ვასილ ღლონტი – საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი
შესავალი
2024 წლის 28 ივნისსა (პირველი ტური) და 5 ივლისს (მეორე ტური) ირანის ისლამურ რესპუბლიკაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. კონსტიტუციის თანახმად, ირანის პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილებით უმაღლესი ლიდერის (ამ შემთხვევაში აიათოლა ალი ჰამენეი) შემდეგ სახელმწიფოს მეორე პირად ითვლება, რომელსაც პირდაპირი საერთო-სახალხო არჩევნების შედეგად ოთხი წლის ვადით ირჩევენ.
საყურადღებოა, რომ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს უნიკალური,12 იურისტისაგან შემდგარი ორგანო – „კონსტიტუციის მცველთა საბჭო“ (შურაიე ნეგაჰბანე ყანუნე ასასი), რომელიც რელიგიური სამართალმცოდნე ღვთისმეტყველებით, ანუ „ფაკიჰებითა“ (ექვსი) და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელის მიერ რეკომენდებული, ხოლო შემდგომში მეჯლისის (პარლამენტი) მიერ წარდგენილი კანდიდატებისაგან (ექვსი) შედგება.
ჩვენი ბლოგის მიზანია განვიხილოთ და გავაანალიზოთ რა ვითარებაში ჩატარდა არჩევნები და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ირანის საზოგადოებას ამ არჩევნების მიმართ; როგორია ამ ეტაპზე ირანის მოქალაქეების განწყობა ხელისუფლების მიმართ; რამდენად ძლიერია ირანში ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების პოზიციები; რას უნდა ელოდოს მსოფლიო და კონკრეტულად სამხრეთ კავკასია მასუდ პეზეშქიანის ხელისუფლებისგან მომავალში.
არჩევნების წინაპირობები და მიმდინარეობის პროცესი
ჩვენი დაკვირვებით, ირანის პრეზიდენტის 2024 წლის რიგგარეშე არჩევნები საკმაოდ ექსტრემალურ ვითარებაში ჩატარდა. ამა წლის 19 მაისს ყოფილი პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფის შედეგად, საეჭვო ვითარებაში, დაღუპვის გამო პრეზიდენტობის კანდიდატებმა ეფექტური წინასაარჩევნო პროცესის წარმართვა ფაქტიურად ვერ შეძლეს, რადგან ამისათვის ძალიან მცირე დრო იყო გამოყოფილი (12 ივნისიდან 27 ივნისის დილამდე). რეგისტრაციის ვადაც კი მინიმალისტური, დროის ძალზედ მცირე მონაკვეთით განისაზღვრა (30 მაისი – 3 ივნისი). საერთო ჯამში, არჩევნების წინ ქვეყანა ჯერ კიდევ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალებას გლოვობდა და მისი დაღუპვის ბევრი დეტალი კი არაერთ კითხვას ბადებდა.
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ „კონსტიტუციის მცველთა საბჭომ“ მაქსიმალურად გაფილტრა/ შეამცირა პრეზიდენტობის კანდიდატთა რიცხვი და მხოლოდ ექვს მათგანს მისცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. განსაკუთრებული შეზღუდვები დაუწესდა რეფორმატორ პოლიტიკოსებს, რომელთაგან არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მხოლოდ მეჯლისის ყოფილმა დეპუტატმა და ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მასუდ ფეზეშქიანმა მოიპოვა. საფიქრებელია, რომ კონსერვატორებს მასუდ ფეზეშქიანისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემა არ სურდათ, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის საჭირო იყო ოპოზიციური ბანაკის ერთერთი წარმომადგენლის დაშვება. სხვაგვარად ოპოზიციურად განწყობილი ირანის მოქალაქეებს მოტივაცია აღარ ექნებოდათ და არჩვენებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, რაც ქვეყნაში შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ნეგატიურად აისახებოდა. მაღალი ალბათობით, ირანელი კონსერვატორების კომპრომისზე დიდი ზეგავლენა იქონია 2024 წლის 1 მარტს (პირველი ტური) და 10 მაისს (მეორე ტური) ჩატარებულმა საპარლამენტო და „კონსტიტუციის ექსპერტთა საბჭოს“ არჩევნებმა, რომელსაც კონსერვატორების მიერ მონაწილეობის უფლება ჩამორთმეულმა რეფორმატორებმა სრული ბოიკოტი გამოუცხადეს და თავის მომხრეებსაც ამისკენ მოუწოდეს. შედეგად, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა რეკორდულად დაბალმა რაოდენობამ მიიღო.
საინტერესოა, რომ პრეზიდენტობის 5 სხვა კანდიდატი კონსერვატორების ბანაკს წარმოადგენდა, რომელთაგანაც განსაკუთრებული ყურადღება თავიდანვე მიიქცია ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამანეის წარმომადგენელმა ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოში, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ყოფილმა წევრმა საიდ ჯალილიმ. იმ ვითარებაში, როცა ქვეყანას აიათოლების ინსტიტუტი და „გუშაგთა კორპუსი“ მართავს მათი მხარდაჭერა პოლიტიკაში წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საგარეო პოლიტიკაში ჯალილი დასავლეთთან თანამშრომლობის წინააღმდეგ გამოდიოდა, ხოლო შიდა პოლიტიკაში კი მკაცრი კონსერვატიული ხაზის გამტარებელი იყო.
ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვდა აგრეთვე მეორე ძლიერი და გავლენიანი კონსერვატორი კანდიდატი, „გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი უფროსი, ირანის პოლიციის ყოფილი უფროსი, თეირანის ყოფილი მერი და მეჯლისის ახლანდელი თავმჯდომარე მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი. საყურადღებო დეტალი: საიდ ჯალილი და მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი ერთმანეთთან დიდი ხანია დაპირისპირებულები არიან. ამას ისიც ადასტურებს, რომ 2022 წელს საიდ ჯალილისთან დაკავშირებულმა ჟურნალისტებმა მედიაში ყალიბაფის მაკომპრომეტირებელი ფოტოები და ინფორმაცია გაავრცელეს, რასაც სერიოზული სკანდალი მოჰყვა.
არჩევნების შედეგები
ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და 5 ივლისისათვის მეორე ტური დაინიშნა, ხოლო რეფორმატორი მასუდ ფეზეშქიანი 10,4 მლნ (44,40%) ხმით პირველ ადგილზე გავიდა, ირანის მოსახლეობაში კონსერვატიული ძალების რეიტინგის დაქვეითებაზე მიუთითებს. ამ ფონზე, კონსერვატორმა საიდ ჯალილიმ 9,4 მლნ (40,38%) , მოჰამად ბაყერ ყალიბაფიმ 3,3 მლნ (14,34%), ხოლო მოსთაფა ფურმოჰამადიმ 206,3 ათასი (0,88%) ხმა მიიღო.
საყურადღებო დეტალი: ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ უკმაყოფილება გამოხატა, პირველ ტურში ამომრჩეველთა მონაწილეობის რეკორდულად დაბალი ნიშნულის გამო (ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა მხოლოდ 40%). დიდი ალბათობით, არჩევნებისადმი ირანის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ასეთი ინდიფერენტულობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში შექმნილმა სერიოზულმა პრობლემებმა განაპირობა. ტოტალური დაუსაქმებლობა, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ფასების ინფლაცია (2023 წელთან შედარებით 2024-ში 37,5% ზრდა) მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკოსების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს.
ამ რეალობაში, 5 ივლისს ჩატარებულ მეორე ტურში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 49,8%-მდე გაიზარდა, მასუდ ფეზეშქიანმა 30,530,157 საარჩევნო ხმიდან 16,384,403 (53,6%) დააგროვა და ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილიმ მხოლოდ 13,538,179 (44,3%) ხმა მიიღო. მასუდ ფეზეშქიანს გამარჯვება ნაწილობრივ ირანის მოსახლეობის პროგრესული ნაწილის, მათ შორის სტუდენტი ახალგაზრდობის, ინტელიგენციის, ირანელი ქალბატონებისა და ირანელი აზერბაიჯანელების მხარდაჭერამ მოუტანა. მას გამორჩეულად მრავალრიცხოვანი ელექტორატი ჰყავდა დიდი ქალაქების მოსახლეობის საშუალო კლასის წარმომადგენელთა შორის. სავარაუდოდ თავისი როლი ითამაშა აგრეთვე საიდ ჯალილისა და მოჰამად ბაყერ ყალიბაფის შორის არსებულმა ცუდმა ურთიერთდამოკიდებულებამ. იმის მაგივრად, რომ კონსერვატორ ყალიბაფს ასევე კონსერვატორი საიდ ჯალილისათვის დაეჭირა მხარი, მის წინააღმდეგ იმოქმედა, რადგან შესაძლოა მან თანაპარტიელს ძველი წყენა გაუხსენა. ჩვენს მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ ერთერთი პირველი ვინც ფეზეშქიანს პირადად შეხვდა და გამარჯვება დემონსტრაციულად მიულოცა სწორედ მოჰამად ბაყერ ყალიბაფი იყო.
თუმცა, აქ კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ: 2024 წლის 1 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე კონსერვატორებმა კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის უფლება არცერთ რეფორმატორს არ მისცეს. შედეგად, მეჯლისი სრულად „ჰარდლაინერი” კონსერვატორებით დაკომპლექტდა. ამის შედეგად, ქვეყანაში ისლამისტებსა და პროგრესულად განწყობილ ირანელებს შორის არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა, რაც შიდა პოლიტიკური პროცესების გაუარესების წინაპირობებს ქმნიდა. რა თქმა უნდა, აიათოლა ჰამენეის მოვლენების ასეთი კუთხით განვითარება არ აწყობდა, რადგან მომავალში ეს მის ძალაუფლებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. შესაბამისად, ალი ჰამენეიმ დიდი ალბათობით მასუდ ფეზეშქიანის გამარჯვებას შეუწყო ხელი. ამით მან ირანში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი აღადგინა და პარლამენტში სრულ უმრავლესობაში მყოფ კონსერვატორებს საპირწონედ, პრეზიდენტად რეფორმატორი პოლიტიკოსი მოუვლინა. თან ამით ირანის მოსახლეობის პროგრესული ნაწილის გულიც მოიგო.
პარალელურად, დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებისა და გაუმჯობესების მომხრე მასუდ ფეზეშქიანის გაპრეზიდენტებით, აიათოლა ალი ჰამენეიმ აშშ-სა და ევროკავშირს ერთგვარი გზავნილი გაუგზავნა, რომ დიალოგისათვის მზადაა და საამისოდ ახალი პრეზიდენტის სახით შესაფერისი კაციც კი ჰყავს შერჩეული. ჩვენი აზრით, ალი ჰამენეიმ ეშმაკური სვლა გააკეთა: მასუდ ფეზეშქიანის გაპრეზიდენტებით დემოკრატიული იდეების მატარებელ რეფორმატორებთან დროებით კომპრომისზე წავიდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შიდა პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გართულდებოდა. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას მოსახლეობაში ძალიან დაბალი რეიტინგი გააჩნია. ამას ბოლო წლების არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდულად დაბალი მაჩვენებლებიც ადასტურებს. ამ ფონზე რეფორმატორებთან დაპირისპირება მის ინტერესებს არ პასუხობდა.
მაღალი ალბათობით, მისი მხრიდან ეს შექმნილი რეალობიდან გამომდინარე დროებითი, მაგრამ საჭირო კომპრომისი იყო, რადგან, სავარაუდოდ, თუ მას დასჭირდება რეფორმატორებს ისევე ჩააჩოჩებს, როგორც ეს თავის დროზე პრეზიდენტ ხათამის მმართველობის შემდეგ გააკეთა. მან ფაქტობრივად რეფორმატორი პოლიტიკოსის გაპრეზიდენტებით არაფერი წააგო, რადგან ირანის კონსტიტუციის თანახმად თვითონაა თეოკრატიული ირანის პირველი პირი და ნებისმიერ დროს შეუძლია მასუდ ფეზეშქიანის განეიტრალება. ამასთან ერთად, თავის მიერ მართული და მისი მადლიერი პოლიტიკოსი თავის მომხრედ დაიბევა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს.
რას უნდა ველოდეთ ახალი პრეზიდენტისგან?
ამ ფონზე ისმის შეკითხვა: რას უნდა ველოდეთ რეფორმატორი მასუდ ფეზეშქიანისაგან? კონსერვატორებთან შედარებით ის გაცილებით უფრო პროგრესულია, თუმცა იმის პროგნოზირება, რომ ფეზეშქიანი ავტონომიურ რეჟიმში სისტემისაგან რაიმე დამოუკიდებელ ნაბიჯებს გადადგამს არ იქნება მართებული. რა თქმა უნდა მისი მმართველობის დროს მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების გატარების კუთხით გარკვეული შეღავათები ექნება, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ ქვეყნის უმაღლეს ლიდერ აიათოლა ალი ჰამენეისთან და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ შეთანხმებით. მეტიც, მათი უშუალო ნებართვით, რადგან დღევანდელ ირანს ფაქტობრივად სწორედ კლერიკალები და გუშაგები მართავენ.
ფოტო: Vahid Salemi/AP/picture alliance
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ყველა შემოსავლიან ბიზნესს სწორედ „გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელობა აკონტროლებს, მათ პირველ რიგში სიმშვიდე და სტაბილურობა სჭირდებათ. ამის გათვალისწინებით, საფიქრებელია, რომ მასუდ ფეზეშქიანის გაპრეზიდენტებაში „გუშაგთა კორპუსმა“ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, რადგან არჩევნების პროცესზე კონტროლს სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებდა. მისმა ხელმძღვანელობამ, სავარაუდოდ, სწორად გათვალა, რომ ახალ პრეზიდენტად კონსერვატორების წარმომადგენლის არჩევა რეფორმატორებსა და კონსერვატორებს შორის ძალთა ბალანსს საბოლოოდ დაარღვევდა, რაც ქვეყანაში ახალ საპროტესტო აქციებს გამოიწვევდა. ეს კი ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებდა და როგორც ყოველთვის ყველაფერი „გუშაგთა კორპუსის“კისერზე გადაივლიდა. ამიტომ მათთვის რეფორმატორი მასუდ ფეზეშქიანი აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელიც არჩევის შემთხვევაში ძალოვან სტრუქტურებსა და მოსახლეობის დემოკრატიულ ნაწილს შორის არსებულ დაპირისპირების შესუსტება/განეიტრალების პროცესს შეუწყობდა ხელს.
არაა გამორიცხული, რომ მასუდ ფეზეშქიანსა და „გუშაგთა კორპუსს“ შორის მედიატორის როლი ამ ორგანიზაციის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ზემოხსენებულმა მოჰამად ბაყერ ყალიბაფმაც შეასრულა, რომლის ინტერესში თავისი პირადი მოწინააღმდეგის, საიდ ჯალილის გაპრეზიდენტება სულ არ შედიოდა. ამ კონტექსტში საინტერესოა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე „გუშაგთა კორპუსმა“ ფეზეშქიანს თავისი მხარდაჭერა აღუთქვა, რაც ჩვენს მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს.
ამ ფონზე, ჩვენთვის რა თქმა უნდა საინტერესოა მასუდ ფეზეშქიანის ხელმძღვანელობით ირანის მთავრობა როგორ პოლიტიკას გაატარებს სამხრეთ კავკასიის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ახალი პრეზიდენტი თავის თავს ირანის აზერბაიჯანელად, ანუ თურქად თვლის, მოსალოდნელია, რომ ახალი პრეზიდენტისათვის აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირება/გაუმჯობესება ერთერთიმნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ამ ახალ რეალობაში საქართველო-ირანის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თითქოს გარკვეული პერსპექტივებიც იკვეთება, რადგან ფეზეშქიანის უკან საკმაოდ პროგრესული და დემოკრატიული ძალები დგანან. არაა გამორიცხული, რომ მათ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოების სურვილი გამოთქვან, რაც გარკვეული კუთხით ქართული მხარისათვის საინტერესოც იქნება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ირანისნაირ რეჟიმთან ურთიერთობების გაფართოებით დასავლელ პარტნიორებთან და ისრაელთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების რისკი უნდა გამოირიცხოს.