ავტორი: რეზი თოფურია – UGSPN
5 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩეველი ქვეყნის 47-ე პრეზიდენტს აირჩევს. მთავარი არჩევენი დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს შორისაა. ორივე პარტიის საპრეზიდენტო კამპანია საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, თანაც, ჯერ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ, შემდეგ კი ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნამ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ეტაპისთვის, საკმაოდ რთულია გამარჯვებულის წინასწარ პროგნოზირება, ბევრი რამ ე.წ “მერყევ” შტატებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ცალსახაა, რომ ამ არჩევნების განსაზღვრელი საკითხები დიდწილად ეხება ეკონომიკას, მიგრაციას, ინდივიდის უფლებებს და ამერიკის როლს გლობალურ პოლიტიკაში.
1. ეკონომიკა და ინფლაცია
ეკონომიკა უდაოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს ამერიკელი ამომრჩევლისთვის. ორივე კანდიდატს ამ საკითხთან მიმართებაში, საკმაოდ განსხვავებული ხედვა აქვს:
კამალა ჰარისი ფოკუსს აკეთებს უფრო გრძელვადიან ინვესტიციებზე ინფრასტრუქტურაში, განათლებაში და ჯანდაცვაში. მისი პლატფორმა ფაქტიურად აგრძელებს ბაიდენის ადმინისტრაციის ფოკუსს საშუალო კლასის გაძლიერებაზე, პროგრესული გადასახადების სისტემაზე და ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრის მცდელობაზე.
მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ფედერალური მინიმალური ხელფასის გაორმაგებაა (15 $ საათში), ისევე როგორც სოციალური უსაფრთხოების პროგრამების გაფართოება.
ჰარისი ასევე პირობას დებს, რომ შეამცირებს გადასახადებს ათობით მილიონი საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახისთვის. რაც შეეხება ინფლაციას, ჰარისი გამოსავალს სახელმწიფოს მიზანიმართულ საბაზრო ინტერვენციებში ხედავს. მისი იდეა მოიცავს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას და ისეთ ფედერალური ხარჯვის პოლიტიკის გატარებას, რაც შეამცირებს შემოსავლის უთანასწორობას. ამ მხრივ, მისი ერთ-ერთი ცნობილი დაპირება ფასების ხელოვნური ზრდის (price gouging) აკრძალვაა.
დონალდ ტრამპი ჰარისისგან განსხვავებით უფრო მეტად მემარჯვენე ეკონომიკურ პოლიტიკას ირჩევს. მისი ეკონომიკური პლატფორმა მოიცავს გადასახადების შემცირებას, დერეგულაციას და იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას ამერიკული ბიზნესის ხელშესაწყობად. ის აქცენტს აკეთებს ამერიკული წარმოების ხელშეწყობაზე, შესაბამისად, მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება საგადასახადო ტვირთის შემცირებაა, მათ შორის მოგების გადასახადის 21%-დან 15 %-მდე შემცირება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროდუქტს ამერიკაში აწარმოებენ.
ტრამპი ინფლაციას მთავრობის გადაჭარბებული ხარჯებს აბრალებს და პირობას დებს, რომ შეცვლის ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას. ის ხაზს უსვამს სავაჭრო პროტექციონიზმის მნიშვნელობას, მხარს უჭერს ტარიფების დაწესებას იმპორტის შესაჩერებლად და ამერიკული სამუშაო ადგილების დასაცავად. ხშირად მოიხსენიებს თავის თავს ‘ტარიფების კაცად’ და სწორედ ეს მიაჩნია ამერიკული ეკონომიკის გადარჩენის გზად. ყოფილი პრეზიდენტის გეგმა მოიცავს აბსოლუტურ ტარიფებს 10%-დან 20%-მდე პრაქტიკულად ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე და 60%-იანი და მეტი ტარიფების დაწესებას ჩინეთიდან შემოსულ საქონელზე.
2. აბორტი
ამ არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად ასევე იქცა აბორტის საკითხი. ტრამპი ძალიან ამაყობს, რომ სწორედ მის პერიოდში მოხდა 1973 წლის ქეისის Roe v. Wade-ის გადახედვა, ჰარისი კი პირიქით, აბორტის უფლების შეზღუდვას ინდივიდუალური უფლებების ფუნდამენტურ შეზღუდვად მიიჩნევს.
კამალა ჰარისი მხარს უჭერს რეპროდუქციული უფლებების დაცვას და პირობას დებს, რომ დაიცავს აბორტის ხელმისაწვდომობას, აქცევს რა Roe v. Wade ქეისს კანონად (Roe v. Wade იყო 1973 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღიარა აბორტი ქალის არჩევანის უფლებად და აუკრძალა შტატებს აბორტის შემზღუდველი კანონების მიღება). ის ეწინააღმდეგება სახელმწიფო დონის აკრძალვებს და აბორტს უწოდებს ჯანმრთელობის უფლებას, რომელიც აუცილებელია ქალთა ავტონომიისთვის. ჰარისმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტის რაგნში ვეტოს დაადებს აბორტის უფლების აკრძალვის ნებისმიერ მცდელობას.
დონალდ ტრამპი აბორტის საკითხს უფრო კონსერვატორული ჭრილიდან უყურებს. მას არაერთხელ გაუსვამს ხაზი თავის როლზე უზენაეს სასამართლოში იმ სამი მოსამართლის დანიშვნაში, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს Roe v. Wade-ის უკან გაწვევაში. ტრამპის ეს პოზიცია გასაკვირი არაა, რადგან აბორტის საკითხი უკვე დიდი ხანია რაც დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის განხეთქილების ერთ-ერთი ძირითადი თემაა. თუმცა, ამ არჩევნებში აღნიშნულ საკითხს იმდენად დიდი ყურადღება დაეთმო, რომ ტრამპსაც მოუწია მკაცრი პოზიციის ცოტათი შერბილება, რათა შეემცირებინა ელექტორალური ზიანი. მისი ბოლო განცხადებებით ირკვევა, რომ ის არ შემოიღებს აბორტის ამკრძალავ კანონს ფედერალურ დონეზე, თუმცა, არც Roe v. Wade-ის კოდიფიცირებას აპირებს. მისი პოზიციაა, რომ აბორტის საკითხი შტატებმა თავისით უნდა გადაწყვიტონ.
3. იმიგრაცია და საზღვარი
იმიგრაცია და საზღვრის კონტროლი ცალსახად 2024 წლის არჩევნების მთავარ საკითხად და დემოკრატების კრიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად.
ჰარისი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩართული მიგრაციის პრობლემის მოგვარებაში, თუმცა, არც თუ ისე წარმატებულად. ტრამპი და რესპუბლიკელები მას ადანაშაულებენ საზღვარზე არსებულ ვითარებაში და აცხადებენ რომ მისი და ბაიდენის ზედმეტად ლმობიერი საიმიგრაციო პოლიტიკაა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი.
საპასუხოდ, ჰარისი ტრამპს სდებს ბრალს საკითხის პოლიტიკური ბენეფიტებისთვის გამოყენებაში. ის ხაზს უსვამს რომ სწორედ ტრამპმა თქვა უარი სიტუაციის განხილვაზე სენატის ორპარტიული შეთანხმების ჩაშლით, რომელიც მიზნად ისახავდა თავშესაფრის მიღების პროცესების გამკაცრებას და სასაზღვრო რესურსების გაზრდას.
ჰარისმა ასევე დააანონსა ყოვლისმომცველი საიმიგრაციო რეფორმა, რომელიც მათ შორის მოიცავს მოქალაქეობის მიღების გზებს უსაბუთო ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც შეერთებულ შტატებში ადრეულ ასაკში ჩაიყვანეს.
თავის მხრივ, მიგრაცია დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. ის იმიგრაციას განიხილავს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის საკითხს და მხარს უჭერს არალეგალური იმიგრაციის მკაცრი შეზღუდვის პოლიტიკას.
ტრამპმა პირობა დადო, რომ განახორციელებს ყველაზე დიდ შიდა დეპორტაციის ოპერაციას აშშ-ს ისტორიაში. ის ასევე პირდება ამომრჩეველს, რომ დღის წესრიგში დააბრუნებს რამდენიმე საკამათო პოლიტიკას მისი პირველი ვადიდან, მათ შორის „Remain in Mexico“ და Title 42 პროგრამებს (Title 42 არის ტრამპის პრეზიდენტობის დროს მიღებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც საშუალებას აძლევდა აშშ-ს დაჩქარებული წესით გაეძევებინა მიგრანტები საზღვარზე COVID-19 პანდემიის დროს, დაავადების გავრცელების პრევენციის აუცილებლობის მოტივით). ასევე ტრამპი აპირებს მოგზაურობის აკრძალვას რამდენიმე მუსლიმური სახელმწიფოსთვის.
რესპუბლიკელების კანდიდატი პირობას დებს, რომ გააუქმებს ისეთ პროგრამებს, რომლებიც იცავს უსაბუთო ადამიანებს დეპორტაციისგან, მათ შორის ბავშვებს. ამავდროულადაპირებს აშშ-ში ამჟამად მყოფი ასიათასობით ემიგრანტის იურიდიულ სტატუსის გააუქმებას. მისი პროგრამა ასევე მოიცავს ბავშვებისთვის დაბადებიდან მოქალაქეობის მინიჭების შეწყვეტას.
4. საგარეო პოლიტიკა
შიდა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ამ არჩევნებში ძალიან დიდი როლი აქვს საგარეო პოლიტიკას – ამერიკის როლს გლობალურ საკითხებში, უკრაინის დახმარებას, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მოგვარებას და ჩინეთთან ურთიერთობებს. ამ საკითხებზეც, ჰარისის და ტრამპის პოზიციები საკმაოდ განსხვავდება.
კამალა ჰარისი აპირებს გააგრძელოს ბაიდენის პოლიტიკას რუსეთის მიმართებაში. ის უკრაინას ჰპირდება ურყევ დახმარებას, მხარს უჭერს უკრაინისთვის ძლიერი სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებას და ამბობს რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიის დასაცავად და რუსული აგრესიის შესაჩერებლად.
ამავდროულად, ჰარისი ღიად აკრიტიკებს პუტინის “სისასტიკეს” და ეწინააღმდეგება ტრამპისეულ ხედვას, რომელიც მისი მტკიცებით უკრაინას აიძულებს რუსეთს დანებდეს.
ჰარისი ასევე აგრძელებს ბაიდენის პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში. ბაიდენის მსგავსად, ჰარისმაც მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამავდროულად ის ხაზს უსვამს რომ აშშ ყოველთვის დაიცავს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ასევე საკმაოდ ხმამაღლა გამოხატავს თანაგრძნობას კონფლიქტის შედეგად დაღუპული პალესტინელებისადმი.
შეიძლება ითქვას რომ ჰარისის პოლიტიკა ბაიდენის იდენტურია ჩინეთთან მიმართებაშიც. ის ამომრჩეველს ჩინეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარებას ჰპირდება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ს ვალდებულებებს ტაივანის მიმართ.
ჰარისი ასევე ხაზს უსვამს ამერიკის წამყვან როლს ნატოსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორობების მიმართ.
დონალდ ტრამპი საგარეო პოლიტიკას უფრო იზოლაციონისტური ჭრილიდან უყურებს და ამტკიცებს, რომ სამყარო უფრო მშვიდობიანი ადგილი იყო, როცა თავად იყო ხელისუფლებაში.
რესპუბლიკელები საკმაოდ მკაცრად უყურებენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვას სხვა ქვეყნებში, შედეგად, უკრაინის მზარდი სამხედრო და ფინანსური დახმარება პარტიაში საკმაოდ არაპოპულარულია. ტრამპმა პირობა დადო, რომ „ფუნდამენტურად გადააფასებს“ ქვეყნის მიდგომას უკრაინის დახმარებასთან მიმართებაში. ის ასევე ირწმუნება, რომ დაასრულებს თითქმის სამწლიან ომს თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღეს, მაგრამ არ ამბობს თუ როგორ აპირებს ამას.
ის შედარებით უფრო მკაფიოდ უჭერს მხარს ისრაელს ახლო აღმოსავლეთში. ამავდროულად, ის ემხრობა აშშ-ში პალესტინის მხარდამჭერ აქციებზე უფრო აგრესიულ პასუხს, ამბობს რა, რომ ამერიკაში მყოფ უცხოელ სტუდენტებს ვიზას ჩამოართმევს, თუ ისინი ანტისემიტურ ან ანტიამერიკულ განწყობებს გამოხატავენ.
რაც შეეხება ჩინეთს, ჩინეთთან ურთიერთობისა და მიგრაციის თემა, როგორც ტრამპის პრეზიდენტობის, ასევე ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, მთავარ საკითხებს წარმოადგენს. ამჯერად ტრამპი კიდევ უფრო მტკიცე პოზიციის დაკავებას გვპირდება ჩინეთთან მიმართებაში.
ხოლო საერთაშორისო თანამშრომლობასთან მიმართებაში, ჰარისისგან განსხვავებით საკმაოდ მწვავე პოზიცია აქვს. ის ხშირად აკრიტიკებს ნატოს, ნაკლებ როლს უტოვებს ამერიკას გლობალურ პოლიტიკაში და მოუწოდებს ევროპას თავის თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა ევროპის კოლექტიურ უსაფრთხოებაში.
ჰარისის და ტრამპის ხედვები კიდევ ბევრ საკითხზე განსხვავდება. მაგალითად, თვალშისაცემია მათი საპირისპირო ხედვები კლიმატის ცვლილების საკითხზე, სადაც ჰარისი განახლებად ენერგიაში ინვესტირებას ემხრობა, ტრამპი კი პრიორიტეტს წიაღისეულის საწვავს ანიჭებს და ეწინააღმდეგება გარემოსდაცვით რეგულაციებს. განსხვავდება მათი ხედვები იარაღთან მიმართებაშიც. ჰარისი უფრო მკაცრ კანონებს უჭერს მხარს, ტრამპი კი აშშ-ს კონსტიტუციის მეორე შესწორებაზე აპელირებს, რომელიც იცავს პირთა უფლებას შეინახონ და ატარონ იარაღი.
ამრიგად 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ხაზს უსვამს ორ განსხვავებულ ხედვას ამერიკის მომავლის შესახებ. კამალა ჰარისი ამერიკას ხედავს სახელმწიფოდ, რომელიც ორიენტირებულია ინკლუზიურობაზე, გარემოს დაცვაზე, სოციალურ პროგრესზე და გლობალურ თანამშრომლობაზე. ამის საპირისპიროდ, დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ნაციონალიზმს, ეკონომიკის დერეგულაციას და იზოლაციონისტურ საგარეო პოლიტიკას.
ის თუ რომელ გზას აირჩევს ამერიკელი ხალხი, ამას 5 ნოემბერს გავიგებთ.