“ხელები სისხლში გაქვთ!“ – რა ხდება სერბეთში?

“ხელები სისხლში გაქვთ!“ – რა ხდება სერბეთში?

ავტორი: ხატია დავლიანიძე

28 იანვარს სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა, მასშტაბური სტუდენტური გამოსვლების ფონზე, თანამდებობა დატოვა. გარდა ამისა, პოსტი დატოვა მმართველი პოლიტიკური გაერთიანების, „პროგრესული პარტიის“ წევრმა და ქალაქ ნოვი-სადის მერმა, მილან ჯურიჩმა.

როდის და რატომ დაიწყო საპროტესტო აქციები სერბეთში?

საპროტესტო აქციები სახელწოდებით „კორუფცია კლავს“ მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წლის 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ნოვი-სადის სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2021-2024 წლებში ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა, რომელმაც ქვეკონტრაქტორად სერბული კომპანია დაიქირავა.საპროტესტო აქციები სერბეთისთვის უცხო არ არის, თუმცა მიმდინარე პროტესტი გამორჩეულია რამდენიმე თვალსაზრისით: პროტესტი სრულად დეცენტრალიზებულია – არ არსებობს გამოკვეთილი ლიდერი. პროტესტის მთავარ მამოძრავებელ ძალას სტუდენტები წარმოადგენენ და არა ოპოზიციური პარტიები. პროევროპული პოლიტიკური გაერთიანებები პროტესტის სულისკვეთებას იზიარებენ და მხარს უჭერენ, თუმცა უკანა ფლანგზე არიან; პროტესტის მასშტაბურობა – სტუდენტების მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო გამოსვლები თავდაპირველად ქალაქ ნოვი-სადში დაიწყო, თუმცა ახალგაზრდების პროტესტმა მხარდაჭერა საზოგადოების ყველა ფენაში მოიპოვა და მთელი ქვეყანა მოიცვა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური პროტესტი სერბეთის ისტორიაში 2000 წლის (სლობოდან მილოშევიჩის წინააღმდეგ გამართული ანტისამთავრობო დემონსტრაციები) შემდეგ CRTA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპროტესტო აქციებსა და ბლოკადებს სერბეთის მოსახლეობის 61% უჭერს მხარს.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროტესტის მთავარ მამოძრავებელ ძალას სტუდენტები წარმოადგენენ, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით პროცესი არაორგანული და გარედან მართულია. ანტისამთავრობო ძალები სერბეთის დესტაბილიზაციას ისახავენ მიზნად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კი აქციის მონაწილეებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით იყენებენ.

რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებს?

პროტესტის საწყის ეტაპზე სტუდენტები ობიექტური გამოძიების ჩატარებას, 1 ნოემბრის ტრაგედიაში დამნაშავე პირების დასჯას და ნოვი-სადის რკინიგზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის გასაჯაროებას მოითხოვდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ახალგაზრდების მოთხოვნები უყურადღებოდ დატოვა და უფრო მეტიც, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო, სტუდენტებმა დემონსტრანტებზე ფიზიკურ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირების დასჯა, უკანონოდ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლება და უმაღლესი განათლების ბიუჯეტის 20%-ით გაზრდა მოითხოვეს.

სტუდენტები ნათლად ხედავენ სერბეთის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური ცვლილების საჭიროებას, თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, გარდამავალი მთავრობის შექმნასა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებას ღიად არ მოითხოვენ.

პროტესტის რა ფორმებს იყენებენ დემონსტრანტები?

1 ნოემბრის ტრაგედიის შემდეგ სტუდენტების ორგანიზებით სამთავრობო შენობების წინ და დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქციები და მსვლელობები იმართება, რომელზეც ახალგაზრდები საკუთარ მოთხოვნებს აჟღერებენ;

გზებისა და ხიდების ბლოკადა – საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის მასშტაბით გზაჯვარედინების, მაგისტრალებისა და ხიდების გადაკეტვით ხელისუფლებისთვის საკუთარი ხმის მიწვდენას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ პრემიერი მილოშ ვუჩევიჩი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც 27 იანვარს ათიათასობით დემონსტრანტმა დედაქალაქ ბელგრადის მთავარი სატრანსპორტო კვანძი (Autokomanda) 24 საათის განმავლობაში გადაკეტა. მმართველ გუნდზე წნეხის გაზრდის მიზნით, აქციების დაწყებიდან სამი თვის თავზე, 1 თებერვალს მომიტინგეებმა ქალაქ ნოვი სადში მდინარე დუნაიზე არსებული სამი მთავარი ხიდიც გადაკეტეს;

გაფიცვა – ქალაქ ნოვი-სადში დაწყებულმა სტუდენტურმა პროტესტმა მხარდაჭერა საზოგადოების მრავალ ფენაში მოიპოვა და მთელი ქვეყანა მოიცვა. ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით იურისტებმა, პროფკავშირების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა გაფიცვა გადაწყვიტეს. მასშტაბურ გაფიცვებს შორის აღსანიშნავია სერბეთის ადვოკატთა ასოციაცია (აერთიანებს 12 000-მდე ადვოკატს), რომელმაც საქმიანობა ჯერ 7, შემდეგ კი 30 დღით შეწყვიტა;

მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა – მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება იმ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ბიზნესების რაოდენობა, რომლებიც „ვიდრე ქვეყანაში კანონის უზენასობა არ აღდგება“ სერბეთის მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ;

უნივერსიტეტების ბლოკირება – სტუდენტები იკავებენ სხვადასხვა უნივერსიტეტს, ბოიკოტს უცხადებენ სასწავლო პროცესს და ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, უარს აცხადებენ საუნივერსიტეტო სივრცის დატოვებაზე;

მდუმარე პროტესტი – პროტესტანტები ყოველდღე 11:52 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც ნოვი-სადში სახურავი ჩამოინგრა, 15 დაღუპულის პატივსაცემად 15 წუთიან მდუმარე აქციას მართავენ;

ხელისუფლების ქმედებების მამხილებელი წარწერები და ბანერები – „კორუფცია კლავს“, „ხელისუფლება, რომელსაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი“, “სამართალი ნოვი-სადისთვის“, „კმარა კორუფცია“ და ა.შ.,სტუდენტური აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სამთავრობო შენობებზე ხელისუფლების მამხილებელი წარწერებითა და ბანერებით პროტესტის სულისკვეთებისა და საკუთარი სათქმელის რიგით მოქალაქეებამდე მიტანას ცდილობენ;

არაძალადობრივი სიმბოლური აქტები – სტუდნეტები საკუთარი მოთხოვნების ხმამაღლა გაჟღერების გარდა პროტესტის გამოსახატად სიმბოლურ აქტებსაც იყენებენ. მაგალითად, საჯაროდ გამოსვლის დროს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ზურგის შექცევა, ხელისუფლების დაუდევრობისა ხაზგასასმელად მიწაზე თეთრი ზეწრებით დაწოლა, ათასობით ანთებული სანთლით გამოხატული ჩუმი პროტესტი კორუფციის მსხვერპლთა პატივსაცემად, გლოვის ნიშნად შავი სამკალურების ტარება, პირზე გადაკრული შავი ლენტით სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გამოხატვა, ე.წ. „ქანდაკების პროტესტი“ – მთავრობის უმოქმედობის ხაზგასასმელად მომიტინგეების საათობით გაუნძრევლად დგომა, სტუდენტების მიერ საგამოცდო ფურცლებზე საპროტესტო აქციების მოთხოვნების ჩამოწერა;

იმიტირებული სასამართლო პროცესები და საჯარო დებატები – სტუდენტები პარლამენტის შენობის წინ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს აწყობენ, სადაც მოსამართლეების როლში მყოფი ახალგაზრდები კორუფციაში ბრალდებული თანამდებობის პირების საქმეებს განიხილავენ და მათთვის განაჩენი გამოაქვთ. იმიტირებული სასამართლო პროცესების მიზანი რიგითი მოქალაქეებისთვის იმის ჩვენებაა, რომ სასამართლო ხელისუფლება სრულად აქვს მიტაცებული მმართველ ძალას და „პროგრესული პარტია“ მას მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დასასჯელად იყენებს;

ღამის ხმაურიანი პროტესტი ე.წ. “Cacerolazo” – ყოველ ღამით წინასწარ დადგენილ და განსაზღვრულ დროს მოქალაქეები ჭურჭელზე, ტაფებზე, ქოთნებზე და ა.შ. დარტყმის საშუალებით საკუთარი სახლებიდან პროტესტს გამოხატავენ;

ციფრული აქტივობა – სტუდენტები ციფრულ პლატფორმებს საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის, კოორდინაციისთვის (საპროტესტო ლოგისტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სიახლეებისა და გეგმების გაზიარება, ღონისძიებების დაგეგმვა), სამთავრობო დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და საერთაშორისო აუდიტორიისთვის ხმის მისაწვდენად იყენებენ. #StudentsAgainstCorruption, #NoviSadJustice, #CorruptionKills, #StudentProtestsSerbia და ა.შ. ჰეშთეგების გამოყენება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთად თავმოყრას და პროტესტის სულისკვეთების ფართოდ გავრცელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ახალგაზრდები მოვლენების რეალურ დროში გასაშუქებლად აქტიურად იყენებენ პირდაპირ სტიმინგს, რაც არამხოლოდ ინფორმაციის გაუფილტრავი გაშუქების (საპროტესტო აქციების მონაწილეების, ორგანიზატორების, აქტივისტების, ჟურნალისტების და ა.შ. დაკავების და მათზე ძალადობის კადრები, პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის ქმედებების ა.შ.), არამედ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობასაც იძლევა.

რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად?

დარბევები და დაკავებები პოლიციის მიერ – მმართველი პარტია დემონსტრანტებს საკუთარ „ძალას“ და „სიმტკიცეს“ პროტესტის ცხელ წერტილებში საპოლიციო ძალების მასობრივი მობილიზებით აჩვენებს და აქციის მონაწილეების დასაშინებლად, დასარბევად და დასაკავებლად ძალისმიერ მეთოდებს იყენებს. აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ყოველდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტის გამოხატვის სურვილს;

დაშინება და სამართლებრივი რეპრესიები – ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლების მიერ მიტაცებული სასამართლო პროტესტის მონაწილე სტუდენტებსა და აქტივისტებს, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“, „გზის გადაკეტვის“, „ტრანსპორტის შეფერხების“, „ძალადობრივი ქმედებების წახალისების“ და ა.შ. ბრალდებით აჯარიმებს და აკავებს.

რეჟიმი საპროტესტო აქციების მხარდამჭერ და მასში მონაწილე ადამიანებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებითა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით ემუქრება. მაგალითისთვის, სტუდენტების დაშინებას უნივერსიტეტიდან გარიცხვით, დაფინანსების შეწყვეტით, სტიპენდიის დაკარგვით; საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების – სწავლების უფლების შეჩერებით; საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების კი სამსახურის დაკარგვით ცდილობენ;

ბრალდებების უარყოფა და პროტესტის დისკრედიტაცია – ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლება ქალაქ ნოვი-სადში 15 ადამიანის გარდაცვალებაში საკუთარ ბრალეულობას უარყოფს და აქციის მონაწილეებს „გარედან მართულებს“, „ოპოზიციის ინტერესების გამტარებლებს“, „სახელმწიფოს მტრებს“, „რადიკალებს“, „უცხოეთის მიერ დაფინანსებულებს“, „მოძალადე კრიმინალებს“ და ა.შ. უწოდებს;

მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების დისკრედიტაციისთვის მმართველი გუნდი აქტიურად იყენებს დეზინფორმაციასა და პროპაგანდას. სამთავრობო მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტები“ მიზნად სერბეთის დესტაბილიზაციას ისახავენ, რომ ქუჩაში გამოსული სტუდენტები არ წარმოადგენენ „ნამდვილ სერბ ახალგაზრდობას“, რომ „პროტესტს ხელმძღვანელობას უწევენ დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები“;

თვალთვალი და ფსიქოლოგიური ომი – ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას არწმუნებენ, რომ პროტესტი არ არის მასშტაბური. მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია არსებული მმართველობით უკმაყოფილო და მხოლოდ რამდენიმე ათეული რადიკალი ცდილობს ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას.

გარდა ამისა, Amnesty International-ის ინფორმაციით, საყოველთაო შიშის დათესვის მიზნით, ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლება მოწინავე სათვალთვალო ინსტრუმენტების, მათ შორის „Pegasus Spyware“-ის გამოყენებით აქციის მონაწილეებისა და ორგანიზატორების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს;

სტრატეგია „დაყავი და იბატონე“ – სერბეთის მთავრობა პროტესტში მონაწილე სტუდენტთა ერთობის შესუსტების, ასევე ახალგაზრდებს შორის უთანხმოებისა და განხეთქილების წახალისების მიზნით, დემონსტრანტებს „კარგ“ და „ცუდ“ მომიტინგეებად ჰყოფს. „კარგები“ არიან „ლეგიტიმური შეშფოთების მქონე“ ახალგაზრდები, რომლებიც 15 ადამიანის გარდაცვალებაში ბრალდებული პირების დასჯას მოითხოვენ, ხოლო „ცუდები“ არიან ის „რადიკალი“ სტუდენტები, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და მიზნად სერბეთის დესტაბილიზაციას ისახავენ;

მთავრობის მიერ დაფინანსებული აქციები კონტრპროტესტი – 24 იანვარს სერბეთის ქალაქ იაგოდინაში “პროგრესული პარტიის“ ორგანიზებით ხელისუფლების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პროსამთავრობო Informer-ის ინფორმაციით, კონტრპროტესტს დაახლოებით 100 000 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა ვებ-პორტალ Raskrikavanje-ის დათვლით, აქციაზე მაქსიმუმ 30 000 დემონსტრანტი იმყოფებოდა. პროსამთავრობო აქციებისა და დემონსტრაციების გამართვით სერბეთის მთავრობა ერთგვარ ილუზიას ქმნის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, რომ სტუდენტური პროტესტის მონაწილეები „უმცირესობას“ წარმოადგენენ და მოსახლეობის უმრავლესობა ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლებას უჭერს მხარს.

როგორ განვითარდება მოვლენები?

მას შემდეგ, რაც 2012 წელს „პროგრესული პარტია“ სერბეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ქვეყანა ანტისამთავრობო პროტესტმა მრავალჯერ მოიცვა, თუმცა ამ წლების განმავლობაში მმართველი გუნდი წარმატებით ახერხებდა ქუჩაში გამოსული მოქალაქეების „გადაღლას“, საპროტესტო მუხტის გაქრობასა და ძალაუფლების შენარჩუნებას. ხელისუფლება ამჯერადაც იმედოვნებდა, რომ ახალგაზრდების მოთხოვნების შესრულებაზე მტკიცე უარის თქმით, უიმედოდ განწყობილი მომიტინგეები სახლებში დაბრუნდებოდნენ, თუმცა, ვითარება განსხვავებულია – 12 წლიანი მმართველობის განმავლობაში ალექსანდრ ვუჩიჩი ყველაზე მწვავე და მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის წინაშეა.

ამ ბრძოლაში ერთ მხარეს არიან ახალგაზრდები, რომელთაც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვთ, ხოლო მეორე მხარეს – სერბეთის ხელისუფლება, რომელსაც სტუდენტებთან შედარებით არანაირი მორალური უპირატესობა არ გააჩნია, თუმცა საკმარისზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 30 დღის განმავლობაში ახალ მთავრობას ვერ დაამტკიცებს, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ ეროვნული ასამბლეა დაითხოვოს და საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.

აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, როგორც ახალი მთავრობის ფორმირება, ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მიუღებელია, რადგან: 1. მილოშ ვუჩევიჩის გადადგომა და „პროგრესული პარტიის მიერ“ ახალი მთავრობის ფორმირება სერბეთის პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ გამოიწვევს. რეალურ ძალაუფლებას პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ფლობს, შესაბამისად კონკრეტული ადამიანების მიერ თანამდებობების დატოვებით, და/ან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით, რომელშიც გამარჯვებას კვლავ „პროგრესული პარტია“ მოიპოვებს (მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო მის მიერაა მიტაცებული), კორუფცია და ნეპოტიზმი ვერ აღმოიფხვრება, ვერც კანონის უზენაესობა და პოლიტიკური ინსტიტუტების დამოუკიდებლობა აღდგება; 2. წლებია, „პროგრესული პარტია“ ძალაუფლებას პოლიტიკური ინსტიტუტებზე ზეწოლით, ოპონენტების დევნით, მაფიასთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების ხელყოფითა და მედია თავისუფლების შეზღუდვით ინარჩუნებს. ოპოზიციურ ფლანგს, გარდამავალი მთავრობის ფორმირების გარეშე, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების დანიშვნა არ სურს, რადგან იცის, რომ ვუჩიჩის მმართველობის პირობებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ Freedom House-ის „Nation In Transit 2024-ის“ ანგარიშის მიხედვით, სერბეთი ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების გზაზე იმყოფა – „საკვანძო ინსტიტუტები, მედიიდან სასამართლომდე, პოლიტიზაციის იმ დონეს გასცდნენ, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური გაგებითაა მოსალოდნელი და მიტაცებული არიან მმართველი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც ამ ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული და პირადი სარგებლობისთვის ბოროტად იყენებენ“.

ვითარების განმუხტვის მიზნით, ალექსანდრ ვუჩიჩმა მისი მმართველობის თაობაზე სარეკომენდაციო რეფერენდუმის ჩატარების იდეაც გააჟღერა, თუმცა ახალგაზრდა მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისთვის, როგორც რეფერენდუმის გამართვა, ასევე მმართველ გუნდთან ნებისმიერი ტიპის დიალოგი, მიუღებელია.

ოპოზიცია ერთადერთ გამოსავლად გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებას ხედავს, რომელიც ქვეყანას თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოამზადებს. აღნიშნულ შეთავაზებაზე ხელისუფლება სასტიკ უარს აცხადებს, რადგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ჩატარებული კენჭისყრის შემთხევაში, „პროგრესული პარტია“ ძალაუფლებას დაკარგავს.

ცხადია, რომ ალექსანდრ ვუჩიჩი უკან დახევას და ძალაუფლების დათმობას არ აპირებს – მან, როგორც სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის ინფორმაციის ყოფილმა მინისტრმა, განსაკუთრებულად კარგად იცის, თუ რა ძალა აქვს სამთავრობო პროპაგანდას, შესაბამისად, პროსახელისუფლებო მედია საშუალებებს მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს. ამას გარდა, მმართველი პარტია „ძალისა და სიმტკიცის დემონსტრირებისთვის“ ქუჩაში გამოსულ ადამიანებს კიდევ უფრო სასტიკი მეთოდებით გაუსწორდება.

თუ მთავრობის რეპრესიების მიუხედავად, საპროტესტო მუხტი მილევის ნაცვლად გაძლიერდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, ალექსანდრ ვუჩიჩს უკან დახევა და მოსახლეობისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე გაცილებით მეტის შეთავაზება მოუწევს.