ბულგარეთის პოლიტიკური კრიზისი და ყოფილი პრეზიდენტი, როგორც ახალი მოთამაშე

ბულგარეთის პოლიტიკური კრიზისი და ყოფილი პრეზიდენტი, როგორც ახალი მოთამაშე

რა მოხდა?

გასული წლის დეკემბერში, ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, როსენ ჟელიაზკოვი გადადგა.

საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი გახდა, რომელიც გადასახადების ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით ანტისამთავრობო მუხტმა  მთელი ქვეყანა მოიცვა და დემონსტრანტებმა, მასშტაბურ კორუფციასთან წარუმატებელი ბრძოლის გამო, ჟელიაზკოვის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ მისი კაბინეტი 2025 წლის იანვარში დამტკიცდა, როდესაც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად „GERB-მა“, „სოციალისტურმა პარტიამ“ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „არსებობს ასეთი ხალხი – ITN“ სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბეს.

დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისი

სიცოცხლისუუნარო სამთავრობო კოალიციების ჩამოყალიბებითა და რამდენიმე თვეში დაშლით გამოწვეული პოლიტიკური ქაოსი ბულგარეთისთვის ახალი არ არის.

2021 წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში შვიდი (2021 წლის აპრილი, 2021 წლის ივლისი, 2021 წლის ნოემბერი, 2022 წლის ოქტომბერი, 2023 წლის აპრილი, 2024 წლის ივნისი, 2024 წლის ოქტომბერი) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ მოახერხეს პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმება და კოალიციის ჩამოყალიბება, თუმცა ისინიც მალევე დაიშალა:

როსენ ჟელიაზკოვის კოალიციური მთავრობა თავისი ნებით გადადგა 2025 წლის დეკემბერში; კირილ პეტკოვის ოთხწევრიანი კოალიციური მთავრობა („ვაგრძელებთ ცვლილებებს – PP” + “სოციალისტური პარტია – BSP” + “არსებობს ასეთი ხალხი – ITN” + “დემოკრატიული ბულგარეთი – DB”), რომელიც 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა, 2022 წლის ივნისში „=ITN-ის“ მიერ გაერთიანების დატოვების შემდეგ, “GERB-ის“ მიერ ინიცირებული უნდობლობის ვოტუმის გამო დაიშალა – თანამედროვე ბულგარეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ნდობის ვოტუმი დაკარგა; ნიკოლაი დენკოვის სამწევრიანი კოალიციური მთავრობა (“GERB” + “PP” + “DB“), რომელიც 2023 წლის ივნისში დამტკიცდა, 2024 წლის მარტში „როტაციულ მთავრობაზე“ მიღწეული შეთანხმების ჩაშლის გამო დაიშალა.

ბულგარეთის პოლიტიკური სპექტრის სამ ნაწილად დაყოფაა შესაძლებელი – ანტიკორუფციული რეფორმისტული ძალები (მაგ. „ვაგრძელებთ ცვლილებებს – PP”, “დემოკრატიული ბულგარეთი – DB”); ტრადიციული გაერთიანებები (მაგ. „GERB”, “სოციალისტური პარტია – BSP”); და პრორუსული და/ან ულტრანაციონალისტური პარტიები (მაგ. „აღორძინება“, „მორალი, ერთიანობა, ღირსება – MECh”).

სტაბილური და სიცოცხლისუნარიანი მთავრობის ჩამოყალიბება რთულია, რადგან: 1. მასშტაბური კორუფციის, გაუმჭვირვალე საარჩევნო პროცესის, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მაღალი უნდობლობის გამო, საპარლამენტო არჩევნებზე ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ იღებს იმდენ ხმას, რომ მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს; 2.პროპორციული საარჩევნო სისტემისა და ამომრჩეველთა ხმების ფრაგმენტაციის გამო, არჩევნების შედეგად, ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოში ბევრი პოლიტიკური პარტია ხვდება, რომლებსაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგია აქვთ და შესაბამისად, უმრავლესობის ფორმირებისთვის საერთო ენის გამონახვა უჭირთ.

ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური ამბიციები

როსენ ჟელიაზკოვის გადადგომის შემდეგ მალევე, 2026 წლის იანვარში ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

ის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2027 წლის იანვრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა პოსტის დატოვებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისთვის უფლებამოსილების ოფიციალურად შეწყვეტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურის პოზიცია ილიანა იოტოვამ დაიკავა.

ბულგარეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა, რუმენ რადევმა საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ 2016, შემდეგ კი 2021 წელს მოიგო. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ბულგარეთის პრეზიდენტი ცერემონიულ უფლებამოსილებას ფლობს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს მეთაური საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს და მთავრობის შემადგენლობას ამტკიცებს, 2021 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში უსასრულო პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რუმენ რადევის ფიგურა ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ ჯერ-ჯერობით საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, გავრცელებული ინფორმაციით, რადევი საკუთარი პარტიის შექმნასა და პოლიტიკაში აქტიურ ჩართულობას გეგმავს.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას სჭირდება პარტია, რომელიც ყველა დემოკრატს – მემარცხენეებსაც და მემარჯვენეებსაც გააერთიანებს იმის მიუხედავად, თუ სად არიან ისინი და საერთოდ არიან თუ არა პოლიტიკურად აქტიურები, რადგან ყველას სჭირდება სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიული განვითარება. მან სიღარიბის, პროტესტისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის მიზეზად „მმართელობის მავნე მოდელი“ დაასახელა. როგორც ჩანს, მისი მიზანი არსებული პოლიტიკური ვითარების რადიკალური ცვლილება და იმედგაცრუებული ბულგარელებისთვის ახალი ალტერნატივის შეთავაზებაა.

ჟელიაზკოვის გადადგომის შემდეგ, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ რადევი ტექნიკურ მთავრობას დანიშნავდა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღს დაასახელებდა, თუმცა მის მიერ გადადგომის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გავრცელდა მოსაზრება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა თავიდან ის შესაძლო ბრალდებები და სპეკულაციები აირიდა, რაც დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენასა და მხარდაჭერას მოყვებოდა. ფაქტია, პოლიტიკურ სცენაზე განსხვავებულ როლში გამოჩენამდე, რადევი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს.

რუმენ რადევის წარმატების შანსი

ბულგარეთში იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც არცერთ ამჟამად არსებულ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერს მხარს და ალტერნატივის შექმნის მოლოდინშია, დიდია. პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ უკმაყოფილებისა და უნდობლობის ფონზე, რუმენ რადევი ერთ-ერთი ყველაზე სანდო პოლიტიკური ფიგურაა ბულგარეთის მოქალაქეებისთვის.

აღნიშნული დასტურდება გასული წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც გამოკითხულთა 40%-ს მთავრობის ფორმირება ახალი პოლიტიკური ძალის გარშემო სურს. გარდა ამისა, საყოველთაო გამოკითხვის შედეგების თანახმად, აღნიშნული 40%-დან ნახევარი რუმენ რადევს დაუჭერს მხარს, თუ ის საკუთარ პოლიტიკურ პროექტს წამოიწყებს.

2026 წლის იანვარში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა 64% დადებითად აფასებს მის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რაც მის მიმართ ფართო საზოგადოებრივ სიმპათიაზე მიუთითებს.

რადევის მიერ ახალი პარტიის შექმნისა და არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ფაქტობრივად არ არსებობს იმის ალბათობა, რომ ის ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებასა და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მოქალაქეების მაღალი ნდობიდან და საზოგადოების მიერ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2026 წლის გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბულგარეთის მომავალი კოალიციური მთავრობის ფორმირებაში გადამწყვეტ როლს, დიდი ალბათობით, რადევის პოლიტიკური გაერთიანება შეასრულებს.

მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი პარტია მიზნად ეკონომიკურ სტაგნაციასთან ბრძოლასა და სისტემური კორუფციის აღმოფხვრას დაისახავს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ხედვებს – მას რბილი პოზიცია აქვს კრემლის მიმართ – რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ღიად ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, რადევს „ანტიბრიუსელური“ რიტორიკა აქვს და ხშირად საუბრობს ბულგარეთის „ეროვნული ინტერესების“ დაცვასა და „ნეიტრალიტეტის“ საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ მას სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ბულგარეთის ევროზონაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ევროს შემოღების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას უჭერდა მხარს.

ევროსკეპტიკური და რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკოსები/პარტიები ბულგარეთის მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილში პოპულარობით სარგებლობენ. ბრიუსელისადმი მოქალაქეების კრიტიკული დამოკიდებულების მიზეზი ისაა, რომ ევროპის კავშირის წევრობის მიუხედავად, ბულგარეთი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა ევროპულ გაერთიანებაში.

რადევის პოტენციურ პოლიტიკურ პარტნიორებს შორის შესაძლოა იყვნენ: პროევროპული რეფორმისტული „ვაგრძელებთ ცვლილებებს – PP” და “დემოკრატიული ბულგარეთი – DB” – რუმენ რადევის აზრით, სწორედ კორუფციაა ის სისტემური პრობლემა, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს, შესაბამისად, საპარლამენტო მანდატების მოპოვების შემდეგ, საერთო ენის გამონახვას შეძლებს ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებებთან, რომელთაც მკვეთრად ანტიკორუფციული დღის წესრიგი აქვთ. კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით მათი ხედვები თანხვედრაშია, თუმცა საგარეო პოლიტიკაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ; „სოციალისტური პარტია – BSP” – 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუმენ რადევი დამოუკიდებელ კანდიდატს წარმოადგენდა, თუმცა „სოციალისტური პარტიის“ მხარდაჭერით სარგებლობდა, რაც გამარჯვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. სოციალური პოლიტიკისა და კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე მათი ხედვები თანხვედრაშია, რაც მათ შორის თანამშრომლობის შანსებს ზრდის; ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიები – რუმენ რადევის ნაციონალისტური რიტორიკიდან და მის მიერ „სუვერენულობისა“ და „ბულგარეთის ეროვნული ინტერესების დაცვის“ ხაზგასმიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საერთო ენა „ბულგარული ნაციონალიზმის“ მხარდამჭერ (მაგ. „მორალი, ერთიანობა, ღირსება – MECh”) პარტიებთან გამონახოს.

ნაკლებ სავარაუდოა რადევისა და “GERB-ის“ კოოპერაცია, რადგან პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს ის ღიად აკრიტიკებდა ბოიკო ბორისოვის მმართველობას კანონის უზენაესობის აღმოფხვრის, ეკონომიკური სტაგნაციისა და სისტემური კორუფციის გამო. შესაძლებელია ითქვას, რომ ახლადშექმნილი პარტიისთვის „GERB-თან“ თანამშრომლობა, პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება.

საბოლოო ჯამში, შესაძლებელია ითქვას, რომ რუმენ რადევის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი ახალ თანამოაზრეს შეიძენენ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, კოალიციურ პარტნიორებთან მუდმივად დათმობაზე წასვლა მოუწევს, რაც მის „ნაციონალისტურ“ მისწრაფებებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს.