ევროპარლამენტის არჩევნები 2024 – დიდი ნაბიჯი მარჯვნივ?

ევროპარლამენტის არჩევნები 2024 – დიდი ნაბიჯი მარჯვნივ?

რეზი თოფურია

შესავალი

2024 წელი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური საარჩევნო წელია. წელს არჩევნები მსოფლიოს 74 ქვეყანაში ტარდება და მასში მონაწილეობას  დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიღებს. სხვა მნიშვნელოვან არჩევნებთან ერთად, 6-9 ივნისს 400 მილიონამდე ამომრჩეველი, ევროკავშირის 27 ქვეყანაშიც შეძლებს საკუთარი ევროპარლამენტარების არჩევას.

ევროპარლამენტის ეს არჩევნები ბევრი ფაქტორის გამო არის განსაკუთრებით საინტერესო.  ეს იქნება პირველი არჩევნები რამდენიმე მნიშვნელოვანი „კრიზისის“ შემდეგ, რომლებმაც ფუნდამენტურად იმოქმედა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების პოლიტიკაზე, როგორიცაა ბრექსიტი, COVID-19 პანდემია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და ამჟამად მიმდინარე კონფლიქტი შუა აღმოსავლეთში.   ამავდროულად, ამ არჩევნებს კიდევ უფრო საინტერესოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ულტრამემარჯვენე პარტიების აღმასვლა ხდის. სწორედ ულტრამემარჯვენეებს უწინასწარმეტყველებენ ამ არჩევნებში მთავარი      გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას.

ვინაიდან აღნიშნული იდეოლოგიური ჯგუფის მზარდი გავლენები ევროპულ პოლიტიკაში დღეს განსაკუთრებული დისკუსიის საგანია, ბლოგში მიმოვიხილავთ ულტრამემარჯვენეების  საარჩევნო შანსებსა და ამ არჩევნების შედეგებს როგორც ევროპისთვის, ასევე საქართველოსთვის.

ახლანდელი სიტუაცია ევროპარლამენტში

ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ევროპარლამენტი არის ევროკავშირის საკვანძო ინსტიტუტი, რომელიც ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ევროკავშირის კანონმდებლობაში, ზედამხედველობასა და ბიუჯეტირებაში. ევროპის საბჭოსთან ერთად, ევროპის პარლამენტია ის ორგანო სადაც ხდება კანონების შემუშავება და ყოველწლიური ბიუჯეტების გაწერა. ევროპარლამენტი ასევე ახორციელებს დემოკრატიულ ზედამხედველობას ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებზე, აკონტროლებს კანონების შესრულებას და უზრუნველყოფს ფინანსურ ანგარიშვალდებულებას.  იგი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციულ პლატფორმას,      რომელშიც წევრებს საყოველთაო არჩევნებით ირჩევენ. თანაც აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში, უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი (373 მილიონამდე) იღებს მონაწილეობას.

არჩევნების დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული დეპუტატები ერთიანდებიან პოლიტიკურ ჯგუფებში. პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა მინიმუმ 25 ევროპარლამენტარი, რომელიც არჩეულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების არანაკლებ ერთ მეოთხედში (შვიდ ქვეყანა).

ამჟამად ევროპარლამენტში სულ შვიდი ჯგუფია და წინასწარი პროგნოზი აჩვენებს, რომ შვიდივე შეძლებს ჯგუფების შესაქმნელად საჭირო მინიმალური კრიტერიუმების დამკაყოფილებას 2024 წლის არჩევნებშიც:

  • ევროპის სახალხო პარტია (EPP) – 178 ადგილი;
  • სოციალისტები და დემოკრატები (S&D) – 140 ადგილი;
  • განახლებული ევროპა (Renew – ყოფილი ALDE) – 102 ადგილი;
  • მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი – 72 ადგილი;
  • ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) – 68 ადგილი;
  • იდენტობა და დემოკრატია (ID) – 59 ადგილი;
  • მემარცხენეები – 37 ადგილი; 

49 მანდატი ამჟამად განაწილებულია ისეთ ევროპარლამენტარებზე, რომლებიც არცერთი ჯგუფის წევრი არ არიან.

ვინ არიან ულტრა-მემარჯვენეები?

ევროპაში კრიზისების კვალდაკვალ აშკარად შეიმჩნევა მოსახლეობის უკმაყოფილება თავისი ქვეყნების არსებული პოლიტიკური ელიტებით, რადგანაც ისინი სულ უფრო უგულვებელყოფილად გრძნობენ თავს, ამავდროულად ვხედავთ ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდას, არა მხოლოდ საჯარო სივრცეში, არამედ მმართველობაში. უახლეს  მაგალითადებად შეგვიძლია განვიხილოთ Fratelli d’Italia (იტალიის ძმები) იტალიაში ან PVV (პარტია თავისუფლებისთვის) ნიდერლანდებში. ზოგიერთ ქვეყანაში კი, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე, მაგალითად Vox ესპანეთში.

ამ ეტაპისთვის, ულტრამემარჯვენე პოპულისტები, გამოკითხვებში ლიდერობენ ცხრა წევრ ქვეყანაში (ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი და სლოვაკეთი) და სავარაუდოდ, მეორე ადგილს დაიკავებენ ასევე ცხრა ქვეყანაში (ბულგარეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და შვედეთი).

შესაბამისად, გახშირდა საუბარი 2024 წლის არჩევნებზე ევროპარლამენტის რადიკალურად „მარჯვნივ შეტრიალებაზე“     , რაც თავის მხრივ, ბევრ რაიმეს შეცვლის ევროპულ პოლიტიკაში.

ამ ეტაპისთვის, ევროპარლამენტში ორი ულტრამემარჯვენე  პოლიტიკური ჯგუფია – ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) და იდენტობა და დემოკრატია (ID).

იდენტობა და დემოკრატია (ID) შედარებით ახალი, 2019 წელს შექმნილი ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური, პოპულისტური და ევროსკეპტიკური ჯგუფია, რომელიც მოიცავს ისეთ ცნობილ ულტრამემარჯვენე პარტიებს, როგორიცაა მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანება, მატეო სალვინის ლიგა, ხეერტ ვილდერსის პარტია თავისუფლებისთვის, ჰერბერტ კიკლის ავსტრიის თავისუფლების პარტია და ალტერნატივა გერმანიისთვის.

ჯგუფის გაცხადებული პრიორიტეტებია „ევროპული ერების სუვერენიტეტის დაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა, უსაფრთხოების გაზრდა“. მკაცრად ეწინააღმდეგება არალეგალურ იმიგრაციას და ასევე ითხოვს ლეგალური იმიგრაციის რეგულირებასაც, ასევე საფრთხედ მიიჩნევს ევროპის პოტენციურ ისლამიზაციას და აქტიურად ებრძვის ევროკავშირის ბიუროკრატიას.

ჯგუფი სკეპტიკურადაა განწყობილი ევროკავშირის გაფართოებისადმი (მკაცრად ეწინააღმდეგება თურქეთის შესაძლო გაწევრიანებას) და უარყოფს ევროკავშირის ევროპული სუპერსახელმწიფოსკენ სვლის იდეას, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის წევრი ქვეყნების კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას მოიცავს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე ისევე როგორც თავდაცვის და ფისკალურ პოლიტიკაზე

აღნიშნულ ჯგუფს, ამ ეტაპზე 59 მანდატი აქვს, თუმცა, მას დიდ ზრდას უწყინასწარმეტყველებენ და სხვადასხვა კვლევის თანახმად, შეიძლება 98 მანდატამდეც ავიდნენ.

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) 2009 წლიდან არსებობს და ის შედარებით რბილი ევროსკეპტიკოსების ჯგუფია. ჯგუფი მკაცრად უპირისპირდება ევროკავშირის ამჟამინდელი ინტეგრაციის პოლიტიკას, შემდგომ გაფართოებას და  ფედერალისტური ევროკავშირის იდეას, ასევე ევროკავშირის ჩარევას სახელმწიფო და საშინაო საკითხებზე. ის ასევე მხარს უჭერს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.

ECR ფაქტიურად ერთგვარ გაერთიანებულ მემარჯვენე პლატფორმას, რომლის შემადგენლობაში იპოვით სოციალურად კონსერვატორულ, მემარჯვენე პოპულისტურ, ლიბერალურ კოსნერვატორულ, ქრისტიანულ დემოკრატიულ, ულტრამემარჯვენე და ეროვნულ კონსერვატორულ პარტიებს. რამდენიმე ცნობილი პარტია რომელსაც ECR-ის შემადგენლობაში იპოვით არის პოლონური კანონი და სამართლიანობა, იტალიის ძმები, შვედი დემოკრატები.

რა შანსები აქვთ ულტრამემარჯვენეებს 2024 წლის არჩევნებზე?

წინასწარი პროგნოზების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში პირველ და მეორე ადგილებს ისევ ევროპის სახალხო პარტია (EPP) და სოციალისტები და დემოკრატები (S&D) დაიკავებენ. თუმცა, თუ ამჟამად ID და ECR ევროპარლამენტში სიდიდით მეხუთე და მეექვსე ჯგუფებია, ECFR ბოლო პროგნოზის თანახმად, ანალიტიკოსები, ID-ს 98 ადგილს, ხოლო ECR-ს 85 მანდატს უწინასწარმეტყველებენ. შესაბამისად, ეს ჯგუფები შესაძლოა სიდიდით მესამე და მეოთხე ჯგუფები გახდნენ. ამ შემთხვევაში, მათ ჯამურად ევროპარლამენტარების 25 % მეტი ეყოლებათ, უფრო მეტი ვიდრე EPP-ს ან S&D-ს. ეს კი სერიოზული ცვლილების გამომწვევი შეიძლება გახდეს ევროპულ პოლიტიკაში.

ამავდროულად არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი ევროპარლამენტარები და პარტიები, რომლებიც ჯერ-ჯერობით არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. ერთი ასეთი მაგალითია, ვიქტორ ორბანის პარტია ფიდეში, თავისი 14 ევროპარლამენტარით. 2021 წელს ფიდეშის და EPP-ს გზები გაიყო და არსებობს მოსაზრება, რომ ორბანი შესაძლოა ულტრამემარჯვენე ჯგუფებიდან ერთ-ერთს შეურთდეს.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ულტრამემარჯვენეებს ახალ ევროპარლამენტში?

ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ზრდის  ტრენდი აშკარად აღმავალია. შვედურმა ანალიტიკურმა ცენტრმა Timbro-მ გამოთვალა, რომ თუ 1950-იანი წლებისთვის ულტრამემარჯვენეების და პოპულისტების მხარდაჭერა ევროკავშირში დაახლოებით 10 პროცენტი იყო, 2023 წლისთვის ის მეოთხედზე მეტია, დაახლოებით 27 პროცენტი.

ამის ფონზე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ ევროპულ პოლიტიკაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ECR-მა და ID-მ შესაძლოა 180 მანდატზე მეტი მოაგროვონ, მათი გაერთიანება სუპერკოალიციის სახით რთული წარმოსადგენია. ECR-ს და ID-ს აქვს მსგავსი ხედვა ზოგიერთ საკითხზე, მაგალითად შეგვიძლია საიმიგრაციო პოლიტიკა და მწვანე კანონმდებლობის გადადება მოვიყვანოთ. თუმცა, ამ ორ ჯგუფს შორის შეუთანხმებლობა და დაპირისპირება გაცილებით უფრო დიდია.

ECR-ის შემადგენელი პარტიები უმეტესწილად არიან პოპულისტური, ნაციონალისტური ან/და კონსერვატორული პარტიები, რომლებიც ან ამჟამად არიან, ან უახლოს წარსულში იყვნენ მთავრობაში. მათი ნაწილი არის ევროკავშირის მიმართ კრიტიკული, თუმცა, მაინც არიან რბილი ევროსკეპტიკოსები.

ID-ს შემადგენლობაში კი უმეტესწილად გამოკვეთილად ულტრა-მემარჯვენე პარტიები არიან, გამოკვეთილი ნაციონალისტური და  ანტი-EU პოლიტიკით. თუ ECR ევროკავშირის არსებობას კომპრომისად მიიჩნევს, ID-ს შემადგენელი პარტიების ნაწილი ღიად უპირისპირდება ევროკავშირის იდეას, მაგალითად AfD ხშირად საუბრობს “Dexit”-ის (გერმანიის გასვლა ევროკავშირიდან) რეფერენდუმზე.

ამ ორი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი განსხვავების არეალი რუსეთთან ურთიერთობაა. ECR მკაცრად ანტი-რუსული პოლიტიკის მომხრეა (ყველაზე გამორჩეული ამ მხრივ მათი წევრებიდან პოლონური კანონის და სამართლიანობის პარტიაა) მაშინ როცა ID-ს შემადგენელი პარტიები უფრო პრო-რუსულ პოზიციებს იჭერენ (განსაკუთრებით სახსენებელია ლეპენის პარტია).

განსხვავებულობას იწვევს ორბანთან და ფიდეშთან უერთიერთობაც. ID-მ გაცხადებულად მიიწვია ორბანის პარტია თავის ჯგუფში, თუმცა, ორბანს ECR-თან სურს გაერთიანება. ამავდროულად, აზრთა სხვადასხვაობაა ECR-ის წევრ პარტიებს შორისაც.  ECR-ის შემადგენლობაში არიან პარტიები, რომელთაც სურთ ფიდეშის ხილვა თავიანთ რიგებში (მაგალითად პოლონურ კანონს და სამართლიანობას, იტალიის ძმებს), მაგრამ ასევე არიან პატარა პარტიები, რომელებიც იმუქრებიან ორბანის მიღების შემთხვევაში გაერთიანების დატოვებით (მაგალითად შვედი დემოკრატები, ჩეხეთის სამოქალაქო დემოკრატიის პარტია).

ამრიგად, ამ ეტაპზე ECR-სა და ID-ს შორის კოალიცია რთულად წარმოსადგენია.

თუ კოალიცია არ ექნებათ, მაშინ …?

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენეები უდიდესი ალბათობით ვერ შექმნან ერთიანი სუპერკოალიციას ამ არჩევნების შედეგად, მათი პოპულარობის ზრდა მაინც ყურადსაღები მოვლენაა.

მთავარი პრობლემა, ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ზრდასთან ერთად არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავად ECR და ID ჯგუფები ვერ შეძლებენ საკუთარი დღის წესრიგის პირდაპირ გატანას (ამისთვის საკმარისი ხმები არ ექნებათ), მათი მხარდაჭერის ზრდასთან ერთად, ევროპული მეინსტრიმ პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მარჯვნივ იწევს. მაგალითად,  ულტრამემარჯვენე დისკურსმა უკვე გაიმარჯვა ევროკავშირში იმიგრაციასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, იგივე ელის კლიმატის პოლიტიკასაც. მეინსტრიმ EPP-ში უკვე ჩანს გარკვეული წინააღმდეგობები მწვანე შეთანხმებასთან მიმართებაში და ეს აზრთა სხვადასხვაობები კიდევ უფრო გაიზრდება.

იგივე შეიძლება მოხდეს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებზეც. წარსულში ულტრამემარჯვენეების გაერთიანებები უფრო პრაგმატიზმზე და ერთი საკითხის ირგვლივ ერთიანობაზე გადიოდა, რის გამოც გრძელვადიანი თანამშრომლობები ლიმიტირებული იყო. ახლა კი გაზრდილი ერთიანი ფრონტის ფონზე, მათ შესაძლოა უფრო სტრატეგიული მიდგომა აირჩიონ და თავისი decision-making ძალა გაზარდონ.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ პოპულისტური, ანტი-ევროპული ძალები ვერ შეძლებენ ევროპული პოლიტიკის პირდაპირ მართვას, მათ უჩნდებათ საკმაოდ დიდი შანსი იმისა, რომ დაბლოკონ მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ცვლილებები. მეინსტრიმ პარტიებს და ჯგუფებს კი მოუწევთ მთელი რიგი დათმობები კლიმატის, მიგრაციის, ეკონომიკის და სოციალურ საკითხებზე, რათა მთელი ევროპული მანქანა უბრალოდ არ გაჩერდეს. ამგვარმა აქტივობებმა კი შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ულტრამემარჯვენეების შემდგომი მხარდაჭერა. ამრიგად, ევროკავშირის 2024 წლის არჩევნები ულტრამემარჯვენეებისთვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი შეიძლება იყოს შემდეგი არჩევნებისთვის. ამავდროულად მათი პოპულარობის ზრდა კიდევ უფრო ასუსტებს მეინსტრიმ პარტიებს და ლიდერებს, ცვლის პოლიტიკური კომუნიკაციის სტილს და დღის წესრიგს როგორ ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე.

გავლენა საქართველოზე
და ბოლოს, რა გავლენა ექნება ულტარმემარჯვენეების მზარდ პოპულარობას და მოსალოდნელ აღმასვლას 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში საქართველოზე?

ცალსახაა, რომ ულტარმემარჯვენეების მანდატების ზრდა და მათი პოლიტიკური აჯენდის უფრო გამეინსტრიმება თავის როლს ითამაშებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზეც. პირველ რიგში, ამით მივიღებთ უფრო ნაკლებად მყარ ევროკავშირს, რომელსაც გაუჭირდება მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება. ერთი ასპექტი, რაც ცალსახად გამოიკვეთება და რასაც თავისი ირიბი გავლენა საქართველოზეც ექნება, უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდება.როგორც უკვე აღინიშნა, ID-ს შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი პრო-რუსულად განწყობილი პარტიაა. ეს ერთი მხრივ საკმარისი არ იქნება, რომ ბრიუსელმა მთლიანად უარი თქვას უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა, უკრაინის ხანგრძლივი დახმარების ფონზე, ულტრამემარჯვენე პარტიების ნაწილი შეეცდება საკუთარი ქვეყნების შიგნით მეტად ნაციონალისტური პოლიტიკა აწარმოოს, რაც მთავრობებს გაურთულებს უფრო მეტი თანხით უკრაინის დახმარებას. მოსალოდნელია, რომ ამის შედეგად უკრაინის მხარდაჭერა შედარებით უფრო მოკრძალებული იქნება. საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად (ჯერ-ჯერობით) აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოდ განიხილება და ცხადია, ევროპარლამენტის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში, თავის როლს ითამაშებს დანარჩენ ორ ქვეყანაზეც.

ამავდროულად, არსებითად ახალი (პოტენციური) ინიციატივები, როგორიცაა  ევროპული თავდაცვა, რომელიც EPP დღის წესრიგში დგას, სავარაუდოდ წააწყდება მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ულტრამემარჯვენეების მხრიდან და მათი პრაქტიკაში განხორციელება ფაქტიურად შეუძლებელი გახდება.

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ევროკავშირის სამომავლო გაფართოებაა. ამ მხრივ, 2024 წლის არჩევნების შედეგად, ევროპარლამენტში ვიხილავთ უფრო მეტ (რბილ) ევროსკეპტიკოსს მეინსტრიუმულ პოლიტიკურ ჯგუფებშიც, ხოლო, ულტრამემარჯვენეებში ვნახავთ კიდევ უფრო მეტ მკაცრ ევროსპეკტიკოსს, რომელთაც არათუ ევროკავშირის სამომავლო გაფართოება, ზოგადად ევროკავშირის როლის მინიმუმამდე დაყვანა სურთ.

ამავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, ულტრამემარჯვენეების პოპულარობის ზრდა ფაქტიურად აიძულებს მეინსტრიმ პარტიებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის უფრო მარჯვნივ წაწევას, იგივე შეიძლება ვიხილოთ ქართულ პოლიტიკაშიც. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობაში უკვე აჩვენებს თავის ევროსკეპტიკურ განწყობებს, ევროპაში ულტრამემარჯვენე დისკურსის ზრდა კი, კიდევ უფრო გაუმარტივებს ანტიევროპულად განწყობილ მთავრობებს თავისი ევროსკეპტიციზმის გამართლებას.  ამავდროულად, მთავრობამ თავისი ულტრამემარჯვენე პოლიტიკაც შესაძლოა გაამართლოს ევროპულობის იარლიყით.

თუმცაღა, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ევროპის პოლიტიკაზე გავლენა არამხოლოდ ევროპარლამენტის არჩევნებზეა დამოკიდებული, დიდი მნიშვნელობა ექნება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსაც. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლება ვიხილოთ ამერიკის კიდევ უფრო ნაკლები ჩართულობა გლობალურ (და შესაბამისად, ევროპულ) პოლიტიკაშიც, რაც ულტრამემარჯვენეებით დაკომპლექტებული ევროკავშირის საქმეებს კიდევ უფრო გაართულებს.