ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
მთავრობის დაშლა
5 მაისს რუმინეთის კოალიციური მთავრობა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის – PSD“ და „რუმინელთა ერთობის ალიანსის – AUR“ მიერ უნდობლობის გამოცხადების შედეგად დაიშალა.
ილიე ბოლოჟანის კაბინეტი, რომელიც „ეროვნულ-ლიბერალური პარტიისგან – PNL”, „რუმინეთის გადარჩენის კავშირისგან – USR”, „რუმინეთის უნგრელთა დემოკრატიული კავშირისგან – UDMR/RMDSZ“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან – PSD” შედგებოდა, 2025 წლის 23 ივნისს დამტკიცდა.
ბოლოჟანის კაბინეტის დამტკიცების კონტექსტი
რუმინეთში 2024 წლის 24 ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა ულტრანაციონალისტმა კალინ ჯორჯესკუმ მოიპოვა. „მესამე მხარის მიერ“ წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებისა და არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო და კალინ ჯორჯესკუს ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.
2024 წლის ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევების შედეგების გაუქმების შემდეგ, 2025 წლის 4 მაისს მორიგი არჩევნები გაიმართა, რომლის პირველ ტურშიც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკოსმა ჯორჯე სიმიონმა მიიღო.
გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი კოალიციის (“PSD” + “PNL”) მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა, “PSD-მ” გაერთიანება დატოვა და პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩოლაკუ თანამდებობიდან გადადგა. მარსელ ჩოლაკუს გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კატალინ პრედოიუ (“PNL”) დაინიშნა.
18 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც გამარჯვება პროევროპელმა ნიკუშორ დანიმ მოიპოვა. რუმინეთის მომავალი მთავრობის შემადგენლობა სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე იყო დამოკიდებული.
რუმინეთის კონსტიტუციის მიხედვით, თუ პარლამენტი 60 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობისა და კაბინეტის შემადგენლობის ორ შემოთავაზებულ ვარიანტს უარყოფს, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს დაშლილად აცხადებს და 90 დღის ვადაში საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს.
პოლიტიკურ პარტიებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, ივნისში ნიკუშორ დანიმ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ილიე ბოლოჟანი (“PNL”) წარადგინა. პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ბოლოჟანი პრემიერ-მინისტრად ინიშნებოდა იმ პირობით, რომ ის აღნიშნულ თანამდებობას 2027 წელს დატოვებდა და მის ადგილს „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი დაიკავებდა.
ბოლოჟანის მთავრობის მთავარი გამოწვევა
2025 წლის ივნისში დამტკიცებული ადმინისტრაციის მთავარ გამოწვევას ევროპის კავშირში ყველაზე მაღალი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება წარმოადგენდა. ახალ მთავრობას უნდა მოეხერხებინა საკრედიტო რეიტინგის შემდგომი დაქვეითების თავიდან აცილება და ევროპის კავშირის აღდგენის ფონდებიდან დაახლოებით 10 მილიარდი ევროს მიღების უზრუნველყოფა. ვითარებას ართულებდა ისიც, რომ ნიკუშორ დანიმ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პირობა დადო, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადს არ გაზრდიდა, თუმცა ევროკომისიისა და წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების („Fitch“ და „S&P“) შეფასებით, დეფიციტის ევროპის კავშირის მიერ დადგენილ 3%-იან ზღვრამდე შესამცირებლად, რუმინეთს გადასახადები უნდა გაეზარდა.
სახელმწიფოს ფისკალური კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, ილიე ბოლოჟანის კაბინეტი იძულებული გახდა, მიეღო მკაცრი გადაწყვეტილებები, რაც დღგ-ს სტანდარტული განაკვეთისა და აქციზის გადასახადის (საწვავზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე) გაზრდას, ასევე სახელმწიფო პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების ხელფასების გაყინვას გულისხმობდა. ამასთანავე, დაიგეგმა სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაცია – მათი შერწყმა, დახურვა და საფონდო ბირჟებზე სტრატეგიული აქტივების ნაწილობრივი განთავსება, რასაც თან დაერთო განათლების, კულტურისა და სოციალური სფეროს ხარჯების მკვეთრი შემცირება.
გადასახადების ზრდისა და ხარჯების შეკვეცის პარალელურად, რუმინული ლეი ევროსთან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა, რამაც ქვეყანაში ინფლაციის დონის კიდევ უფრო მეტად გაზრდა გამოიწვია. მიუხედავად გატარებული ზომებისა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი კვლავ დაქვეითებულია და საფრთხის ქვეშაა ევროპის კავშირის დაფინანსების კრიტერიუმების შესრულებაც. საბოლოო ჯამში, ბოლოჟანის მთავრობის მიერ გატარებულმა ამ უკიდურესად მკაცრმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, 2025 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში, ქვეყანაში საზოგადოებრივი პროტესტი და პოლიტიკურ პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია.
რატომ დაიშალა?
მმართველი კოალიციის დაშლა და ილიე ბოლოჟნის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება რამდენიმე ძირითადმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ფაქტორმა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ „PSD“ კოალიციის წევრი იყო და საწყის ეტაპზე პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებულ მკაცრ ეკონომიკურ ზომებს მხარს უჭერდა, უკანასკნელ პერიოდში მათ ფისკალური რეფორმებისგან დისტანცირება და მათი მასშტაბების შეზღუდვა დაიწყეს. გეგმის მიხედვით, ბოლოჟანს ქვეყნისთვის 2027 წლამდე უნდა ეხელმძღვანელა, შემდეგ კი ძალაუფლება როტაციის პრინციპით „PSD-სთვის“ გადაებარებინა, თუმცა, დიდი ალბათობით, „სოციალ-დემოკრატებმა“ ივარაუდეს, რომ იმ მთავრობაში დარჩენა, რომელიც იძულებული იქნებოდა არაპოპულარული საგადასახადო ზომები გაეტარებინა, მათ სამომავლო საარჩევნო შანსებს გაანადგურებდა.
მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებით „PSD-მ“ არსებულ ეკონომიკურ სირთულეებზე პასუხისმგებლობას თავი აარიდა და მასში მმართველი კოალიციის დანარჩენი წევრები – „PNL“ და „USR“ დაადანაშაულა.
ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ულტრანაციონალისტური „რუმინელთა ერთობის ალიანსის – AUR“ ფაქტორმაც, რომლის რეიტინგიც ბოლოჟანის საწინააღმდეგო რადიკალური რიტორიკის ფონზე საგრძნობლად გაიზარდა.
ევროსკეპტიკური პარტია „AUR-ის“ ლიდერი ჯორჯე სიმიონი ბრიუსელისადმი რუმინეთის „მორჩილებას“ გმობს და მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკური კურსის მომხრეა. პარტიის უმთავრეს მიზანს რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანება და ქვეყნისთვის ბესარაბიის ისტორიული რეგიონის შემოერთება წარმოადგენს. მეზობელი სახელმწიფოების მიმართ გამოთქმული ტერიტორიული პრეტენზიების გამო, სიმიონი უკრაინასა და მოლდოვაში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. რაც შეეხება მის პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რუსეთის აგრესიას ღიად არ გმობს, ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და ამ უკანასკნელის ტერიტორიულ მთლიანობას „მოლაპარაკებების საკითხად“ მიიჩნევს.
იმის შიშით, რომ „AUR“ მათ საშუალო კლასის ამომრჩეველს წაართმევდა, 2026 წლის გაზაფხულზე „PSD-მ” და ოპოზიციაში მყოფმა ულტრამემარჯვენე ჯორჯე სიმიონის პარტია „AUR-მ“ საერთო ენა გამონახეს და პრემიერს უნდობლობა გამოუცხადეს. ოფიციალურ მიზეზად კი ბოლოჟანის მიერ „მოსახლეობის გაღატაკება“ და „სახელმწიფო აქტივების თაღლითურად გაყიდვა“ დაასახელეს. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა (ლეი) და ინფლაციის მზარდი დონე „სოციალ-დემოკრატებმა“ იმ ნარატივის გასამყარებლად გამოიყენეს, რომლის მიხედვითაც, პრემიერის მკაცრი „ტექნოკრატიული“ რეფორმები რიგით რუმინელებს სჯიდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოჟანის მიერ გატარებული ზომები პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა პატრონაჟის იმ ქსელსა და ინსტიტუციურ ბერკეტებს, რომლებიც ათწლეულებია „სოც-დემოკრატების“ პარტიული აპარატის მუშაობას უზრუნველყოფენ. ამრიგად, „PSD-ს“ მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება არა ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ, არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტმა განაპირობა.
რა მოხდება?
რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანიმ ილიე ბოლოჟნის მთავრობის უნდობლობის ვოტუმის შედეგად დაშლას „არასასიამოვნო“ ფაქტი უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი დემოკრატიის პირობებში პარლამენტის ლეგიტიმური უფლებაა. ამ ეტაპზე ილიე ბოლოჟანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩება, პრეზიდენტი კი სტაბილურობის გარანტის როლს ითავსებს, რათა თავიდან აიცილოს ქვეყნის პოლიტიკური ქაოსი და ეკონომიკური კოლაფსი.
ნიკუშორ დანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის, ასევე ულტრამემარჯვენე „AUR-ის“ რეიტინგის ზრდის ფონზე, ეს კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას მოიტანს ქვეყნისთვის.
ამჟამად პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს და დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი, უახლოეს დღეებში დასახელდება. პრეზიდენტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე დროში წარადგინოს ფიგურა, რომელიც მყარ კოალიციას შექმნის და ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში სარეიტინგო სააგენტოების მორიგი შემოწმებაა ჩანიშნული, რის გამოც ქვეყანას ქმედითი და რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობის უმოკლეს ვადაში დამტკიცება სჭირდება. გარდა ამისა, ახლოვდება იმ რეფორმისტული კანონების მიღების ბოლო ვადაც, რომლებიც ევროკავშირის ფონდებიდან 10 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ფინანსური დახმარების განსაბლოკადაა აუცილებელი. დროებითი მთავრობის პირობებში კი ახალი კანონმდებლობის ინიცირება, ან საგანგებო განკარგულებების გაცემა შეუძლებელია.
„ეროვნულ-ლიბერალური პარტია – PNL” და „რუმინეთის გადარჩენის კავშირი – USR” „PSD-სთან“ თანამშრომლობას გამორიცხავენ. თავად „PSD“, როგორც ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება, მოითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მათი კანდიდატი იყოს წარდგენილი. დიდი ალბათობით, აღნიშნული პარტია არც ერთი სხვა პოლიტიკური გაერთიანების კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, ფისკალურ რეფორმებთან დაკავშირებული „მერყევი“ პოზიციის გამო, თავად პრეზიდენტის ინტერესშიც არ შედის ხელისუფლების სათავეში „PSD-ს“ მოსვლა.
პარტიებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, მაღალია დანის მიერ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური, უპარტიო ფიგურის წარდგენისა და ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა. პრეზიდენტის განცხადებით, მას უკვე ჰყავს მხედველობაში ტექნოკრატი კანდიდატები, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.
ამრიგად, რუმინეთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დგას – ქვეყანამ უმოკლეს დროში უნდა მოახერხოს პროევროპული, ქმედითუნარიანი კაბინეტის დამტკიცება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შექმნილი პოლიტიკური ვაკუუმი ულტრამემარჯვენე ძალებს (ჯორჯე სიმიონის „AUR”) ხელისუფლების სათავეში მოსვლისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვის რეალურ შანსს მისცემს. ილიე ბოლოჟანის მთავრობის დაშლის შემდეგ შექმნილი კრიზისის ფონზე, აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავებას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ ამჟამად არცერთ მეინსტრიმულ პარტიას არ სურს, საკუთარ თავზე აიღოს იმ მძიმე ეკონომიკური რეფორმების პოლიტიკური ფასი, რომელთა განხორციელებაც მომავალ კაბინეტს მოუწევს.
