რას აპირებს ტრამპი?

რას აპირებს ტრამპი?

ავტორი: რეზი თოფურია – UGSPN

სულ მალე, 2025 წლის 20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და დონალდ ტრამპი უკვე მეორედ ჩაიბარებს თეთრ სახლს. ტრამპის პრეზიდენტობას მთელს მსოფლიოში ელოდებიან და აკვირდებიან, ზოგიერთ ქვეყანაში იმედით, ზოგიერთში შიშითა თუ სკეპტიციზმით. ინაუგურაციამდე უკვე დასახელდა დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობა, რაც გარკვეულწილად გვაძლევს შემდეგი 4 წლის კონტურებს, თუმცა, მაინც რჩება კითხვის ნიშნები თუ რას იზამს უშუალოდ დონალდ ტრამპი ბევრ საკითხთან მიმართებაში. დონალდ ტრამპის პერსონიდან გამომდინარე, ცხადია, რთულია ზუსტად განისაზღვროს მისი შემდგომი ნაბიჯები, თუმცა, შესაძლებელია მისი დაპირებების დაიდენტიფიცირება და მისი სამოქმედო გეგმის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა.

დონალდ ტრამპმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტერვიუების, საჯარო გამოსვლებისა და სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებით ასზე მეტი დაპირება გასცა, ისინი შეგვიძლია რამდენიმე კატეგორიად დავყოთ.

მიგრაცია: კიდევ უფრო მკაცრი მიდგომა

წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპის ერთ-ერთ მთავარ სასაუბრო მიმართულებას მიგრაციის პრობლემა წარმოადგენდა. შესაბამისად, დაპირებების დიდი ნაწილიც ამ პრობლემის მოგვარებაზე მოდის. ამ მხირვ, ტრამპმა არაერთი საკმაოდ ხისტი დაპირებაც გასცა. მაგალითებად შეგვიძლია მოვიყვანოთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციის ჩატარება, მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის გაგრძელება. ასევე, ტრამპს გაცხადებული აქვს რომ შეამცირებს თავშესაფართა მაძიებლების მიღებას და არალეგალურ მიგრაციას.

მიგრაციის საკითხზე ასევე საყურადღებოა ტრამპის შემდეგი დაპირებები:

ასევე აღსანიშნავია, რომ პირველ საპრეზიდენტო ვადაში დონალდ ტრამპმა სამოგზაურო შეზღუდვა დაუწესა შვიდ მუსლიმურ ქვეყანას, ბაიდენმა კი ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტობის პირველივე დღეს გააუქმა. ტრამპი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ დააბრუნებს და გააფართოვებს სამოგზაურო შეზღუდვას.  

გამომდინარე იქედან, რომ ტრამპმა მიგრაცია აქცია საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მთავარ საკითხად, მისი დაპირებებიც საკმაოდ მკაცრი და ამბიციურია. თუმცა, საკითხავია რამდენად შეძლებს ახალი პრეზიდენტი აღნიშნული (და სხვა მსგავსი) დაპირებების შესასარულებლად საჭირო იურიდიული და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებას.

ეკონომიკა: America First, Again

მიგრაციის პარალელურად, ტრამპი დიდ დროს ეკონომიკაზე საუბარს უთმობდა. ის აქცენტს გადასახადების შემცირებაზე, დერეგულაციაზე და ამერიკული წარმოების პრიორეტიზაციაზე აკეთებს.

ეკონომიკის მიმართულებით ტრამპის ყველაზე ხისტი დაპირებები მის სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება. ტრამპი აპირებს მინიმუმ 10 %-იანი ტარიფი დააწესოს ყველა იმპორტირებულ საქონელზე. ამასთანავე, სურს გააგრძელოს პრეზიდენტობის პირველ ვადაში დაწყებული სავაჭრო ომი ჩინეთთან და პირობა გასცა, რომ ყველა ჩინურ პროდუქციას მინიმუმ 60 %-იან ტარიფს დაუწესებს. აღნიშნული სატარიფო პოლიტიკა საკმაოდ პოპულარული დაპირება აღმოჩნდა რესპუბლიკელ ამომრჩეველში, თუმცა, დამოუკიდებელი ჯგუფების გაანგარიშებით, ამოქმედების შემთხვევაში, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა საშუალო ამერიკულ ოჯახს ყოველწლიურად 2000-დან 4000 დოლარამდე დაუჯდება. 

უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილი სატარიფო პოლიტიკის ფონზე, ტრამპი დაბალი და საშუალო ფენის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებსაც ჰპირდება (მათ შორის გადასახადების გაუქმება tip-ებზე და ზეგანაკვეთურად გამომუშავებულ თანხებზე). ასევე, მოგების გადასახადის 21%-დან 15 %-მდე შემცირება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პროდუქტს ამერიკაში აწარმოებენ.

საგარეო პოლიტიკა – ამბიციური და კონტროვერსიული

საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში დონალდ ტრამპი ხშირად უსვამს ხაზს იმას რომ სამყარო უფრო მშვიდობიანი ადგილი იყო, როცა თავად იყო პრეზიდენტი. მისი საგარეო პოლიტიკა, თითქოს ერთროულად იზოლაციონისტურიცაა და თან ამავდროულად მოიაზრებს ამერიკის როლის ზრდას. ტრამპის ბოლო განცხადებებში ვხედავთ მოწოდებებს რომ დანიამ უნდა დათმოს გრენლანდია, კანადა შეუერთდეს აშშ-ს, პანამის არხი დაუბრუნდეს ამერიკას, ხოლო მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე დაერქვას. ეს მოწოდებები საკმაოდ კონტროვერსიულია, თუმცა, ყველა მათგანი შედარებით ახალია და არ ყოფილა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. საგარეო ფლანგზე მისი მთავარი სასაუბრო თემა ჩინეთთან ერთად, უკრაინა და ნატო იყო.

ამ მხრივ, მისი ყველაზე ცნობილი (და საკმაოდ არარეალისტური) დაპირება, რომელიც არაერთხელ გაუჟღერებია, რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულებაა. თუმცა, ამ დაპირების არაერთხელ გაჟღერების მიუხედავად, ტრამპს არ წარუდგენია ზუსტი გეგმა თუ როგორ აპირებს ამ ყველაფერს. ცალსახაა, რომ უკრაინის საკითხი აუცილებლად იქნება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა.

ამავდროულად, ტრამპის დაპირებები მოიცავს ჩინეთთან ხისტი საგარეო პოლიტიკის წარმოებას. უკვე ნახსენები სატარიფო პოლიტიკის გარდა, ტრამპი ამომრჩეველს დაჰპირდა ჩინური კომპანიებისთვის ამერიკაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფლობის შეზღუდვას და ჩინეთის ფინანსური პასუხისმგებლობის დაყენებას კოვიდ-19-ის პანდემიისთვის.

ტრამპი ასევე არ მალავს თავის უკმაყოფილებას ნატოს მიმართ და აცხადებს, რომ ალიანსის წევრებმა უნდა გადაიხადონ თავისი მშპ-ს 5 % თავდაცვაზე (ამჟამად ნატოს წევრ ქვეყნებში ეს სტანდარტი 2 %-ია), ამავდროულად კი, თავის ამერიკის თავდაცვის ხარჯებს რეკორდულად გაზრდას ჰპირდება.

საგარეო პოლიტიკაში საგულისხმო იქნება ასევე ტრამპის ურთიერთობა ვლადიმერ პუტინთან და მისი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის სხვა ხმაურიან დაპირებებს:

  • განათლების დეპარტამენტის გაუქმება;
  • სიკვდილით დასჯის შემოღება ნარკოტიკების გამყიდველებისთვის;
  • ფედერალური მთავრობის ხარჯების და ბიუროკრატიის შემცირება;
  • მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან გამოსვლა;
  • პარიზის კლიმატის შეთანხმების (კიდევ ერთხელ) დატოვება;
  • ამერიკული ენერგიის მსოფლიოში ყველაზე იაფ ენერგიად ქცევა;

ტრამპს ასევე აქვს გაჟღერებული არაერთი დაპირება აბორტზე წვდომის შეზღუდვაზე, რელიგიური უფლებების დაცვაზე, გენდერულ იდენტობაზე და სხვა სოციალურ საკითხებზე.

დასკვნა

ბოლო წლებში ტრამპმა არაერთი დაპირება გასცა, გამოკვეთა რა მისი ხედვა შემდეგი ოთხი წლისთვის. ცალსახაა, რომ აღნიშნული დაპირებების სისრულეში მოყვანა დიდ გავლენას იქონიებს ამერიკის შეერთებულ შტატებზე როგორც ადგილობრივად ისე მსოფლიო არენაზე. თუმცაღა, პირველ რიგში, საკითხავია ერთი მხრივ რამდენად აპირებს დონალდ ტრამპი ყველა გაცემული დაპირების შესრულებას და მეორე მხრივ, რამდენად შეძლებს ის კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებას (მიუხედავად რესპუბლიკელების მყარი პოზიციისა ორივე პალატაში) ყველა საკითხზე.

ცნობისთვის, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ტრამპმა გაცემული 102 დაპირებიდან სრულად მხოლოდ 25-ის შესრულება შეძლო. მართალია ამჯერად ტრამპი უფრო ხელსაყრელ პოზიციაშია, თუმცა, ბევრი რამ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.