ნატოს ანკარას სამიტი: პასუხი ევროპის ახალ უსაფრთხოების რეალობაზე

ნატოს ანკარას სამიტი: პასუხი ევროპის ახალ უსაფრთხოების რეალობაზე

ავტორი: ნატა ქორიძე, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი

შესავალი

7-8 ივლისს დაგეგმილი ნატოს ანკარას სამიტი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში გაიმართება. ალიანსს უწევს რეაგირება არა მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომზე, არამედ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მზარდ დაძაბულობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს ღრმა ტრანსფორმაციაზე.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედად. თუ ცივი ომის დასრულების შემდეგ ალიანსს ხშირად იმ ორგანიზაციად აღიქვამდნენ, რომელიც საკუთარ ახალ დანიშნულებას ეძებდა, დღეს მან უკრაინის მხარდაჭერისა და სწრაფად ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტაციის გზით კვლავ შეიძინა მკაფიო სტრატეგიული მნიშვნელობა.

ამასთანავე, ნატო თავადაც ღრმა შიდა ტრანსფორმაციის პროცესს გადის. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დააჩქარა ევროპული სახელმწიფოების თავდაცვითი დანახარჯების ზრდა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უფრო მაღალი სამხედრო მზადყოფნის აუცილებლობა. პარალელურად, წლების განმავლობაში არსებული დისკუსია პასუხისმგებლობების სამართლიან განაწილებაზე (burden-sharing) უფრო ფართო მსჯელობად გადაიქცა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მომავალში პასუხისმგებლობა ალიანსის წევრებს შორის.

ამ ფონზე, ანკარას სამიტი მოკავშირეებს აძლევს შესაძლებლობას, ერთიანობა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, იმსჯელონ ნატოს წინაშე არსებულ მთავარ სტრატეგიულ გამოწვევებზე და განსაზღვრონ ალიანსის განვითარების მიმართულება მომდევნო წლებისთვის.

ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მზარდი დაძაბულობის ფონზე

ერთიანობა ყოველთვის წარმოადგენდა ნატოს ყველაზე ძლიერ მხარეს და მისი სანდოობის მთავარ საფუძველს. თუმცა ბოლო წლებში შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებები სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ალიანსის დღის წესრიგს.

ამ თვალსაზრისით, ანკარის სამიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის გარემოება, რომ იგი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მზარდი გაურკვევლობის ფონზე იმართება.

ეს დაძაბულობა ახალი არ არის. დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში უთანხმოების მთავარი მიზეზი თავდაცვითი ხარჯების განაწილება იყო. ვაშინგტონი მიიჩნევდა, რომ ევროპელი მოკავშირეები კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფაში საკუთარ სამართლიან წვლილს არ იხდიდნენ.

ბოლო პერიოდში ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა ევროპელი მოკავშირეების მიმართ სულ უფრო მწვავე რიტორიკის ფონზე, მათ შორის გრენლანდიის საკითხზე წარმოქმნილი უთანხმოებისა და ევროპაში ამერიკული სამხედრო ყოფნის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო.

შეერთებულ შტატებში მიმდინარე დებატებმა თავდაცვითი დანახარჯების, ალიანსის მიმართ ვალდებულებებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ, დონალდ ტრამპის მიერ ნატოს მნიშვნელობის არაერთგზის ეჭვქვეშ დაყენებასთან ერთად, კიდევ უფრო გააღრმავა გაურკვევლობა ვაშინგტონის მომავალ როლსა და ალიანსისადმი მის ერთგულებასთან დაკავშირებით.

ტრამპის ადმინისტრაცია არაერთხელ დაეჭვდა ნატოს რელევანტურობაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის სანდოობა და გარკვეულ შემთხვევებში ისიც მიანიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ალიანსში საკუთარი მონაწილეობის გადახედვაც განიხილოს.

ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა ირანთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო წარმოშობილი უთანხმოების შემდეგ. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა რამდენიმე ევროპული სახელმწიფო იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს ირანის წინააღმდეგ  ოპერაციებში მონაწილეობაზე ან საკუთარი ტერიტორიიდან ამერიკული ავიაიერიშების განხორციელების ნებართვის გაცემაზე.

ამავე პერიოდში ვაშინგტონმა ევროპაში საკუთარი სამხედრო განლაგების გადახედვაც დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ევროპაში სამხედრო ძალების ნაწილის შემცირების, მათ შორის გერმანიიდან 5 000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანის შესახებ, რაც შემდგომ ნაწილობრივ დაბალანსდა მათი პოლონეთში გადანაწილების გადაწყვეტილებით. ასევე გაუქმდა გერმანიაში ჩვეულებრივი ფრთოსანი რაკეტების განთავსების გეგმა და ევროპაში განლაგებული საბრძოლო ბრიგადების (Brigade Combat Teams) რაოდენობა ოთხიდან სამამდე შემცირდა.

არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონი დამატებით გეგმავს ნატოსთვის გამოყოფილი გამანადგურებლების, უპილოტო საფრენი აპარატების, სტრატეგიული ბომბდამშენების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობის შემცირებას. ამ ნაბიჯებმა გააჩინა კითხვები იმის შესახებ, რამდენად სწრაფად შეძლებს ნატო კრიზისის შემთხვევაში საკუთარი აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას.

ანკარას სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ევროპელი მოკავშირეების უარი ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში მონაწილეობაზე „სამარცხვინოდ“ შეაფასა.

მან ასევე გამოაცხადა ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების ექვსთვიანი გადახედვის პროცესი და გააფრთხილა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც შეთანხმებულ თავდაცვით დანახარჯებს ვერ შეასრულებენ, შესაძლოა ნატოს მიმართ ამერიკული მხარდაჭერის შემცირების წინაშე აღმოჩნდნენ.

ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანკარას სამიტის დასკვნით დოკუმენტში  შესაძლოა აღარ იყოს შეტანილი 2027 წელს ნატოს ლიდერების მორიგი შეხვედრის ჩატარების შესახებ ფორმულირება. ამავე ცნობების თანახმად, ნატოს ხელმძღვანელობა ყოველწლიური სამიტების ფორმატის გადახედვას განიხილავს, რათა ვაშინგტონთან ახალი პოლიტიკური დაძაბულობის რისკი შეამციროს.

იქნება თუ არა ეს ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურებული, თავად მისი გავრცელებაც ნათლად ასახავს იმ უფრო ფართო დაძაბულობას, რომელიც დღეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ახასიათებს.

ანკარას სამიტის პრიორიტეტები

ამ ვითარებაში, ანკარას სამიტამდე ორი კვირით ადრე, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სამიტის სამი ურთიერთდაკავშირებული პრიორიტეტი დაასახელა.

ესენია: თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდა, ალიანსის თავდაცვითი ინდუსტრიისა და ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება, და უკრაინისადმი ნატოს გრძელვადიანი მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება.

რუტემ აღნიშნა, რომ ანკარის სამიტი დაეფუძნება 2025 წლის ჰააგის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და კიდევ უფრო განავითარებს „ნატო 3.0“-ის კონცეფციას: უფრო ძლიერი ევროპა უფრო ძლიერი ალიანსის ფარგლებში.

მისი თქმით, მთავარი მიზანია „კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რამდენად ძლიერია ნატო“.

თავდაცვითი ინვესტიციები

თავდაცვითი დანახარჯები მრავალი წლის განმავლობაში ნატოს შიგნით უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენდა. წლების მანძილზე აშშ-ს სხვადასხვა ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ისინი კოლექტიური თავდაცვის ფინანსურ ტვირთს სათანადოდ არ იზიარებდნენ.

რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ეს დებატები საფუძვლიანად შეცვალა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში ყველაზე მძიმე უსაფრთხოების კრიზისის წინაშე აღმოჩენილმა ალიანსის თითქმის ყველა წევრმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვითი ხარჯები.

2025 წლის ჰააგის სამიტზე ნატოს წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვითი დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5 პროცენტამდე გაიზრდება. ამ თანხიდან 3.5 პროცენტი უშუალოდ სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება, ხოლო დამატებითი 1.5 პროცენტი თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებზე დაიხარჯება, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მედეგობისა და სამოქალაქო მზადყოფნის გაძლიერებაზე.

ამასთანავე, პრეზიდენტ ტრამპის ბოლო განცხადებებმა კიდევ უფრო გააძლიერა მოსაზრება, რომ მომავალში ნატოს მიმართ ამერიკული მხარდაჭერა შესაძლოა სულ უფრო მეტად იყოს დამოკიდებული იმაზე, რამდენად შეასრულებენ მოკავშირეები შეთანხმებულ თავდაცვით ვალდებულებებს. ამ ფონზე, ანკარას სამიტში დონალდ ტრამპის მონაწილეობა სხვა მოკავშირე ლიდერებთან ერთად განსაკუთრებულ პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს.

სამიტის წინ მარკ რუტე ვაშინგტონში შეხვდა პრეზიდენტ ტრამპს. ვიზიტის მიზანი ახალი ფინანსური ვალდებულებების შესრულების მიმართულებით მოკავშირეების პროგრესის შეფასება და წარმატებული სამიტისთვის საფუძვლის მომზადება.

რუტემ ჰააგაში მიღებულ გადაწყვეტილებებს „ისტორიული“ უწოდა. მისი შეფასებით, რამდენიმე მოკავშირე, მათ შორის პოლონეთი და ბალტიის სახელმწიფოები, უკვე მნიშვნელოვნად აჭარბებენ ნატოს თავდაცვით წინა მიზნობრივ მაჩვენებლებს, ხოლო სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია, სწრაფად ზრდიან საკუთარ თავდაცვით ბიუჯეტებს.

უსაფრთხოების გარემოს მკვეთრი გაუარესებისა და ევროპული თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით შეერთებული შტატების ხანგრძლივი ზეწოლის ფონზე, ანკარას სამიტზე მოკავშირეები, სავარაუდოდ, წარადგენენ კონკრეტულ გეგმებს ახალი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

ეს, მრავალი ათწლეულის არასაკმარისი ინვესტიციების შემდეგ, ნატოს თავდაცვითი პოლიტიკის თვისებრივ ცვლილებას ნიშნავს.

თავდაცვითი ინდუსტრია და ინოვაციები

ნატოს ადაპტაციის პროცესში თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება ერთ-ერთ ცენტრალურ მიმართულებად იქცა. ალიანსის სამხედრო სანდოობა დამოკიდებულია არა მხოლოდ სამხედრო ძალების სტრუქტურასა და რაოდენობაზე, არამედ იმაზეც, რამდენად სწრაფად შეუძლია იარაღისა და სამხედრო ტექნიკის წარმოება, დანაკარგების შევსება და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა.

სწორედ ამიტომ, სამრეწველო მდგრადობის, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და თავდაცვითი თანამშრომლობის გაფართოება, მათ შორის უკრაინასთან ერთობლივი სამხედრო წარმოება, ნატოს მთავარ პრიორიტეტებს შორის მოექცა.

ამავე დროს, ალიანსი ცდილობს პროცესში უფრო აქტიურად ჩართოს მცირე და საშუალო საწარმოები, სტარტაპები და განვითარებადი ტექნოლოგიური კომპანიები, რათა დააჩქაროს ინოვაციების დანერგვა და თავდაცვითი ინდუსტრიის ეკოსისტემა უფრო მრავალფეროვანი გახადოს.

ამ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ნატოს თავდაცვითი ინდუსტრიის რიგით მეორე ფორუმზე (Defence Industry Forum), რომელიც სამიტის პარალელურად გაიმართება და თავს მოუყრის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, თავდაცვითი ინდუსტრიის კომპანიებს, პარტნიორ ქვეყნებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს.

გენერალური მდივნის შეფასებით, ალიანსი თავდაცვით-სამრეწველო რევოლუციის საწყის ეტაპზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებმა უკვე მნიშვნელოვნად გაზარდეს საწარმოო შესაძლებლობები, გრძელვადიანი წარმატება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ შეიარაღების მარაგების ზრდაზე, არამედ უწყვეტ ტექნოლოგიურ ინოვაციაზეც.

რუტეს შეფასებით, ეს ტრანსფორმაცია არა მხოლოდ გააძლიერებს შეკავების პოლიტიკას, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ასიათასობით მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილის შექმნას მთელ ალიანსში.

7 ივლისს დაგეგმილი თავდაცვითი ინდუსტრიის ფორუმიდან ასევე ელიან, რომ გაფორმდება ათეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი თავდაცვითი კონტრაქტები.

უკრაინა

უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელება ანკარას სამიტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების გარემოს.

ამასთანავე, 2026 წელს განვითარებულმა მოვლენებმა კონფლიქტის დინამიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. უკრაინამ დრონული ომის სფეროში მზარდ ტექნოლოგიურ უპირატესობას მიაღწია და სულ უფრო ეფექტურად ახერხებს დარტყმების განხორციელებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა წინააღმდეგობამ და დასავლეთის სამხედრო დახმარებამ რუსეთს თავდაპირველი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალება არ მისცა, კონფლიქტი საბოლოოდ გადაიქცა ხანგრძლივ გამოფიტვის ომად. ამავე დროს, ევროპელმა მოკავშირეებმა თანდათან საკუთარ თავზე აიღეს სამხედრო დახმარების სულ უფრო დიდი წილი და უკრაინისთვის გაწეული საერთო მხარდაჭერის მოცულობით უკვე გადააჭარბეს შეერთებულ შტატებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნატო კონფლიქტის უშუალო მონაწილე არ არის, ალიანსმა გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში.

ანკარის სამიტზე შესაძლოა კვლავ განიხილონ პასუხისმგებლობების განაწილების საკითხი უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის (Prioritized Ukraine Requirements List – PURL) ფარგლებში, სადაც დღეს ძირითადი ტვირთი გერმანიას, ნორვეგიას, დანიასა და ნიდერლანდებს აწევთ. გასულ წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოყვეს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის Patriot-ის სისტემების შესაძენად.

თუმცა, სამომავლოდ სულ უფრო იზრდება შეშფოთება აშშ-ის სამხედრო მარაგების შემცირების გამო, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შემდეგ.

სამიტის წინ მარკ რუტემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ ამტკიცებს, რომ „თავისუფლებისთვის ბრძოლა ღირს.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო მნიშვნელოვან ოპერატიულ გამოცდილებას იღებს უკრაინის მიერ დრონული ომის ფართომასშტაბიანი გამოყენებიდან. რუტეს შეფასებით, კიევის მხარდაჭერის გაგრძელება განუყოფელია თავად ნატოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისგან.

სხვა საკითხები

მიუხედავად იმისა, რომ სამიტის ოფიციალურ დღის წესრიგში მთავარი ადგილი თავდაცვით ინვესტიციებს, სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობებსა და უკრაინის მხარდაჭერას დაეთმობა, ანკარას სამიტი გაცილებით ფართო სტრატეგიული კონტექსტის ფონზე გაიმართება. უსაფრთხოების არაერთი სხვა გამოწვევა, რომელიც ფორმალურად დღის წესრიგის მთავარ საკითხებს არ წარმოადგენს, სავარაუდოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მოკავშირე ლიდერების შორის დისკუსიებზე.

სტრატეგიული თვალსაზრისით, უკრაინაში გაჭიანურებული ომი ნატოსთვის ერთდროულად როგორც შესაძლებლობებს, ისე რისკებს ქმნის. ერთი მხრივ, ომი აგრძელებს რუსეთის სამხედრო რესურსების გამოფიტვას, რაც ამცირებს მოსკოვის შესაძლებლობას, სხვა მიმართულებებით ფართომასშტაბიანი კონვენციური სამხედრო ოპერაციები დაიწყოს.

მეორე მხრივ, კონფლიქტის გაჭიანურებამ შესაძლოა კრემლს კიდევ უფრო მეტად უბიძგოს ჰიბრიდული ოპერაციების გააქტიურებისკენ, რომელთა მიზანიც დასავლეთის ერთიანობის შესუსტება და უკრაინის მხარდაჭერის შემცირება იქნება.

ნატოს წევრ სახელმწიფოზე პირდაპირი სამხედრო თავდასხმა მოსკოვისთვის უკიდურესად მაღალი რისკის შემცველი ნაბიჯი იქნებოდა, თუმცა ჰიბრიდული საფრთხეები დღეს უკვე გაცილებით მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

კიბერშეტევები, დეზინფორმაციული კამპანიები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟი, არჩევნებში ჩარევა და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთს საშუალებას აძლევს, ზეწოლა მოახდინოს დასავლეთზე ღია სამხედრო კონფრონტაციის ზღვრის გადაკვეთის გარეშე. ამიტომ მსგავსი საქმიანობის მიმართ მდგრადობის გაძლიერება ნატოს შეკავების პოლიტიკის ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად იქცა.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბალტიის რეგიონს. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ნატოს ყველაზე მოწყვლად აღმოსავლეთ ფლანგს წარმოადგენენ როგორც მათი გეოგრაფიული მდებარეობის, ისე ისტორიული გამოცდილების გამო.

რუსეთმა ბოლო წლებში რეგიონში არაერთხელ გამოიყენა ჰიბრიდული მეთოდები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფრონტისპირა მოკავშირეების მედეგობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას.

შეკავების სანდო სისტემის შენარჩუნება კონფლიქტის მთელ სპექტრში- ჰიბრიდული ოპერაციებიდან კონვენციურ სამხედრო საფრთხეებამდე – მომავალშიც ნატოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ გამოწვევად დარჩება.

სწორედ ეს საკითხები ქმნის იმ უსაფრთხოების გარემოს, რომელშიც ანკარაში მოკავშირე ლიდერებს გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.

ირანის ომი

სავარაუდოდ, ანკარაში განხილვის ერთ-ერთი თემა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიც იქნება. მართალია, ეს საკითხი ნატოს ძირითად მისიას (core mission) არ განეკუთვნება, თუმცა მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა განსხვავებები შეერთებულ შტატებსა და რამდენიმე ევროპელ მოკავშირეს შორის სტრატეგიული პრიორიტეტებისა და სამხედრო ძალის გამოყენების ხედვაში.

პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკამ იმ ევროპული სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე ან საკუთარი ტერიტორიიდან ამერიკული დარტყმების განხორციელების ნებართვაზე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში კიდევ ერთი დაძაბულობის წყარო შექმნა. ეს უთანხმოებები ნათლად აჩვენებს, რამდენად რთულია მოკავშირეთა ერთიანობის შენარჩუნება მაშინ, როდესაც ნატოს ერთდროულად რამდენიმე უსაფრთხოების კრიზისთან უწევს გამკლავება. ამასთან, ამ კონფლიქტს უფრო ფართო ეკონომიკური და სტრატეგიული შედეგებიც აქვს. ჰორმუზის სრუტის გავლით საზღვაო გადაზიდვების ნებისმიერი შეფერხება პირდაპირ აისახება გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებსა და, შესაბამისად, მოკავშირე ქვეყნების ეკონომიკებზე.

მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატო კონფლიქტში უშუალოდ ჩაერთოს, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები გარდაუვლად იმოქმედებს უფრო ფართო სტრატეგიულ გარემოზე და, შესაბამისად, ანკარას სამიტის დისკუსიების ნაწილიც გახდება.

ანკარას სამიტის სტრატეგიული მნიშვნელობა

ანკარას სამიტი ნატოსთვის გარდამტეხ მომენტში იმართება.

მოკავშირე ლიდერებს მოუწევთ იმსჯელონ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განგრძობად აგრესიაზე, თავდაცვითი დანახარჯების ახალ მიზნობრივ მაჩვენებლებზე, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის სამხედრო შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკის გამყარებაზე, თავდაცვითი ინდუსტრიისა და ინოვაციების განვითარებაზე, ასევე შეერთებული შტატების სამომავლო როლის ირგვლივ არსებულ გაურკვევლობაზე.

სამიტმა შესაძლოა ასევე უფრო მკაფიოდ განსაზღვროს, როგორ შეავსებენ ერთმანეთს მომავალ წლებში ნატო და ევროპაში ფორმირების პროცესში მყოფი ახალი თავდაცვითი ინიციატივები.

ამ თვალსაზრისით, ანკარის სამიტი მოკავშირეთა მორიგი შეხვედრა გაცილებით მეტია. იგი წარმოადგენს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დადასტურდეს ალიანსის ერთიანობა და განისაზღვროს ნატოს პრიორიტეტები სულ უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე უსაფრთხოების გარემოში.

რუსეთი ნატოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავაც მთავარ უსაფრთხოების გამოწვევად დარჩება. ამასთან, რუსეთის აგრესიის შეკავებასთან ერთად ალიანსი უნდა მოერგოს ხანგრძლივი სტრატეგიული კონკურენციის, სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებებისა და ცვალებადი პოლიტიკური რეალობის ეპოქას.

ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს ევროპის უფრო ძლიერ თავდაცვით შესაძლებლობებს, ამერიკის შეერთებული შტატების მდგრად ჩართულობას, ნატოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მოკავშირეთა მედეგობის ზრდას.

საბოლოო ჯამში, ანკარას სამიტის მნიშვნელობა შეფასდება არა მხოლოდ მიღებული გადაწყვეტილებებით, არამედ იმითაც, თუ რამდენად შეძლებენ მოკავშირეები მათ პრაქტიკაში განხორციელებას. პოლიტიკურ დეკლარაციებს მნიშვნელობა აქვს, თუმცა ნატოს სანდოობა საბოლოოდ დამოკიდებული იქნება თავდაცვითი ინვესტიციების მდგრად ზრდაზე, სამხედრო მზადყოფნაზე და მოკავშირეთა ერთიანობის შენარჩუნებაზე როგორც შიდა პოლიტიკური ზეწოლის, ისე სტრატეგიულ პრიორიტეტებთან დაკავშირებული განსხვავებული შეხედულებების პირობებში.

ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემო სულ უფრო კომპლექსური ხდება. ამ ვითარებაში, ანკარაში მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმის განსასაზღვრად, შეძლებს თუ არა ნატო გაუმკლავდეს ყველაზე სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევას, რომლის წინაშეც იგი ცივი ომის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა.