ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი
4 თებერვალს ვაშინგტონში კრიტიკული მინერალების პირველი მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც 55 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო. აშშ-მ გააჟღერა ინიციატივა, შექმნას კრიტიკული მინერალების სავაჭრო გაერთიანება, რომელიც კორდინაციას გაუწევს მინერალების ფასებს და ამგვარად შეამცირებს კრიტიკულ მინერალებზე ჩინეთის დომინაციას.
ბოლო პერიოდში, კრიტიკული მინერალები საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ ხშირადაა მოხსენიებული, არა იმიტომ, რომ ისინი ახლახან აღმოაჩინეს, არამედ იმის გამო, რომ გეოპოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა ნათლად წარმოაჩინა, რამდენად სტრატეგიულად მოწყვლადია არსებული მიწოდების ჯაჭვები. კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებზე კონტროლი განუყოფელია ტექნოლოგიური ლიდერობისგან, ეკონომიკური მდგრადობისგან და ეროვნული უსაფრთხოებისგან. 2023 წელს აშშ-ის მთავრობის სპეციალური კომიტეტის ანგარიში გაფრთხილებას შეიცავს, იმის შესახებ რომ კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებზე დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს „თავდაცვითი წარმოების შეჩერება და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების წარმოების ჩახშობა“.
პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს აშშ-ში მინერალების წარმოების გაძლიერება ამ დამოკიდებულების შესამცირებლად, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამერიკული მხარე იძულებული გახდა ჩინეთთან სავაჭრო ომში გარკვეულ დათმობებზე წასულიყო, იმ შიშის ფონზე, რომ პეკინი შეწყვეტდა იშვიათი მიწის ელემენტების ექსპორტს.
აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ თუ რატომ გახდა კრიტიკული მინერალების საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი და რა არის აშშ-ს ახალი სტრატეგია.
რა არის კრიტიკული მინერალები?
პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იმაზე პასუხის გაცემით თუ რა არის კრიტიკული მინერალები. ხშირად შეხვდებით ორ ტერმინს – კრიტიკული მინერალები და იშვიათი მიწის მინერალები (ან იშვიათი მიწის ელემენტები). იშვიათი მიწის მინერალები და კრიტიკული მინერალები ერთი და იგივე არ არის, თუმცა მათ შორის გადაკვეთა არსებობს. იშვიათი მიწის ელემენტები წარმოადგენს 17 ქიმიურად მსგავს მეტალურ ელემენტს, რომლებიც ძირითადად გამოიყენება მაღალეფექტურ მაგნიტებში, ელექტრონიკაში და თავდაცვის სისტემებში. კრიტიკული მინერალები კი უფრო ფართო კატეგორიას წარმოადგენს, რომელსაც მთავრობები განსაზღვრავენ როგორც ეკონომიკისთვის ან ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელ რესურსებს. ამ კატეგორიაში შედის იშვიათი მიწის ელემენტები, თუმცა ასევე ლითიუმი, კობალტი, ნიკელი, გრაფიტი და სხვა მასალები. მარტივად რომ ვთქვათ, იშვიათი მიწის ელემენტები ხშირად მიეკუთვნება კრიტიკულ მინერალებს, მაგრამ ყველა კრიტიკული მინერალი არ არის იშვიათი მიწის ელემენტი. საერთაშორისო პოლიტიკაში უფრო ხშირად ტერმინ კრიტიკულ მინერალებს შეხვდებით, თუმცა ეს უფრო პოლიტიკური ტერმინად შეიძლება ჩავთვალოთ, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში საუბარი სწორედ იშვიათი მიწის ელემენტებს ეხება.
იშვიათი მიწის ელემენტები გეოლოგიური მნიშვნელობით იშვიათი არ არის, ისინი ფართოდ არის გავრცელებული დედამიწის ქერქში, თუმცა ეკონომიკურად მომგებიანი კონცენტრაციები შედარებით იშვიათია, ხოლო მოპოვება ხშირად ტექნიკურად რთული და ძვირადღირებულია.
რისთვის გამოიყენება ეს მინერალები/ელემენტები?
იშვიათი მიწის ელემენტები თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემების საყრდენად იქცა როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროებში.
მაგალითისთვის, ნეოდიმი (Nd) და პრაზეოდიმიუმი (Pr) აუცილებელია ნეოდიმ–რკინა–ბორის (NdFeB) მაგნიტებისთვის, რომლებიც კრიტიკულია ელექტრომობილების ძრავებში, რობოტიკაში, სამრეწველო დანადგარებში და ქარის ტურბინების გენერატორებში. დისპროსიუმი (Dy) და ტერბიუმი (Tb) გამოიყენება მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობის გასაზრდელად, რაც მნიშვნელოვანია საავტომობილო და აეროკოსმოსურ ინდუსტრიებში.
გარკვეულ ელემენტებს შევხვდებით ოპტიკურ მინებში, კამერის ლინზებში, ტელევიზორებსა და LED ეკრანებში.
თუმცა, გარდა სამოქალაქო გამოყენებისა, იშვიათი მიწის ელემენტები ინტეგრირებულია მოწინავე თავდაცვის ტექნოლოგიებში. მაგალითად, F-35 ტიპის გამანადგურებლები, წყალქვეშა ნავების სტელს-სისტემები, რაკეტების მართვა და უპილოტო საჰაერო პლატფორმები ეყრდნობა იშვიათი მიწის მაგნიტებსა და კომპონენტებს ზუსტი მოძრაობისა და სენსორული ფუნქციებისთვის. ერთ F-35-ში შეიძლება გამოყენებული იყოს 400 კგ-ზე მეტი იშვიათი მიწის ელემენტი.
თუმცა გარდა პრაქტიკული გამოყენებისა, იშვიათი მიწის მინერალები გეოპოლიტიკური მნიშვნელობის და აშშ-ჩინეთის კონკურენციის კიდევ ერთი საკითხიც გახდა.
იშვიათი მიწის ელემენტები თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველს წარმოადგენს, თუმცა, მათი მიწოდების ჯაჭვები უკიდურესად კონცენტრირებულია, რაც სისტემურ რისკს ქმნის. მიწოდების შეზღუდულ წყაროებზე დამოკიდებულებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან შეფერხებები სწრაფად ვრცელდება წარმოებაზე, თავდაცვის მზადყოფნასა და განახლებადი ენერგიის დანერგვაზე.
კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებზე კონტროლის მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ მათი გამოყენება გეოპოლიტიკურ იარაღად. ამის მაგალითები უკვე არსებობს, 2010 წელს ჩინეთმა იაპონიაში იშვიათი მიწის მინერალების ექსპორტი შეზღუდა დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე, რამაც გლობალური შეშფოთება გამოიწვია. ბოლო პერიოდში კი ჩინეთმა გარკვეულ ელემენტებზე დააწესა ექსპორტის კონტროლი, რაც კიდევ უფრო ზრდის რისკებს და უბიძგებს სხვა სახელმწიფოებს მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციისკენ.
ამჟამინდელი სიტუაცია და ჩინეთის დომინაცია
როგორც აღინიშნა, იშვიათი მიწის მინერალები არც თუ ისე იშვიათია და მისი მარაგი ბევრ ქვეყანას გააჩნია, თუმცა, სირთულე მის მოპოვებას და გადამუშავებას უკავშირდება.
აღნიშნული მინერალების მოპოვება საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს და ამასთანავე არც თუ ისე მომგებიანია ეკონომიკური კუთხით. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, წლების წინ დასავლურმა ქვეყნებმა საშიში და დამაბიძნურებელი ინდუსტრიების ნაწილი, მათ შორის იშვიათი მიწის მინერალების გადამუშავება, ჩინეთში გადაიტანეს და ამავდროულად შეამცირეს კვლევები, რამაც დროთა განმავლობაში მათი სამეცნიერო და სამრეწველო პოტენციალის ეროზია გამოიწვია. ჩინეთმა კი ამის საპირწონედ, გაზარდა აღნიშნულ ინდუსტრიაში ინვესტიციები და შედეგად დღეისთვის გლობალურ ბაზარზე იშვიათი ელემენტების ინდუსტრიის ლიდერის პოზიცია უჭირავს.
ჩინეთია პასუხისმგებელი დღეს მსოფლიოში იშვიათი მიწის ელემენტების დაახლოებით 69 პროცენტის მოპოვებაზე. თუმცა, გარდა საკუთარი მოპოვებისა, ის აკონტროლებს გადამუშავების სიმძლავრის დიდ ნაწილს.
აღნიშნული ელემენტების მოპოვების გარდა, მათი გადამუშავების ხარჯი საკმაოდ მაღალია და ხშირად საკმაოდ არაეფექტური. კვლევები აჩვენებს, რომ ჩინეთში მოპოვებული მინერალების 70 პროცენტამდე უბრალოდ გამოუსადეგარ ნარჩენად კლასიფიცირდება და არანაირი ეკონომიკური მოგება არ მოაქვს. მსგავსი სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც, რის გამოც აღნიშნულ ინდუსტრიაში არც თუ ისე ბევრი მოთამაშეა. თუმცა, ჩინეთის შემთხვევაში ფოკუსი ვიწრო ეკონომიკურ მოგებაზე არ გადის, ის პროცესს გეოპოლიტიკური ჭრილიდან უყურებს, რაც მას საშუალებას აძლევს თუნდაც დროებითი ეკონომიკური ზარალის ხარჯზე გაიმყაროს პოზიციები გლობალური მიწოდების ჯაჭვებში.
მაგალითად, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 2021 წელს კობალტის გლობალური წარმოების 70% უზრუნველყო, თუმცა ამ მოცულობის 90% ჩინეთში გაიგზავნა გადამუშავებისთვის. 2021 წელს ლითიუმის მსოფლიო მიწოდების 75%-ზე მეტი ავსტრალიასა და ჩილეზე მოდიოდა, მაგრამ გადამუშავების 72% ჩინეთში ხდებოდა.
ზოგიერთი იშვიათი მიწის ელემენტის შემთხვევაში, ჩინეთი პასუხისმგებელია გადამუშავების 95%-ზე მეტზე, მათ შორის ჩინეთი აკონტროლებს იმ სამი ელემენტის 99%-ს რომელიც აუცილებელია თბო-მდგრადი მაგნიტებისთვის. ეს ყველაფერი კი ჩინეთს აძლევს საშუალებას იყოს მთავარი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი მიმწოდებელი ბევრი ქვეყნისთვის და შესაბამისად, განსაზღვროს გლობალური მიწოდების ჯაჭვში საკუთარი პირობები. ეს კი ბუნებრივია ბევრი სხვა ქვეყნის უკმაყოფილებას იწვევს, განსაკუთრებით დიდ პრობლემად აღიქვამს აღნიშნულ საკითხს აშშ.

ფიგურა 1ტოპ 10 ქვეყანა, რომელიც ფლობს იშვიათი მიწის მინერალების რეზერვს. წყარო BBC
აშშ-ჩინეთის დაპირისპირება იშვიათი მიწის მინერალების ჭრილში
რამდენიმე ერთმანეთთან გადაჯაჭვული ფაქტორი ხსნის, თუ რატომ ექცევა იშვიათი მიწის ელემენტებს ასეთი დიდი ყურადღება დღეს. პირველ რიგში, აშშ-ჩინეთის მზარდმა სტრატეგიულმა კონკურენციამ კიდევ უფრო ნათელი გახადა გლობალიზებულ საწარმოო ქსელებში არსებული სტრუქტურულ დამოკიდებულები. ჩინეთის დომინანტურმა როლმა არა მხოლოდ იშვიათი მიწის მოპოვებაში, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია. გადამუშავებაში, გაწმენდასა და მაგნიტების წარმოებაში, ის, რაც ადრე კომერციულ საკითხად ითვლებოდა, სტრატეგიულ პრობლემად აქცია.
აშშ-სთვის იშვიათი მიწის ელემენტებზე ჩინეთზე დიდი დამოკიდებულება წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ სისუსტეს, როგორც ეკონომიკის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით. აშშ-ის გეოლოგიური სერვისისა და საგანგებო ანგარიშების მიხედვით, აშშ მისთვის საჭირო იშვიათი ელემენტების 95 %-ზე მეტს იმპორტით იღებს, საიდანაც დაახლოებით 70 % ჩინური იმპორტია. აღსანიშნავია, რომ საუბარია იმ ტიპის იშვიათი მიწის ელემენტებზე, რომლებიც საჭიროა მაღალი ეფექტურობის მაგნიტებისათვის თავდაცვის სისტემებში და მოწინავე ტექნოლოგიებში. ამერიკული ბაზრის ასეთი დიდი წილი ჩინეთს უზარმაზარ ბერკეტს აძლევს. საჭიროების შემთხვევაში, ამერიკული მიწოდების ჯაჭვების დისკრედიტაციის მიზნით, პეკინს შეუძლია ექსპორტის კონტროლი ან ლიცენზირების მოთხოვნები გამოიყენოს, რითიც საფრთხეს შეუქმნის აშშ-ს თავდაცვით და მაღალი ტექნოლოგიების სექტორებს. ეს ქმნის მიწოდების ჯაჭვის ე.წ chokepoint-ს, რომელიც მოწინააღმდეგე ქვეყანამ შესაძლოა საკუთარი უპირატესობისთვის გამოიყენოს.
სწორედ ამ მოცემულობის შედეგია, რომ დღეს ამერიკელი პოლიტიკოსები იშვიათი მიწის ელემენტებზე დამოკიდებულების შემცირებას განიხილავენ არა მხოლოდ ინდუსტრიული პოლიტიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხად.
აშშ-ს ახალი სტრატეგია
ბოლო პერიოდში ვნახეთ ტრამპის ადინისტრაციის გარკვეული ნაბიჯები ამ სფეროში დივერსიფიკაციის კუთხით, მაგალითად შიდა ინვესტიციების გაზრდა კრიტიკული მინერალურების ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა MP Materials (აშშ-ში ერთადერთი მსხვილი იშვიათი მიწების ელემენტების მომპოვებელი) და თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული დაფინანსება გადამუშავებისა და მაგნიტების წარმოების სიმძლავრეების გაფართოების მიზნით. 2025 წელს ტრამპის ადმინისტრაციამ შვიდი მინერალების მომპოვებელი კომპანიის აქციები შეიძინა. ინვესტიციებს შორისაა 10%-იანი წილი USA Rare Earth-ში, რომელიც აშშ-ში იშვიათმიწა ელემენტებისა და მაგნიტების წარმოების ობიექტების აშენებას გეგმავს და წარმოების დაწყებას 2028 წელს ვარაუდობს.
კრიტიკული მინერალების პირველი მინისტერიალის ორგანიზება და იქ განხილული სამომავლო გეგმები კი კიდევ უფრო მეტად აჩვენებს საკითხის სიმწვავეს და მნიშვნელობას აშშ-სთვის. მინისტერიალზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ხაზი გაუსვეს, რომ ჩინეთის დომინირება, განსაკუთრებით გადამუშავებისა და გადამუშავების სფეროში, მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ რისკებს ქმნის. შედდეგად, 55 ქვეყნის წარმომადგენელი შეთანხმდა თანამშრომლობის გააქტიურებაზე კრიტიკული მინერალების უსაფრთხოებაში, მათ შორის იშვიათი მიწის ელემენტებში, და დააფუძნეს ისეთი ინიციატივები, როგორიცაა Project Vault, მრავალპარტნიორული ფორუმები და ბილატერალური შეთანხმებები მიწოდების სტრუქტურების გაძლიერებისთვის მოკავშირე ქვეყნებთან. აშშ-მ 13 ქვეყანასთან მოაწერა ხელი კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და დააარსა რესურსების გეოსტრატეგიული ჩართულობის ფორუმი (FORGE).
აღნიშნულთაგან, ყურადღების გამახვილებას იმსახურებს Project Vault, რომელიც პირადად ტრამპმა გააჟღერა. პროექტი დაფინანსდება 2 მილიარდი დოლარის კერძო კაპიტალით და 10 მილიარდი დოლარის სესხით აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკიდან. პროექტი მიზნად ისახავს სავაჭრო და სტრატეგიული მარაგების შექმნას, მიწოდების შეფერხებებისგან დაცვისთვის და მოკავშირეებთან ფასების კოორდინაციასთვის.
აღნიშნული პროექტის გარდა, მინისტერიალის ფარგლებში გაჟღერდა რომ აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკიდან დამატებით 4,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა ამერიკის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა იშვიათი მიწის ელემენტების მომპოვებელი კომპანიების წასახალისებლად.
იშვიათი მიწის ელემენტების შემთხვევა ნათლად აჩვენებს, როგორ იქცა ბუნებრივი რესურსი, რომელიც ოდესღაც ტექნიკურ ნიშად მიიჩნეოდა, გლობალური კონკურენციის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური ლიდერობის ცენტრალურ ფაქტორად. რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, აღნიშნულ მინერალებზე მოთხვონა მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება, ეს კი თავისმხრივ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას უქმნის ახალ გამოწვევებს და ჩინეთზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ახალი პარტნიორობების შექმნის აუცილებლობას.
