ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
2026 წლის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას წარმოადგენს 1989 წლის დემოკრატიული ტრანზიციისა და პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ პროგრამებს შორის, არამედ განსხვავებულ პოლიტიკურ კურსებსა და ღირებულებებს შორის, რაც განსაზღვრავს უნგრეთის ადგილსა და როლს როგორც ევროპულ, ისე გლობალურ პოლიტიკურ სივრცეში.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია „Fidesz“, რომლებიც 16 წელია ხელისუფლების სათავეში არიან, პირველად იმყოფებიან პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვასთან ასე ახლოს. აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო ზრდის არჩევნების მნიშვნელობას და აძლიერებს მის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური შედეგების პოტენციურ მასშტაბს.
12 აპრილის არჩევნები ერთგვარი ტესტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ინსტიტუციური მდგრადობისა და ევროპულ ღირებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ის სცდება ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოებს და გავლენას ახდენს ევროპის კავშირის მომავალზე – ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში უნგრეთის საგარეო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა დაპირისპირების საგანი ისეთი კრიტიკული საკითხების გარშემო, როგორიცაა მიგრაციის კრიზისი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. შესაბამისად, არჩევნების შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ბუდაპეშტის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, არამედ მთლიანად ევროპის კავშირის პოზიციის კონსოლიდირებაზე იმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ორბანის 16 წლიანი მმართველობა
2010 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „Fidesz“ და „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის“ ალიანსმა საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახდა. 2011 წელს ორბანის ხელისუფლებამ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლითაც პოლიტიკური ინსტიტუტები, მათ შორის სახელისუფლებო შტოები, ადმინისტრაციული ორგანოები, კონსტიტუცია, საარჩევნო კანონმდებლობა, მძლავრ სამთავრობო კონტროლს დაექვემდებარა, რამაც ქვეყანაში კანონის უზენაესობა თანდათანობით შეასუსტა.
მომდევნო წლებში განხორციელებულმა პოლიტიკურმა და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა არსებითად დაასუსტა დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები. ვიქტორ ორბანმა საკონსტიტუციო უმრავლესობა სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვით, კრიტიკული მედია საშუალებების გაჩუმებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებით, საარჩევნო ოლქების საზღვრების მმართველი პარტიის სასარგებლოდ ცვლილებით, „Fidesz-ის“ მიმართ სიმპათით განწყობილი ბიზნესელიტის გაძლიერებითა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციის მქონე პირების დევნით 2014 წელს – მეორედ, 2018 წელს – მესამედ, 2022 წელს კი – მეოთხედ მოიპოვა.
ორბანის მმართველობის პერიოდში უნგრეთი არაერთ მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში გაეხვა, მათ შორის ევროპის კავშირის ფონდებიდან მიღებული ფინანსური რესურსების გაფლანგვისა და არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებებით. აღნიშნულმა ფაქტორებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის ინსტიტუციური სანდოობა და გაამწვავა ურთიერთობები ბრიუსელთან.
ვიქტორ ორბანის „ნაციონალისტური“ ეკონომიკური პოლიტიკა და ევროპის კავშირთან არსებული მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს უნგრეთის ფინანსურ სტაბილურობასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ევროპის კავშირის მასშტაბით ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც განსაკუთრებით მწვავედ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. უნგრელებისთვის მთავარ ეკონომიკურ გამოწვევას ცხოვრების ღირებულების გაძვირება და სურსათზე ფასების კატასტროფული მატება წარმოადგენს. შექმნილი კრიზისის „მართვის“ მიზნით, ხელისუფლება გარკვეულ პროდუქტებზე პერიოდულად ფასების ზედა ზღვარს აწესებს, რაც ბაზარზე დეფიციტს წარმოქმნის და ფასების კიდევ უფრო მეტად გაზრდას იწვევს. ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს ის გარემოება, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესჯგუფების აკონტროლებენ, რაც ზღუდავს თავისუფალ კონკურენციას, ამცირებს ბაზრის ეფექტიანობას და ხელს უწყობს ფასების შემდგომ ზრდას.
ევროპის კავშირისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება უნგრეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსულ ნავთობსა და გაზზე. ვიქტორ ორბანის მიერ ხშირად გაჟღერებული რუსული „იაფი გაზი“ პრაქტიკაში მხოლოდ პოპულისტური ნარატივი აღმოჩნდა, რომელმაც ქვეყანა ენერგოკრიზისისგან ვერ დაიცვა და უნგრეთი ენერგეტიკული შოკების მიმართ მოწყვლად მდგომარეობაში დატოვა.
ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხრის სისტემური კორუფცია. აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოს წარმოადგენს ევროპის კავშირში. კანონის უზენაესობის აღმოფხვრის, სასამართლო ხელისუფლების მიტაცების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გარდა, სწორედ მასშტაბური კორუფციაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანას ევროპულ ფონდებთან წვდომა ეზღუდება. 2026 წლის მარტის მონაცემებით, ბრიუსელის მიერ დაახლოებით 21-22 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარებაა გაყინული.
დაპირისპირება ბრიუსელთან
პირველი სერიოზული ინსტიტუციური დაპირისპირება ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის 2018 წელს დაიწყო, როდესაც ევროპის კავშირმა უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების შეჩერებაზე დაიწყო საუბარი. აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც წევრი სახელმწიფო სისტემატურად არღვევს EU-ის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და სამართლებრივ პრინციპებს. უნგრეთი აქტიურად იყენებს ვეტოს უფლებას ევროპის კავშირის საბჭოში, რაც არა მხოლოდ დროში წელავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, არამედ ძირს უთხრის ევროპულ ერთიანობას და ევროპის კავშირის ინსტიტუციურ ფუნქციონირებას. ბუდაპეშტი ბლოკავს, ან აფერხებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გაერთიანების შიგნით მიგრანტთა გადანაწილების მექანიზმი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა (მათ შორის სანქციების მე-20 პაკეტი, 2026 წლის თებერვალი), უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების პაკეტები. აღსანიშნავია, რომ უნგრეთი ამ დრომდე ინარჩუნებს ხმის უფლებას, რადგან ამ უფლების შეზღუდვისთვის გაერთიანების ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მიერ ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის გამო, კონსენსუსის მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება, შესაბამისად, ვეტოს უფლება ბრიუსელთან ვაჭრობის ერთგვარ ბერკეტად რჩება ამ დრომდე ორბანის ხელში.
ევროპის კავშირსა და უნგრეთს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა 2024 წელს, როდესაც ევროკომისიამ უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო ორბანის ხელისუფლების მიერ 2023 წლის დეკემბერში მიღებული “სუვერენიტეტის დაცვის აქტის” გამო. აღნიშნული კანონის საფუძველზე შეიქმნა „სუვერენიტეტის დაცვის ოფისი“, რომელსაც მიენიჭა უფლებამოსილება გამოეძიებინა ნებისმიერი პირი ან ორგანიზაცია, რომელიც უცხოური ფინანსური რესურსების გამოყენებით უნგრეთის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს. ბრიუსელის ხედვით, ეს კანონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას არღვევს, რადგან „სუვერენიტეტის დაცვის აქტი“ საშუალებას აძლევს მმართველ ძალას სასამართლო ზედამხედველობის გარეშე მიზანში ამოიღოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, ჟურნალისტი და ოპოზიციის წარმომადგენელი.
მწვავე უთანხმოების კიდევ ერთ საკითხს წარმოადგენს მიგრაციის პოლიტიკა. ევროპის კავშირის ახალი მიგრაციის პაქტი, რომელიც 2026 წლის ივნისში უნდა ამოქმედდეს, ითვალისწინებს „სავალდებულო სოლიდარობის“ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ლტოლვილთა გარკვეული კვოტა, ან გადაიხადონ ფინანსური კომპენსაცია – დაახლოებით 20 000 ევრო თითოეულ არმიღებულ მიგრანტზე. ვიქტორ ორბანის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ აღნიშნულ მექანიზმს არ განახორციელებს, შესაბამისად ევროპის კავშირის სასამართლომ უნგრეთს უკვე დააკისრა ერთჯერადი ჯარიმა 200 მილიონი ევრო და ყოველდღიური ჯარიმა 1 მილიონი ევროს ოდენობით შემზღუდავი თავშესაფრის პოლიტიკის გამო.
მიგრაციის საკითხის გარდა, დავა მიმდინარეობს 2021 წელს მიღებული ბავშვთა დაცვის აქტის მიღების გამოც (Case C-769/22). ევროპის კავშირი აცხადებს, რომ სანამ უნგრეთი არ უზრუნველყოფს უმცირესობების უფლებების დაცვას და არ შეცვლის დისკრიმინაციულ კანონებს, EU Cohesion Funds-დან უნგრეთისთვის განკუთვნილი ნაწილი (დაახლოებით 2-3 მილიარდი ევრო) არ განიბლოკება. ევროკომისიის თქმით, ქვეყანა, რომელიც არღვევს ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიას, ვერ მიიღებს ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფულს.
დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან საგანს უკრაინის საკითხი წარმოადგენს. ამჟამად უნგრეთი ბლოკავს დაახლოებით 90 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსურ პაკეტს, რომელიც 2027 წლამდე უკრაინის ბიუჯეტისა და სამხედრო საჭიროებების მხარდასაჭერადაა განკუთვნილი. ვიქტორ ორბანის თქმით, აღნიშნული ფინანსური რესურსები ევროპის არმიების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს და არა „ომის გაგრძელებას“. ამასთანავე, უნგრეთი წლებია აფერხებს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად განკუთვნილი ტრანშების გადარიცხვას. უნგრეთი რჩება ევროპის კავშირის ერთადერთ წევრ ქვეყანად, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და უარს ამბობს იარაღის პირდაპირ მის საზღვარზე გადატანაზე. უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების დაბლოკვის გარდა, უნგრეთი ღიად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროინტეგრაციას. 2026 წლის მარტში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო ოფიციალური რეზოლუცია, რომლითაც ოფიციალურად უარყო უკრაინის ევროპის კავშირში წევრობა. ორბანის ხელისუფლების თქმით, ომში მყოფი სახელმწიფოს ევროპულ გაერთიანებაში მიღება, ავტომატურად ჩართავს ევროპის კავშირს კონფლიქტში.
მთავარი აქტორები და წინასაარჩევნო კამპანია
2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მთავარი პოლიტიკური ძალები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებსა და სტრატეგიებს წარმოადგენენ.
მმართველი პარტია „Fidesz“ – 16 წელია ხელისუფლების სათავეში იმყოფება და ზედიზედ მეხუთედ ცდილობს არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას. პარტიის ლიდერი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წინასაარჩევნო კამპანიაში ტრადიციულად იყენებს კონკრეტული „საფრთხის“ ირგვლივ საზოგადოების მობილიზაციის სტრატეგიას. აღნიშნული „საფრთხე“ და „მტრის ხატი“ ხან ჯორჯ სოროსია, რომელიც „Fidesz-ის“ მტკიცებით, უნგრეთის სუვერენიტეტს და ეროვნულ იდენტობას უქმნის საფრთხეს და ხან „ბრიუსელი“, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა და „ტრადიციულ ღირებულებებს“ ებრძვის. ამჟამად, ორბანი ამომრჩეველთა კონსოლიდაციას „ომისა და მშვიდობის“ საკითხის გარშემო ცდილობს. სახელისუფლებო პროპაგანდა ავრცელებს ნარატივს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის ომში ჩათრევას ცდილობს. ამ კონტექსტში კი ორბანი საკუთარ თავს ქვეყნის „მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად“ წარმოაჩენს და ამომრჩეველს არწმუნებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია უნგრეთის ომიში ჩაბმისგან დაცვა და ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა. ამავე დროს, ამომრჩეველთა გულის მოგებას ხელისუფლება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პენსიების, ოჯახური შემწეობებისა და ხელფასების ზრდით, ასევე საწვავის ფასებზე ზედა ზღვარის (ბენზინის ფასი ლიტრზე – 595 ფორინტი (დაახლოებით 1.75 აშშ დოლარი), ხოლო დიზელის – 615 ფორინტი (დაახლოებით 1.81 აშშ დოლარი) დაწესებით ცდილობს.
მმართველი პარტიის მთავარ კონკურენტს პეტერ მადიარი და მისი პოლიტიკური მოძრაობა „Tisza“ წარმოადგენს. მადიარი წარსულში თავადაც იყო მმართველი პარტიის წევრი – ის „Fidesz-ს“ 2002 წელს შეუერთდა, როდესაც ხელისუფლებაში „სოციალისტური პარტია“ იმყოფებოდა. 2010 წელს ხელისუფლების სათავეში „Fidesz-ის“ მოსვლის შემდეგ, ის სხვადასხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, უნგრეთის მუდმივ წარმომადგენლობაში ევროპის კავშირში და სტუდენტური სესხების ცენტრში. „Fidesz-ის“ დატოვების გადაწყვეტილება მადიარმა პრეზიდენტ კატალინ ნოვაკის შეწყალების სკანდალის შემდეგ მიიღო, რომელშიც მისი ყოფილი მეუღლე, მაშინდელი იუსტიციის მინისტრი, იუდით ვარგაც ფიგურირებდა.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში უნგრეთში მწვავე პოლიტიკური კრიზისი დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 2023 წელს უნგრეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე შეიწყალა, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების დაფარვა ედებოდა. ნოვაკთან ერთად, აღნიშნული პირის შეწყალების გადაწყვეტილებას, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, იუდით ვარგამაც მოაწერა ხელი. სკანდალის აგორების შემდეგ, უნგრეთში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რასაც პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მადიარის ყოფილი მეუღლე, იუდით ვარგა “Fidesz-ის“ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.
პეტერ მადიარის პოლიტიკური პროგრამის მთავარი ელემენტი კორუფციასთან ბრძოლა და ორბანის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის მშვიდობიანი დემონტაჟია. მისი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში აღდგება ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები და შემცირდება მთავრობის გავლენა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. გარდა ამისა, ერთ-ერთი დაპირება ევროპის კავშირის ფონდებიდან თანხების გაფლანგვის გამოძიების უზრუნველსაყოფად უნგრეთის „European Public Prosecutor’s Office-ში“ გაწევრიანება და სახელმწიფოსგან უკანონოდ მითვისებული აქტივების დასაბრუნებლად ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაა.
მადიარი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი ხელისუფლება დაასრულებს უნგრეთის საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციას და ქვეყანას ევროპის კავშირსა და დასავლურ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გზაზე დააბრუნებს. „Tisza“ ამომრჩეველს ევროპის კავშირის მიერ გაყინული ფინანსური დახმარების აღდგენას, ევროს შემოღებასა და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირებას პირდება.
მადიარის პოლიტიკური სტრატეგია ეფუძნება იდეას – „არავითარი თანამშრომლობა ძველ ელიტასთან“. მისი მთავარი პოლიტიკური გზავნილი არა მხოლოდ ორბანის ხელისუფლების დასრულებაა, არამედ ბოლო ორი ათწლეულის პოლიტიკური სისტემის სრული განახლება. სწორედ ამიტომ, მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს კოალიციის შექმნას „ძველი ოპოზიციის“ წარმომადგენლებთან, რადგან მისი ეს პარტიები არსებული პოლიტიკური სისტემის ნაწილია და მათთან თანამშრომლობა მისი მოძრაობის პოლიტიკურ სანდოობას დააზიანებს. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში „Tisza“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და ქვეყნის ყველა – 106 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატები ჰყავს წარდგენილი.
„ძველი ოპოზიციის“ წარმომადგენლებს შორისაა „დემოკრატიული კოალიცია“ – მემარცხენე-ლიბერალური და მკვეთრად პროევროპული პარტია, რომლის დამფუძნებელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფერენც გიურჩანია. უნგრელების დიდი ნაწილისთვის აღნიშნული პარტია 2000-იანი წლების პოლიტიკურ კრიზისებთან, ეკონომიკურ პრობლემებთან და მასშტაბურ სკანდალში გახვეულ პრემიერ-მინისტრთან ასოცირდება, შესაბამისად მისი რეიტინგი ყოველწლიურად იკლებს. წინასაარჩვნო გამოკითხვების შედეგების გათვალისწინებით, არსებობს მოსაზრება, რომ 12 აპრილის არჩევნებზე 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებს.
პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძალაა ულტრანაციონალისტური, ევროსკეპტიკური და ანტიმიგრაციული პარტია „ჩვენი სამშობლოს მოძრაობა“, რომელიც 2018 წელს „Jobbik-დან“ წამოსულმა წევრებმა შექმნეს. პარტიის წარმომადგენლები მხარს უჭერენ უნგრეთის მიერ ევროპის კავშირის დატოვებას (Huxit). ამჟამად, „ჩვენი სამშობლოს მოძრაობა“ მხარდაჭერა 6-8%-ის ფარგლებში მერყეობს. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს, მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საერთო შეხედულებების გამო, კრიტიკულ მომენტში ეს ძალა შესაძლოა „Fidesz-ის“ პოტენციურ კოალიციურ პარტნიორადაც იქცეს.
რამ განაპირობა პეტერ მადიარის პოპულარობა?
პოლიტიკურ ასპარეზზე პეტერ მადიარი არ არის ტიპური ოპოზიციონერი. მრავალი წლის განმავლობაში ის თავად იყო მმართველი ელიტის წევრი, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელი და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, იუდიტ ვარგას ქმარი. სწორედ ეს წარსული აძლევს მას განსაკუთრებულ პოლიტიკურ უპირატესობას – მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სანდო პოლიტიკურ ფიგურად აღიქმება, რადგან „იცის, როგორ მუშაობს სისტემა შიგნიდან“. გამომდინარე იქიდან, რომ პეტერ მადიარი წლების განმავლობაში მმართველი ძალის ნაწილი იყო, სახელისუფლებლო პროპაგანდას მისი ტრადიციული მეთოდებით დისკრედიტაცია, მათ შორის „უცხოეთის აგენტად“ მოხსენიება, უჭირს. მადიარის მიერ ფარული აუდიოჩანაწერების გასაჯაროებამ, რომლითაც მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის ფაქტები დადასტურდა, ხელისუფლებას მნიშვნელოვანი დარტმა მიაყენა და მადიარის, როგორც სისტემის „ინსაიდერის“ იმიჯი გააძლიერა.
მისი პოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი ამომრჩევლისთვის ე.წ. „მესამე გზის“ შეთავაზებაა. უნგრელების დიდი ნაწილი იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა, როგორც მმართველი ძალით, ასევე „ძველი ოპოზიციით“. სწორედ ამ „პოლიტიკური ვაკუუმის“ შევსებას ცდილობს მადიარი. მისი რიტორიკა მიზანმიმართულად არ ეფუძნება მკაფიო იდეოლოგიურ კატეგორიებს, ასეთი მიდგომა კი იზიდავს როგორც „Fidesz-ის“ ამომრჩევლებს, ისე ცენტრისტულ ელექტორატს.
გამომდინარე იქიდან, რომ უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიები მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშაა და ოპოზიციურ კანდიდატებს საკუთარი ხედვებისა და დაპირებების გაზიარების შესაძლებლობა არ ეძლევა, პეტერ მადიარი ამომრჩევლის მოზიდვას სოციალური მედიის, განსაკუთრებით „Facebook-ის“ და „TikTok“-ის გამოყენებით ცდილობს, სადაც მისი პირდაპირი ჩართვები ასობით ათას ნახვას აგროვებს. ამას გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად იმოგზაურა ქვეყნის მასშტაბით კამპანია „კაბინეტიდან ქუჩაში“ გადაიტანა. მადიარმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა ისეთ რეგიონებში, მცირე ქალაქებსა და სოფლებში, სადაც აქამდე მხოლოდ მმართველი პარტიის ხმა ისმოდა.
მადიარის კამპანია ფოკუსირებულია სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე და ნაკლებად იდეოლოგიურ საკითხებზე. იგი ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდგომარეობაზე, დაბალ ხელფასებსა და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მადიარი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს რესურსები და ევროპის კავშირის ფინანსური დახმარება, მმართველი ელიტის ინტერესებს მოხმარდა, მაშინ როდესაც მოქალაქეები მწვავე სოციალურ პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურად.
მადიარი მხარს უჭერს ევროპის კავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას და აცხადებს, რომ რეფორმების გზით უნდა მოხდეს უნგრეთისთვის გაყინული ფინანსური რესურსების დაბრუნება. თუმცა ამავე დროს ხაზს უსვამს ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელობას და არ იყენებს ისეთ რიტორიკას, რომელიც ევროპის კავშირის წინაშე „მუხლებზე დაჩოქებად“ იქნებოდა აღქმული. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ერთდროულად ემხრობიან ევროპულ კეთილდღეობას, მაგრამ ასევე შიშობენ ეროვნული იდენტობის დაკარგვის საფრთხეზე, რაზეც ორბანი ხშირად აპელირებს.
უნგრეთის საარჩევნო სისტემის თავისებურება
პარტია „Fidesz-მა“ უნგრეთში ისეთი საარჩევნო სისტემა შექმნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში „უბრალო უმრავლესობის“ (100 მანდატი 199-დან) მოსაპოვებლად გაცილებით მეტი ხმა სჭირდებათ, ვიდრე მმართველ ძალას.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. საკანონმდებლო ორგანო 199 წევრისგან შედგება, საიდანაც 106 წევრს ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქიდან, ხოლო 93 წევრს – პროპორციული წესით პარტიული სიიდან ირჩევენ. პარტლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახოს.
ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად ეროვნულ დონეზე დაახლოებით 51-53% უნდა მიიღოს, მაშინ როდესაც „Fidesz-სთვის“ დაახლოებით 45%-იც საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს. უფრო მეტიც, ოპოზიციას მმართველ ძალასთან მინიმუმ 3-5%-იანი უპირატესობა სჭირდება, რადგან მცირე სხვაობის შემთხვევაში მანდატების განაწილება ხშირად მაინც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხდება. მაგალითად, თუ ოპოზიცია მიიღებს 46%-ს, ხოლო „Fidesz“ – 44%-ს, მმართველ ძალას მაინც მეტი საპარლამენტო მანდატი ერგება.
ამის მიზეზი უნგრეთის საარჩევნო სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელია: ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები – ქვეყნის მასშტაბით 106 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქია, რომელიც გამარჯვებულ პარტიაზეა „მორგებული“. „Fidesz-ს“ მაღალი მხარდაჭერა აქვს პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ხოლო ოპოზიციური ამომრჩეველი ძირითადად დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით დედაქალაქ ბუდაპეშტშია, კონცენტრირებული. ერთმანდატიან ოლქებში მოქმედებს “ First Past The Post-ის” პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს, მთლიან მანდატს იღებს, მიუხედავად იმისა, რამდენად მცირეა ხმებში სხვაობა. შედეგად, ოპოზიცია დიდ ქალაქებში შეიძლება ძალიან დიდი უპირატესობით (მაგ., 70–80%) იმარჯვებდეს, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე ოლქის მოგებას ნიშნავს; „ფიდეში“ კი მცირე სხვაობით (მაგ., 50–55%) იმარჯვებს ბევრ სოფლისა და მცირე ქალაქის ოლქში, თუმცა რაოდენობით მეტ მანდატს იღებს. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ ოლქში მხოლოდ ერთი მანდატი ნაწილდება, მცირე სხვაობით მოგებული ბევრი ოლქი საბოლოოდ უფრო მეტ საპარლამენტო მანდატს იძლევა, ვიდრე რამდენიმე დიდ ქალაქში მიღებული დიდი უპირატესობა. სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ოპოზიცია ეროვნულ დონეზე ხმების შედარებით მაღალ პროცენტს იღებს, მმართველ პარტიას შეუძლია ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებების ხარჯზე პარლამენტში მეტი ადგილი მოიპოვოს; The Winner Takes It All – გამარჯვებულის კომპენსაციის მექანიზმი – ერთმანდატიან ოლქში გასამარჯვებლად მეორე ადგილზე გასულ კანდიდატზე ერთი ხმით მეტის მოპოვებაა საჭირო. ის „ზედმეტი“ ხმები, რომლებიც გამარჯვებისთვის აუცილებელ მინიმუმს აღემატება, არ იკარგება და ეროვნულ დონეზე პარტიულ სიას ემატება, რაც დამატებით საპარლამენტო მანდატებად გარდაიქმნება. შედეგად, თუ პარტია ბევრ ერთმანდატიან ოლქში იმარჯვებს (რაც ხშირად ხდება Fidesz-ის შემთხვევაში), ის იღებს არა მხოლოდ თავად ოლქების მანდატებს, არამედ „ზედმეტი“ ზმების დიდ რაოდენობას, რაც საბოლოოდ, პროპორციულ ნაწილშიც ზრდის მის წარმომადგენლობას; საარჩევნო ოლქების საზღვრები (Gerrymandering) – 2011 წლის საარჩევნო რეფორმის შემდეგ ოლქების საზღვრები ისე იქნა გავლებული, რომ ოპოზიციურ პარტიებს ოლქში გამარჯვების მოსაპოვებლად მმართველ პარტიასთან შედარებით გაცილებით მეტი ხმის მიღება სჭირდებათ. ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების მანდატებად გარდაქმნას ხელს უშლის „ხმების კონცენტრაცია“ – ოპოზიციის ამომრჩეველი დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ბუდაპეშტში, ერთსა და იმავე ოლქებშია კონცენტრირებული. შედეგად ოპოზიცია ამ ოლქებში ხშირად ძალიან დიდი სხვაობით იგებს (მაგ., 70–80%), მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე მანდატს იძლევა; და „ხმების გაფანტვა“ – რეგიონებში ოპოზიციურ ამომრჩეველთა ხმები რამდენიმე ოლქშია „გაფანტული“, რის გამოც ისინი ხშირად ვერ ახერხებენ უმრავლესობის მიღებას. ასეთ ოლქებში მმართველი პარტია მცირე უპირატესობით (მაგ., 50–55%) იმარჯვებს, მაგრამ რადგან ოლქში გამარჯვებული მთლიან მანდატს იღებს, ეს მმართველი პარტიის მიერ ბევრი დამატებითი მანდატის მოპოვებას უზრუნველყოფს. შედეგად, იქმნება ვითარება, რომელშიც ოპოზიციას ოლქის მოსაგებად უფრო დიდი უპირატესობა სჭირდება, ვიდრე მმართველ პარტიას. საარჩევნო ოლქების საზღვრების ასეთი კონფიგურაცია აძლიერებს მმართველი პარტიის პოზიციას და ამცირებს ოპოზიციის ხმების ეფექტურობას საპარლამენტო მანდატებად გარდაქმნის პროცესში.
დასკვნა
უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში პირველად ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც წინასაარჩევნო გამოკითხვებში ოპოზიციური ძალა მმართველ პარტიაზე წინ არის და სხვაობა დაახლოებით 10-12%-ს შეადგენს. წარსულში მსგავსი მასშტაბის სხვაობა ყოველთვის „Fidesz-ის“ სასარგებლოდ ფიქსირდებოდა, რაც მმართველი პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევდა.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტში ვიქტორ ორბანის პოპულარობა 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.
ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის საგრძნობლად შემცირება და მმართველ პარტიასთან შედარებით „Tisza-ს“ 10-12%-იანი უპირატესობა ცხადყოფს, რომ 2026 წლის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა აღმოჩნდეს „არალიბერალური ზეიმის“ დასასრულის დასაწყისი უნგრეთში.
