არქტიკის რეგიონი და საერთაშორისო გეოპოლიტიკური რეკალიბრაცია

არქტიკის რეგიონი და საერთაშორისო გეოპოლიტიკური რეკალიბრაცია

კოტე იოსელიანი

არქტიკის რეგიონი დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია და წარმოადგენს დიდი სახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესს. ეს გამოწვეულია მისი უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებით, რომლებიც მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირსა და მინერალების მნიშვნელოვან მარაგებს. რეგიონის მნიშვნელობა იზრდება უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და აშშ, აძლიერებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას და რესურსების კონტროლის საშუალებებს არქტიკაში. იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი არ არის არქტიკული ქვეყანა, იგი აქტიურად ცდილობს რეგიონში თავისი ინტერესების გაფართოებას.  ეს რეგიონი შესაძლოა მომავალი სამხედრო და პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრადაც იქცეს.

რეგიონში მიმდინარე კლიმატური ცვლილებები, სერიოზულ გავლენას ახდენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე. “ზემო-ჩრდილოეთში” ყინულის რაოდენობის მკვეთრი შემცირება და ტექნოლოგიური განვითარება, ქმნის ამ რეგიონის მინერალური და ენერგო რესურსების მოპოვების და გამოყენების ხელსაყრელ პირობებს. ყინულის მასიური დნობა, ტრანს-არქტიკური გადაზიდვების ხაზების გახსნას გახდის შესაძლებელს, რაც საფუძვლიანად შეცვლის გლობალური ტრანსპორტიზაციის არსებულ მოდელს. ერთი სიტყვით, ჩრდილოეთში მიმდინარე მკვეთრი კლიმატური ცვლილებები, ამ რეგიონის ეკონომიკურად ათვისების წინაპირობაა და შეიცავს განვითარების უზარმაზარ პოენციალს, რაც უკვე აისახება რეგიონის მიმართ დიდი კომპანიების ღია დაინტერესებით.

ეკონომიკური მიმართულების გარდა, არქტიკის რეგიონში ასევე შეინიშნება სამხედრო კომპონენტის გააქტიურებაც. ცხადია, რომ არქტიკა წარმოადგენს, როგორც ნატო-ს ასევე რუსეთის სტრატეგიულ ინტერესს. ინტერესთა კონფლიქტი იმდენად მწვავეა, რომ ყინულისაგან გამოთავისუფლებული ტერიტორიის მისაკუთრების ამბიციის მქონე ქვეყნები, ვერ თანხმდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან და ძალის დემონსტრირებას ანიჭებენ უპირატესობას. კერძოდ, არქტიკული ქვეყნების დიდი ნაწილი, რეგიონში მუდმივად ატარებენ სამხედრო წვრთნებს, რომელებიც მიზნად ისახავს, არქტიკის კლიმატური სპეციფიკის პირობებში შეიარაღებული ძალების მობილურობის გაზრდასა და შესაბამისი პროფილის საბრძოლო ტექნიკის გამოყენებას. 

რუსეთსა და ნატოს შორის, არქტიკის რეგიონში დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადავიდა 2007 წელს. კერძოდ, არქტიკის ოკეანეში ჩატარებული კვლევის შედეგად რუსულმა სამეცნიერო ექპედიციამ დაადგინა, რომ არქტიკის ოკეანის სიღრმეში, რუსეთის კონტინენტური შელფი გრძელდება ზუსტად ჩრდილოეთ პოლუსამდე. ამავე ექსპედიციამ, საკუთარი სამეცნიერო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, გადაწყვიტა, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის რუსეთს და ჩრდილოეთ პოლუსის ფსკერზე განათავსა რუსეთის დროშა. ამ აქტით, რუსულმა ექსპედიციამ ღიად განაცხადა, რომ არქტიკის ტერიტორიის 40 პროცენტზე მეტი ეკუთვნის რუსეთს, რაც თავისთავად გულისხმობს ამ ტერიტორიაზე არსებული მინერალური და ენერგო რესურსების მოპოვების ექსკლუზიურ უფლებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიწის 20 პროცენტი არქტიკულ წრეშია და მოიცავს დიდ ქალაქებს. თუ რუსეთი დაიკანონებს ამ ტერიტორიას, მაშინ მისი ნავთობისა და გაზის რეზერვები 30-40 პროცენტით გაიზრდება, რაც უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

source https://www.bbc.com/news/world-34117507

მოვლენების ასეთმა განვითარებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია დასავლეთში და დღის წესრიგში ხელახლა დადგა არქტიკის რეგიონის სტატუსის განსაზღვრა. გაეროს კონვენციის მიხედვით, იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც არქტიკის რეგიონში გააჩნიათ სანაპირო ზოლი, უფლება აქვთ აწარმოონ რესურსების მოპოვება “განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში”. აქ იგულისხმება, სანაპირო ზოლიდან 200 საზღვაო მილს სიღრმეში მოქმედების უფლება, რაც ასევე ლიმიტირებულია და მოიცავს მხოლოდ თევზის რეწვისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების უფლებას.

თუ, რომელიმე არქტიკული სახელმწოფო, სამეცნიერო კვლევის შედეგად დაუმტკიცებს გაეროს შესაბამის კომისიას, რომ მისი ზღვისქვეშა შელფი გრძელდება “განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის“ მიღმა რაც დადასტურებული უნდა უყოს მთელი რიგი მტკიცებულებებით, ასეთ სახელწიფოს ეძლევა გამოკვლეულ ტერიტორიაზე რესურსების მოპოვების დროებითი უფლება.

2007 წლის რუსული ექპედიციის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რუსეთი გაეროსაგან ითხოვდა 1.2 მილიონი კვადრატული კილომეტრის მოცულობის ტერიტორიაზე რესეურსებუის მოპოვების უფლების მიღებას. რუსული ექპედიციის კვლევის შედეგების არასანდოობის გამო, გაეროს მიერ უარყოფილი იქნა რუსეთის მოთხოვნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არქტიკის საბჭოს ფარგლებშიც, რუსეთი თანამშრომლობის გაღრმავების ნაცვლად გადაერთო პოლიტიკური დაპირისპირების რეჟიმზე.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერ ტერიტორიის მიტაცების მცდელობას ღიად არ უპირისპირდება არის ნორვეგია. ნორვეგიული მხარის რუსეთთან ლოიალურ განწყობას განაპირობებს ის შეთანხმება, რომლის საფუზველზეც რუსეთის კუთვნილი ტერიტორიიდან რესურსების მოპოვების უფლება ნორვეგიულ კომპანიებს მიანიჭა რუსულმა მხარემ. კერძოდ, იმის გამო, რომ რუსეთს არ გააჩნია არქტიკული რესურსების ასათვისებლად საჭირო ცოდნა და ტექნოლოგიები, რუსულმა მხარემ დაიქირავა ნორვეგიული კომპანიები, რომლებსაც ამ სფეროში უზარმაზარი გამოცდილება გააჩნიათ და უკვე აწარმოებენ რესურსების მოპოვებას რუსეთის კუთვნილ განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც იწყება ბარენცის ზღვის რუსეთის ნაწილიდან და რუსეთის მთელი ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის ჩათვლით გრძელდება ჩუკოტკის ზღვამდე. დაქირავების საფასურის გარდა, რუსული მხარე ნორვეგიულ კომპანიებს, თითოეულ ბარელ ნავთობზე უხდის საკამაოდ მაღალ საკომისიოს. თავად ნორვეგიის კუთვნილი კონტინენტური შელფი ამ პერიოდისთვის დაუზუსტებელია, თუმცა თავიდანვე ცხადია, რომ ნორვეგიელებს ვერ ექნებათ მასშტაბური მოთხოვნები.

ნორვეგიელების პასიურობის მიუხედავად, მოკავშირეებმა შეძლეს არქტიკის საბჭოს ფარგლებში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის განეიტრალება. სავარაუდოდ, რუსეთს აღარ ყოფნის რესურსები სხვადასხვა მიმართულებით მისი ექსპანსიური პოლიტიკის საწარმოებლად. უკრაინაში მიმდინარე ომი, დასავლეთის სანქციები, ნავთობ-პროდუქტებზე ფასებით მანიპულაციები და რუსეთის მოდერნიზაციის ჩავარდნამ ხელი შეუწყო არქტიკის რეგიონში რუსეთის ამბიციების დროებით შერბილებას. ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ რუსების მხრიდან არქტიკის საკითხებთან დაკავშირებით მიდგომის შეცვლა დროებითია და ეს ჩვეულებრივი ტაქტიკური ნაბიჯია. ამ ნაბიჯით რუსეთმა დასავლეთთან დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოხსნა დღის წესრიგიდან და კონფრონტაციის პოზიტივში გადატანას ცდილობს. არქტიკის ტერიტორიის გაყოფის საკითხი ახლო მომავალში ვერ დასრულდება, ხოლო კონსტრუქციულ გარემოში ამ საკითხზე მოლაპარაკება სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური ვაჭრობის საშუალებას მისცემს რუსულ მხარეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რვა ქვეყანას აქვს ტერიტორია არქტიკულ წრეში: კანადა, ფინეთი, დანია, ისლანდია, ნორვეგია, რუსეთის ფედერაცია, შვედეთი და შეერთებული შტატები. არქტიკული წრე იწყება ეკვატორის ჩრდილოეთით, 66.5° ჩრდილოეთ განედზე. 2022 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრამ არქტიკის გეოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. ომმა შეცვალა ორი ნეიტრალური ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურა. კერძოდ, რუსეთის ქმედებების შედეგად, აქტიკული ქვეყნები ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ არამარტო გააძლიერა NATO ახალი წევრების შეერთებით, არამედ ხელი შეუშალა თანამშრომლობას არქტიკის წამყვან მრავალმხრივ საერთაშორისო ორგანიზაციაში – არქტიკულ საბჭოში. საბჭო, რომელიც 1996 წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა, თანამშრომლობის სულისკვეთებას გამოხატავს. გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. ფორუმი ფოკუსირებულია „არქტიკის მდგრად განვითარებასა და გარემოს დაცვაზე.“ საბჭო მიზანმიმართულად არ ეხება უსაფრთხოების საკითხებს. მან მიიღო სამი სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმება: შეთანხმება არქტიკაში საჰაერო და საზღვაო სამაშველო ოპერაციებზე თანამშრომლობის შესახებ (2011), შეთანხმება არქტიკაში ნავთობით დაბინძურების პრევენციისა და რეაგირების შესახებ (2013) და შეთანხმება საერთაშორისო არქტიკული სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ (2017).

2022 წელს უკრაინაში შეჭრის დროს, რუსეთი არქტიკული საბჭოს თავმჯდომარე იყო. საერთაშორისო რეაგირების ფარგლებში, საბჭოს დანარჩენმა შვიდმა წევრმა შეწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობა. 2013 წელს, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, იტალია, კორეის რესპუბლიკა და სინგაპური არქტიკული საბჭოს დამკვირვებლები გახდნენ. ისინი შეუერთდნენ  უკვე არსებულ წევრებს:  საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, პოლონეთს, ესპანეთს, შვეიცარის და გაერთიანებულ სამეფოს.

რუსეთში ინვესტიციების საჭიროება გზას უხსნის ჩინეთს არქტიკულ საკითხებში უფრო აქტიურ ჩართულობას. “High North News” აღნიშნავს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთმა არქტიკაში, ძირითადად რუსეთში, 90 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ენერგეტიკულ პროექტებში. ჩინელებმა ააგეს ყინულმჭრელი “The Snow Dragon 2” და დამატებით სამი ყინულმჭრელის დასრულებას გეგმავენ 2029 წელს (რუსეთს რეგიონში განთავსებული ყავს 51 ყინულმჭრელი ხოლო აშშ-ს 5).

ჩინეთის მზარდი ჩართულობა უფრო მეტ სირთულის მატებს არქტიკის უსაფრთხოების დინამიკას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი უპირველეს ყოვლისა ფოკუსირებულია ეკონომიკურ ინვესტიციებსა და სამეცნიერო კვლევებზე თავისი „პოლარული აბრეშუმის გზის“ იდეით, მისი მზარდი დაინტერესება რეგიონში არც თუ ისე სასიამოვნოა  სხხვა დიდი მოთამაშეებისთვის, რადგან ჩინეთის მზარდი ჩართულობა და გაცხადებული ინტერესები უფრო მეტ სირთულის მატებს არქტიკის უსაფრთხოების დინამიკას.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის (USGS) მონაცემებით, არქტიკის რეგიონი მოიცავს გლობალურად ჯერ კიდევ არ აღმოჩენილი ნავთობის 13%-სა და ბუნებრივი აირის 30%-ს. ეს გულისხმობს დაახლოებით 90 მილიარდ ბარელ ნავთობსა და 1,500 ტრილიონ კუბურ ფუტ ბუნებრივ გაზს. აღნიშნული რესურსები ძირითადად განთავსებულია რუსეთის, ნორვეგიის, კანადისა და ალასკის (აშშ) მიერ კონტროლირებად ოფშორულ ზონებში.

აშშ-ს არქტიკული სანაპირო რუსეთთან შედარებით ბევრად მცირეა. შეიძლება ვივარაუდოთ რომ სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს დონალდ ტრამპის სკანდალურ მოსაზრებას გრენლანდიის გეოგრაფიული სტატუსის გადახედვის შესახებ. ცხადია, რომ არქტიკის რეგიონი ტრამპის პრიორიტეტებში მოწინავე ადგილს იკავებს, რაც ასევე დასტურდება პრეზიდენტის პირველივე სამუშაო დღეს განხორციელებული ქმედებით. ტრამპის გადაწყვეტილებით გაუქმდა არქტიკის ოკეანეში ბურღვის შეზღუდვა, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2023 წელს დააწესა, როდესაც მან დაამტკიცა “ვილოუს” ნავთობის განვითარების პროექტი.

“We will drill, baby, drill,” – განაცხადა ტრამპმა თავის მეორე საინაუგურაციო სიტყვაში და ისაუბრა ეროვნული ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების იდეის მართებულობაზე.  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს განცხადება გაკეთდა იმ პირობებში, როდესაც აშშ-ის ენერგეტიკის ინფორმაციის ადმინისტრაციის მონაცემებით, აშშ ამჟამად აწარმოებს უფრო მეტ ნავთობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა.

დასკვნა

არქტიკაში სამხედრო და გეოპოლიტიკური დაძაბულობა სულ უფრო მეტად იზრდება, რადგან ქვეყნები ცდილობენ სტრატეგიული უპირატესობების მოპოვებას. შეერთებული შტატები, კანადა და ნატოს წევრი ქვეყნები აძლიერებენ სამხედრო ძალების განლაგებას და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით ახორციელებენ ერთობლივ წვრთნებსა და თავდაცვის ახალ სტრატეგიებს. ამასთან, ჩინეთი, გამოხატავს მზარდ ინტერესს რეგიონის მიმართ და ინვესტიციებით ცდილობს გავლენის მოპოვებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. არქტიკული საბჭო მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებაში.

რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა, სამხედრო საქმიანობის გამჭვირვალობა და მრავალმხრივი დიალოგის წარმართვა. ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემცირდეს ესკალაციის რისკები და ხელი შეეწყოს გრძელვადიან მშვიდობასა და თანამშრომლობას არქტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები შესაძლოა გასცდეს ცივილიზებული ნორმების ჩარჩოებს და ცალმხრივი გადაწყვეტილებების საფუძველზე მიიღოს სერიოზული კონფრონტაციის სახე. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტორი, რომ რუსეთის, ჩინეთის და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც ხელსაყრელი და ხისტი ნაბიჯების გადადგმას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე ერთმანეთთან სამართლებრივ ჩარჩოებში კონსენსუსის მიღწევის ხანგრძლივ პროცედურებს.