ულტრამემარჯვენეთა პოლიტიკური ზეიმი ავსტრიაში

ულტრამემარჯვენეთა პოლიტიკური ზეიმი ავსტრიაში

29 სექტემბერს ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა (29.2%) „თავისუფლების პარტიამ“ მიიღო.

II მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ავსტრიის საკანონმდებლო ორგანოში მანდატების უმრავლესობა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოიპოვა.

„ნიდერლანდები, უნგრეთი, ბელგია, იტალია, გერმანია, პორტუგალია, შვედეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ჩეხეთი და დღეს ავსტრია! ჩვენ ვიგებთ! დრო იცვლება! იდენტობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება, უარი არალეგალურ იმიგრაციას/თავშესაფარს – ეს ის არის, რასაც ათეულობით მილიონი ევროპელი ელოდა!“ – ხეერტ ვილდერსის (Geert Wilders) გამოხმაურება ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ გამარჯვებაზე.

ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატაში, 183 წევრისგან შემდგარ ეროვნულ საბჭოში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„თავისუფლების პარტია – FPÖ“ – 57;

„სახალხო პარტია – ÖVP“ – 51;

„სოციალ-დემოკრატიული პარტია – SPÖ“ – 41;

„ახალი ავსტრია და ლიბერალური ფორუმი – NEOS“ – 18;

„მწვანეები – მწვანე ალტერნატივა“ – 16.

„თავისუფლების პარტია“ და მისი ლიდერი, ჰერბერტ კიკლი

„ავსტრიის თავისუფლების პარტია“ 1956 წელს ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური პარტიის გასამხედროებული ორგანიზაციის (Schutzstaffel) ყოფილმა წევრმა, ანტონ რეინტალერმა (Anton Reinthaller) დააფუძნა.

ნაცისტური ფესვების მქონე პოლიტიკური გაერთიანება სამთავრობო კოალიციის წევრი ჯერ 2000-2005, შემდეგ 2017-2019 წლებში იყო.

2019 წელს ავსტრიულ მედიაში იბიცაზე ორი წლით ადრე გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ჰაინც-კრისტიან შტრახე (Heinz-Christian Strache), ავსტრიის ყოფილი ვიცე-კანცლერი და „თავისუფლების პარტიის“ მაშინდელი ლიდერი, რუსი ოლიგარქის, იგორ მაკაროვის (Igor Makarov) დისშვილს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ავსტრიაში ბიზნეს კონტრაქტების შეძენაში დაეხმარებას სთავაზობს. ე.წ. „იბიცას საქმის“ შემდეგ, ავსტრიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, რასაც „სახალხო პოლიტიკური გაერთიანების“ და „თავისუფლების პარტიის“ სამთავრობო კოალიციის დაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოყვა.

2019 წლის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებზე სკანდალში გახვეულმა „თავისუფლების პარტიამ“ 2008 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი (16.2%) დააფიქსირა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. სამთავრობო კოალიცია კი „სახალხო პარტიამ“ და „მწვანეებმა“ ჩამოაყალიბეს.

„თავისუფლების პარტიის“ ლიდერი 2021 წლიდან ჰერბერტ კიკლია (Herbert Kickl). ეს უკანასკნელი 1995-2001 წლებში აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების სხვადასხვა კამპანიის სტრატეგისა და მრჩეველის, 2005-2018 წლებში „თავისუფლების პარტიის“ გენერალური მდივნის, 2017-2019 წლებში კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ავსტრიის უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის აქტუალურ საკითხებს ქვეყნის უსაფრთხოება, პოლიტიკური სტაბილურობა, რეკორდულად მაღალი ინფლაციის დონე და იმიგრაცია წარმოადგენდა.

მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შესაძლო თავდასხმის გამო ღონისძიება გაუქმდა, სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი დღის წესრიგში კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დადგა.

ჰერბერტ კიკლი, პოლიტიკური კამპანიების ცნობილი სტრატეგი, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ყურადღებას ქვეყნის „ისლამიზაციის“ საფრთხეზე ამახვილებდა და ამომრჩეველს, მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად, „ციხესიმაგრე ავსტრიის“ აშენებას პირდებოდა. ჰერბერტ კიკლი მხარს უჭერს რეიმიგრაციის იდეას – იმ ადამიანების იძულებით დეპორტაციას, „რომლებსაც ავსტრიული საზოგადოების წესებით თამაში არ სურთ“.

ულტრამემარჯვენე რიტორიკით გამორჩეული კიკლი ნაციზმთან რაიმე ტიპის კავშირს უარყოფს, თუმცა ამავდროულად, საკუთარ თავს „სახალხო კანცლერს“ (Volkskanzler) უწოდებს, რომელიც ადოლფ ჰიტლერთან და ნაცისტურ პერიოდთან ასოცირდება.

„თავისუფლების პარტიის“ მანიფესტის მიხედვით, მათი პოლიტიკა ქვეყნისთვის „კულტურული იდენტობისა და სოციალური სიმშვიდის დაბრუნებას“ ემსახურება. ავსტრია უნდა იყოს არა „მრავალფეროვნების“, არამედ „ერთგვაროვნების“ ადგილი. რაც შეეხება ეკონომიკას, გაერთიანება გადასახადების შემცირებას და ავსტრიაში ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას ემხრობა. აღსანიშნავია, რომ „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები „თავისუფლების პარტიას“ მათი ლიბერალური ეკნომიკური პროგრამის მისაკუთრებაში სდებენ ბრალს.

ჰერბერტ კიკლი ევროსკეპტიციზმით გამოირჩევა და „ბრიუსელის მონოპოლიის“ დასრულებს უჭერს მხარს. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში ევროპარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი, „ევროპის პატრიოტები“ ჩამოყალიბდა. აღნიშნული ჯგუფის დამფუძნებლები უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ წევრები, ჰერბერტ კიკლი და ჰერალდ ვილიმსკი არიან. ამჟამად, „ევროპის პატრიოტების“ წევრი 13 ქვეყნის (ავსტრია, ბელგია, დანია, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ლატვია) პოლიტიკური პარტიაა. გაერთიანების მიზანი ბრიუსელის მიერ ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების საშინაო პოლიტიკაში ჩარევის დასრულება, არალეგალური მიგრაციის შეჩერება და ევროპის კულტურული იდენტობის დაცვაა.

ევროსკეპტიკოსი კიკლი ვლადიმირ პუტინთან თანამშრომლობას ემხრობა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ღიად ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასა და ნატო-ს თანაბრად ეკისრებათ. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში ავსტრიის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლისას ჰერბერტ კიკლმა და „თავისუფლების პარტიის“ სხვა წევრებმა საკანონმდებლო ორგანო დემონსტრაციულად დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „თავისუფლების პარტიამ“ და ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურმა გაერთიანებამ, „ერთიანმა რუსეთმა“ თანამშრომლობის პაქტს მოაწერეს ხელი.

ვინ ჩამოაყალიბებს ავსტრიის მომავალ ფედერალურ მთავრობას?

ავსტრიის ეროვნულ საბჭოში უმრავლესობის მოსაპოვებლად 183-დან 92 მანდატის ფლობაა საჭირო.

ტრადიციულად, ავსტრიის ფედერალურ მთავრობას ორი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი კოალიცია აყალიბებს.

„თავისუფლების პარტიის“ ლიდერი, ჰერბერტ კიკლი აცხადებს, რომ სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მზადაა, ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ითანამშრომლოს. რაც შეეხება „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, „ლიბერალურ ფორუმს“ და „მწვანეებს“, მათი ლიდერები კიკლთან თანამშრომლობას გამორიცხავენ.

„მე უბრალოდ მჯერა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არ იქნება“, – ბეატე მაინლ-რაიზინგერი (Beate Meinl-Reisinger), „NEOS-ის“ ლიდერი.

2019-2024 წლების სამთავრობო კოალიციის წევრები, „სახალხო პარტია“ და „მწვანეები“ ამჯერად უმრავლესობას ვერ ჩამოაყალიბებენ, რადგან აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებებს ჯამში მხოლოდ 67 მანდატი აქვთ. უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობის მანდატების ფლობის შემთხვევაშიც კი, „სახალხო პარტიას“ და „მწვანეებს“ შორის არსებული უთანხმოება, რაც 2021 წელს მაშინდელი კანცლერის, სებასტიან კურცის (Sebastian Kurz) სკანდალში გახვევის ფაქტს უკავშირდება, მათ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას ფაქტობრივად გამორიცხავს. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, როდესაც სებასტიან კურცი კორუფციულ სკანდალში გაეხვა, „მწვანეთა პარტია“ ამ უკანასკნელს უნდობლობის  გამოცხადებით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ თანამდებობას არ დატოვებდა.

რაც შეეხება „სახალხო პარტიის“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თანამშრომლობას, მათ ჯამში 92, ანუ ზუსტად იმ რაოდენობის მანდატი აქვთ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას სჭირდება, თუმცა მათ მიერ ჩამოყალიბებული კოალიცია, მანდატების არასოლიდური რაოდენობის ფლობის გამო, იმდენად მყიფე იქნება, რომ შესაძლებელია ნებისმიერ წუთს დაიშალოს.

ერთადერთი გაერთიანება, რომელიც „თავისუფლების პარტიასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს, მეორე ადგილზე გასული „სახალხო პარტიაა“. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი, კარლ ნეჰამერი (Karl Nehammer) ჰერბერტ კიკლთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის მზად არის, თუ ეს უკანასკნელი ავსტრიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას არ დაიკავებს.

უკანასკნელ პერიოდში, საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიის ლიდერის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უარის თქმის სანაცვლოდ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ნიდერლანდებია.

2023 წლის 22 ნოემბერს ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსის „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა. წინასაარჩევნო პერიოდში ნიდერლანდების პოლიტიკური გაერთიანებების უმრავლესობა „თავისუფლების პარტიასთან“ კოალიციის ჩამოყალიბებაზე სასტიკ უარს აცხადებდა, თუმცა არჩევნების შემდეგ, მათი რიტორიკა შეიცვალა. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხეერტ ვილდერსთან სამთავრობო კოალიციას ჩამოაყალიბებდნენ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით უკიდურესად ხისტ პოზიციას შეარბილებდა და ყველაზე მნიშვნელოვანი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას არ დაიკავებდა. მოლაპარაკებების შედეგად, არჩევნებიდან 224 დღის შემდეგ, „თავისუფლების პარტიამ“, „სახალხო პარტიამ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, „ახალმა სოციალურმა კონტრქტმა“ და „ფერმერ-მოქალაქეთა გაერთიანებამ“ სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბეს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დიკ სხოფმა დაიკავა.

ხეერტ ვილდერსისგან განსხვავებით, რომელმაც ნიდერლანადების პერმიერ-მინისტრის თანამდებობა მარტივად დათმო, ჰერბერტ კიკლი აცხადებს, რომ ავსტრიის კანცლერის პოსტი მან უნდა დაიკავოს. მისი თქმით, „თავისუფლების პარტიის“ გარეშე ჩამოყალიბებული ნებისმიერი კოალიცია „დამარცხებულთა გაერთანება“ იქნება.

როგორც წესი, კოალიციური მთავრობის ფორმირების პირველი შესაძლებლობა ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტიას ეძლევა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური გაერთიანებები ჰერბერტ კიკლთან თანამშრომობაზე უარს აცხადებენ, ავსტრიის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა (Alexander Van der Bellen) სამთავრობო კოალიციის შექმნა მეორე ადგილზე გასულ „სახალხო პარტიას“ და მის ლიდერს, კარლ ნეჰამერს დაავალა.

დიდი ალბათობით, კოალიციურ მთავრობას, „თავისუფლების პარტიის“ გარეშე, სამი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოაყალიბებს, თუმცა, იმ პარტიის გარეშე სამთავრობო კოალიციის შექმნით, რომელმაც არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა მიიღო, უგულებელყოფილი იქნება ავსტრიის მოქალაქეების პოლიტიკური ნება. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა დღის წესრიგში ახალი ფედერალური მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.