რას გვიქადის სტარმერიზმი?

რას გვიქადის სტარმერიზმი?

ავტორი: რეზი თოფურია – UGSPN

ბრიტანეთში კონსერვატორების 14 წლიანი უწყვეტი მმართველობა დასრულდა და თანაც როგორ. კირ სტარმერმა და მისმა ლეიბორისტულმა პარტიამ არჩევნებში კონსერვატორები უშანსოდ გაანადგურეს და საკმაოდ დიდი უმრავლესობა მოიპოვეს. 650 ადგილიან პარლამენტში ლეიბორისტებმა 412 მანდატი მოიპოვეს (უმრავლესობისთვის საჭიროა 326 მანდატი), კონსერვატორები კი მხოლოდ 121-ს დასჯერდნენ, ლიბერალ დემოკრატებს 72 ადგილი ერგოთ, შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას 9, შინ ფეინს 7, სხვა დანარჩენებს კი ჯამში 29. ეს კი თავის მხრივ, არაერთ კითხვას აჩენს, უმთავრესად კი, იმაზე თუ რას უნდა ველოდოთ ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრისგან.

ვინ არის კირ სტარმერი

კირ სტარმერი ბრიტანულ პოლიტიკაში საკმაოდ გვიან, 52 წლის ასაკში გამოჩნდა ლეიბორისტი ოპოზიციონერის რაგნში.მანამდე ის ცნობილი იურისტი იყო, რომელმაც არაერთი გახმაურებული საქმე მოიგო. 2008 წლიდან კი, საჯარო მოხელე გახდა, დაიკავა რა ბრიტანეთის პროკურორის სამეფო სამსახურის დირექტორის თანამდებობასაჯარო სამსახურში თავისი პროფესიონალიზმისთვის, ის 2014 წელს სერად აკურთხეს. პოლიტიკაში გამოჩენილი კირ სტარმერი თავს სოციალისტს ეძახის და ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელიც მშობლებმა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი სოციალისტი დამფუძნებლის, კირ ჰარდის საპატივცემულოდ დაარქვეს. მშობლებს სტარმერი ხშირად ახსენებს საკუთარ გამოსვლებში, ამბობს რა,  რომ ორივე საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო – დედა ექთანი, მამა კი ზეინკალი. სტარმერი იმდენად ხშირად ახსენებს ამ ფაქტს, რომ ეს ბრიტანეთში სახუმარო თემადაც კი იქცა, თუმცა, ამავდროულად კირს პოლიტიკური ქულებიც მოუტანა. საქმე იმაშია, რომ მშობლების საშუალო კლასზე ხაზგასმით, სტარმერი ერთი მხრივ უპირსიპირდება რიში სუნაკის მდიდრულ წარმომავლობას (რაც ასევე ბევრი ხუმრობის საგანია ბრიტანეთში) და ამავდროულად, ცდილობს საშუალო ფენის და სოციალისტურად განწყობილი ამომრჩეველის გულის მოგებას.

თუმცა, ამის მიუხედავად ბრიტანეთის ახალი პრემიერის სოციალისტობა მთლად ყველას მიერ მიღებული ფაქტი მაინც არაა. მეტიც, თავისივე ლეიბორისტულ პარტიაშიც კი არიან ადამიანები, რომლებიც მას ცენტრისტობისთვის აკრიტიკებენ. 

სტარმერის ლეიბორისტული პარტია 2.0

სტარმერმა ლეიბორისტული პარტია 2020 წელს გადაიბარა, მაშინ როცა მემარცხენე ჯერემი კორბინის ხელმძღვანელობით, პარტიამ ბოლო 84 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. აქედან გამომდინარე, სტარმერის გაცხადებული მიზანი იყო, ლეიბორისტული პარტიის პრაგმატულ რელსებზე დაბრუნება, ისე, რომ პარტია  მკაცრად არ ყოფილიყო მიჯაჭვული ერთ იდეოლოგიაზე.

სტარმერმა პირველ რიგში პარტიის შიდა რეფორმირებით დაიწყო, ამისთვის კი მკაცრად გაემიჯნა ყოფილ ლიდერს, ჯერემი კორბინს და მის ანტისემიტისტურ განცხადებებს. მეტიც, სწორედ სტარმერის ინიციატივით, კორბინს პარტიის წევრობა საერთოდ შეუჩერეს. რის შემდეგაც, პარტიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ დაუშვებს არცერთი ჯგუფის დისკრიმინაციას.

კორბინის გარიცხვის შემდეგ, სტარმერის მთავარი დავალება, პარტიის შიდა დისციპლინის განმტკიცება იყო. პარტიის უფრო მეტად მემარცხენედ განწყობილი ფრთა მას ავტორიტარიზმსაც კი აბრალებდა, თუმცა კირის მიზანი იყო ლეიბორისტული პარტია ამომრჩევლისთვის ერთიან, დისციპლინირებულ და სანდო ორგანიზაციად წარმოეჩინა.

პარტიის შიდა იმიჯის გაუმჯობესების ფონზე, სტარმერი პარტიის პოლიტიკური იმიჯის გამოსწორებასაც შეუდგა. სტარმერი გაემიჯნა კორბინის არაერთ პოპულისტურ დანაპირებს და გათვლა უფრო ფართო ელექტორატზე გააკეთა. ამრიგად, განახლებული ლეიბორისტები უფრო მეტად აპელირებდნენ პრაგმატულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ბიზნესის მხარდაჭერაზე და მოზომილ სახელმწიფო ხარჯვაზე.

ლეიბორისტული პარტიის 2024 წლის მანიფესტი

ის თუ რას აპირებს სტარმერი და მისი ახალი ლეიბორისტული პარტია, შეგვიძლია დავასკვნათ პარტიის მანიფესტიდან.

როგორც აღვნიშნე, სტარმერმა მკაფიო დისტანცირება მოახდინა კორბინისგან და მისი არაერთი დამაზიანებელი პოლიტიკური განცხადებისგან. შედეგად, ლეიბორისტების 2024 წლის პოლიტიკური მანიფესტი, გარკვეულწინად უფრო არის ტონი ბლერის ლეიბორისტული პარტიის 1997 წლის მანიფესტის განახლებული ვერსია.

ისევე, როგორც 1997 წლის მანიფესტში, ახლანდელშიც მთავარი მიმართულება არის ჯანდაცვა, განათლება და ბრძოლა დანაშაულთან. განსაკუთრებით ბევრი დაპირებაა NHS-ისთვის (ეროვნული ჯანდაცვის სისტემა) დაფინანსების გაზრდაზე, ისევე როგორც, სკოლის და ბაღის მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ბლერის ლეიბორისტების დაპირება, თავის დროს მინიმალური ხელფასის დაწესება იყო, რაც შესრულდა კიდეც. ახლა კი სტარმერი ბრიტანელებს მინიმალური ხელფასის იმგვარ რეგულირებას ჰპირდება, რომელიც თანხვედრაში იქნება რეალურ საცხოვრებელ ხელფასთან.

მანიფესტში ვიხილავთ მსგავს დაპირებებს ეკონომიკურ ზრდაზე, თანაბარ რედისტრიბუციაზე, მშრომელების უფლებების დაცვაზე, სამართლიანობაზე და თანასწორობაზე.

თუმცა, ცხადია არის ცვლილებებიც, რაც ერთი მხრივ დრომ მოიტანა, მეორე მხრივ კი სტარმერის პრაგმატიზმმა. თანაც, სტარმერის მთავარი საარჩევნო მესიჯიც ხომ ცვლილებაა. ამჯერად, ლეიბორისტები ბრიტანელებს ნაკლებ სახელმწიფო ხარჯვას და ამავდროულად მეტ სახელმწიფო ჩარევას ჰპირდებიან.

მაგალითისთვის, თუ ერთმანეთს შევადარებთ ლეიბორისტების 2024 წლის მანიფესტს და წინა ორი არჩევნების დროს გამოქვეყნებულ მანიფესტებს სახელმწიფოს ხარჯები ლამის ათჯერაა შემცირებული. ლეიბორისტები ამჯერად აქცენტს აკეთებენ არა ჭარბ ხარჯვაზე, არამედ გონიერ ხარჯვაზე და საკმაოდ დიდი შრომაა ჩადებული იმისთვის, რომ ლეიბორისტულ პარტიას ჩამოშორდეს ე.წ “tax and spend” იმიჯი. სტარმერმა არაერთ გამოსვლაში საჯარო პირობაც კი დადო, რომ თავისი პოლიტიკის გასატარებლად გადასახადებს არ გაზრდის. ამრიგად, მან გარკვეულწილად ბიზნეს სექტორის გულის მოგებაც შეძლო. თუ ბიზნეს სექტორი აქამდე უფრო მეტად კონსერვატორულ მთავრობას ემხრობოდა, მათი პრო-ბიზნეს პოლიტიკის გამო, ბრექსიტის და კოვიდ პანდემიის შემდეგ, აქცენტი და განწყობა უფრო მეტად პრაგმატიზმზე და სტაბილურობაზეა.

საინტერესოა, რომ სტარმერი და მისი ახალი ლეიბორისტული პარტია, გარკვეულწილად იზიარებს ბლერის ლეიბორისტების ხედვას, თუმცა, ამავდროულად ცდილობს მკვეთრად არ გადაიხაროს რომელიმე მიმართულებით, რათა რაც შეიძლება მეტი ამომრჩევლის გული მოიგოს.

მაგალითად, 2024 წლის მანიფესტი მოიაზრებს ეროვნული დოვლათის ფონდის შექმნას, რომლის მიზანი იქნება ე.წ საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება. მანიფესტიდან ვიგებთ, რომ ლეიბორისტები გეგმავენ სახელმწიფოს კუთვნილი ენერგო კომპანიის Great British Energy შექმნას, რომელიც მოახდენს ინვესტირებას მწვანე ენერგიაში. რაც მკვეთრად განსხვავდება ბლერის შეხედულებებისგან, რომელიც უფრო მეტად იხრებოდა კერძო კომპანიების წახალისებისკენ და მეტად სწამდა თავისუფალი ბაზრის. საგაერო პოლიტიკის მხრივ, დიდ სიურპრიზებს და ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. პარტიის მანიფესტის და სტარმერის განცხადებების შედეგად თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტარმერის მეთაურობით ბრიტანეთი ევროკავშირში დაბრუნებას არ აპირებს. ამასთანავე, პუტინის მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებების და უკრაინის მხარდაჭერის ფონზე, მოსალოდნელია რომ ლეიბორისტების მთავრობა უკრაინის დახმარებას კვლავ გააგრძელებს.

და მაინც, რა არის სტარმერიზმი?

ამ ყველაფრის ფონზე, რთულია დაზუსტებით ვილაპარაკოთ კირ სტარმერის პოლიტიკურ იდეოლოგიაზე. მისი პარტიიდან წამოსულ კრიტიკაზე, რომ მან სოციალისტურ ხედვას გადაუხვია, სტარმერი პასუხობს იმით, რომ ის პროგრესული სოციალისტია, რომელიც ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს ქვეყანას და მეორეზე პარტიას. კონსერვატორული პარტიის რეტორიკას, იმაზე, რომ სტარმერი და მისი პოლიტიკა მოსაწყენია, თავად პრაგმატიზმს და მომავალზე აქცენტს უპირისპირებს.

საბოლოო ჯამში, რამდენად შეძლებს სტარმერი თავისი დაპირებების პრაქტიკაში განხორციელებას და სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის და იდეოლოგიის ამომრჩევლის დამკაყოფილებას, ისევე როგორც, რამდენად მოსაწყენი თუ საინტერესო იქნება მისი პოლიტიკა ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, ფაქტია, რომ კონსერვატორების 14 წლიანი მმართველობით გამოწვეული ტურბულენტობის ფონზე ბრიტანელების ნაწილისთვის, დადგა მომენტი, როცა boring is good.