ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი
2026 წლის 2 ივნისს, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა, „ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის” აღმასრულებელ ბრძანებას (აღნიშნული ბრძანების შესახებ ჩვენი ანალიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ). ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებიდან ორ დღეში, კონგრესის ორმა წევრმა, ორივე პარტიიდან, გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მართვის საკანონმდებლო პროექტი. კონგრესმენმა ჯეი ობერნოლტემ, კალიფორნიელმა რესპუბლიკელმა, და კონგრესმენმა ლორი ტრაჰანმა, მასაჩუსეტსელმა დემოკრატმა, წარადგინეს 269-გვერდიანი სადისკუსიო პროექტი, სახელწოდებით „ამერიკის დიდი ხელოვნური ინტელექტის აქტი 2026 წლისთვის.” თუ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელმა ბრძანებამ აჩვენა ადმინისტრაციის მზაობა კონგრესის გარეშე დაერეგულირებინა ხელოვნური ინტელექტის სფერო, აღნიშნული კანონპროექტი ცდილობს AI-ის მართვა უფრო მკაფიო საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციოს.
აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის AI პოლიტიკაში. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება ერთი ადმინისტრაციის პრეფერენციებს ასახავს და შემდეგმა ადმინისტრაციამ შეიძლება გააუქმოს. კანონი კი, მიღების შემდეგ, გაცილებით ხანგრძლივია, სავალდებულოა მომავალი ადმინისტრაციისთვისაც და ორივე პარტიას შორის ურთიერთშეთანხმების პროდუქტს წარმოადგენს. „ამერიკის დიდი AI აქტი” პირველი ნამდვილი გამოცდაა იმისა, შეძლებს თუ არა ვაშინგტონი AI-სთან მიმართებით სხვადასხვა საკითხის, იქნება ეს ინოვაციის დაცვა თუ რისკების მოგვარება, გადაჭრას ორ პოლუსს შორის საკანონმდებლო შეთანხმებით.
რას მოიცავს კანონპროექტი?
კანონპროექტი ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თავი ეხება თავად წამყვან AI მოდელებს. იმ კომპანიებს, რომელთა წლიური შემოსავალი 500 მილიონ დოლარზე მეტია, მოეთხოვებათ, გაამჟღავნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მათი სისტემები, და ახალი მოდელის გამოშვებამდე გადადგან ნაბიჯები გარკვეული რისკების დასაზღვევად. კანონპროექტი ასევე მუდმივ სამართლებრივ საფუძველს ანიჭებს AI სტანდარტებისა და ინოვაციის ცენტრს, სავაჭრო დეპარტამენტის შიდა უწყებას.
მეორე ნაწილი ეხება AI-ის სამუშაო ძალას და მოიცავს იმ ადამიანების გადამზადების პროგრამების დაფინანსებას, ვინც სამუშაოს დაკარგავს ავტომატიზაციის შედეგად. ასევე AI წიგნიერების დანერგვას და AI განათლების გაფართოებას საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე.
მესამე ნაწილი კიბერუსაფრთხოებას აძლიერებს, 2035 წლამდე ახანგრძლივებს იმ სამართლებრივ დაცვას, რომელიც ამჟამად კომპანიებს ანტიმონოპოლიური პასუხისმგებლობისგან იცავს, როცა ისინი ერთმანეთს კიბერ საფრთხეების შესახებ ინფორმაციას უზიარებენ.
მეოთხე ნაწილი კი AI კვლევასა და განვითარებას აფინანსებს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შეთანხმდეს შეერთებული შტატები მოკავშირეებთან AI პოლიტიკის საკითხებში საერთაშორისო დონეზე. ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩინეთთან კონკურენციას. ეს თანამშრომლობა უპირველესად ისეთ ორგანოებში მიმდინარეობს, როგორიცაა გაერო, G7 და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, სადაც ვაშინგტონი ცდილობს, თავისი მოკავშირეები დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული AI სტანდარტების გარშემო გააერთიანოს. ამავე დროს, ჩინეთი აქტიურად ავითარებს საკუთარ ალტერნატივას, საერთაშორისო სტანდარტების ორგანოებში აქტიურ მონაწილეობას და ისეთი ინიციატივების წამოწყებას, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაცია, რითაც გლობალურ სამხრეთს საკუთარი მმართველობის მოდელისკენ იზიდავს.
თავის მხრივ, კანონპროექტის ძირითადი ნაწილები საკმაოდ მკაფიოა, თუმცა, საკმაოდ დიდი კამათი გამოიწვია წამყვანი AI მოდელების განყოფილებაში არსებულმა ერთ-ერთმა დებულებამ. აღნიშნული წესით, ცალკეულ შტატებს სამი წლით აეკრძალებათ AI მოდელების შექმნასთან დაკავშირებული საკუთარი კანონების მიღება. შტატები შეინარჩუნებდნენ სრულ უფლებამოსილებას იმაზე, თუ როგორ გამოიყენება AI მათ საზღვრებში, ასე რომ, შტატს კვლავ შეეძლება კომპანიონ-ჩატბოტების, სხვადასხვა ალგორითმების ან პოლიციის სახის ამომცნობი ტექნოლოგიების რეგულირება. რასაც ისინი მორატორიუმის ვადით დაკარგავდნენ, არის ძალაუფლება, დაწესონ საკუთარი წესები იმაზე, თუ როგორ გაწვრთნიან და ტესტავენ წამყვან მოდელებს კომპანიები.
ფედერალური AI პოლიტიკა
დავა იმის შესახებ თუ რომელი სახელისუფლებო შტო რას უნდა არეგულირებდეს, ან უნდა არეგულირებდეს თუ არა საერთოდ, მიდგომა ფედერალური უნდა იყოს თუ შტატებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ავტონომია, ამერიკულ პოლიტიკაში ახალი ნამდვილად არ არის. არც AI პოლიტიკაა გამონაკლისი. ვაშინგტონის 2025 წლის ივლისის AI სამოქმედო გეგმის და ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ცენტრალური არგუმენტია, რომ ერთიანი ფედერალური სტანდარტი ამერიკის კონკურენტუნარიანობას უკეთ ემსახურება, ვიდრე ორმოცდაათი სხვადასხვა შტატის სხვადასხვა კანონი, თითოეული საკუთარი ლიცენზირების განსხვავებული მოთხოვნებით და სხვადასხვა სტანდარტებით. დიდი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა შტატის ათობით განსხვავებული რეგულაციის და სტანდარტის დაცვა მათ იმდენად ანელებს, რომ ისინი კარგავენ კონკურენტულ უპირატესობას ჩინურ კომპანიებთან, რომლებიც მხოლოდ ერთი სახელმწიფო მარეგულირებელი უწყების ქვეშ მოქმედებენ. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, ამერიკის დიდი AI აქტის მიზანი სწორედ ისაა, რომ ამ არგუმენტს კანონის ძალა მისცეს.
კანონპროექტის ბუნდოვანი მომავალი
ცხადია აღნიშნულ კანონპროექტს მომხრეებიც ბლომად გამოუჩნდა და მოწინააღმდეგეებიც. თუ ერთ მხარეს არგუმენტი ეფექტურ, ცენტრალურ საკანონმდებლო ჩარჩოს ეხმიანება, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხედავენ ფედერალური მთავრობის უხეში ჩარევის და შტატების ავტონომიის შემცირების რისკებს. განსაკუთრებით პრობლემატურად კი, როგორც აღვნიშნეთ, შტატებისთვის ახალი AI კანონების მიღების სამწლიან მორატორიუმს განიხილავენ.
აღნიშნულმა დისკუსიამ წარმოაჩინა კიდევ უფრო სიღრმისეული საკითხი აშშ-ს ჩინეთთან კონკურენციის ჭრილში AI-ს კუთხით. ჩინეთის მთავრობას საერთოდ არ უწევს მსგავსი დისკუსიის საჯაროდ გამართვა, როდესაც პეკინმა გენერაციული AI სერვისების რეგულირება, კონტენტის ლეიბლინიგს მოთხოვნა ან AI ზედამხედველობის კიბერუსაფრთხოების კანონში შეტანა გადაწყვიტა, მან ინტერნეტ-სივრცის ადმინისტრაციისა და სხვა სამინისტროების მეშვეობით ადმინისტრაციული აქტები გამოსცა და ეს მექანიზმები უბრალოდ ძალაში შევიდა, საჯარო ან საპარლამენტო განხილვის გარეშე. ჩინეთის შემთხვევაში არ გვქონია 269-გვერდიანი სადისკუსიო პროექტი, რომელიც თვეების განმავლობაში დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირს იღებდა, არც იმის რისკი ყოფილა, რომ იმავე მმართველი პარტიის შიდა კონკურენტი ფრაქცია საჯაროდ გამოაცხადებდა პროექტს გამოქვეყნებისთანავე „მკვდრადშობილად,” როგორც ეს აშშ-ს შემთხვევაში მოხდა. ჩინური სისტემა გამჭვირვალობასა და პლურალიზმს სისწრაფეზე ცვლის, ამერიკის შემთხვევაში კი, მრავალთვიანი დისკუსიის შემდეგაც კი, „ამერიკის დიდი AI აქტი“ სადისკუსიო პროექტად რჩება და არა კანონად, ფორმალური შემოტანის გარანტირებული თარიღის გარეშე.
თუმცა, ცხადია ამგვარ მიდგომას თავისი ცალსახა უპირატესობაც გააჩნია. კანონი რომელიც გადაურჩება ამგვარ შემოწმებას, გაითვალისწინებს ორი დაპირისპირებული პარტიის ხედვებს, ისევე როგორც ინდუსტრიის, პროფკავშირებისა და სამოქალაქო ჯგუფების მოსაზრებებს, მიიღებს ისეთ მყარ ლეგიტიმაციას, რომელსაც ვერც ერთი აღმასრულებელი ბრძანება ვერ შეედრება, და მისი გაუქმება თეთრი სახლის შემდეგი ბინადრისთვის ერთი ხელმოწერით მარტივი არ იქნება.
სამი წლის განმავლობაში ამერიკის AI პოლიტიკა თითქმის მთლიანად შედგებოდა აღმასრულებელი ბრძანებების, სხვადასხვა სააგენტოების გაიდლაინებისა და შტატების კანონების ნაზავისგან, ერთიანი ფედერალური კანონის გარეშე, რომელიც ამ ნაწილებს ერთმანეთთან დაკავშირებულს გახდიდა. „ამერიკის დიდი AI აქტი” ამის შეცვლის პირველი სერიოზული მცდელობა და თან ამავდროულად იმისა გამოცდაა, თუ რამდენად შეძლებს შეერთებული შტატები შექმნას ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო AI კვლევასა და ინვესტიციებში საკუთარი ლიდერობის განსამტკიცებლად.
