საქართველო ნატოს გენერალური მდივნის 2025 წლის ანგარიშში: შეჩერებული ასპირანტი და სტრატეგიულ გაურკვევლობაში მყოფი პარტნიორი

საქართველო ნატოს გენერალური მდივნის 2025 წლის ანგარიშში: შეჩერებული ასპირანტი და სტრატეგიულ გაურკვევლობაში მყოფი პარტნიორი

ავტორი: ნატა ქორიძე, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი

ანგარიშის ძირითადი თემები და პრიორიტეტები

ნატოს გენერალური მდივნის 2025 წლის ანგარიში ცხადჰყოფს, რომ ალიანსი ძირითადად ორიენტირებულია უშუალო  საფრთხეების მართვაზე და არა გაფართოების პოლიტიკაზე.

დოკუმენტი ასახავს ნატოს ადაპტაციას უფრო სახიფათო საერთაშორისო გარემოსთან, რომელიც ფორმირდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა და გეოპოლიტიკური კონკურენციის გამწვავების ფონზე. დოკუმენტის მიხედვით, ძირითად საფრთხეებს წარმოადგენს რუსეთი, ჩინეთი და ტერორიზმი. ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე. საერთო გზავნილი უფრო კონსოლიდაციისკენ არის მიმართული და არა გაფართოებისკენ.

ანგარიშიდან რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი იკვეთება. პირველ რიგში, ნატო პრიორიტეტს ანიჭებს სამხედრო მზადყოფნასა და შეკავებას თავდაცვითი ინვესტიციების ზრდისა და ძალების ადაპტაციის გზით. მეორე, უკრაინისადმი  უწყვეტი მხარდაჭერა კვლავ რჩება ალიანსის პოლიტიკური და სტრატეგიული დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად. მესამე, ანგარიში უსვამს ხაზს ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ მედეგობასა და თავდაცვითი ინდუსტრიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობები კვლავ მნიშვნელოვანია, ისინი სულ უფრო მეტად განიხილება ფუნქციური უსაფრთხოების ჭრილში და არა იმ გაფართოების ჩარჩოში, რომელიც ნატოს პოლიტიკას წინა ათწლეულებში ახასიათებდა.

საქართველო ანგარიშში

ამ ჩარჩოში საქართველო წარმოდგენილია როგორც პარტნიორი, რომლის თანამშრომლობა ნატოსთან გრძელდება, თუმცა რომლის პოლიტიკური ტრაექტორია ბოლო წლებში ურთიერთობას ართულებს.

აღნიშნული გამოვლინდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ნატოს ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული ფორმულირებების გაუარესებით და ბოლო სამიტების დეკლარაციებში საქართველოს შესახებ ჩანაწერის თითქმის სრული არარსებობით.

ასევე ქართველი ოფიციალური პირების რიტორიკიდან პრაქტიკულად გაქრა ნატოში ინტეგრაციაზე მინიშნებები და შემცირდა თანამშრომლობა. აღნიშნული  მოიცავს ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრების სიხშირის შემცირებას.

თუ ადრე ამ ფორმატში წელიწადში საშუალოდ 20–25 შეხვედრა იმართებოდა, ბოლო წლებში მათი რაოდენობა წლიურად ამ რიცხვის ნახევარზე ნაკლებამდე შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ადრე თავად იღებდა ვალდებულებას დაეკმაყოფილებინა ნატოს მიერ განსაზღვრული მიზანი — თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ის დახარჯვა — 2020–2024 წლებში ის ამ ზღვარს ჩამოსცდა და მნიშვნელოვნად ნაკლებს ხარჯავს (2024 წელს მშპ-ის 1.9%, ხოლო 2023 წელს 1.68%), ვიდრე მისი მეზობლები — სომხეთი (2024 წელს 5.5%) და აზერბაიჯანი (2024 წელს მშპ-ის 5%), მიუხედავად რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის მზარდი არასტაბილურობისა.

ნატოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიში აღნიშნავს, რომ 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების შემდეგ  ნატომ შეცვალა საქართველოსთან ჩართულობის მასშტაბი და ფოკუსი, თუმცა შეინარჩუნა პრაქტიკული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

ანგარიში კონკრეტულად აღნიშნავს, რომ მოკავშირეებმა „გადახედეს ნატოს ჩართულობას საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მათი შემდგომი მოვლენების ფონზე. შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ზოგიერთი ელემენტის პრიორიტეტი შეიცვალა (“re-prioritized“), მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გარკვეული ასპექტები.“

აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებას, არამედ საქართველოს მომზადებას ნატოში გაწევრიანებისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად.

ინტეგრაციის კიდევ ორმა ინსტრუმენტმა, ნატო-საქართველოს კომისიამ და წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ, როგორც ჩანს, ასევე დაკარგა დინამიზმი.

ნატოს ოფიციალური კომუნიკაციების და ქართული ანგარიშგების მიმოხილვა მიუთითებს, რომ 2024 ან 2025 წლებში ნატო-საქართველოს კომისიის მაღალი დონის არც ერთი შეხვედრა საჯაროდ არ დაფიქსირებულა და ოფიციალური შეხვედრების რაოდენობაც მკვეთრად შემცირდა.

გარდა ამისა, ალიანსმა 2025 წელს არ შეიმუშავა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, იგი ადრე მიიჩნეოდა მეტად წარმატებულ და ეფექტიან ინსტრუმენტად, რომლის ფარგლებში წინა წლებში საქართველო მასპინძლობდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციას შესაბამისი გამოცდილების გასაზიარებლად მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნებისათვის.

ნატო-საქართველოს ურთიერთობების სტაგნაციის ფონზე, პაკეტის პრიორიტეტის შეცვლა, დიდი ალბათობით, გულისხმობს მასში შემავალი ინიციატივების (მიმართულებების) დაკნინებას ან შემცირებას.

ინფორმაცია პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის; თუმცა, სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივის მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ გავლენას ახდენს  საქართველოს ხელისუფლების შიდა პოლიტიკა და პოლიტიკური დისკურსი ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის შემცირებაზე.

პაკეტის ძირითადი გუნდის (Core Team) ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა, ჯერ კიდევ 2024 წელს დაადასტურა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივის ერთ-ერთმა წამყვანმა ქვეყანამ, შეაჩერა აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერა. ეს პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ ინიციატივის ფარგლებში ერთობლივი აქტივობები აღარ განხორციელდებოდა. მან ასევე განაცხადა: „საქართველოს მთავრობის ბოლო აქტივობებმა და რიტორიკამ შეშფოთება გამოიწვია ნატოს მოკავშირეებს შორის.“

ინიციატივის ფარგლებში ერთობლივი აქტივობების შეჩერება, სავარაუდოდ, განპირობებული იყო საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების ინიციატივის მიზანი სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და მსგავსი რიტორიკის წინააღმდეგ მოქმედებაში ალიანსის მხარდაჭერა იყო.

მიუხედავად ურთიერთობების კონტექტში მიდგომების კუთხით ცვლილებებისა, 2025 წლის ანგარიში აღნიშნავს, რომ ალიანსმა გააგრძელა საქართველოსთან თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, მათ შორის 2025 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების ფარგლებში.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესების მიუხედავად, ალიანსისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობის გარკვეული ფორმის შენარჩუნება, ოდესღაც  ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და სანდო პარტნიორთან: „ამავე დროს, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობა პროგრესირებდა, რაც დასტურდება მაისში ჩატარებული წარმატებული ნატო-საქართველოს წვრთნებით.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ეს მიდგომა დაადასტურა ანგარიშთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ამჟამად არსებობს „სერიოზული შეშფოთებები ამ ეტაპზე“. მან განაცხადა:  „რაც შეეხება ნატოსა და საქართველოს ურთიერთობას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობების გაგრძელებას აქვს აზრი.” თუმცა აქვე დაამატა, რომ ნატომ ასევე უნდა გაითვალისწინოს ბოლო მოვლენები. მან საქართველოს მოუწოდა „დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, ევროპისკენ მიმართულ კურსს, მათ შორის უზრუნველჰყოს, რომ ყველა განვითარება, ის  ტრაექტორია, რომელზეც საქართველო იმყოფება დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით, გაგრძელდეს.“

შედარება წინა ანგარიშებთან

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც ანგარიშში წერია, არამედ ისიც, რაც მასში არ შევიდა.

საქართველოს შესახებ ნატოს წინა ფორმულირებებთან შედარებით, საქართველოს წევრობის პერსპექტივა დოკუმენტში ასახული არ არის.

ფოკუსი გადატანილია არსებული თანამშრომლობის მექანიზმების შენარჩუნებაზე, ძირითადად სამხედრო თავსებადობაზე.

ტექსტის ტონი ასახავს პრაქტიკული თანამშრომლობის უწყვეტობას, თუმცა ამავდროულად თავშეკავებას პოლიტიკური მხარდაჭერის მხრივ.

ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან ნატო ისტორიულად საქართველოს პოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ასპირანტად მიიჩნევდა, მაშინაც კი, როდესაც წევრობა პრაქტიკაში შორეულ პერსპექტივად რჩებოდა.

გარდა ამისა, 2025 წლის ანგარიშში საქართველო მოხსენიებულია სამხრეთ კავკასიის ქვეთავში, რაც, ნატოში გაწევრიანების გაცხადებული ამბიციისა და წევრობის  ასპირანტის (კანდიდატის) სტატუსის გათვალისწინებით, არც ისე ხელსაყრელი კონტექსტია საქართველოსთვის.

შედარებისთვის, წინა ანგარიშებში საქართველო, როგორც ამბიციური ასპირანტი და მნიშვნელოვანი პარტნიორი, რეგულარულად იყო მოხსენიებული ცალკე ქვეთავში და ასევე გაფართოების კონტექსტში.

ნატოს გენერალური მდივნის ბოლო ხუთი ანგარიშის ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული ფორმულირებების  როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი ანალიზი მიუთითებს ქვეყანასთან ჩართულობის დონის შემცირებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მთავარი ინდიკატორი, საქართველოს ხსენების სიხშირე წლების განმავლობაში შემცირდა: მაშინ როდესაც იგი ადრე ერთ დოკუმენტში საშუალოდ 20–30-ჯერ ოყო მოხსენიებული, ამ ანგარიშში იგი მოხსენიებულია მხოლოდ 11-ჯერ.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის კონტექსტი, რომელშიც საქართველო არის მოხსენიებული, ისევე როგორც გამოყენებული ფორმულირებები.

2021 წლის გენმდივნის ანგარიში საქართველოს მოიხსენიებდა ნატოს „ღია კარის“ ქვეთავში და აღნიშნავდა: „მოკავშირეები ასევე ერთგულნი რჩებიან საქართველოსა და უკრაინის საბოლოო წევრობის მხარდაჭერისადმი, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად…“

ანგარიში ასევე შეიცავდა საქართველოს შესახებ ცალკე ქვეთავს და  საქართველოს მოიაზრებდა შავი ზღვის რეგიონულ კონტექსტში.

2022 წლის ანგარიში საუბრობდა  საქართველოსთან ნატოს ჩართულობის მრავალ განზომილებაზე და მას მოიხსენიებდა უკრაინისა  და სხვა მოწყვლადი პარტნიორების მიმართ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მხარდაჭერის კონტექსტში.

ანგარიში ასევე მოიხსენიებდა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, წვრთნების გაძლიერებისა და შესაძლებლობების განვითარების კონტექსტში, და სხვა მიმართულებებით.

მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში შეიცავდა ცალკე ქვეთავს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებზე და მიუთითებდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე ნატოს „ღია კარის“ ქვეთავში, ბუქარესტის ვალდებულების ხაზგასმით.

2023 წლის ანგარიში შეიცავდა ცალკე ქვეთავს საქართველოს შესახებ და კონკრეტულად აღნიშნავდა, რომ: „საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და ალიანსის ასპირანტი წევრი.“

2024 წლის ანგარიში საქართველოს მოიხსენიებდა სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის კონტექსტში შესაბამის ქვეთავში, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის კონტექსტში, თუმცა არა გაფართოების კონტექსტში. არ იყო ნახსენები ბუქარესტის ვალდებულება ან საქართველოს ასპირანტის სტატუსი.

როგორც წინა წელს, 2025 წლის ანგარიშშიც არ არის ნახსენები ბუქარესტის სამიტის ვალდებულება ან საქართველოს ასპირანტის სტატუსი. ანგარიში ხაზგასმით აღნიშნავს ნატოს ჩართულობის გადახედვას საქართველოსთან მიმართებით და ამას უკავშირებს არა მხოლოდ 2024 წლის სადავო არჩევნებს, არამედ ამ არჩევნების „შემდგომ მოვლენებსაც“, რაც, სავარაუდოდ, გულისხმობს ქვეყანაში არსებულ ანტიდემოკრატიულ ტენდენციებს, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ალიანსის შეშფოთების საგანია.

რას ნიშნავს ნატოსაქართველოს ურთიერთობებისპრიორიტეტების შეცვლა?

ანგარიში მიუთითებს ალიანსის მხრიდან ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადახედვისა და ახალ რეალობაზე მორგების მცდელობაზე. ნატო არ წყვეტს საქართველოსთან თანამშრომლობას; თუმცა, იგი ცვლის მოლოდინებს და გამოხატავს პოლიტიკურ შეშფოთებას პარტნიორობის გაწყვეტის გარეშე.

ეს მიდგომა, როგორც ჩანს, ერთდროულად სამ მიზანს ისახავს.

პირველ რიგში, ალიანსი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური ღირებულებები კვლავ გადამწყვეტია პარტნიორებთან ინტეგრაციის დონის/ ხარისხის განსაზღვრაში. თანამშრომლობის გაღრმავების ნაცვლად მისი კორექტირება, ფაქტობრივად, ალიანსის მხრიდან უკმაყოფილების სიგნალია, თუმცა კონფრონტაციის გარეშე.

მეორე, ნატო ინარჩუნებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, რათა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა შეინარჩუნოს და შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესები დაიცვას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და წარსულში ალიანსის ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი მას პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს წევრობის საკითხის ფარგლებს მიღმაც.

მესამე, ნატო, სავარაუდოდ, ცდილობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო სტრატეგიულად არ დაშორდეს ალიანსს. სრული პოლიტიკური დისტანცირება შეიძლება ნიშნავდეს რეგიონში დასავლური გავლენის შესუსტებას — რაც ალიანსისთვის ნაკლებად სასურველია, განსაკუთრებით რუსეთთან ფართო გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე.

დასკვნა

საერთო ჯამში, საუკეთესო შემთხვევაში ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველო ამჟამად განიცდის სტრატეგიულ სტაგნაციას ნატოსკენ სვლაში. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობა შენარჩუნებულია, წევრობისკენ მიმავალი იმპულსი, როგორც ჩანს, შეჩერებულია.

თუმცა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ნატომ ძირეულად შეცვალა თავისი გრძელვადიანი პოზიცია საქართველოს მიმართ. არამედ, ეს სავარაუდოდ მიუთითებს, რომ გეოპოლიტიკური განვითარებების – უმთავრესად უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომების ფონზე – გაფართოება ამჟამად ნაკლებ პრიორიტეტულია და უპირატესობა ენიჭება მიმდინარე კონფლიქტების მართვასა და შიდა კონსოლიდაციის გაძლიერებას.

ამავე დროს, საქართველოში შიდა პოლიტიკური განვითარებები, როგორც ჩანს, ამცირებს ნატოს შიგნით მზაობას აქტიურად შეუწყოს ხელი ქვეყნის ინტეგრაციას.

პრაქტიკულად, საქართველო რისკის წინაშე დგას დარჩეს „რუხ ზონაში“: ნატოსთვის საკმარისად მნიშვნელოვანი, რომ მასთან ურთიერთობა არ გაწყვიტოს, თუმცა ამ ეტაპზე პოლიტიკურად აცდენილი, საიმისოდ რომ წევრობას მნიშვნელოვნად მიუახლოვდეს.

თუ არსებული ტრაექტორია გაგრძელდება, ეს მდგომარეობა, დიდი ალბათობით, საბოლოოდ გამოიწვევს პრაქტიკული თანამშრომლობის, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის, სტაგნაციას და დაკნინებას, რადგან მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ნდობა გადამწყვეტი ფაქტორია როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობისთვის.

ვინაიდან ერთობლივი წვრთნები და სხვა აქტივობები მომავალი წლებისთვის უკვე დღეს იგეგმება, სავარაუდოა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო გავლენას მოახდენს მომავალ პრაქტიკულ თანამშრომლობაზეც.

გენერალური მდივნის ანგარიში მიუთითებს, რომ ნატო პრაგმატული ბალანსირების გზით მართავს საქართველოსთან ურთიერთობას.

ამ ეტაპზე ალიანსი აგრძელებს საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, თუმცა ამავე დროს სიგნალს აგზავნის პოლიტიკური სიფრთხილის შესახებ, რაც ასახავს როგორც ნატოს ფართო სტრატეგიულ პრიორიტეტებს, ისე შეშფოთებას საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის ვექტორებთან დაკავშირებით.

საქართველოსთვის მთავარი დასკვნა არის ის, რომ პარტნიორობა კვლავ სიცოცხლისუნარიანია, თუმცა აღარ განიცდის პროგრესს.

ინტეგრაციის პროცესში წინსვლა, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზე, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური ნდობის აღდგენაზე, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ქვეყნის დემოკრატიული მაჩვენებლებისა და განვითარების ტრაექტორიის გაუმჯობესებაზე.

მანამდე კი ნატოსთან ურთიერთობა, სავარაუდოდ, დარჩება, საუკეთესო შემთხვევაში, შეზღუდული, ხოლო ცუდ შემთხვევაში კი გაუარესდება; და უფრო მეტად რისკების მართის ნიშნებს შეიძენს, ვიდრე ინტეგრაციულ დინამიკას.