ავტორი: ხატია დავლიანიძე
4 მაისს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ულტრამემარჯვენე ჯორჯე სიმიონმა მოიპოვა.
გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი კოალიციის კანდიდატმა, კრინ ანტონესკუმ მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა, პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩოლაკუმ თანამდებობა დატოვა.
რა ხდებოდა რუმინეთში 4 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე?
საპრეზიდენტო არჩევნების 4 მაისს ჩატარების გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო გასული წლის 24 ნოემბერს ჩატრებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნო.
კენჭისყრის დღემდე ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ კანდიდატი – ელენა ლასკონი, „სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანების“ კანდიდატი – მარსელ ჩოლაკუ და „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ ლიდერი – ჯორჯე სიმიონი ლიდერობდნენ, თუმცა არჩევნებში, ყველასთვის მოულოდნელად, ხმების უმრავლესობა, ულტრანაციონალისტმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ მოიპოვა.
პარტიული სტრუქტურისა და ფინანსური რესურსების არარსებობის პირობებში კალინ ჯორჯესკუს მიერ მოპოვებულმა მხარდაჭერის მასშტაბმა რუმინეთის დაზვერვის სამსახურის ყურადღება მიიპყრო. მისი ციფრული აქტივობის, მათ შორის TIkTok-ზე წარმოებული კამპანიების, შესწავლის შედეგად, სადაზვერვო სამსახურმა და ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურას რუსეთთან დაკავშირებული ქსელი ფარულად უჭერდნენ მხარს და მისი წინასაარჩევნო კამპანია „მესამე მხარის მიერ“ უკანონოდ იყო დაფინანსებული.
გარდა იმისა, რომ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბრის არჩევნების შედეგები ბათილად ცნო, კალინ ჯორჯესკუს ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.
გასული წლის დეკემბერში დამოუკიდებელმა რუმინულმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის სააგენტო SNOOP-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში TikTok-ზე წარმოებულ კამპანიებს, რომელმაც საბოლოო ჯამში ჯორჯესკუს პოპულარობის ზრდა გამოიწვია, „სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანებისთვის“ ხმების წართმევის მიზნით „ეროვნულ-ლიბერალური პარტია“ აფინანსებდა. აღნიშნული ინფორმაცია სამთავრობო წყაროებისა და უწყებების მიერ არ დადასტურებულა.
რუსეთის ფედერაცია 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატის სასარგებლოდ ჩართულობას უარყოფს, თუმცა რუსეთის მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებში ჩარევის არაერთი მაგალითი არსებობს.
აღსანიშნავია, რომ რუმინული საინფორმაციო სააგენტო G4media-ს ინფორმაციით, 4 მაისს – საპრეზიდენტო არჩევნების დღეს რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა კიბერშეტევა განახორციელა სამთავრობო პორტალზე, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტობის კანდიდატების, მათ შორის რუმინეთის მმართველი პარტიების მიერ მხარდაჭერილი კრინ ანტონესკუსა და ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანის, ვებ-გვერდებზე.
რა მისწრაფებები აქვთ კალინ ჯორჯესკუს და ჯორჯე სიმიონს?
4 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯორჯე სიმიონი ულტრამემარჯვენე პარტიის – „ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერია.
2019 წელს შექმნილი პოლიტიკური გაერთიანების გაცხადებული მიზანი რუმინეთის მოლდოვასთან გაერთიანება, ასევე ქვეყნისთვის ბესარაბიის ისტორიული რეგიონის შემოერთებაა. მეზობელი სახელმწიფოების მიმართ გამოთქმული ტერიტორიული პრეტენზიების გამო ჯორჯე სიმიონი უკრაინასა და მოლდოვაში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული.
„ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის“, რუმინეთის ნატოსა და ევროპის კავშირში წევრობის პარალელურად, მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკური კურსის მომხრეა.
ჯორჯე სიმიონი ღიად აკრიტიკებს რუმინეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ბრიუსელისა და ვაშინგტონისადმი „მორჩილების“ გამო. მან ამომრჩეველს ევროპის კავშირის ბიუჯეტში რუმინეთის შენატანებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვასა და ბრიუსელისგან „კონტროლის დაბრუნების“ პირობა მისცა.
რუსეთ-უკრაინის ომში რუმინეთის მიერ „ნეიტრალური“ პოზიციის დაკავების მომხრეა. რუსეთის აგრესიას ღიად არ გმობს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას „მოლაპარაკებების საკითხად“ მიიჩნევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზე ჯორჯე სიმიონის პარტიამ საპარლამენტო მანდატები მოიპოვა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ულტრამემარჯვენე შეხედულებების მქონე აგრონომი, კალინ ჯორჯესკუ წარადგინა. ამ უკანასკნელმა პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო და ცოტა ხანში „ალიანსს რუმინელთა გაერთიანებისთვის“ იდეოლოგიური განსხვავებების გამო სრულად ჩამოშორდა.
ჯორჯესკუმ რუმინელთა გულის მოგება ქრისტიანობის როლზე, ეროვნულ იდენტობაზე, ოჯახურ ღირებულებებსა და ტრადიციებზე საუბრით შეძლო. ის ჯორჯე სიმიონისგან განსხვავებით ვლადიმერ პუტინის მიმართ ღიად გამოხატავს აღტაცებას და დასავლეთზე საუბრისას გაცილებით უფრო ხისტია. უკრაინას „გამოგონილ“ სახელმწიფოს უწოდებს და მისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრეა. ჩრდილოეთ ბუკოვინასა და სამხრეთ ბესარაბიას, რომელიც უკრაინის შემადგენლობაშია, „რუმინულ მიწებს“ უწოდებს.
ეს უკანასკნელი ღიად უჭერს მხარს ნატოსა და ევროპის კავშირზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვას და რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. გარდა ამისა, ემხრობა ეკონომიკის ნაციონალიზაციას, რუმინული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებას, იმპორტის შემცირებასა და რუმინეთის ეკონომიკურ თვითკმარობას.
რა მოხდება?
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 18 მაისს გაიმართება, ერთმანეთს ჯორჯე სიმიონი და ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი დაუპირისპირდებიან. ეს არის რუმინეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანების, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.
სიმიონისა და დანის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება ცხადყოფს, რომ რუმინელებს არსებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ უნდობლობა გააჩნიათ.
1989 წელს ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური ხელისუფლების დამხობის შემდეგ, რუმინეთის პოლიტიკაში ორი პოლიტიკური გაერთიანება დომინირებს – „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ და „ეროვნულ-ლიბერალური პოლიტიკური გაერთიანება“. ტრადიციულმა პოლიტიკურმა პარტიებმა წლების განმავლობაში ვერ შეძლეს სიღარიბისა და სისტემური კორუფციის აღმოფხვრა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ინფლაციის დონით და ბიუჯეტის დეფიციტით პირველ ადგილზეა ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. სახელმწიფო ვალის ოდენობა ფაქტობრივად მშპ-ს 50%-ს შეადგენს. გარდა ამისა, რუმინეთი EU-ს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სამეულშია.
მეინსტრიმული პოლიტიკური ელიტის მიმართ რუმინელთა უნდობლობა დროთა განმავლობაში გაიზარდა. თუ 2020 არჩევნების შედეგად, საპარლამენტო მანდატების მოპოვება მხოლოდ ერთმა ულტრამემარჯვენე პარტიამ შეძლო, 2024 წლის დეკემბრის არჩევნებზე სამმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ ჯამში მანდატების 35% მიიღეს.
მარსელ ჩოლაკუს გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კატალინ პრედოიუ დაინიშნა. რუმინეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა 18 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული.
რუმინეთის კონსტიტუციის თანახმად, თუ საკანონმდებლო ორგანო 60 დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრობისა და კაბინეტის შემადგენლობის ორ შემოთავაზებულ ვარიანტს უარყოფს, პრეზიდენტი პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო ჯგუფების ლიდერებთან კონსულტაციის საფუძველზე საკანონმდებლო ორგანოს დაშლილად აცხადებს და 3 თვის ვადაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს.
ჯორჯე სიმიონმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კალინ ჯორჯესკუს წარადგენს. საეჭვოა, რომ მას პარლამენტმა მხარი დაუჭიროს, შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯორჯე სიმიონის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა, დიდი ალბათობით, მწვავე პოლიტიკურ კრიზისამდე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივა.
ნიკუშორ დანის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ის პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს, ყველასთვის მისაღებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს და დიდი ალბათობით, ცენტრისტული კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება. ქვეყანა პროევროპულ კურსს შეინარჩუნებს და დასავლურ ალიანსებთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. ჯორჯე სიმიონის პრეზიდენტობის შემთხვევაში კი ევროპის პოპულისტი და ულტრანაციონალისტი ლიდერების კლუბს კიდევ ერთი წევრი შეემატება.