ავტორი: ვაჟა სოფრომაძე, UGSPN-ის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
შესავალი
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის პირობებში მთელი რიგი საკვანძო მიმართულებებით მნიშვნელოვნად გადაიხედა და დაკორექტირდა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და სტრატეგიები. მათ შორის, ხარისხობრივად მეტად კომპლექსური და ხისტი გახდა აშშ-ს სტრატეგია ვენესუელასთან მიმართებაში. კარაკასთან განახლებული სტრატეგიის ინიციატორად მიჩნეულია სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკო რუბიო. ის განსაკუთრებით ხისტი პოზიციით გამოირჩევა, რომელიც მათ შორის რეჟიმის ძალის გამოყენებით ცვლილებასაც ითვალისწინებს. როგორც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის, ასევე ბაიდენის პრეზიდენტობისას, თეთრი სახლის პოლიტიკა ვენესუელასთან მიმართებაში ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. მასშტაბური სანქციებისა და მნიშვნელოვანი დიპლომატიური წნეხის მიუხედავად, მადურომ კიდევ უფრო გაიმყარა ძალაუფლება. წინა ადმინისტრაციების წარუმატებელი გამოცდილების გათვალისწინებით, მარკო რუბიოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით, თეთრი სახლი მადუროს რეჟიმზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ეს სტრატეგია და რა გავლენა ექნება ვაშინგტონსა და კარაკასს შორის ურთიერთობების შესაძლო ესკალაციას რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოების გარემოზე.
ისტორიული კონტექსტის მიმოხილვა
2013 წელს უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მისმა პოლიტიკურმა მემკვიდრემ – ნიკოლას მადურომ. მადუროს პრეზიდენტობის პირობებში ვენესუელა ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა. 2018 წელს, წამყვანი ოპოზიციური გაერთიანებების ფაქტობრივი აკრძალვის ფონზე და არჩევნების შედეგების გაყალბების ბრალდებების მიუხედავად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მადუროს არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მას ფიცი პარლამენტის წინაშე უნდა დაედო, რომელსაც იმ დროს ოპოზიცია აკონტროლებდა. ამის ნაცვლად მადურომ ფიცი უზენაესი სასამართლოს წინაშე დადო, რითაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პოლიტიკური კრიზისი. მადუროს დემარშის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ჰუან გუაიდომ განაცხადა, რომ ის იღებდა საკუთარ თავზე „დროებითი პრეზიდენტის“ უფლებამოსილებას, სანამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდებოდა. ვაშინგტონმა მალევე აღიარა გუადო ლეგიტიმურ პრეზიდენტად და პარალელურად გაააქტიურა სანქციების პოლიტიკა კარაკასის წინააღმდეგ. თეთრი სახლის სტრატეგიის მიხედვით, პარლამენტი იყო ერთადერთი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ორგანო და დიპლომატიური არაღიარების და ფინანსური სანქციების ფონზე არსებობდა მოლოდინი, რომ მადურო მნიშვნელოვან დათმობებზე წამოვიდოდა. საპასუხოდ, მადურომ გაწყვიტა დიპლომატური ურთიერთობები აშშ-სთან და კიდევ უფრო მასშტაბური რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენებით შეინარჩუნა ძალაუფლება.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ყოფილი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი დაუპირისპირდა. წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით ოპოზიციის საერთო კანდიდატი მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა. ამის ფონზე, ოპოზიცია და დამოუკიდებელი დამკვირვებლები ყურადღებას არჩევნების შედეგების შესაძლო მასშტაბურ გაყალბებაზე ამახვილებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მადუროს რეჟიმმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავტორიტარული ინსტრუმენტების ფართო არსენალი გამოიყენა, რომელიც მოიცავდა: პოპულარული კანდიდატების არჩევნებზე არდაშვებას, პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას, ამომრჩევლების მასშტაბურ დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და უშუალოდ არჩევნების შედეგების გაყალბებას. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მადურომ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში ქვეყანა სისხლიანი დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდებოდა. არჩევნების მეორე დღეს ვენესუელის საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი გამოაცხადა. შედეგების გამოცხადებას რამდენიმეთვიანი მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ქვეყანა დატოვა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და რეგიონის სახელმწიფოების უმეტესობამ. ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკინმა განაცხადა, რომ გამოცხადებული არჩევნების შედეგები არ ასახავდა ხალხის ნებას და ვაშინგტონის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე შეერთებული შტატები არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციის საერთო კანდიდატს აღიარებდა. ოფიციალურმა კარაკასმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვაშინგტონი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, მადუროს რეჟიმმა შეძლო სიტუაციის გაკონტროლება და 2025 წლის 10 იანვარს ჩატარდა ოფიციალური ინაუგურაცია. იმავე დღეს მადუროს და მის გარემოცვას შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა დამატებით ფინანსური სანქციები დაუწესა, თუმცა ისინი ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა.
სამართლებრივი ესკალაციის ფაზა
ვენესუელასთან მიმართებაში ახალი მიდგომის განხორციელება თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ 2025 წლის დასაწყისში დაიწყო. 2025 წლის იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო ნარკოკარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადების პროცედურა, რის გამოც აშშ-მ მიიღო მათ წინააღმდეგ სამხედრო ზომების გამოყენების შესაძლებლობა. ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა მათ შორის შიდა აუდიტორიაზე გავლენის კომპონენტი, რადგან ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანას აშშ-ს ტერიტორიაზე სწორედ ნარკოკარტელების საქმიანობას უკავშირდება. ე.წ. „ფენტანილის ეპიდემია“ და ზოგადად ნარკოტრაფიკის დამარცხება იყო ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება. რეგიონალურ კონტექსტში კი თეთრი სახლი აყალიბებს ნარატივს, რომ მისი ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევას არა მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოები წარმოადგენენ არამედ ტრანსნაციონალური კრიმინალური სტრუქტურებიც. ვენესუელაში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კარტელი Tren de Aragua იყო პირველი მსგავსი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ვაშინგტონმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. თეთრმა სახლმა კარტელი დაადანაშაულა ნარკოტრაფიკში, ადამიანებით ვაჭრობაში და სხვა ტიპის ძალადობრივ დანაშაულებში ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნების და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მალევე პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ამოქმედდა ე.წ. მეორადი სანქციების რეჟიმი. ნებისმიერ ქვეყანას რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობს მინიმუმ 25-პროცენტიანი დამატებითი ტარიფი დაეკისრება. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი გასცდა მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ არსებული კლასიკური პირდაპირი სანქციების პრაქტიკას. მეორადი სანქციების დაწესების საფრთხე მნიშვნელოვნად ართულებს კარაკასისა და მისი სავაჭრო პარტნიორების ურთიერთობებს. მალევე, კიდევ ერთი მსხვილი კარტელი Cartel de los Soles აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა მიანიჭა ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი. ოფიციალურ დასაბუთებაში ნათქვამია, რომ ეს ორგანიზაცია დაკავშირებულია მადუროს რეჟიმის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნებთან და კრიმინალური საქმიანობით მიღებული შემოსავლით ხდება მათ შორის რეჟიმის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. ამ გადაწყვეტილებით ვაშინგტონმა ვენესუელას სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი პერსონალურ დონეზე ფაქტობრივად ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებად შეაფასა.
სამხედრო ესკალაციის ფაზა
შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი არის სამხედრო ესკალაციის ფაზა. 2025 წლის აგვისტოდან შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო-საზღვაო კონტინგენტს კარიბის ზღვის აკვატორიაში. ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა რეგიონში გაგზავნა სხვადასხვა ტიპის სამხედრო ხომალდები, წყალქვეშა ნავები და დამატებით საზღვაო ქვეითების შემადგენლობა. ფორმალურად, ტრამპის ადმინისტრაცია ყველა ამ ზომას ამართლებს ნარკოტრაფიკთან ბრძოლით, მაგრამ ასეთი მასშტაბის სამხედრო შესაძლებლობების და პირადი შემადგენლობის კონცენტრაცია რეგიონში პოტენციურად სამხედრო ოპერაციების მოსამზადებელ ეტაპად შეიძლება შეფასდეს.
სექტემბერში ჰქონდა ადგილი პირველ რეზონანსულ ეპიზოდს, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ს საზღვაო ძალებმა გაანადგურეს ნავი, რომელიც თეთრი სახლის მტკიცებით ნარკოტიკების გადაზიდვაში იყო ჩართული. რამდენიმე კვირაში იგივე ტიპის ინცინდენტს ჰქონდა ადგილი რასაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა. ამ ინცინდენტებს საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, როგროც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო დონეზე ადმიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. არსებობს კითხვები, თუ რამდენად თანხვედრაშია ზოგად სამართლებრივ სტანდარტებთან მსგავსი ქმედებები და რამდენად ზუსტი კრიტერიუმებით ახდენს ვაშინგტონი სამიზნეების იდენტიფიცირებას. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ, კარტელების წინაღმდეგ „ომის გამოცხადება“ შეიძლება იყოს საკმაოდ სახიფათო პრეცედენტი, რომელსაც სხვა სახელმწიფოებიც გამოიყენებენ და შესაძლებელია მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო აგრესია გაამართლონ ანტიტერორისტული ან ნარკო-სტრუქტურების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აქციებით.
ესკალაციის ამ ეტაპზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონგრესში დახურული ბრიფინგი გამართეს, სადაც პროფილური კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე ოპერაციის მიზნებზე და მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ დასაბუთებაზე. თეთრი სახლის პოზიციის მიხედვით, შეერთებული შტატები არის არა-საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტში კარიბის ზღვის აკვატორიაში მოქმედი ნარკოკარტელების წინააღმდეგ და ამ სტრუქტურების წევრებს როგორც უკანონო კომბანტანტებს მიიჩნევს. ფორმალურად აშშ დღემდე აცხადებს, რომ მისი ეს ქმედებები ვენესუელას სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული და მხოლოდ კარტელების ნეიტრალიზაციას ისახავს მიზნად.
ვაშინგტონის სტრატეგიის ძირითადი კომპონენტების ანალიზი
თეთრი სახლის სტრატეგიის მიხედვით, კარტელების განადგურებით ან როგორც მინიმუმ დასუსტებით – სუსტდება მადუროს რეჟიმის ფინანსური სტაბილურობა. მეორადი სანქციების დაწესებამ კარაკასისგან ნავთობის მყიდველებზე და კარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებამ პრინციპულად უნდა შეასუსტოს რეჟიმის ფინანსური შესაძლებლობები.
ამასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და თვითონ პრეზიდენტი ტრამპი ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ვენესუელას დესტრუქციულ როლზე რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში. თეთრი სახლი კარაკასს ადანაშაულებს უკანონო მიგრაციული პროცესების მართვასა და ორგანიზებული დანაშაულის წახალისებაში რეგიონში. აგრეთვე, თეთრი სახლისთვის მიუღებელია კარაკასის თანამშრომლობა აშშ-ს სტრატეგიულ მეტოქეებთან როგორიცაა ირანი, ჩინეთი და რუსეთი. კარიბის ზღვის აკვატორიაში სამხედრო ძალების გაძლიერებით, აშშ სიგნალს უგზავნის პირველ რიგში ჩინეთს და რუსეთს, რომ არ დაუშვებს ანტიამერიკული პლაცდარმის გაძლიერებას დასავლეთ ნახევარსფეროში.
ვენესუელას შემთხვევას ტრამპისთვის აქვს შიდაპოლიტიკური განზომილებაც. ტრამპი ცდილობს კაპიტალიზდეს ანტიმიგრაციულ, ნარკოტიკებთან და კრიმინალთან ბრძოლის დღის წესრიგზე. საიმიგრაციო პოლიციის (ICE-ის) რეზონანსულ ქმედებებს ქვეყნის მასშტაბით ემატება კარტელებთან ბრძოლოს კომპონენტი. ტრამპის ადმინისტრაცია ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს და ფიზიკურად ანადგურებს მათ, ვინც წამლავს ამერიკელ ხალხს სანამ ისინი ქვეყანაში უკანონოდ შემოაღწევენ. ამის გათვალისწინებით, ვენესუელას ქეისი აგრეთვე არის შიდა ელექტორალური მობილიზაციის წყარო, განსაკუთრებით იმ შტატებში სადაც უფრო მკვეთრად დგას მიგრაციის და ზოგადი კრიმინალის პრობლემები.
წინა ადმინისტრაციების პირობებში, თეთრი სახლის სტრატეგია ეფუძნებოდა დემოკრატიული ტრანზიციის ხელშეწყობას და ზოგადად რეჟიმის ბუნების ცვლილებას. სექტორული სანქციების პოლიტიკამ გარე საფრთხის პირობებში ნეგატიური როლი ითამაშა და ხელი შეუწყო სამხედრო და ეკონომიკური ელიტების კონსოლიდაციას მადუროს ირგვლივ. ამის გათვალისწინებით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ არჩეული ბევრად კომპლექსური სტრატეგია სავარაუდოდ არსებულ სტატუს-კვოს ესკალაციისკენ გადაწონის.
მადუროს რეჟიმის რეაქცია
მადუროს რეჟიმმა რაციონალურად შეაფასა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან შეცვლილი სტრატეგიის რისკები და მალევე დათმობებზე წასვლა გადაწყვიტა. მარტიდან კვლავ განახლდა აშშ-დან დეპორტირებული ვენესუელას მოქალაქეების მიღება, რაზედაც აქამდე მადუროს ადმინისტრაცია უარს აცხადებდა. მალევე ამუშავდა ე.წ. გაცვლის მექანიზმი რომლის ფარგლებშიც კარაკასმა გაანთავისუფლა 10 აშშ-ს მოქალაქე და პოლიტპატიმრების ნაწილი (მათი თავისუფლების აღკვეთა ალტერნატიული სასჯელით ჩანაცვლდა).
ამასთან ერთად, 2025 წლის ოქტომბერში ავტორიტეტულ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადურომ ვაშინგტონს ძალაუფლების დათმობის გეგმა შესთავაზა. გეგმის მიხედვით, მადურო მზად იყო პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა სამ წელიწადში და ვადის დარჩენილ სამ წელს ვიცე-პრეზიდენტი როდრიგესი დაასრულებდა იმ დათქმით, რომ ის ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, თეთრმა სახლმა მადუროს ეს გეგმა არ მიიღო. თავად მადურომ ამ ინფორმაციას საჯაროდ ფეიკი უწოდა. გარდა ამისა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარაკასმა ე.წ. პაკეტური შეთანხმება შესთავაზა ვაშინგტონს, რომელიც გულისხმობდა ამერიკული კომპანიების ნავთობისა და იშვიათი მინერალების მოპოვებაში ჩართვას, რის სანაცვლოდაც კარაკასი სანქციების პოლიტიკის შემცირებას და სამხედრო დეესკალაციას ითხოვდა. მართალია არცერთ მხარეს მოლაპარაკებები ოფოციალურად არ დაუდასტურებია , მაგრამ ზუსტად იმავე პერიოდში პრეზიდენტი ტრამპი საჯარო გამოსვლებში აცხადებდა, რომ მადურო ყველაფერის დათმობისთვის მზად იყო.
იმავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადურომ დახმარებისთვის მიმართა ჩინეთს, რუსეთს და ირანს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფოციალურმა კარაკასმა რუსეთს ანტისაჰაერო სისტემების, რადიოლოკაციური სადგურებისა და სხვა ტიპის სამხედრო შეიარაღების გადაცემის მოთხოვნით მიმართა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარაკასში ჩაფრინდა ყოფილი „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების რამდენიმე შენაერთი, მაგრამ ეს ინფორმაცია სანდო წყაროებით არ დასტურდება. იმავე პერიოდში, ოფიციალურმა მოსკოვმა კარაკასის სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა და გააკრიტიკა აშშ-ს ქმედებები კარიბის ზღვის აკვატორიაში. იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა ჩინეთმაც. ამ ეტაპისთვის არ დასტურდება ირანის და ვენესუელას შორის სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გააქტიურება. მადუროს რეჟიმი ობიექტურად მოწყვლადია აშშ-ს პოტენციური სამხედრო აგრესიის წინაშე და არ არის გამორიცხული, რომ რეალურად მიმართა მოკავშირეებს რაიმე ფორმის სამხედრო დახმარებისთვის. ამ ეტაპისთვის, მხოლოდ დასტურდება რუსეთის და ჩინეთის მხარდაჭერა მადუროს რეჟიმის მიმართ სუვერენიტეტის მხარდაჭერის რიტორიკის დონეზე.
შეჯამება
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2025 წლის განმავლობაში ხარისხობრივად შეიცვალა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ვენესუელასთან მიმართებაში. ტრამპის ადმინისტრაცია ფსონს დებს კრიზისის ესკალაციაზე და მათ შორის სამხედრო ძალის პროეცირებით და გეო-ეკონომიკური იძულების ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს მაქსიმალურად დისფუნქციური გახადოს მადუროს რეჟიმი. ნარკოკარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება და ფაქტობრივი სამხედრო ოპერაციის წარმოება საერთაშორისო წყლებში ვენესუელას უშუალო სიახლოვეს, ბევრად ზრდის მადუროს რეჟიმის სამხედრო ინსტრუმენტებით ცვლილების ალბათობას. ვაშინგტონმა კარიბის ზღვის აკვატორიაში სამხედრო ძალის გამოყენებით მნიშვნელოვნად ჩამოშალა მადუროს რეჟიმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფანანსურ-ლოგისტიკური მომარაგების ჯაჭვი. ამ მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, მადუროს რეჟიმი არ ჩამოიშალა, ერთის მხრივ მადურო ტრამპს მოლაპარაკებებისთვის მზაობის სიგნალებს უგზავნის, პარალელურად ჩინეთსა და რუსეთს დახმარებას სთხოვს. ამ ეტაპზე, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია ნაკლებად სავარაუდოა, ესკალაციის შემდეგ ეტაპზე მეტად მოსალოდნელია ან რაიმე სახის ეკონომიკური ბლოკადის დაწესება, ან ვენესუელას ტერიტორიაზე (ისევ ნარკოკარტელებთან ბრძოლის ეგიდით) კონკრეტული ობიექტების განადგურება. მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონის მხრიდან ესკალაციის ტრენდი კვლავ შენარჩუნდება, რაც საბოლოოდ რაიმე ტიპის „პაკეტურ შეთანხმებასთან“ მიგვიყვანს, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იქნება როგორც ხელისუფლების ტრანზიცია, აგრეთვე ნავთობზე და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ამერიკული კომპანიების გამარტივებული წვდომა.
