ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი
შესავალი
ბირთვული პროგრამის განვითარება ირანმა ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, რომელშიც იმთავითვე საფრთხე დაინახეს აშშ-მ, ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა და მათთან ერთად მსოფლიო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა. ამის შემდეგ, ამ თემამ საერთაშორისო პოლიტიკაში სულ უფრო მეტი აქტუალობა და სიმწვავე შეიძინა და გააქტიურდა ამ პრობლემის მოგვარების გზების ძიება. ამ ძალისხმევის შედეგად, 2015 წლის 20 ივლისს ძალაში შევიდა გაეროს უშიშროების საბჭოს 2231-ე რეზოლუცია, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ირანის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე, რომლის მიზანს ირანის ბირთვული პროგრამისა და ირანული ბალისტიკური რაკეტების წარმოების საერთაშორისო კონტროლზე აყვანა წარმოადგენდა. თუმცა, 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მ ეს ხელშეკრულება დატოვა. 2023 წლის 18 ოქტომბერს კი მას ვადა გაუვიდა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პუნქტებთან ერთად, ირანისათვის ბალისტიკურ რაკეტებსა და სხვა მაღალტექნოლოგიურ იარაღზე დაწესებული სანქციებიც გაუქმდა.
აშშ-ის ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინიციატივით, 2025 წლის 12 აპრილიდან 13 ივნისამდე, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ირანის მოლაპარაკებების 5 რაუნდი ჩატარდა, რომელზეც მხარეებმა თავისი წინადადებები და ხედვები წარმოადგინეს. აშშ-ის დელეგაციის კონსტრუქციული წინადადებების მიუხედავად, ირანმა საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა და არავითარ კომპრომისზე არ წასულა. ამ ფონზე, ისრაელის სამხედრო სტრუქტურებმა და სადაზვერვო სამსახურებმა ირანის წინააღმდეგ 2025 წლის 13 ივნისს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რასაც ირანის სპეცსამსახურების, სამხედრო ელიტისა და ცნობილი ფიზიკოსი მეცნიერების ლიკვიდაცია მოჰყვა, რამაც ცხადია, აშშ-ირანის მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება გამოიწვია.
მთავარი პროცესების დინამიკა ომის დაწყებამდე
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, მეორე ვადით არჩევის შემდეგ, ერთერთი მთავარი აქცენტის ირანთან არსებული პრობლემების მოგვარებაზე გაკეთება, დადასტურდა ეროვნული უსაფრთხოების საპრეზიდენტო მემორანდუმით (NSPM), რომელსაც მან პირველივე დღეებში, 2025 წლის 4 თებერვალს, მოაწერა ხელი. ამ დოკუმენტის თანახმად, განახლდებოდა და გაძლიერდებოდა ირანის რეჟიმზე ზეწოლა ბირთვული პროგრამის განვითარების შეზღუდვის მიზნით. ამასთანავე, ირანს უარი უნდა ეთქვა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების წარმოება-განვითარებაზე და უნდა შეეწყვიტა საზღვარგარეთ, ირანული სპეცსამსახურების მიერ მართული ტერორისტული ჯგუფების საქმიანობისათვის ხელის შეწყობა/დაფინანსება.
ბირთვული პროგრამის პრობლემის მოგვარების კონტექსტში, საყურადღებოა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის ლიდერს აიათოლა ხამენეის ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც ირანულ მხარეს შუამავალმა, არაბეთის გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტის მრჩეველმა ანვარ გარგაშიმ გადასცა. ამ დოკუმენტში, აშშ-ის პრეზიდენტმა აიათოლა ხამენეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა და გარკვეული პირობებიც წაუყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხის მოგვარება სამხედრო გზით მოხდებოდა.
საგულისხმოა, რომ ირანმა ამ წერილის არსებობა არ დაადასტურა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა აბბას არაყჩიმ საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან ზეწოლის ფონზე ირან-აშშ-ს შორის მოლაპარაკებები ვერ გაიმართებოდა. საინტერესოა, რომ შემდგომში ირანი ამერიკელებთან მოლაპარაკებებს მაინც დათანხმდა, რაც იმით აიხსნება, რომ ირანის ხელისუფლებამ აშშ-თან ისედაც დაძაბული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესების თავიდან ასარიდებლად გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა. თუმცა, ირანმა მოლაპარაკებების შუამავლობით გამართვის პირობა წამოაყენა. პირისპირ მოლაპარაკებებზე უარი, ვაშინგტონისადმი უპატივცემულობისა და უკომპრომისო პოზიციის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ. საგულისხმოა, რომ ამ მოლაპარაკებებს აიათოლა ხამენეის მხრიდან კურირებდა ისრაელის მიერ შემდგომში ლიკვიდირებული „გუშაგთა კორპუსის“ გენერალი და მისი პირადი მრჩეველი ალი შამხანი. ხოლო შუამავლის როლის შესრულება ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიიდ ბადრ ბინ ჰამად ალ-ბუსაიდს დაევალა.
ომანის დედაქალაქ მასკატში გამართულმა მოლაპარაკებების პირველივე რაუნდმა აჩვენა, რომ მხარეებს შორის არსებობდა გადაულახავი წინაღობები, თუმცა ირანის და აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მას კონსტრუქციული უწოდეს. თუმცა, რეალურად შეინიშნებოდა, რომ ირანმა კვლავ დროის გაჭიანურების პოლიტიკა გააგრძელა. მსგავსი სცენარით წარიმართა მოლაპარაკებების მომდევნო ოთხი რაუნდიც. როგორც გამოჩნდა, მხარეთა შორის მთავარ დაბრკოლებად იქცა ურანის გამდიდრების საკითხი. აშშ-ს წარმომადგენლებმა ირანულ მხარეს თავდაპირველად ურანის გამდიდრების პროცესის შეჩერება მოსთხოვეს. კერძოდ, ამერიკული მხარის წინადადებები გულისხმობდნენ, რომ:
- ირანს არ ექნებოდა უფლება აეშენებინა ურანის გამამდიდრებელი ახალი ობიექტები და მოუწევდა “დაენგრია ურანის კონვერსიისა და გადამუშავების კრიტიკული ინფრასტრუქტურა.”
- ასევე, მოუწევდა ცენტრიფუგების სფეროში ახალი კვლევებისა და სამუშაოების შეჩერება.
საყურადღებოა, რომ ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული გარიგება მიზნად ისახავდა ურანის გამდიდრების რეგიონალური კონსორციუმის შექმნას, რომელიც აკმაყოფილებდა რამდენიმე პირობას:
- ირანს არ ექნებოდა უფლება განევითარებინა ურანის გამდიდრების შიდა სიმძლავრეები სამოქალაქო მიზნებისთვის საჭირო ობიექტების მიღმა.
- შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანს დროებით ურანის გამდიდრების კონცენტრაციის 3%-მდე შემცირება მოუწევდა.
- ირანის მიწისქვეშა გამამდიდრებელი ქარხნები მხარეების მიერ შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში თავის საქმიანობას შეაჩერებდნენ.
- ირანის სახმელეთო ობიექტებში გამდიდრების საქმიანობა დროებით შემოიფარგლებოდა ბირთვული რეაქტორებისთვის საწვავის წარმოებისთვის საჭირო დონით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
- შეთანხმება შექმნიდა “მონიტორინგისა და გადამოწმების ძლიერ სისტემას”.
საგულისხმოა, რომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდის დროს აშშ-სა და ირანის პოზიციების შეუთანხმებლობა კიდევ უფრო აშკარად გამოიკვეთა. ამას ადასტურებს ირანის დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად ირანი არავითარ შემთხვევაში არ შეაჩერებდა ურანის გამდიდრების პროცესს. საფიქრებელია, რომ ირანელი ტოპ-დიპლომატის ასეთი კატეგორიულობა აიათოლა ხამენეის მკაცრმა პოზიციამ განაპირობა, რომელიც მან საჯაროდაც დააფიქსირა. დონალდ ტრამპის განცხადების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც აშშ ირანს ურანის გამდიდრების უფლებას არ მისცემდა, შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხში შევიდა.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია
როგორც ჩანს, ეს გარემოება არ გამოეპარა ისრაელს, რომლის ხელისუფლებაც აქტიურად აკვირდებოდა აშშ-ირანის მოლაპარაკებებს და მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარებისათვის, მათ შორის, სამხედრო შეტევისთვის იყო მზად. შესაბამისად, თელ-ავივმა ამ პროცესებთან დაკავშირებით რეაგირება აღარ დააყოვნა და 2025 წლის 13 ივნისის ღამეს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სადაზვერვო სტრუქტურების დახმარებით ფართომასშტაბიანი შეტევა მიიტანეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ბირთვული ფიზიკის ტოპ-მეცნიერებზე, სპეცსამსახურებისა და სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. ის, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებების მიუხედავად, ისრაელი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარებას და ბირთვული ობიექტების დაბომბვას აპირებდა, სადაზვერვო ინფორმაციის მქონე ამერიკელი ჩინოვნიკების მიერ ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში გაჟღერდა. თუმცა, ბევრისათვის და როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, მათ შორის, ირანის სპეცსამსახურებისთვისაც, ისრაელის მიერ ასე კარგად მომზადებული, დაგეგმილი და განხორციელებული სამხედრო შეტევა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
ფაქტია, რომ ირანის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა ნაკლებად ეფექტური, შეიძლება ითქვას საკმაოდ სუსტი გამოდგა იმისათვის, რომ ჯეროვანი წინააღმდეგობა გაეწია ისრაელის მიზანმიმართული, ტაქტიკურად გამართული და გამანადგურებელი სამხედრო აქციისათვის. ის, რომ ისრაელმა უპრობლემოდ დაბომბა ირანის ქალაქ ნათანზში არსებული ურანის გამამდიდრებელი ქარხანა და მისი მიწის ქვეშ განლაგებული კომპლექსი, თავრიზის სამხედრო აეროდრომი, ისლამური რევოლუციის „გუშაგთა კორპუსის“ ბაზები და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები ირანული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დაბალ ხარისხზე მიუთითებს.
უდავოა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ირანის ბირთვული ფიზიკის მაღალი კლასის სპეციალისტების ლიკვიდაციის საკითხიც. დაღუპულთა შორის არიან ირანის ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო ელიტის წარმომადგენლები: ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი, მეჯლისის წევრი ფერეიდუნაბ ბასიდავანი; მოჰჰამად მეჰდი თეჰრანჩი; აბდოლ ჰამიდ მინუჩეჰრი; პროფესორი აჰმად რეზა ზოლფაგარი; პროფესორი ამირ ჰოსსეინ ფეგხი; აქბარ მათალიზადა; საიდ ბარჯი; მანსურ ასგარი; ალი ბაყაი ქარიმი.
ტრადიციულად, მათ უსაფრთხოებას ირანის „გუშაგთა კორპუსი“ იცავდა, თუმცა ისრაელის დაზვერვამ „მოსადმა“ და შეიარაღებულმა ძალებმა ფილიგრანული სპეცოპერაციების ჩატარების შედეგად „გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელობის ლიკვიდაციაც შეძლეს. მათ შორის არიან:
- „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური, გენერალ-მაიორი ჰოსეინ სალამი;
- გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი მოჰჰამად ქაზემი;
- შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალი მოჰჰამად ჰოსსეინ ბაყერი;
- სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაური ამირალი ჰაჯიზადე;
- აიათოლა ხამენეის მრჩეველი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გენერალი ალი შამხანი (შენიშვნა: ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს შამხანიმ სხეულის მძიმე დაზიანებები კი მიიღო, მაგრამ სიკვდილს გადაურჩა);
- გენშტაბის უფროსის მოადგილე ყოლიამ ალი რაშიდი.
საგულისხმოა, რომ მათი ლიკვიდაციისათვის ისრაელის „მოსადმა“ ირანის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის, თეირანთან ახლოს დროებითი ოპერატიული მობილური სპეციალური სამხედრო პუნქტები შექმნა, სადაც მოიერიშე უპილოტო საფრენი დრონები განათავსა, რამაც მას დასახული ამოცანების გადაწყვეტის საშუალება მისცა. ეს ოპერაცია უკრაინის სადაზვერვო სამსახურების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, კოდური დასახელებით „აბლაბუდა“, გვაგონებს. მთლიანობაში კი აშკარაა, რომ ისრაელის სადაზვერვო სამსახურების მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ტაქტიკური სპეცოპერაცია იმეორებს ტერორისტული ორგანიზაციების, პალესტინური „ჰამასისა“ და ლიბანური „ჰეზბოლას“ განადგურების მეთოდებს, როდესაც „მოსადის“ და „ამანის“ მიერ თითქმის მთლიანად იქნა ლიკვიდირებული მათი ხელმძღვანელი რგოლი. საგულისხმოა, რომ თუ ისრაელი გეგმაზომიერად და მიზანდასახულად ანადგურებს ირანის სპეცსამსახურების, სამხედრო სტრუქტურებისა და ბირთვული ფიზიკის ელიტის წარმომადგენლებს, ირანი ამას ისრაელის ქალაქების დაბომბვებითა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებით პასუხობს, რაც მისი სპეცსამსახურების დაბალ საშემსრულებლო დონეზე მეტყველებს. ადვილი შესამჩნევია, რომ იმ დროს როცა ლიკვიდირებულია ირანის სპეცსამსახურების და სამხედრო სტრუქტურების მაღალჩინოსნები, ირანმა ვერ შეძლო ისრაელის ვერცერთი სამხედრო მაღალჩინოსნის ან სპეცსამსახურის მაღალი თანამდებობის პირისათვის რაიმე ზიანის მიყენება.
ისრაელის სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების მიუხედავად, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ირანის სპეცსამსახურებმა და სამხედრო სტრუქტურებმა სრულიად დაკარგეს წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ირანელმა კონტრ-მზვერავებმა 16 ივნისს ისრაელის სპეცსამსახურების აგენტები დააპატიმრეს, ხოლო გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ისრაელის ქალაქების სარაკეტო დაბომბვები განახორციელეს. ცხადია, ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება გამოაცხადა.
შეჯამება
ის, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები წარუმატებლობისათვის იყო განწირული თავიდანვე იგრძნობოდა, რადგან ირანი არაკონსტრუქციულად იყო განწყობილი და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არანაირ დათმობებზე წასვლას არ აპირებდა. მისი მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში იყო აღმოსავლური დიპლომატიის თვალთმაქცური ხრიკი, რომელიც როგორც ყოველთვის პროცესები გაჭიანურებას ისახავდა მიზნად. დიდი ალბათობით, ამით ის დროის მოგებას იმედოვნებდა. თუმცა, ირანის ხელისუფლებამ ვერ გათვალა, რომ ამის საშუალებას აშშ და ისრაელი მას აღარ მისცემდნენ. მითუმეტეს, როცა აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანისადმი ყოველთვის მკაცრი ზომების მიღების მომხრე იყო და მასთან აღმოსავლური დიპლომატიის მეთოდები არ ჭრიდა.
საფიქრებელია, რომ ისრაელს ჯერ კიდევ ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე ჰქონდა ირანზე შეტევის განხორციელების გადაწყვეტილება მიღებული. ამას ისიც ადასტურებს, რომ მის მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია უდავოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ეფექტური სამხედრო დარტყმის მიყენება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები ერთი მხრივ ფორმალობას წარმოადგენდა, რადგან მონაწილე მხარეებს უკიდურესად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ და კომპრომისზე წასვლას არ აპირებდნენ. მეორე მხრივ კი, ამან ეტყობა ირანი ოდნავ მოადუნა კიდეც, რითაც ისრაელმა კარგად ისარგებლა.
მოვლენათა შესაძლო განვითარება
მოვლენათა შესაძლო განვითარების უკეთ გასააზრებლად, საინტერესოა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გააზრება. კერძოდ:
- შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირებული მხარეები ამ ეტაპზე დიალოგისათვის არ არიან განწყობილნი.ომის დინამიკიდან გამომდინარე მოსალოდნელია შეიარაღებული კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოვება. ამას გვაფიქრებინებს დაპირისპირებული მხარეების საბრძოლო და უკომპრომისო განწყობა. გარდა ამისა, ისრაელსაც და ირანსაც გააჩნიათ დიდი რაოდენობის თანამედროვე იარაღის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების და საბრძოლო მასალის მარაგი;
- აქ უდავოდ დიდი მნიშვნელობა ექნება აშშ-ის პოზიციას, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს კონფლიქტში უშუალოდ არ ჩაერთოს, თუმცა მას ირანის გარშემო არსებულ სამხედრო ბაზებზე დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა აქვს განლაგებული და ყოველთვის მზადაა მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. ამას ისიც ადასტურებს, რომ პენტაგონმა რეგიონში ახალი სამხედრო გემები გააგზავნა. თუმცა, თუ ისრაელ-ირანის ომმა კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო და ისრაელის სახელმწიფოს არსებობას საფრთხე დაემუქრა, აშშ, თავისი სამოკავშირეო ვალდებულებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ომში ჩაერთვება;
- ისრაელის და აშშ-ის მხრიდან სამხედრო-პოლიტიკური წნეხის გაძლიერების მიუხედავად, თუ ირანმა კვლავაც უარი განაცხადა მის მიმართ წაყენებული პირობების შესრულებაზე და ისრაელის დაბომბვები გააგრძელა, არაა გამორიცხული, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მისი ქმედებების გასანეიტრალებლად ბირთვული იარაღის გამოყენება გადაწყვიტოს. ეს კი რადიაციის გავრცელების საფრთხეს წარმოქმნის და ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ეკოლოგიური პრობლემა ნათანზის ქარხნის დაბომბვის შემდეგ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ქვეშ უკვე მოექცა.
- მიუხედავად იმისა,რომ ირანი ისრაელის სამხედრო შეტევას საკმაოდ მოუმზადებელი შეხვდა, მისგან მომავალი საფრთხეეების იგნორირება არ შეიძლება, რადგან ამ ისლამურ ქვეყანას საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია, როგორც სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის, ისე შეიარაღების კუთხით. თანაც მისი შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების ბირთვს იდეოლოგიურად მომზადებული სამხედრო პირები შეადგენენ. ფაქტია, რომ ასეთი რაოდენობის იდეოლოგიზირებული გასამხედროებული სტრუქტურების მქონე ირანის დამარცხება, მითუმეტეს ხმელეთზე, საკმაოდ რთული იქნება. აქედან გამომდინარე, ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იოლად არავინ მიიღებს.
- აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს პრო-ირანული პროქსი დაჯგუფებები და ტერორისტული ორგანიზაციებიც, რომლებიც ირანის სპეცსამსახურებმა სწორედ ისრაელისა და აშშ-ის საწინააღმდეგოდ გამოზარდეს, შეაიარაღეს და მოამზადეს. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მათი ნაწილი, იგივე ლიბანური „ჰეზბოლა“, პალესტინური „ჰამასი“, „ისლამური ჯიჰადი“ და სირიული შიიტური პრო-ირანული მილიცია შესაძლოა ირანის ხელისუფლებაზე გარკვეულწილად განაწყენებულიცაა, რადგან თეირანი იმ დონეზე არ ჩაერია ისრაელთან მათ ამასწინანდელ დაპირისპირებაში, როგორც მისგან ელოდნენ. საყურადღებოა, რომ ამ ფონზე იემენური „ანსარულლაჰის“ წარმომადგენელმა უკვე დაადასტურა, რომ ჰუსიტები ირანს ისრაელთან ომში აუცილებლად დაეხმარებიან;
- ასეთ ფონზე, ირანში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაც არ უნდა გამოირიცხოს, რადგან ირანის საზოგადოების სხვადასხვა ფენებში საკმაოდ ძლიერია აიათოლების რეჟიმის საწინააღმდეგო მუხტი. გასული ათწლეულების განმავლობაში ირანის კლერიკალურმა წრეებმა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ძალაუფლების სრული უზურპაცია განახორციელეს, რამაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმე შედეგამდე მიიყვანა. ისრაელის შეტევამდე ცოტა ხნით ადრე, მაის-ივნისში ირანში მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა მძღოლების მეთაურობით გაიფიცა კიდეც, რასაც გაფიცულთა მასობრივი დაპატიმრება მოჰყვა. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ირანს ერთი სპეციფიკა ახასიათებს: როცა მასზე გარე მოწინააღმდეგე ახორციელებს თავდასხმას, ირანის საზოგადოებრიობა საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდება. ამას თავის სასარგებლოდ კარგად იყენებს ხოლმე ირანის ხელისუფლება. ამ კუთხით, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად შეძლებენ აშშ და ისრაელი ირანის ოპოზიციური ძალების დახმარებით ირანელი ხალხის აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ სწორად მოტივირებას და დარაზმვას;
- ამ ეტაპზე ირანში ჯერჯერობით სამოქალაქო ომის დაწყების ინდიკატორები არ შეიმჩნევა, რადგან ისრაელ-ირანის ომი ახალი დაწყებულია. ირანის მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება არსებობს, მაგრამ არა იმ დონით, რომ ეს შეიარაღებულ მასობრივ ამბოხში გადაიზარდოს.