ბულგარეთის დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისი

ბულგარეთის დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისი

ავტორი: ხატია დავლიანიძე – UGSPN

27 ოქტომბერს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელიც მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 2024 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.

წლებია ბულგარეთი ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია – უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში შვიდი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა და ქაოსი სათავეს 2020 წლის ივლისიდან იღებს, როდესაც პოლიციამ პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლების ოფისებში რეიდი განახორციელა და გენერალური პროკურორის, ივან გეშევის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტების აზრით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი რეიდებით პრეზიდენტის დაშინებასა და კორუფციული საქმეების გამოძიებისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.

საპროტესტო აქციები 2021 წლის აპრილში შეწყდა, როდესაც ბოიკო ბორისოვის მე-3 კაბინეტი დაიშალა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. ჯერ აპრილში, შემდეგ კი ივლისში ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა და 2021 წლის ნოემბერში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნა. ნოემბრის კენჭისყრის შედეგად, კირილ პეტკოვის მეთაურობით კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდა, თუმცა ამ გაერთიანებამ მხოლოდ 6 თვე იარსება.

2022 წლის ოქტომბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 1990 წლის შემდეგ ყველაზე ცოტა ადამიანმა, ამომრჩეველთა 39%-მა მიიღო მონაწილეობა და პირველი ადგილი (67 მანდატი) ბოიკო ბორისოვის პარტია „GERB-მა“ მოიპოვა. სამი მცდელობის მიუხედავად უმრავლესობის ფორმირება ვერ მოხერხდა და 2023 წლის აპრილში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. ივნისში ნიკოლაი დენკოვის მეთაურობით „GERB-მა“ და „ვაგრძელებთ ცვლილებას – დემოკრატიულმა ბულგარეთმა“ როტაციული მთავრობა შექმნეს, თუმცა 2024 წლის აპრილში იგი დაიშალა და ივნისში მორიგი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. სამი მცდელობის მიუხედავად, უმრავლესობა კვლავ ვერ შეიქმნა და 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნა.

2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ბულგარეთის 240 წევრიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„GERB – დემოკრატიული ძალების კავშირი – SDS“ – 69;

„ვაგრძელებთ ცვლილებას – დემოკრატიულმა ბულგარეთი -PP-DB“ – 37;

„აღორძინება – Revival“ – 35;

„მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის – DPS“ – 30;

„გაერთიანებული მემარცხენეები – BSP–OL“ – 20;

„ალიანსი უფლებებისა და თავისუფლებებისთვის – APS“ – 19;

„არსებობს ასეთი ხალხი – ITN“ – 18;

„მორალი, ერთიანობა, პატივი – MECh“ – 12.

ვინ არის ბოიკო ბორისოვი?

„თუ ყველას უნდა ძლიერი მთავრობა, მე უნდა ვიყო პრემიერ-მინისტრი, – ბოიკო ბორისოვი.

ბოიკო ბორისოვი 1985-1990 წლებში ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელთა მომზადებისა და სამეცნიერო კვლევის უმაღლესი ინსტიტუტის ლექტორად მუშაობდა. ის 1989 წლამდე ბულგარეთის უკანასკნელი კომუნისტი ლიდერის, თოდორ ჟივკოვის დაცვის წევრი იყო, 1991 წელს კი კერძო დაცვის კომპანია „Ipon-1“ შექმნა. ბორისოვი 2001-2005 წლებში პოლიტიკური გაერთიანების, „ეროვნული მოძრაობა სიმეონ II-ის“ წევრი იყო. მან 2006 წელს პარტია „ბულგარეთის მოქალაქეები ევროპული განვითარებისთვის – GERB” შექმნა. ბორისოვს 2005-2009 წლებში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მერის, 2009-2013, 2014-2017 და 2017-2021 წლებში კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობი ეკავა.

ბოიკო ბორისოვს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მუდივად ამხელდნენ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, სასამართლო ხელისუფლების კონტროლში, ჟურნალისტების, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების თვალთვალსა და დევნაში, კანონის უზენაესობის ხელყოფაში, სისტემურ კორუფციასა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების უგულვებელყოფაში.

მისი სახელი არაერთ პოლიტიკურ სკანდალს უკავშირდება. მათ შორის: ჟურნალისტებისთვის ქრთამის მიცემა, ევროპის კავშირის ფინანსური დახმარების ბოროტად გამოყენება (2022 წელს პოლიციამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი, მთავრობის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, სევდელინა არნაუდოვა, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ვლადისლავ გორანოვი და პარლამენტის საფინანსო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, მენდა სტოიანოვა დააკავა), ვასილ „ქალა“ ბოჟკოვის საქმე, 2020 წლის ფოტოების სკანდალი.

რატომ არის კოალიციური მთავრობის ფორმირება რთული ბულგარეთში?

ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანო 240 წევრისგან შედგება. მთავრობის ფორმირებისთვის მინიმუმ 121 მანდატის ფლობაა საჭირო.

საპარლამენტო კენჭისყრაში ამომრჩეველთა აქტივობის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ ბულგარეთის მოსახლეობა მუდმივი არჩევნებით გადაღლილია და წლიდან წლამდე (2017 წელი – 53.85%, 2021 წლის აპრილი – 49.1%, 2021 წლის ივლისი – 41.6%, 2021 წლის ნოემბერი – 40%, 2022 წელი – 39.3%, 2023 წელი – 40.6%, 2024 წლის ივნისი – 34.4%, 2024 წლის ოქტომბერი – 39%) სულ უფრო და უფრო ცოტა მოქალაქე იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. გარდა ამისა, თვალშისაცემია, რომ ბულგარეთის მოსახლეობა ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს და თანდათანობით ისეთი გაერთიანებების მხარდაჭერა იზრდება, როგორებიცაა ულტრანაციონალისტური „აღორძინება“ და „მორალი, ერთიანობა, პატივი – MECh“. ანტი-ისტებლიშმენტური მოძრაობების პოპულარობის ზრდა კიდევ უფრო მეტად ართულებს კოალიციის ფორმირების პროცესს, რადგან ასეთი გაერთიანებების პოზიცია და დღის წესრიგი ტრადიციული, მსხვილი პარტიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

საპარლამენტო არჩევნებზე ბულგარეთის ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ იღებს იმდენ მანდატს, რომ უმრავლესობა მარტო ჩამოაყალიბოს. საკანონმდებლო ორგანოში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ბევრი პარტია ხვდება, რაც მათ შორის თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას ართულებს. იდეოლოგიური განსხვავებულობის გარდა, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის პერსონალური მტრობა და ნდობის ნაკლებობა არსებობს.

2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, მთავრობა მინიმუმ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ჩამოაყალიბოს.

ბულგარეთის პრეზიდენტი, რუმენ რადევი მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას, პირველ რიგში, ყველაზე მეტი მანდატის მქონე „GERB-ს“ მისცემს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას არ სურს აღნიშნულ გაერთიანებასთან და ყოფილ პრემიერმინისტრ ბოიკო ბორისოვთან თანამშრომლობა, რადგან ეს უკანასკნელი თანამდებობაზე ყოფნის დროს არაერთ მასშტაბურ სკანდალში გაეხვა და მასთან გაერთიანება, ფაქტობრივად, პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია.

მეორე ადგილზე გასული პროევროპული და ანტი-კორუფციული „ვაგრძელებთ ცვლილებას – დემოკრატიული ბულგარეთი“ განიხილება, როგორც ახალი რეფორმისტული ძალა, რომელსაც ტრადიციული პოლიტიკური ელიტის მიერ იმედგაცრუებული მოსახლეობა უჭერს მხარს. მას „GERB-ის“ გარდა, იდეოლოგიური განსხვავებებისა და წინააღმდეგობების გამო, კოალიციის ფორმირება არ სურს „გაერთიანებულ მემარცხენეებთან“, „აღორძინებასთან“ და MECh-თან“. ასევე, რთულად წარმოსადგენია „ვაგრძელებთ ცვლილებას – დემოკრატიულ ბულგარეთს“ და „არსებობს ასეთ ხალხს“ შორის შეთანხმების მიღწევა, რადგან აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022 წელს კოალიციური მთავრობა შექმნეს, თუმცა სლავი ტრიფონოვის პარტიამ მას უნდობლობა გამოუცხადა და კირილ პეტკოვის მთავრობა (ბულგარეთის ისტორიაში პირველი კაბინეტი, რომელსაც უნდობლობა გამოუცხადეს) დაიშალა.

პარტიების უმრავლესობა გამორიცხავს მე-4 ადგილზე გასულ გაერთიანება „DPS-თან“ თანამშრომლობას და კოალიციის ჩამოყალიბებას, რადგან მისი ლიდერი, ოლიგარქი დელიან პეევსკი  გლობალური მაგნიტსკის აქტით ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ კორუფციისთვის, ქრთამის აღებისა და თანხმების გაფლანგვისთვისაა სანქცირებული. გარდა ამისა, პეევსკი ბულგარეთის სასამართლო ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების კონტროლშია მხილებული.

რა არის გამოსავალი?

ბულგარეთში არსებული მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისის მოკლევადიან პერსპექტივაში დასრულების ერთ-ერთ ვარიანტად შესაძლებელია განვიხილოთ ფართო კოალიციური მთავრობის ფორმირება – დიდი, ტრადიციული პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და წევრებს შორის პიროვნული შუღლისა და მტრობის დასრულება, ასევე იდეოლოგიური განსხვავებებისა დასრულება და სახელწმიფოს ეროვნული ინტერესებისთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა; მეორე გამოსავალი ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაა – უპარტიო ექსპერტებისგან შექმნილი მთავრობა, რომელიც მმართველობის უწყვეტობას უზრუნველყოფს; მესამე ვარიანტი კი ახალი არჩევნების დანიშვნაა – მორიგი კენჭისყრა, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკური ლანდშაფტი გადაახალისოს, ან ფრაგმენტაცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს.

გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობი მთავრობების ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია ბულგარეთის მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზების დადგენა, კორუფციის აღმოფხვრა, პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის აღდგენა, კანონის უზენაესობის განმტკიცება, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის დანერგვა.

რას ფიქრობს ევროპის კავშირი ბულგარეთის დაუსრულებელ კრიზისთან დაკავშირებით?

ბრიუსელი არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ არასტაბილურობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას და ევროპის კავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის (მათ შორის ევროზონასა და შენგენის ზონაში გაწევრიანებას) პროცესს ხელს უშლის.

ევროპის კავშირი ინსტიტუციური რეფორმების გატარებას მოითხოვს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში, რათა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრას და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ბულგარეთის მოსახლეობის ნდობა გაიზარდოს.

ბრიუსელი მიიჩნევს, რომ ბულგარეთში არსებული კრიზისი გარეშე აქტორებს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციას, საკუთარი გავლენის გასავრცობად და მართვადი ქაოსის შესაქმნელად კარგ შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსკოვი სოციალური მედიის პლატფორმებზე ბულგარეთის პროევროპული პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით დეზინფორმაციულ კამპანიებს აწარმოებდა.

ევროპის კავშირის აზრით, პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პარტიების მიერ პოლიტიკური ნების გამოჩენა, განსხვავებების გვერდზე გადადება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისთვის პრიორიტეტის მინიჭება და თანამშრომლობის მიზნით ერთმანეთთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოება.