კონფლიქტის გაყინვის შემდეგ: რა მდგომარეობაში შეხვდება რუსეთის ეკონომიკა ომის დასრულებას

კონფლიქტის გაყინვის შემდეგ: რა მდგომარეობაში შეხვდება რუსეთის ეკონომიკა ომის დასრულებას

ვაჟა სოფრომაძე

დეესკალაციის მოლოდინი

რუსეთს უკრაინის კონფლიქტი უკვე ათას დღეზე მეტი გრძელდება. კრემლის დანაშაულებრივ აგრესიას ათასობით მშვიდობიანი და ათეულობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. თითქმის სამი წლის განმავლობაში კონფლიქტმა ესკალაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაზა გამოიარა. ის რაც ომის საწყის ფაზაში მიჩნეული იყო ე.წ. „წითელ ხაზებად“, კონფლიქტის მესამე წლის მიწურულს ომის ყოველდღიურ რეალობად იქცა. განსაკუთრებით საყურადღებოა როგორც რუსული ასევე უკრაინული საზოგადოების გადაღლა, რაც სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით დასტურდება. აღნიშნულ ვითარებას ემატება საერთაშორისო არენაზე არსებული მდგომარეობა და ის გარემოება, რომ დასავლეთის მცდელობის მიუხედავად ვერ მოხდა პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა. ამასთან, ერთად კონფლიქტის რაიმე ფორმით ესკალაცია/დეესკალაციაზე გადამწყვეტი გავლენა აქვს შეერთებული შტატების ჩართულობას და უკრაინისთვის გამოყოფილ როგორც ფინანსურ ასევე სამხედრო დახმარებას. არჩეული პრეზიდენტი ტრამპი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში აცხადებდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში დაასრულებდა უკრაინაში მიმდინარე ომს. დასავლურ პრესაში უკვე გავრცელდა სხვადასხვა პოტენციური „სამშვიდობო გეგმები“, რომლის მიხედვითაც 2025 წლის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის დეესკალაციის ფაზაში გადაინაცვლებს. „სამშვიდობო გეგმების“ დეტალურად განხილვა ამ ეტაპზე ნაკლებად რელევანტურია, რადგან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საწყის ფაზაშია, მაგრამ ამ ეტაპზე ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეტად სავარაუდოა, რომ რუსეთი შეინარჩუნებს კონტროლს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უდიდეს ნაწილზე. ამავდროულად, შესაძლებელია არსებული სანქციების რეჟიმის ეტაპობრივი შემცირება. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რა მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება კრემლი მოკლევადიან პერსპექტივაში, რადგან მათ შორის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად შეძლებს კრემლი გადავიდეს აგრესიის ახალ ფაზაზე უკრაინის ან სხვა მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რატომ არ იმუშავა დასავლურმა სანქციებმა?

2022–2024 წლებში უპრეცედენტო დასავლური სანქციების ფონზე რუსეთის ეკონომიკამ მოულოდნელად პოზიტიური შედეგები აჩვენა. ომის პირველ წელს, მსოფლიო ბანკი ვარაუდობდა, რომ რუსეთის ეკონომიკა 11 პროცენტით შემცირდებოდა, როცა რეალურად ის მხოლოდ 2.1%–ით შემცირდა. 2023 წლის მსოფლიო სავალუტო ფონდის  პროგნოზებით რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.3%–ით უნდა გაზრდილიყო და რეალურად ეკონომიკურმა ზრდამ 3.6% შეადგინა. ომის დაწყებიდან თითქმის სამი წლის თავზე უკვე შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტატაცია, რომ რუსეთის ეკონომიკა სამწუხაროდ არ ჩამოიშალა და მას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რესურსები იმისათვის, რომ კრემლმა აწარმოოს დანაშაულებრივი აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.  ემიგრაციაში მყოფი წამყვანი რუსი ეკონომისტების შეფასებით, რუსეთის ეკონომიკამ გაუძლო უპრეცედენტო დასავლური სანქციების წნეხს რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე:

საბაზრო ეკონომიკის პირობებში რუსეთის ეკონომიკის იმპორტიორებმა მარტივად იპოვეს სანქცირებული საქონლის შემოტანის ალტერნატიული წყაროები;

კრემლის ეკონომიკის სტაბილურობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ე.წ. პარალელური იმპორტის სქემებმა. ევროპული და ამერიკული კომპანიების უმრავლესობამ რუსულ აგრესიაზე საპასუხოდ შეწყვიტეს საკუთარი პროდუქციის იმპორტი რუსეთში, შეზღუდვა შეეხო როგორც სამომხმარებლო პროდუქციას ასევე ე.წ. ორმაგი დანიშნულების საქონელს. საკმაოდ მოკლე ვადებში რუსულმა მსხვილმა იმპორტიორებმა შეიმუშავეს ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტები. სანქცირებული საქონელი რუსულ ბაზარზე ძირითად შედის ჩინეთის, ყაზახეთის, თურქეთის, სომხეთის და საქართველოს გავლით. ცხადია, ალტერნატიული ლოგისტიკური სქემები აძვირებს საბოლოო საქონელს, მაგრამ აღნიშნული სქემების მეშვეობით კრემლმა აირიდა თავიდან სამომხმარებლო პროდუქტების დეფიციტი. აგრეთვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დასავლური კომპანიების აქტივები რომლებმაც ოფიციალურად დატოვეს რუსული ბაზარი სხვადასხვა არაგამჭვირვალე მაქინაციების შედეგად აღმოჩნდა კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენების კონტროლის ქვეშ. მარტივად, რომ ვთქვათ მოსკოვმა მოახდინა დასავლური კომპანიების აქტივების ფაქტობრივი ნაციონალიზაცია.

გლობალურ ბაზარზე ამ ეტაპზე რუსეთის ნავთობს ალტერნატივა არ არსებობა;

კრემლის ბიუჯეტის შევსების ძირითად წყაროს კვლავ წარმოადგენს ნავთობის და გაზის იმპორტისგან მიღებული შემოსავალი. ევროპული და ამერიკული სანქციების პირობებში ტრადიციული ექსპორტის მიმართულებები აღარ არის ხელმისაწვდომი კრემლისთვის და ომის ფართომასშტაბიანი ფაზის დაწყებიდან რუსეთის ენერგორესურსების ძირითადი ექსპორტის მიმართულება გახდა აზიის ბაზრები. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ იგივე ინდოეთში და ჩინეთში რუსული ენერგომატარებლები მნიშვნელოვანი „ფასდაკლებით“ იყიდება, რაც კიდევ უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის ეკონომიკის აღნიშნულ სფეროს გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, აგრეთვე აღსანიშნავია მოკლევადიანი სარგებელი რომელსაც იღებს კრემლი გლობალურ ბაზარზე ნავთობის შედარებით მაღალი ფასის გამო. კერძოდ, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით 2023 წელთან შედარებით რუსეთმა თითქმის ორჯერ მეტი შემოსავალი მიიღო.

დასავლეთმა ვერ მოახერხა რუსეთის იზოლაცია საერთაშორისო არენაზე;

უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმები და ფაქტობრივად ჩამოშალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. მასშტაბური ევროპული და ამერიკული სანქციების მიუხედავად, არ მოხდა კრემლის რევანშისტული რეჟიმის სრული საერთაშორისო იზოლაცია. აღნიშნულ პროცესებში განსაკუთრებით ნეგატიური როლი ითამაშა ჩინეთის და ინდოეთის „თავშეკავებულმა“ პოზიციამ. მოცემულ კონტექსტში აღსანიშნავია რუსეთის საგარეო უწყების საკმაოდ ეფექტიანი და მოქნილი მუშაობა აზიის და აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან, კრემლის ანტიკოლონიალისტური „გლობალურ სამხერეთზე“ ორიენტირებული რიტორიკა აღნიშნული სტრატეგიის თვალსაჩინო მაგალითია.

ზემოთხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ არსებული დინამიკით კრემლს კიდევ რამდენიმე წელი შეუძლია კონფლიქტის ამ ფორმით წარმოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  დასავლურმა სანქციებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალს და ნაკლები ფინანსური რესურსი დაუტოვა კრემლის სამხედრო მანქანას. დღევანდელი მოცემულობით, რუსეთს ფაქტობრივად დაკარგული აქვს თითქმის 300 მილიარდი დოლარის ღირებულის გაყინული აქტივები. ექსპერტების შეფასებით ენერგომატარებლების სფეროზე დაწესებული სანქციების შედეგად კრემლმა დაკარგა კიდევ მინიმუმ 200 მილიარდი დოლარი და პუტინის ერთ დროს საამაყო კორპორაცია „გაზპრომი“, რომელიც სულ რაღაც 15 წლის წინ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიების ათეულში შედიოდა უკვე მესამე წელია წაგებაზე ოპერირებს. იწურება ე.წ. ნაციონალური კეთილდღეობის ფონდი რესურსებიც, რაც განსაკუთრებით დამაზიანებელია გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ამ ფონდიდან ხდება სოციალური პროექტების და საპენსიო ვალდებულებების უზრუნველყოფა. მაგრამ რეჟიმის არადემოკრატიული ბუნების გათვალისწინებით, ასეთი მასშტაბის ეკონომიკური ზიანი არ წარმოადგენს ეგზისტენციალურ გამოწვევას.

კრემლის ომის ეკონომიკა

ფართომასშტაბიანი აგრესიის პარალელურად კრემლმა მნიშვნელოვნად გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ეკონომიკის სექტორზე. ექსპერტების ნაწილი თვლის რომ სწორედ ეკონომიკის ე.წ. „სამხედრო რელსებზე“ გადაყვანით კრემლი ჯერ კიდევ ახერხებს შეინარჩუნოს შედარებით სტაბილური ეკონომიკური სიტუაცია. აღსანიშნავია, რომ მობილიზაციური სამხედრო ტიპის ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. ასეთი ტიპის ეკონომიკის პირობებში მნიშვნელოვნად იზღუდება ეკონომიკის კერძო სექტორი და ფაქტობრივად ხელოვნურად ხდება მოსახლეობის დასაქმების მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. 2024 წლის მიწურულს რეალურად კრემლის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა როგორც ბრძოლის ველზე ასევე ქვეყნის შიგნით პირდაპირ უკავშირდება შეზღუდულ ადამიანურ რესურსს. ფაქტობრივი ნულოვანი უმუშევრობის მაჩვენებელი რეალურად მიგვითითებს იმაზე, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ ეტაპზე პირდაპირი და ირიბი ფორმით არის ჩართული კრემლის „ომის ეკონომიკაში“ და ეკონომიკის რეალური სექტორი მნიშვნელოვან კრიზისშია. კრემლი სამი წელია მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ბიუჯეტს, 2025 წლის საბიუჯეტო გეგმის მიხედვით თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე კრემლი გეგმავს 145 მილიარდი დოლარის დახარჯვას. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კონფლიქტის გაყინვის შემთხვევაში ბიუჯეტი სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რადგან თანხების დიდი ნაწილი გამოიყოფა შეიარაღების მარაგების აღსადგენად. ამავდროულად ბევრად უფრო რთული იქნება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაზრდილი მოთხოვნების შემცირება და კერძო სექტორის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე პირდაპირ ან ირიბად ემსახურება სამხედრო ინდუსტრიას ვერ მოახერხებს მოკლე ვადებში დაუბრუნდეს ოპერირების პირვანდელ რეჟიმს.

კონფლიქტის რაიმე ფორმით გაყინვის შემდეგ კრემლს მოუწევს მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება – ან გააგრძელოს სამხედრო სამრეწველო სფეროს სტიმულირება საბიუჯეტო სახსრებით ან გადაანაწილოს რესურსები ეკონომიკის დაზიანებული სფეროების მხარდასაჭერად. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ის ხალხი ვინც ახლა არის დასაქმებული კრემლის „ომის ეკონომიკაში“ იღებენ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას და რეალური ეკონომიკის პირობებში მათთვის შეუძლებელი იქნება იგივე ტიპის ანაზღაურების მიღება, რაც მაღალი ინფლაციის პირობებში  მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ ხალხის რეალურ მსყიდველუნარიანობას.

სისტემა გარდაუვალი კრიზისის მოლოდინში

რუსეთის ეკონომიკის კრიზისულ მდგომარეობას ყველაზე ნათლად ასახავს ეროვნული ბანკის წარუმატებელი ბრძოლა ინფლაციასთან. ეროვნული ბანკის საბაზისო საპროცენტო განაკვეთი რეკორდულ 21 პროცენტამდე ავიდა და ამის მიუხედავად ინფლაციის ტემპი არ შენელებულა. აღნიშნული დინამიკა პირველ რიგში გამოწვეულია სწორედ კრემლის „ომის ეკონომიკის“ თავისებურებებით (თავდაცვის სფეროს გაზრდილი დაფინანსების შედეგად გამოწვეული ფულის მასის მატება) და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტით (რუბლის დასუსტების შედეგად გაძვირებული იმპორტი). ამავდროულად, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა არ გამორიცხვას რეგულატორის მიერ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას, რადგან მისი შეფასებით ეროვნულმა ბანკმა უნდა მოახდინოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე რეაგირება. სწორედ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ფიგურასთან ასოცირდება კრემლის ეფექტიანი ნაბიჯები ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების პირველ თვეებში. პუტინის ფავორიტ ტექნოკრატს და ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას საჯაროდ დაუპირისპირდა პუტინის უშუალო გარემოცვის წევრი და რუსეთის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის ROSTEC-ის ხელმძღვანელი სერგეი ჩემეზოვი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ROSTEC-ი არის კრემლის „ომის ეკონომიკის“ ერთ-ერთი მსხვილი ბენეფიციარი, რადგან აღნიშნული სახელმწიფო კომპანია არის სამხედრო სამრეწველო სექტორის უმსხვილესი მოთამაშე. ჩემეზოვის შეფასებით ეროვნული ბანკის მკაცრი მონატარული პოლიტიკა რუსეთს სტაგფლაციით[1] ემუქრება. ჩემეზოვის შეფასებით ამჟამინდელი მონეტარული პოლიტიკის პირობებში არარენტაბელურია არსებული საკრედიტო ინსტრუმენტებით სარგებლობა და კერძო ბიზნესის უდიდესი ნაწილი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პუტინის რეჟიმისთვის სისტემის ასეთი მძიმეწონიანი მოთამაშეების საჯარო დაპირისპირება ნამდვილად გამონაკლისი შემთხვევაა, რაც პირველ რიგში მიგვითითებს იმაზე, რომ რუსეთის ეკონომიკა ნამდვილად სისტემური კრიზისის წინაშე დგას. დღევანდელ ვითარებაში კრემლს უწევს ცუდ და უარეს ვარიანტებს შორის არჩევანის გაკეთება: მონეტარული პოლიტიკის შერბილება გამოიწვევს ინფლაციის კიდევ უფრო მაღალ დონეს, არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნების პირობებში კერძო ბიზნეს ოპერატორების საქმიანობა უბრალოდ არარენტაბელური იქნება.   

ზემოხსენებული კრიზისულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენას იქონიებს ის თუ რა პირობებზე მოხდება ომის გაყინვა და პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებაში რამდენად იქნება გათვალისწინებული ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა. აგრეთვე, თუ გავითვალისწინებთ არჩეული პრეზიდენტ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას, რომ ის მკვეთრად გაზრდიდა შტატების ნავთობის მოპოვების მასშტაბს, შესაძლოა ვივარაუდოთ ნავთობის ფასების შემცირება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კრემლის შემოსავლებს და კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ კრიზისს.


[1] სტაგფლაცია არის ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა, როდესაც ეკონომიკა აღარ იზრდება ან ნელი ტემპით იზრდება და, ამავე დროს, ქვეყანაში ფასების საერთო დონე გაზრდილია.