ავტორი: ვაჟა სოფრომაძე
დანაკარგების არაღიარებიდან ნაწილობრივ მობილიზაციამდე
2024 წლის მდგომარეობით უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციის დანაკარგი (დაჭრილი და გარდაცვლილი) 520 ათასს სამხედრო მოსამსახურეს გადასცდა, აქედან დაახლოებით 200 ათასი არის გარდაცვლილი. ანალოგიურ მონაცემებს ავრცელებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება. შედარებით დაბალ დანაკარგზე (315 ათასი ჯარისკაცი) საუბრობს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი. ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში სხვადასხვა ავტორიტეტული გამოცემა ამერიკული სადაზვერვო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კრემლმა უკრაინასთან ომში დაკარგა ომამდელი პირადი შემადგენლობის 90%–მდე. ასეთი დიდი დანაკარგების ფონზე კრემლს კონფლიქტის პირველი თვეებიდან დაუდგა დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზების საჭიროება. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ რა წყაროებიდან ახდენს მოსკოვი ადამიანური რესურსის მოზიდვას და შევაფასოთ ამ პროცესის თანმხლები სოციო–ეკონომიკური ასპექტები.
კონფლიქტის საწყისს ეტაპზე რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა დანაკარგების მასშტაბს. აღნიშნულის მიუხედავად 2022 წლის აპრილიდან კრემლმა დაიწყო ე.წ. ფარული მობილიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც თადარიგსა და რეზერვში მყოფ სამხედროებს მიუვიდათ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადების წერილები, სადაც მათ სთავაზობდნენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას გამოცხადებისთანავე. ყველაზე აქტიურად სამობილიზაციო ღონისძიებებს კრემლი ატარებდა მის მიერ კონტროლირებად დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. აღნიშნულ ტერიტორიებზე საყოველთაო მობილიზაცია ჯერ კიდევ 2022 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა. ამ შემთხვევაში მობილიზაციას ჰქონდა ბევრად უფრო მასშტაბური და აგრესიული ხასიათი, რადგან რუსეთს ოფიციალურად არ ჰქონდა არც აღიარებული და არც მიერთებული უკრაინის აღნიშნული ტერიტორიები და შესაბამისად იქ მცხოვრები ხალხი ვერ სარგებლობდა თუნდაც ფორმალური სამართლებრივი და სხვა ტიპის დაცვის მექანიზმებით. ლუგანსკი და დონეცკის ტერიტორიაზე ჩატარებული მობილიზაციის შედეგად გაიწვიეს 60 ათასზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი, მათი უდიდესი ნაწილი შესაბამისი მომზადების და ეკიპირების გარეშე პირდაპირ ჩართეს სამხედრო მოქმედებებში ისე, რომ მათ უმრავლესობას არ ჰქონდა გავლილი ელემენტარული სამხედრო მომზადება. ფარული მობილიზაციის პარალელურად, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ შექმნილი კერძო სამხედრო დაჯგუფების, ვაგნერის მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ჩართულობით დაიწყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების მობილიზაცია. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით 2022 წელს მხოლოდ პრიგოჟინმა 50-60 ათასზე მეტი მსჯავრდადებული გაიწვია უკრაინასთან ომში. ჯამში სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გაიწვიეს 150 ათასზე მეტი ადამიანი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მსჯავრდადებულებით დაკომპლექტებულმა შენაერთებმა განიცადეს ყველაზე მეტი დანაკარგი, რადგან კრემლი მათ იყენებდა ყველა რთული ოპერაციის შესასრულებლად.
ზემოთ ჩამოთვლილი ზომებიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი იმ დანაკარგის დასაბალანსებლად, რაც განიცადა რუსეთმა ომის პირველი 5 თვის განმავლობაში. მოსკოვი თვეების განმავლობაში ყველა დონეზე უარყოფდა საკუთარი დანაკარგების მასშტაბს, მათ შორის პრეზიდენტი პუტინი და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აცხადებდნენ, რომ არ არსებობდა მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა. ამის მიუხედავად, 2022 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჯამში 300 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო. მობილიზაციის გამოცხადებას რუსეთში საკმაოდ დიდი მღელვარება და ყველაზე მასშტაბური მიგრაციის ტალღა მოყვა, როდესაც სხვადასხვა წყაროების მიხედვით 800.000–დან 1.200.000–მდე რუსეთის მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. მობილიზაციამ განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედა დიდი ქალაქების მოსახლეობაზე. ფორმალურად მობილიზაციის აქტიური ფაზის დასრულების შესახებ იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ 2022 წლის ოქტომბერში გააკეთა განცხადება, მაგრამ შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტს არ გამოუცია. შესაბამისად, ფაქტობრივად და სამართლებრივად მობილიზაცია არ დასრულებულა, რაც არ აძლევს სამხედროებს კონტრაქტის დასრულების ან ვადაზე ადრე შეწყვეტის შესაძლებლობას.
მობილიზაციის ძირითადი ტვირთი განაწილდა რეგიონებზე და ნაკლებად შეეხო მსხვილ აგლომერაციებს. უფლებადამცველების ნაწილი ამახვილებდა ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მობილიზაცია განსაკუთრებით მასშტაბურად შეეხო რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. ნაწილობრივი მობილიზაციის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, 2022 წლის 1 ნოემბერს პრეზიდენტმა პუტინმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს, მობილიზებული სამხედრო მოსამსახურე გაეთანაბრებინა კონტრაქტით მომსახურე სამხედროსთან და დაეწესებინა მინიმალური ყოველთვიური ხელფასი 195 ათასი რუბლი (დაახლოებით 2 100 აშშ დოლარი). ამავე ეტაპზე, ფედერალურმა მთავრობამ ფინანსური ტვირთის ნაწილი ფედერაციის სუბიექტებზე გადაანაწილა, სადაც დაწესდა ერთჯერადი ფინანსური კომპენსაცია. ზოგ რეგიონში კომპენსაცია შეადგენდა 50 ათას რუბლს, ხოლო ცენტრალურ რეგიონებსა და დიდ ქალაქებში 300 ათასს რუსულ რუბლს აღემატებოდა. რუსეთის გენერალური შტაბის მონაცემებით, მობილიზაციის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალები 300 ათასი ადამიანით შეივსო. სხვადასხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რეალური ციფრი ნახევარ მილიონს ცდება.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრიერიში წარმატებით ვერ განხორციელდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები 2023 წლის განმავლობაში მაინც დიდ ადამიანურ დანაკარგს განიცდიდნენ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, გასულ წელს რუსეთის დანაკარგი 2022 წლის მონაცემებსაც კი აღემატებოდა. ამ დანაკარგების ფონზე, რასაც განიცდიდა რუსეთი 2023 წლის განმავლობაში, წინა წელს მობილიზებული ადამიანური რესურსიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მასშტაბური შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად. ასევე, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამობილიზაციო რესურსი ფაქტობრივად ამოიწურა. პრიგოჟინის ლიკვიდაციის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები აგრძელებენ რეიდებს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მაგრამ ციხეებშიც კი იკლო უკრაინაში საომრად წამსვლელი პატიმრების რიცხვმა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ 2023 წლის განმავლობაში არსებობდა რაციონალური ვარაუდი, რომ კრემლი მობილიზაციის კიდევ ერთ მასშტაბურ ფაზას დაიწყებდა, მაგრამ მოსკოვმა გაითვალისწინა პირველი მობილიზაციის პროცესში დაშვებული შეცდომები და საზოგადოებრივი მღელვარებისა და მიგრაციის კიდევ ერთი ტალღის თავიდან არიდების მიზნით, ის უფრო წერტილოვანი და კომპლექსური ინსტრუმენტების გამოყენებით შეეცადა შეევსო ადამიანური დანაკარგი.
2023 წლის დეკემბერში პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა 486 ათასმა ადამიანმა. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ეს მონაცემები მანიპულირებულია, რადგან რეალურად ეს თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი შემდეგი ჯგუფებისგან შედგება:
1. თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების ანექსიის შემდეგ დაახლოებით 150 ათასი სამხედრო გადავიდა პირდაპირ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში და ცხადია მათმა უმრავლესობამ კონტრაქტს ხელი მოაწერა;
2. დაახლოებით 100 ათასი ახალწვეული გაზაფხულის და შემოდგომის გაწვევების პროცესში აფორმებს პროფესიულ კონტრაქტს;
3. ამას ემატება კიდევ 100 ათასი ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომას გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ გააფორმა კონტრაქტი.
4. ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციის შემდეგ ყველა კერძო სამხედრო კომპანია და მათ შორის ვაგნერიც გადავიდა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში (დაახლოებით 50–60 ათასი ადამიანი).
5. დაახლოებით 80–90 ათასი მოხალისე, რომელმაც საკუთარი სურვილით მოაწერა ხელი კონტრაქტს.
მობილიზაციის მეთოდები ომის მესამე წელს
დღესდღეობით კრემლი უკრაინაში საომრად დამატებითი ადამიანური რესურსის აკუმულირებას ახდენს რამდენიმე ძირითადი წყაროდან. პირველ რიგში კრემლი აქტიურად იყენებს ახალწვეულების რესურს. კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ომის პირველივე დღიდან ირწმუნებოდა, რომ ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში, თუმცა საჯაროდ დადასტურდა საპირისპირო ფაქტები, რამაც ასევე მნიშვნელოვანი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.
2023 წლის აპრილამდე არსებული ფედერალური კანონმდებლობის მიხედვით, ახალწვეულს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის მხოლოდ მესამე თვიდან შეეძლო კონტრაქტის გაფორმება. დღევანდელი მდგომარეობით ახალწვეულს ერთი თვის შემდეგ შეუძლია გააფორმოს პროფესიული კონტრაქტი, რაც ავტომატურად შესაძლებელს ხდის მის უკრაინაში გაგზავნას. არსებული პრაქტიკით, ახალწვეულებს აქტიურად მოუწოდებენ პირველივე დღიდან გააფორმონ კონტრაქტი. რუსულ მედიაში გავრცელდა არაერთი ისტორია, თუ როგორ აიძულებენ მათ დაშინებითა და ძალადობით კონტრაქტზე ხელმოწერას. ადამიანური რესურსის მოზიდვის კიდევ ერთი წყარო არის მიგრანტები. 2023 წლის მაისში პუტინმა შეცვალა კანონი რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ და ახალი რედაქციის მიხედვით, 1 წლიანი სამხედრო კონტრაქტის დადების შემდეგ ინდივიდს შეუძლია გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღება. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდი, რომელმაც ნებისმიერი წესით მიიღო მოქალაქეობა ვალდებულია დადგეს სამხედრო აღრიცხვაზე. კრემლი აქტიურად იყენებს აღნიშნულ საკანონმდებლო რეგულაციას და პერიოდულად დიდ ქალაქებში ატარებს მასშტაბურ რეიდებს იმ ადგილებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ მიგრანტები (მათ ნაწილს აქვს რუსეთის მოქალაქეობა). მათ აკავებენ და გადაჰყავთ სამხედრო კომისარიატებში მონაცემების გადასამოწმებლად, სადაც მათ უკვე სხვადასხვა ზომებით, მათ შორის დაშინებით, აიძულებენ კონტრაქტის გაფორმებას.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კრემლს გააზრებული აქვს საკუთარი მოქალაქეების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ ომზე და ის ცდილობს ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ მოახდინოს დამატებითი ადამიანური რესურსის მოზიდვა. აღნიშნული ფინანსური მოტივაცია შედგება ორი ელემენტისგან:
1. ხელფასი რომელიც ბოლო მონაცემებით შეადგენს 250 ათასს რუბლს (2 600 დოლარს), რაც ქვეყანაში საშუალო ხელფასზე დაახლოებით 4 ჯერ უფრო მეტია;
2. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია, რომელსაც გასცემს თავდაცვის სამინისტრო ნახევარი მილიონი რუბლის სახით (დაახლოებით 5 000 დოლარი). აღნიშნულს ემატება კონკრეტული ფედერაციის სუბიექტის დანამატი, რომელიც თვიდან-თვემდე საკმაოდ სწრაფად იზრდება. 2024 წლის გაზაფხულის მონაცემებით რეგიონების დანამატი საშუალოდ 500 ათას რუბლს შეადგენდა (6 000 დოლარი). ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგიონები ყოველკვირეულად ზრდიან საკუთარ დანამატს. დღევანდელი მდგომარეობით რეგიონების ნაწილის დანამატი შეადგენს 1.5 მილიონ რუბლს (18 000 დოლარი)
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სოლიდური კომპენსაციის მიუხედავად, სხვადასხვა წყაროს თანახმად კრემლი კვლავ განიცდის ცოცხალი ძალის ნაკლებობას და აქტიურად მოუწოდებს რეგიონების მეთაურებს გააძლიერონ ძალისხმევა დამატებითი ადამიანური რესურსის მოსაზიდად.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აღნიშნული ზომები გათვლილია კონკრეტული სოციალურ- ეკონომიკური კლასის წარმომადგენლებზე. ეს არის ღარიბი, ეკონომიკურად დეპრესიული რეგიონების მაცხოვრებელი, რომელსაც არ გააჩნია რეალური სოციალური პერსპექტივა და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაცია შესაძლოა აღემატებოდეს მის რამდენიმე წლის შემოსავალს. ამასთან, ზემოთნახსენები მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთში სულ უფრო ნაკლები მსურველია გარისკოს საკუთარი სიცოცხლით და ჩაერთოს კრემლის ომში უკრაინის წინააღმდეგ. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პროპაგანდა 24 საათიან რეჟიმში ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნას ეგზისტენციალური საფრთხის შიში და მათ ხელთ არსებული ყველა საინფორმაციო მანიპულაციური ინსტრუმენტით დაარწმუნონ ხალხი ამ დანაშაულებრივი ომის მნიშვნელობასა და საჭიროებაში, რეალურად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადაღლილი და დაბნეულია შექმნილი ვითარებით, რასაც ბოლო პერიოდში ჩატარებული არაერთი სოციალური გამოკითხვა ადასტურებს.
შეჯამება
უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ომის დაწყებიდან ორწლინახევრის თავზე კრემლი საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირული წინააღმდეგობის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია რუსეთის ომამდელი რეგულარული ჯარი. სხვადასხვა ფარული და ნაწილობრივი სამობილიზაციო ღონისძიებების ჩატარების შედეგად მოსკოვმა შეძლო მხოლოდ ნაწილობრივ დაებალანსებინა მიღებული ზიანი. დღევანდელ ვითარებაში რუსეთს არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ რაიმე ტიპის მასშტაბური შეტევა განახორციელოს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის ოპერაციამ კურსკის ოლქში თვალსაჩინო გახადა კრემლის რეზერვების სიმცირე და მობილიზაციის პროცესის ჩავარდნა. აგრეთვე, მოსკოვი ადამიანური რესურსის უკმარისობას განიცდის არა მხოლოდ ფრონტის წინა ხაზზე, არამედ რუსეთში კვალიფიციური შრომითი რესურსების დეფიციტია. ადრე თუ გვიან, მოსკოვისთვის ნათელი გახდება ის, რომ გაზრდილი ფინანსური კომპენსაცია არ უქმნის საკმარის მოტივაციას საკუთარ მოქალაქეებს და შესაბამისად მოსალოდნელია არსებული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება. სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად, ომის აქტიურ ფაზის გასაგრძელებლად საჭირო ადამიანური რესურსის ნაკლებობამ შესაძლოა კრემლს უბიძგოს სამშვიდობო შეთანხმებისკენ. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, უკრაინის წინააღმდეგ ომმა რუსეთის დემოგრაფიას სერიოზული ზიანი მიაყენა, რაც სამომავლოდ ნეგატიურად აისახება კრემლის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალზე.