აშშ-ის უსაფრთხოების ახალი ფაზა: „ოქროს გუმბათის“ კონცეფცია, მიზნები და კრიტიკა

აშშ-ის უსაფრთხოების ახალი ფაზა: „ოქროს გუმბათის“ კონცეფცია, მიზნები და კრიტიკა

ავტორი: კოტე იოსელიანი

ოქროს გუმბათი – აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივაა, რომელიც თანამედროვე ტიპის სარაკეტო საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. პროექტის იდეა თავდაპირველად ამერიკის რკინის გუმბათის სახელწოდებით იყო ცნობილი და ოფიციალურად 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, როდესაც თეთრ სახლში ხელი მოეწერა შესაბამის აღმასრულებელ განკარგულებას.

ოქროს გუმბათი განკუთვნილია აშშ-ის ტერიტორიაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევების პრევენციისთვის და ინტეგრირებული თავდაცვის უზრუნველყოფისთვის. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანია ხარისხობრივად გააძლიეროს ქვეყნის კოსმოსური თავდაცვის შესაძლებლობები თანამედროვე საფრთხეების, მათ შორის ბალისტიკური,  ჰიპერბგერითი და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ. ინიციატივა ითვალისწინებს საფრთხის აღმოჩენას და შეკავებას მის ადრეულ ეტაპზე. ეს არის მრავალშრიანი თავდაცვის სისტემა, რომელიც მოწინააღმდეგის რაკეტებს, გამშვებ სისტემებს და პუნქტებს ყველა ფაზაში გაანეიტრალებს.

გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი მაგალითი, როდესაც აშშ კოსმოსში განათავსებს თავდაცვით შეიარაღებას. რაც შეეხება დროს და ფინანსებს, პრეზიდენტის თქმით, „ოქროს გუმბათის“ სისტემა სრულად უნდა ამოქმედდეს მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის რეალურმა ღირებულებამ შესაძლოა ერთ ტრილიონ დოლარსაც კი გადააჭარბოს.

ამ პროექტის სტრატეგიული მიზანი ემსახურება ქვეყნის მოქალაქეების და ინფრასტრუქტურის დაცვას, ასევე „კატასტროფულად საზიანო“ საფრთხეების აღმოფხვრას. ინიციატივა მოიაზრებს არსებული თავდაცვითი სისტემების ინტეგრაციას. პროცესში მონაწილეობენ აშშ-ის კოსმოსური ძალები და სარაკეტო თავდაცვის სააგენტო, რომლებიც ერთობლივად ქმნიან მრავალშრიან არქიტექტურას – ძველი, მომქედი და უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაერთიანებით.

რაც შეეხება ფინანსურ უზრუნველყოფას, თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავს საწყის ეტაპზე გამოყოს 25 მილიარდი დოლარი, რაც შემდგომში დამატებითი ტრანშებით გაიზრდება. ტრამპის გადაწყვეტილებით, პროექტს უხელმძღვანელებს აშშ-ის კოსმოსური ძალების გენერალი მაიკლ გუტლაინი, რომელსაც სამხედრო ანალიტიკოსები კოსმოსური თავდაცვის ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ სპეციალისტად მიიჩნევენ.

აღნიშნული ინიციატივა, უკვე მნიშვნელოვან ყურადღებას იქცევს საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. პროექტი აქტიურად განიხილება პარტნიორ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი კანადაში, სადაც პოლიტიკური ლიდერები მას დადებითად აფასებენ. როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აღნიშნა: „სარაკეტო საფრთხეების მზარდი მასშტაბი მომდევნო ათწლეულში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოვლინდება, რის გამოც სასარგებლო იქნება, თუ კანადა აშშ-სთან ერთად მიიღებს უსაფრთხოების დამატებით ფენას“.

კარნის თქმით, NORAD-ის (North American Aerospace Defense Command) ფარგლებში აშშ-სა და კანადას უკვე აქვთ ერთობლივი საჰაერო თავდაცვის მექანიზმები, ხოლო ოქროს გუმბათი ამ სისტემის ლოგიკურ და ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კანადა განიხილავს შეთავაზებას, რომ „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით უსასყიდლოდ დაცვის სანაცლოდ, შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს.

„მე ვუთხარი კანადას, რომელსაც ძალიან სურს ჩვენი ზღაპრული „ოქროს გუმბათის“ სისტემის ნაწილი იყოს, რომ ეს 61 მილიარდი დოლარი დაუჯდება, თუ ისინი ცალკე, მაგრამ არათანასწორ ერად დარჩებიან, მაგრამ ნული დოლარი დაუჯდებათ, თუ ჩვენი საყვარელი 51-ე შტატი გახდებიან. ისინი ამ შეთავაზებას განიხილავენ“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

გეოპოლიტიკური პერსპექტივიდან, აღნიშნული პროექტი აშშ-ის გლობალური სტრატეგიული პოზიციის განმტკიცების მცდელობად არის შეფასებული. ანალიტიკოსთა შეფასებით, ინიციატივა წარმოადგენს პირდაპირ რეაქციას რუსეთისა და ჩინეთის მიერ განვითარებულ ბალისტიკურ და ჰიპერსონიკულ შეიარაღებაზე. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პროექტი შემაშფოთებლად შეაფასა და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მისი განხორციელება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება გლობალური უსაფრთხოების სტანდარტებსა და საერთაშორისო სტაბილურობის პრინციპებს.

მოსკოვმაც გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, ოქროს გუმბათი შესაძლოა გახდეს ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის საერთაშორისო შეთანხმებების გადახედვის საფუძველი. რუსეთის შეფასებით, პროექტის განხორციელება მოითხოვს გრძელვადიანი ბირთვული კონტროლის მექანიზმების ხელახალ განხილვასა და სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნებას.

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტები ხაზგასმით მიუთითებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა ზრდის დისბალანსს დასავლურ ბლოკსა და მის გეოპოლიტიკურ მეტოქეებს შორის. მათი შეფასებით, ეს შესაძლოა გახდეს კატალიზატორი სამხედრო დოქტრინების გადახედვისა როგორც აშშ-ის მოკავშირეებში, ასევე მის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებში. ამ კონტექსტში პროექტის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად სახელდება ამერიკის შეიარაღებული ძალების გლობალური გაფართოება.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტს მრავალი დადებითი მხარე აქვს, ის ასევე ფართო განხილვის საგანია, განსაკუთრებით ხარჯებისა და მისი რეალიზების რეალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ეჭვების გამო. პროექტის ღირებულება ასეულობით მილიარდ დოლარს აჭარბებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ათწლეულის განმავლობაში მისი ფასი შესაძლოა $500–800 მილიარდს გადააჭარბოს. აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშის თანახმად, 20-წლიან პერიოდში, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზის შემთხვევაშიც კი, ხარჯებმა შეიძლება $831 მილიარდს მიაღწიოს. აღნიშნული მასშტაბის ფინანსური ვალდებულებები აჩენს კითხვებს პოლიტიკური ნების და შესაბამისი მხარდაჭერის შესახებაც. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი $25 მილიარდის ოდენობის ტრანშის დაფინანსება თეთრმა სახლმა კონგრესში დაბრკოლებების ფონზე განახორციელა.

ამავე დროს, საუბარი მიმდინარეობს ტექნიკურ გამოწვევებზეც, რაც პროექტის სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის პრობლემად რჩება. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მსგავსი სისტემის შექმნა და ინტეგრირება შესაძლოა ათ წელზე მეტხანს გასტანოს. განსაკუთრებულ პრობლემად სახელდება ძლიერი ბირთვული არსენალების ეფექტური შეკავება. არსებობს მოსაზრებები, რომ არსებული ტექნოლოგიები ვერ უზრუნველყოფს რამდენიმე ათასი სარაკეტო პლატფორმის განეიტრალებას, რაც ტექნიკურადაც და ეკონომიკურადაც არარეალურ ამოცანად აღიქმება. ხშირად მოყვანილია 1980-იანი წლების “სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის” მარცხის მაგალითი, რომელიც წამოიწყო პრეზიდენტ რეიგანმა. წარუმატებელი პროექტი თითქმის ანალოგიურ მიზნებს ისახავდა, კერძოდ კოსმოსში განლაგებული ტექნოლოგიებით ბალისტიკური რაკეტების განეიტრალებას, თუმცა ცხადია, რომ იმ დროისთვის ეს იდეა ტექნოლოგიურად მიუწვდომელი აღმოჩნდა. მედიისა და სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პროექტი არ შეესაბამება მიმდინარე საჭიროებებს. კერძოდ, ისინი გაცილებით ეფექტურ ალტერნატივად ასახელებენ იაფფასიან და ტექნიკურად მარტივად გამოსაყენებელ უპილოტო სისტემებზე (დრონებზე).

პროგრამის მართვის კუთხითაც არსებობს მნიშვნელოვანი რისკები. კერძოდ, SpaceX-ის წინადადება ეფუძნება „გამოწერის“ (subscription) პრინციპს, რომლის მიხედვითაც პენტაგონი გადაიხდის მხოლოდ ტექნოლოგიებზე წვდომის საფასურს და თავად არ იქნება აღნიშნული სისტემების მფლობელი. წარმოდგენილი მოდელი ცხადია აღძრავს შეშფოთებას, რომ სახელმწიფომ შეიძლება დაკარგოს სტრატეგიული კონტროლი სარაკეტო თავდაცვის მნიშვნელოვან კომპონენტებზე.

კრიტიკოსების აზრით, როგორც აშშ-ს საზოგადოება, ისე კონგრესი სკეპტიკურად უყურებენ პროექტს ხარჯების ზრდისა და გადაწყვეტილების მიღების გაუმჭვირვალე პროცესების გამო. ასევე დასახელებულია ის რისკიც, რომ კოსმოსში გადატანილმა ინფრასტრუქტურამ შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი სირთულეები. კრიტიკოსების მოსაზრებით ამგვარმა პროექტმა ასევე, შეიძლება წარმოშვას ახალი გლობალური უთანხმოებები და გახსნას გზა შეიარაღების ახალი რბოლისთვის.

კრიტიკოსების შეფასებით, პროექტის მასშტაბი პოტენციურად ზრდის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართ სამიზნე თავდასხმების რისკს. ვ.სამსონი (W.SAMSON), ამერიკელი სამხედრო ექსპერტი, აღნიშნავს: „ინიციატივა შეიძლება გახდეს პანდორას ყუთის გახსნა. კოსმოსში რაკეტების განთავსება არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს და ეწინააღმდეგება სამხედრო ესკალაციის პრევენციულ ლოგიკას“ სამსონისვე განცხადებით, მსგავსი პროექტის რეალიზება, მაღალი ალბათობით, სტიმულს მისცემს სხვა სახელმწიფოებს, რომ საკუთარი თავდაცვითი სისტემები განავითარონ ან შექმნან უფრო მოწინავე ტექნოლოგიები. მისი შეფასებით, ამ პროცესმა შესაძლოა „ძირეულად შეცვალოს გლობალური სამხედრო ბალანსი და გაზარდოს სტრატეგიული დაძაბულობა მსოფლიო მასშტაბით“.

დასკვნა

ოქროს გუმბათი თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და წინააღმდეგობრივ ინიციატივად გვევლინება. ის განიხილება როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ტექნოლოგიური უპირატესობის განმტკიცებას, აშშ-ის გლობალური გავლენის გაზრდას და ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ სისტემური თავდაცვითი არქიტექტურის შექმნას. პროექტმა უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურება: მისი მხარდაჭერა გამოხატეს ისეთმა პარტნიორებმა, როგორიცაა კანადა და საფრანგრეთი, მაშინ როცა გეოპოლიტიკური მეტოქეების, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან წამოვიდა მკაცრი კრიტიკა.

ამავე დროს, აღნიშნული ინიციატივა იწვევს კომპლექსურ კითხვებს როგორც ფინანსურ და ტექნიკურ, ასევე პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე. პროექტის წარმოუდგენლად მაღალი ხარჯები, ტექნოლოგიური რეალიზაციის გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის შესაძლებლობების შემცირების რისკები ქმნის მრავალმხრივ დილემას, თუ რამდენად არის ეს სისტემა რეალურად გამართლებული არსებული და მომავალი საფრთხეების კონტექსტში. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე კამათი ასევე ნათლად აჩვენებს, რომ სამხედრო პოლიტიკის მოდერნიზაცია აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ის მოითხოვს ფართო პოლიტიკურ თანხმობას, საზოგადოებრივ ლეგიტიმაციასა და საერთაშორისო სამართლებრივ სტაბილურობას.

ამრიგად, ოქროს გუმბათის წარმატება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესზე, არამედ იმაზე, რამდენად მოახერხებს აშშ ამ პროექტის გამჭვირვალედ წარმართვას, მოკავშირეებთან კოორდინაციასა და გლობალური გამოწვევების პირობებში ინიციატივის ადვოკატირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეუძლია გახდეს არა თავდაცვის, არამედ ესკალაციის წყარო, რისი საფრთხეც არსებული გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე კვლავ მაღალ ნიშნულზეა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადრე თუ გვიან თავდაცვის მიმართულებით კოსმოსის ათვისება იქნება გარდაუვალი მოცემულობა. ოქროს გუმბათის პროექტთან დაკავშირებით არსებული სკეპტიციზმი გასაგებია, რადგან სახეზეა კონკრეტული პრობლემები და დამაბრკოლებელი ფაქტორები. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელმაც წარსულში შეცვალა საერთაშორისო დღის წესრიგი ასევე გაჯერებული იყო  არანაკლები სკეპტიციზმით და წინააღმდეგობრივი ფაქტორებით. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ნატოს შექმნის იდეის კონცეპტუალური დაპირისპირება დასავლეთ ევროპის (სამხედრო) კავშირთან. ოქროს გუმბათი სწორედ ამგვარ პროექტებს მიეკუთვნება და განხორციელების შემთხვევაში ცალსახად გამოიწვევს ეპოქალურ ცვლილებებს.