ჩინური მანქანები ევროპულ გზებზე: ევროკავშირის ორმაგი დილემა და გაკვეთილი საქართველოსთვის

ჩინური მანქანები ევროპულ გზებზე: ევროკავშირის ორმაგი დილემა და გაკვეთილი საქართველოსთვის

ავტორი: ელენე გურეშიძე

ევროპაში გასეირნებისას რთულია არ შეამჩნიო ჩინეთიდან იმპორტირებული და დახვეწილი დიზაინით შემუშავებული ელექტრო მანქანები, რომლებიც ხელმისაწვდომი ფასის გამო მიმზიდველ ალტერნატივებად იქცნენ ევროპელი მომხმარებლებისთვის. ევროპის საავტომობილო ინდუსტრიის ჩინური მანქანებით გადატვირთვა არის სიმპტომი დიდი პრობლემისა, რომელიც ჩინეთის, როგორც გლობალური ეკონომიკური, სამხედრო და გეოპოლიტიკური ძალის, ზრდით გამოიხატება. ჩინეთის აღმასვლა კი გარკვეულ რისკებს შეიცავს ევროკავშირისთვის, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის, მიგრაციული კრიზისისა და გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე უწევს, რომ ისედაც მწირი რესურსები ახალი პრობლემის გასამკლავებლად მიმართოს.

სი ძინპინის ჩინეთი და სინოცენტრული სამყარო

2012 წლიდან, როდესაც სი ძინპინმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის პოზიცია დაიკავა, ჩინეთი ნელ-ნელა გარდაიქმნა, როგორც ეკონომიკური და სამხედრო ძალა, რომლის ამბიციები და შესაძლებლობები დღესდღეობით საერთაშორისო სისტემის ძირფესვიანად შეცვლისკენ არის მიმართული. პეკინის უმთავრესი მიზანია დასავლეთის მიერ „დომინირებული“ საერთაშორისო წყობის ფუნდამენტური ტრანსფორმაცია იმ მიზნით, რომ იგი სინოცენტრულ პრიორიტეტებსა და ღირებულებას ასახავდეს. საერთაშორისო სისტემის „ბალანსირებისა“ და მულტიპოლარიზმისკენ ცვლილების სურვილი სი ძინპინმა რამდენჯერმე აღნიშნა საჯარო გამოსვლის დროს, მათ შორის 2016 წელს, როდესაც განაცხადა პეკინის სურვილი, რომ უფრო მეტი „საერთაშორისო პასუხისმგებლობა“ აეღო. შესაბამისად, დღესდღეობით ჩინეთი რუსეთთან და ირანთან ერთად რევიზიონისტ ძალად განიხილება, რის გამოც ევროკავშირმა და ნატომ უკვე შერაცხეს, როგორც „სტრატეგიული კონკურენტი“.

სი ძინპინის ამბიციური ხედვის საილუსტრაციოდ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა გამოდგება. აღნიშნული გეგმის მთავარი მიზანია აზიისა და ევროპის სავაჭრო-სატრანზიტო ინფრასტრუქტურის დახვეწა და დაკავშირებადობის გაზრდა, სადაც ჩინეთი დომინანტურ როლს ითამაშებს. შესაბამისად, მიუხედავად დემოგრაფიული პრობლემებისა, სი ძინპინის ჩინეთი ნელ-ნელა დიდი ძალის სტატუსს იმკვიდრებს, რის გამოც აქტიურად ავრცელებს საკუთარ გავლენას რბილი და ხისტი ძალის მეშვეობით, როგორც ევროკავშირის ფარგლებში, აგრეთვე მის მიღმა. ევროკავშირის კონტექსტში ჩინეთის გავლენის გაზომვა ორი ძირითადი კრიტერიუმის მეშვეობით არის შესაძლებელი. პირველი მოიცავს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებით ავტომობილების ინდუსტრიაში, ხოლო მეორე კი გეოპოლიტიკურ საფრთხეებს უკავშირდება და პირდაპირ არის გადაჯაჭვული რუსეთ-უკრაინის ომთან.

სახიფათო რბოლა

ევროკავშირისთვის საავტომობილო ინდუსტრია ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული სექტორის მეშვეობით პირდაპირი და არაპირდაპირი სახით დაახლოებით 13.8 მილიონი ადამიანი არის დასაქმებული, რაც ევროკავშირის მთლიანი დასაქმების 6.1 პროცენტს შეადგენს. ავტომობილების წარმოების კუთხით ლიდერობს გერმანია რომელმაც 2023 წლის მონაცემებით, დაახლოებით 4.1 მილიონი მანქანა აწარმოა. თუმცა ბოლო პერიოდში ევროპელი მწარმოებლები სულ უფრო დიდი წნეხის ქვეშ ექცევიან ჩინეთიდან იმპორტირებული იაფი ავტომანქანების მხრიდან, რომლებიც ევროპულ ბაზრებზე დიდი მოთხოვნით გამოირჩევიან.

ჩინეთის მიერ ევროპული ბაზრების გადატვირთვამ კი ევროკავშირისთვის დილემა წარმოქმნა. ერთი მხრივ, იაფი და ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილები ევროკავშირის დეკარბონიზაციის მიზანს ეხმიანება, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულებისა და ევროპული ავტოინდუსტრიის შესუსტების საშიშროება. ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა არასასურველია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხშირად ავტოკრატიული ძალები ეკონომიკურ ინსტრუმენტებს იყენებენ სხვა ქვეყნებზე გავლენის გასავრცელებლად (გავიხსენოთ ჩრდილოვანი ნაკადის პროექტი, რომელმაც გაზარდა ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე), ხოლო მეორე შესაძლო პრობლემა კი, როგორც აღინიშნა, ევროპული ინდუსტრიის პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის დაკარგვას უკავშირდება.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიხედვით, 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვების 60%-ზე მეტი ჩინეთმა შეადგინა. ამავდროულად, 2009-2023 წლის შუალედში ჩინეთის ავტომობილების ინდუსტრიამ დაახლოებით $230 მილიარდი სამთავრობო სუბსიდიები მიიღო, რამაც დიდი უპირატესობა მიანიჭა ადგილობრივ მწარმოებლებს. შესაბამისად, ჩინეთში წარმოებული ელექტრო ავტომობილები სუბსიდიებისა და დაბალი ფასის გამო უფრო კონკურენტუნარიანი გახდა ევროპულ ბაზრებზე, სადაც ადგილობრივად წარმოებული მანქანების ფასები შედარებით მაღალ დონეზეა. აღნიშნული პოლიტიკის მთავარი მიზანი ჩინეთისთვის ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებაა, თუმცა ევროკავშირისთვის დიდ პრობლემას წარმოქმნის, რომელიც დამპინგის სახელით არის ცნობილი. დამპინგის დროს საქონლისა და მომსახურების რეალიზება სხვა ქვეყანაში შედარებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში, რაც კონკურენციას ასუსტებს და ეკონომიკურ პრობლემებს წარმოქმნის მიმღები ქვეყნისთვის.

სწორედ აღნიშნული რისკების ანალიზის შედეგად ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ ელექტრომანქანებზე დამატებითი ტარიფები დაეწესებინა, რომელიც ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, 37.6%-ს აღწევს. ახალი ტარიფები დაემატება 10%-იან სავალდებულო გადასახადს, რომელიც ევროკავშირის მიერ იმპორტირებულ ყველა ელექტრო მანქანაზე უკვე არის დაწესებული. თუმცა ნაწილი ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტარიფები კვლავ არასაკმარისია ჩინური ელექტრომანქანების იმპორტის შესამცირებლად. მართალია, დამატებითი გადასახადის გაზრდა გარკვეულ დაბრკოლებებს წარმოქმნის ჩინური კომპანიებისთვის, მაგრამ არ შეაფერხებს მანქანების ექსპორტს ევროპის ბაზარზე. ამ კუთხით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირისგან განსხვავებით უფრო რადიკალური ზომები მიიღო და 100%-იანი ტარიფი დააწესა ჩინურ ელექტრომანქანებზე, რაც დამპინგის გასამკლავებლად უფრო ეფექტიანი ხერხია.

მართალია, ევროკავშირის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ, შესაძლოა, პროტექციონისტულად ჩაითვალოს, ვინაიდან ღია და თავისუფალი ვაჭრობის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, თუმცა რეალურად პრევენციული ნაბიჯია, რომელიც სუბსიდიების საპირწონედ განხორციელდა. უფრო კონკრეტულად, ევროკომისიის ანტისუბსიდიური გამოძიების დროებითი დასკვნის თანახმად, ჩინეთის მთავრობის ფინანსური დახმარება „უსამართლო“ უპირატესობას ანიჭებს ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიას, რაც ხელოვნურად ახშობს კონკურენციას ჩინეთისა და ევროკავშირის მწარმოებლებს შორის.

ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების მახე

მზარდ ეკონომიკურ გავლენასთან ერთად ჩინეთი ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკურ საფრთხესაც წარმოადგენს, რაც ჩინეთ-რუსეთის ღერძის ჩამოყალიბებით გამოიხატება.

ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით უკრაინის ომის დროს გაღრმავდა, როდესაც ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა „ულიმიტო პარტნიორობის“ შესახებ გააფორმეს ხელშეკრულება. ხელშეკრულება მოიცავს თანამშრომლობის გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის, რომელიც ვაჭრობისა და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერებასთან ერთად საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სისტემის ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად გაზრდილი თანამშრომლობისა, ჩინეთის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით სტრატეგიული ბუნდოვანებით ხასიათდება. კერძოდ, პეკინს არც საჯაროდ გაუკრიტიკებია მოსკოვის აგრესიული საგარეო პოლიტიკა, მაგრამ არც ცხადად შეუთავაზებია რუსეთისთვის სამხედრო დახმარება. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი არაპირდაპირი გზებით მაინც ეხმარება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს. მაგალითად, სწორედ ჩინეთის ხელშეწყობით უვლის გვერდს რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ამავდროულად, ჩინეთი რუსეთში ისეთი ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების ექსპორტს ახორციელებს, როგორებიც არის კომპიუტერული ჩიპები და მანქანების ნაწილები. Carnegie Endowment კვლევითი ცენტრის მიხედვით, ჩინეთი რუსეთში ყოველთვიურად $300 მილიონი ღირებულების ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების ექსპორტს ახორციელებს. სანაცვლოდ კი რუსეთისგან წყალქვეშა ნავებს, რაკეტებსა და სხვა სენსიტიურ ტექნოლოგიას იღებს. მსგავსი ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობა კი დიდ უპირატესობას ანიჭებს რუსეთს, ვინაიდან ჩინეთიდან იმპორტირებული ტექნოლოგიის გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის უკრაინის წინააღმდეგ შეუძლია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთში იმპორტირებული მიკროელექტრონული საშუალებების დაახლოებით 90% და ჩარხების 70% სწორედ ჩინეთიდან მოდის.

ჩინეთის მიერ რუსეთში ექსპორტირებული „მაღალი პრიორიტეტის“ სტატუსის მქონე პროდუქტი, 2021-2023 წლები. წყარო: Carnegie Endowment

ვაჭრობის მეშვეობით ჩინეთი ეკონომიკურ სარგებელს იღებს რუსეთისგან, თუმცა ამავდროულად პუტინს სამხედრო მიზნების რეალიზებაში ეხმარება ისე, რომ პასუხისმგებლობას ირიდებს თავიდან. ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიებთან ერთად ჩინეთსა და რუსეთს შორის საგრძნობლად გაიზარდა ვაჭრობაც. 2023 წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ $240 მილიარდს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით 64%-ით მეტია.

რუსეთ-ჩინეთს ვაჭრობა, გამოხატული აშშ დოლარებში. წყარო: BBC

რუსეთ-ჩინეთის ღერძი უდიდეს უსაფრთხოების პრობლემას წარმოქმნის ევროკავშირისთვის, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება უკრაინის ტერიტორიას. ჩინეთის აგრესიული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა კი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ნაკლებად ეფექტიანს ხდის, ხოლო რუსეთს კი საკუთარი სამხედრო მიზნების მიღწევაში ეხმარება. შესაბამისად, ჩინეთის პოლიტიკა არა მხოლოდ კომერციული და ეკონომიკურია, არამედ სტრატეგიული კონოტაციაც აქვს, ვინაიდან სწორედ პოლიტიკური ბერკეტებით ცდილობს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დარღვევას, საერთაშორისო სისტემისთვის საძირკვლის გამოცლასა და უკრაინის გამარჯვების თავიდან არიდებას.

გაკვეთილები საქართველოსთვის?

ჩინეთის მიერ ევროკავშირისთვის გამოწვეული ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოში დღეს ისე რეზონირებს, როგორც არასდროს.

ჩინეთი შავ ზღვაში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და ცდილობს, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის „მადლი“ სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც შემოიტანოს. 2024 წელს საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს გადასცა, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი საქართველოს მთავრობის მფლობელობაში დარჩება.

ჩინეთის მიერ სტრატეგიული ანაკლიის პორტის მშენებლობა არის როგორც ეკონომიკური, აგრეთვე პოლიტიკური რისკების შემცველი, ვინაიდან არსებობს ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების საფრთხე. როგორც გერმანიის მარშალის ფონდის მოწვეულმა მეცნიერ-თანამშრომელმა რომანა ვლაჰუტინმა აუწყა რადიო თავისუფლებას, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის გადაცემა ამავდროულად გლობალური ვაჭრობის გაკონტროლების უფლების მინიჭებასაც გულისხმობს, ვინაიდან ანაკლია „შუა დერეფნის“ სავაჭრო გზის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პუნქტია. 

შესაბამისად, ჩინეთი საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაკონტროლებით, ხოლო ევროკავშირში კი წამყვანი ინდუსტრიების შესუსტებით ცდილობს საკუთარი გავლენის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, მსგავს პოლიტიკას ეკონომიკური და კომერციული მიზნები აქვს, რეალურად გასდევს სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მოტივებიც. მართალია, ჩინეთი ელექტრომობილების ექსპორტითა და ანაკლიის პორტის მშენებლობით უდიდეს ეკონომიკურ მოგებას გამონახავს, თუმცა ამავე დროს ფეხს მოიკიდებს სამხრეთ კავკასიაში და გაზრდის ევროკავშირის დამოკიდებულებას ჩინურ ბაზრებზე, რითაც ჩინეთი უახლოვდება სი ძინპინის გეგმას- გახდეს მულტიპოლარული სამყაროს ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძალა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და იაფი ელექტრო ავტომობილები თავისთავადად ცუდი არ არის, თუმცა ევროკავშირს, ისევე როგორც საქართველოს, სიფრთხილის გამოჩენა მართებს. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩინური ინვესტიციები და დამპინგის პრეცედენტები რისკებს შეიცავს. ამ რისკების იგნორირება კი არ არის პრაგმატული, ვინაიდან შესაძლოა შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს.