ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია – საქართველოს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგია – საქართველოს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

ავტორი: მეგი ბენია UGSPN-ის აფილირებული მკვლევარი

2025 წლის 28 მაისს, ევროკავშირმა გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგია. სტრატეგიული ხედვა სახელწოდებით „შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ჰაბი“ მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის უზრუნველყოფას ევროკავშირის გაზრდილი ჩართულობით. აღნიშნულის მიღწევა დაგეგმილია სამი ძირითადი მიმართულებით: 1) უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გაძლიერება; 2) მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; 3) გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობისა და მზაობის და სამოქალაქო უსაფრთხოების წახალისებით. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის იმპლემენტაცია ითვალისწინებს შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან მომზადებას წევრობის მომენტისთვის.

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული ხედვა, რომელიც გულისხმობს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების მხარდაჭერას საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, წყალქვეშა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის, განაღმვითი შესაძლებლობების განვითარების და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის საშუალებების გაძლიერების კუთხით, მიზნად ისახავს რეგიონში შესაძლო სამხედრო აგრესიის შეკავებას. გარდა ამისა, სტრატეგია ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენების მნიშვნელობას ენერგეტიკული რესურსების დივერსიფიკაციისა და მოქნილი სატრანზიტო გზების განვითარებისთვის.

ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, სამხრეთ კავკასიასთან, როგორც მის განუყოფელ ნაწილთან ერთად, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. შესაბამისად, ნორმალურ მოცემულობაში, ევროკავშირის სტრატეგიული ხედვა უნდა მიგვეღო, როგორც საქართველოს წინაშე არსებული უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანას მისცემდა საშუალებას შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატებში მონაწილეობით, გაეძლიერებინა ეროვნული უსაფრთხოება და  რეგიონულ კონტექსტში გამხდარიყო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი. სამწუხაროდ, დღევანდელი სრულიად განსხვავებული რეალობა არ გვაძლევს დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთების საშუალებას და ამას თავისი მიზეზები აქვს.

მიუხედავად შავი ზღვის რეგიონის თვალსაჩინო სტრატეგიული მნიშვნელობისა, წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლური ინსტიტუტები თავს არიდებდნენ ამ მიმართულებით შესაბამისი სტრატეგიული ხედვის შემუშავებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა და შავი ზღვის აუზის საომარი მოქმედებების არეალად გადაქცევამ, ეს დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვალა. ამრიგად, 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში ნატო-მ შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონად განსაზღვრა და „გაძლიერებული მოწინავე განლაგების“ (Enhanced Forward Presence – EFP) გაფართოების შედეგად, მრავალეროვნული სამხედრო ბრიგადები ბულგარეთსა და რუმინეთშიც განალაგა. ამასთან, 2022 წელს, აშშ-მა გაზარდა სამხედრო ყოფნა ნატო-ს წევრ ბულგარეთისა და რუმინეთის სახმელეთო და საჰაერო სივრცეში, ხოლო 2023 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინა შავი ზღვის სტრატეგია.

საქართველო, როგორც მკაფიოდ გამოხატული ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყანა, მუდმივად მოუწოდებდა აშშ-ს, ნატო-სა და ევროკავშირს შეემუშავებინათ ყოვლისმომცველი და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული ხედვა ფართო შავი ზღვის რეგიონის მიმართ და გაეზარდათ სამხედრო და პოლიტიკური ჩართულობა. აღნიშნული ძალისხმევის შედეგი იყო ალიანსთან არსებული პრაქტიკული თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, რომლის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს წარმოადგენდა ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების საპორტო ვიზიტები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში წელიწადში ორჯერ და სანაპირო დაცვის ჯგუფებთან ჩატარებული ერთობლივი წვრთნები. გარდა ამისა, რეგულარულ ხასიათს ატარებდა სტრატეგიული კონსულტაციები ნატო-სთან, რაც მათ შორის მოიცავდა ინფორმაციის გაცვლას შავ ზღვაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ამასთან, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა შავი ზღვის უსაფრთხოების ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

თუმცა, ცხადი იყო, რომ ფართო შავი ზღვის მიმართ რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, თანამშრომლობის ხსენებული მექანიზმები არ იქნებოდა საკმარისი რეგიონში უსაფრთხოების სათანადო გარემოს შესაქმნელად. შესაბამისად, საქართველო მუდმივად ცდილობდა დასავლელი პარტნიორების დარწმუნებას ფართო შავი ზღვის კრიტიკულ როლში ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო, ხშირად, იყო ერთადერთი ქვეყანა შავი ზღვის აუზში, რომელიც ასეთ ძალისხმევას მიმართავდა.

დღეს, როდესაც სახეზეა ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის უგულვებელყოფის მოძველებული მიდგომის ფუნდამენტური ცვლილება, შესაძლოა საქართველომ შექმნილი უნიკალური შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას. ევროკავშირის მიერ შემუშავებული სტრატეგიის კომპონენტები მეტწილად სწორედ იმ ხედვას მოიცავს, რომელსაც წლების განმავლობაში ლობირებდა ქართული მხარე. საქართველოს მიაჩნდა, რომ მხოლოდ დასავლური ინსტიტუტების პრაქტიკული ჩართულობა შეძლებდა რუსეთიდან მომავალი სამხედრო და გავლენის ოპერაციებთან დაკავშირებული საფრთხეების შეკავებას. ამის საპირისპიროდ, დღევანდელ საქართველოში რთულია იმაზე საუბარი თუ რა არის ქვეყნის სტრატეგიული ხედვა ფართო შავი ზღვის რეგიონისადმი. პერიოდულად გაჟღერებული პოზიცია საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებით მოძველებულია და არ მოდის თანხვედრაში თანამედროვე უსაფრთხოების გარემოს მოთხოვნებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც ხანგრძლივი ვადით გვაშორებს ევროპულ ინსტიტუტებთან და რაც ხაზგასმით არის ნახსენები თავად ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაშიც. ამას ემატება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სახელწიფო სტრუქტურებიდან იმ საჯარო მოხელეების გათავისუფლება, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ მიმართულებით საქართველოს პოზიციების განსამტკიცებლად. თავის მხრივ, ეს ხელს უწყობს ინსტიტუციური მეხსირების ჩამოშლას, რაც საქართველოს ტიპის სახელმწიფოსთვის მდგრადი განვითარებისა და ეროვნული მედეგობის აუცილებელი შემადგენელია.

საქართველო – ქვეყანა, რომელსაც აქვს საშუალება არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომით გათვალისწინებული აქტივობებისგან, არამედ თავადაც შეიტანოს წვლილი ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში, დღეს ამ უნიკალური შესაძლებლობების მიღმა რჩება.