაც, რუსეთი აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.  ვაჭრობა ამ ქვეყნებს შორის 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 17,5%-ით გაიზარდა. ამასთან, რუსეთი პირველ ადგილზეა აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს შორის.

რუსული კომპანია ლუკოილი უახლოეს 10 წელიწადში 7 მლრდ აშშ დოლარის მოგებას მიიღებს აზერბაიჯანის შახ დენიზის გაზის საბადოებიდან, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებს გაზი მიეწოდება. ლუკოილი ამ საბადოს 19.9% წილის მფლობელია. მას შემდეგ, რაც 2022 წელს ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება, მან აზერბაიჯანთან ახალი შეთანხმება გააფორმა, რის საფუძველზეც აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი ევროკავშირში 8.1 მლრდ კუბური მეტრიდან 11.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. თავის მხრივ, 2022 წლის ნოემბრიდან გაზპრომმა განაახლა გაზის მიწოდება აზერბაიჯანში და 2023 წლის მარტამდე მას 1 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. მართალია აზერბაიჯანი თავად ფლობს ნავთობისა და გაზის საკმაო მარაგებს, მაგრამ სანქციების ქვეშ მოქცეული რუსეთისგან სავარაუდოდ, საბაზრო ფასზე იაფად გაზის მიღება მის ინტერესებშია. სხვა თუ არაფერი, ამით იგი საკუთარ გაზის ექსპორტს ზრდის ევროკავშირში. ამ ფონზე პრეზიდენტი ალიევი სომხეთისთვის შეღავათიან ფასად გაზის მიწოდების პერსპექტივაზე საუბრობს, რაც შეიძლება გარკვეულ პირობებში სომხეთზე გავლენის კიდევ უფრო გაზრდის მექანიზმადაც იქცეს.

აზერბაიჯანში იმ საწარმოთა რაოდენობა, რომელშიც რუსული კაპიტალია  1400-ს აჭარბებს. აქედან 300-ი სრულად რუსული კაპიტალით არის შექმნილი, დანარჩენს კი ერთობლივი საწარმოს ფორმა გააჩნია. ცოტა ხნის წინ რუსეთის საავტომობილო კომპანია AvtoVAZ-მა დაიწყო ავტომობილების წარმოება აზერბაიჯანში. ასეთივე გეგმა არსებობს რუსეთის სარკინიგზო და საავიაციო წარმოების აზერბაიჯანში დაწყებასთან დაკავშირებით. ეს უდავოდ დადებითი მოვლენა იქნება დასავლური სანქციების ქვეშ მოქცეული რუსეთისთვის, რომელიც ასეთი წარმოებისთვის საჭირო პროდუქციის რუსეთისთვის მიწოდების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. 

მასშტაბური საერთაშორისო პროექტებირუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებას გრძელვადიან პერსპექტივად მიიჩნევს და მას უკვე დაწყებული აქვს რეორიენტირება ახალ სამომხმარებლო ბაზრებსა და ლოგისტიკურ მარშრუტებზე. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მარშრუტს წარმოადგენს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი (INTSC). იგი  7,200 კმ სიგრძის საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტებისგან შედგება, რომელიც სანკტ-პეტერბურგს აზერბაიჯანისა და ირანის გავლით ინდოეთის საპორტო ქალაქ მუმბაისთან აკავშირებს.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი ალიევი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პუტინთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სწორედ INTSC-ის ამოქმედებას დაეთმო. მნიშვნელობის თვალსაზრისით ეს პროექტი პუტინმა საბჭოთა პერიოდში გაყვანილ ბაიკალ-ამურის (BAM) სატრანსპორტო მაგისტრალს შეადარა და ქება არ დაიშურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის მამის ჰეიდარ ალიევის მიმართ, რომელიც თავის დროზე BAM-ის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. INTSC-ის დიდ მნიშვნელობას, ალიევმაც გაუსვა ხაზი და ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთი ფუძემდებლური ქვეყანაა კავკასიასა და უფრო ვრცელ გეოგრაფიულ არეალში.

INTSC-ის ასამოქმედებლად, საჭიროა ირანის ტერიტორიაზე რეშტ-ასტარას 164 კმ სიგრძის სარკინიგზო მონაკვეთის გამართვა, რაზეც შეთანხმება 2023 წელს შედგა, სამუშაოები კი სამი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

კონტროლის შენარჩუნება სომხეთ აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებზეყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ დასავლეთმა სცადა გამხდარიყო მედიატორი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. გარკვეული დროით ინიციატივაც აიღო და რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონსა და ბრიუსელში. თავის მხრივ, მოსკოვიც არ თმობდა მედიატორის როლს. ამასთან, აზერბაიჯანი დასავლეთზე იყო განაწყენებული, სომხეთი კი რუსეთზე. შედეგად აზერბაიჯანმა დაჟინებით მოითხოვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ორმხრივ ფორმატში გაგრძელება, მედიატორების გარეშე. სავარაუდოდ, მოსკოვის ჩარევით, ეს საკითხი საბოლოოდ ისე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო მოლაპარაკებების ყაზახეთში (ალმათში) გამართვას დათანხმდნენ. ამით მოსკოვმა საკუთარი ამოცანა ნაწილობრივ მაინც შეასრულა, რადგან ვაშინგტონი და ბრიუსელი მედიაციას ჩამოაშორა, თავად კი ირიბად დარჩა ამ პროცესში.

ვიდრე ალმათის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, მანამდე აზერბაიჯანი და სომხეთი  სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ფარგლებში, სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ოთხი სოფლის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ. ამას  პროტესტი და სხვადასხვა რეგიონებში გზების გადაკეტვა მოჰყვა სომხეთში. მათ შორის, ერთი კვირის განმავლობაში გადაკეტილი იყო საქართველო-სომხეთის ტრასა სოფელ კირანცთან. მართალია მხარეები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ როგორც ჩანს სომხეთში ამ პროცესის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჭარბობს. ერევანის დემოკრატიისა და უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელის ტიგრან გრიგორიანის შეფასებით აზერბაიჯანს მშვიდობა საკუთარი პირობებით უნდა, რაც გამარჯვებულის მშვიდობაა. მისი აზრით, საზღვრის სხვა მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციით აზერბაიჯანი დაინტერესებული არ არის, რადგან სამხრეთით სომხეთის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ამაში იგი უპირველესად  ვაიოცძორის ოლქის ქალაქ ჯემრუკის გარშემო არსებულ ტერიტორიებს გულისხმობს. გრიგორიანი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად პრეზიდენტ ალიევის გამონათქვამსაც იშველიებს, რომელმაც იანვარში ერთ-ერთ ინტერვიუში ჯემრუკთან დაკავშირებით თქვა, რომ ჩვენ ისეთ სიმაღლეებზე უნდა შევინარჩუნოთ პოზიციები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ რას გეგმავს სომხური მხარე.

სომხეთისთვის ვითარების სიმძიმეს პრემიერი ფაშინიანიც ადასტურებს, რომელიც ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი მტკივნეულია, მაგრამ სწორედ იგი წყვეტს უახლოეს მომავალში სომხეთის არსებობის საკითხს – სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს. შედეგად, მართალია ყარაბაღის კონფლიქტი აღარ არსებობს, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის უამრავი რთული და გადაუჭრელი პრობლემა რჩება, რაც უპირველეს ყოვლისა მოსკოვის ინტერესებშია, მით უმეტეს, რომ იგი ირიბად ამ პროცესზე გავლენას ინარჩუნებს.

დასკვნა

ზემოთ დასახელებულის გარდა მოსკოვს ბაქოზე გავლენისა და ფაშინიანის პოზიციების შესასუსტებლად  სხვა ბერკეტებიც გააჩნია, რაც ამ ბლოგში არ ასახულა. საკმარისი აღმოჩნდება თუ არა მოსკოვის სტრატეგია აზერბაიჯანზე გავლენის გასაძლიერებლად ამას მომავალი გვიჩვენებს. თავის მხრივ, აზერბაიჯანი სერიოზული მოთამაშეა სამხრეთ კავკასიაში და მას თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობაც უმაგრებს ზურგს. ისიც ფაქტია, რომ საკუთარი გათვლების გაკეთება აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც კარგად შეუძლია. ამის დასტური უპირველეს ყოვლისა ყარაბაღთან მიმართებაში ბაქოს გეგმაზომიერი და თანმიმდევრული მოქმედება შეიძლება მოვიშველიოთ, რამაც მისთვის სასურველი შედეგი გამოიღო.

თავის მხრივ, საქართველოს პოტენციურად არსებითი როლის შესრულება შეუძლია ბაქოს მოსკოვის და ზოგადად სამხრეთ კავკასიის მიმართ მოსკოვის სტრატეგიაში. ეს თემა ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის პარლამენტში შემობრუნებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებული ყოვლად შეუსაბამო განცხადებების ფონზე, რაც ბოლო წლებში ტრენდად იქცა. თუ ქართული ოცნება თავისას გაიტანს, მოსკოვი საქართველოზე კონტროლს აღადგენს. ერთი მხრივ, ეს გარემოება  გადაიქცევა ბაქოზე ზეგავლენის მნიშვნელოვან ბერკეტად, რადგან აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მთლიანად რუსეთის მიერ კონტროლირებული მარშრუტი შეიქმნება. მერე მხრივ, სომხეთის ევროინტეგრაციის შანსები პრაქტიკულად მინიმუმამდე შემცირდება.      


[1] სამშვიდობო კონტიგენტი განთავსდა 5 წლის ვადით და ამ ვადის ავტომატურად კიდევ 5 წლით გახანგრძლივების პირობით, თუ მათი ვადის ამოწურავდე 6 თვით ადრე განცხადების ხელმომწერი არცერთი მხარე არ მოითხოვდა მის გაყვანას.