ირანის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა ისრაელთან ომის შემდეგ

ირანის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა ისრაელთან ომის შემდეგ

ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი

ირან-ისრაელის თორმეტ დღიანი ომის შემდეგ ირანის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში სხვადასხვა საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ისრაელის მიერ ლიკვიდირებული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ზედა რგოლი ახალი კადრებით ჩანაცვლდა. ამასთანავე, ირანის უშიშროების უზენაესი საბჭოს გენერალურ მდივნად დაინიშნა ცნობილი ირანელი პოლიტიკოსი, მეჯლისის ყოფილი სპიკერი ალი ლარიჯანი. გარდა ამისა, ირანის ლიდერის აიათოლა ხამენეის ბრძანებით, ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინიციატივითა და ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა თავდაცვის საბჭო.

დანაკარგები „გუშაგთა კორპუსსა“ და სამხედრო სტრუქტურებში

2025 წლის 13 ივნისის დაწყებული ომის დროს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედრო დაზვერვა „ამანისა“ და საგარეო დაზვერვა „მოსადის“ დახმარებით თითქმის მთლიანად გაანადგურეს ირანის „გუშაგთა კორპუსისა“ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა. საყურადღებოა, რომ ტრადიციისამებრ ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა „გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მისი უკვე ლიკვიდირებული მაღალჩინოსანი წევრი გენერალი მოჰამმად ბაყერი. ფაქტია, რომ სწორედ მისი მეშვეობით აკონტროლებდა კორპუსი ირანის შეიარაღებულ ძალებს. საკუთარი, ოფიციალურად ჩანერგილი წარმომადგენლების დახმარებით სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებზე კონტროლის დაწესება „გუშაგთა კორპუსის“ ცნობილ ტაქტიკურ მეთოდს წარმოადგენს. ასე მაგალითად კორპუსის მიერ მსგავსი სტილით იმართება ირანის ინფორმაციის (უშიშროებისა და დაზვერვის) სამინისტროც, რომელსაც „გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის ერთერთი დამაარსებელი და ყოფილი ხელმძღვანელი ესმაილ ხათიბი მეთაურობს.

საგულისხმოა, რომ ისრაელის მიერ გენერალ ბაყერის ლიკვიდაციის შემდეგ შეიარაღებული ძალების გენშტაბის მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა გენერალ-მაიორი სეიედ აბდულრაჰიმ მუსავი, რომელიც მისი წინამორბედებისგან განსხვავებით „გუშაგთა კორპუსში“ არ ირიცხება. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ირანის ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში ტაქტიკა შეცვალა, მანამდე არსებულ ტრადიციას უღალატა და სამხედრო სფეროში ძალთა დაბალანსების მიზნით გენშტაბის უფროსად არა „გუშაგთა კორპუსის“ წევრი, არამედ არმიის გენერალი დააწინაურა.

საყურადღებოა, რომ მაღალი რანგის პირების გარდა ისრაელმა „გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნების მეორე ეშელონის წარმომადგენლების ლიკვიდაციაც მოახერხა. მათ შორის, ირანის რელიგიურ ქალაქ ყუმში გაანადგურეს  „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთის, ალ-ყუდსის“ შემადგენლობაში შემავალი „პალესტინური კორპუსის“ მეთაური  საეედ იზადი. საინტერესოა, რომ მას ისრაელის სადაზვერვო და სამხედრო სტრუქტურები 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის წინა პერიოდში პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ დაფინანსებისა და შეიარაღების ბრალდებას უყენებდნენ. მაღალი ალბათობით, ისრაელის სპეცსამსახურები ამის თაობაზე დაზუსტებულ ინფორმაციას ფლობდნენ, რადგან ირანის სპეცსამსახურები და განსაკუთრებით კი „გუშაგთა კორპუსი“ დიდი ხნის განმავლობაში პალესტინურ „ჰამასს“  სამხედრო და სადაზვერვო სფეროებშიც ეხმარებოდა. მეტიც, ირანული სპეცსამსახური ლიბანურ „ჰეზბოლასთან“ ერთად „ჰამასს“ ისრაელის საწინააღმდეგოდ ლიბანში ბაზირებული სადაზვერვო ცენტრის დახმარებით სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფდა. საინტერესოა, რომ საეედ იზადისთან ერთად ისრაელის სპეცოპერაციას „ალ-ყოდსის“ წარმომადგენელი ლიბანში, ბეჰნამ შაჰრიარიც შეეწირა, რაც გვაფიქრებინებს რომ ისრაელს ირანის სპეცსამსახურების მაღალი რანგის წარმომადგენლების და მათთან  მჭიდროდ დაკავშირებული საერთაშორისო ტერორისტული ქსელის ერთდროულად განადგურება აქვს მიზნად დასახული.

ამ კონტექსტში, დამატებით, კიდევ ერთი საყურადღებო დეტალის გახსენება შეიძლება: „ჰამასის“ მიერ განხორციელებული 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტამდე, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებმა პრო-ირანული ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ წევრებთან ერთად ირანის ტერიტორიაზე არსებულ „გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო ბაზაზე წვრთნები გაიარეს, რომლებსაც კორპუსის სპეცშენაერთის, ალ-ყოდსის მეთაური, გენერალი ესმაილ ყაანი ესწრებოდა. ეს ფაქტები პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ირანი 7 ოქტომბრის ტერაქტის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული. თუმცა, საკუთრივ  ესმაილ ყაანის მიერ 2025 წლის 3 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, მან, ისევე როგორც ჰასსან ნასრალლამ და ისმაილ ჰანიამ  7 ოქტომბრის ტერაქტის დაწყება მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გაიგო.

„გუშაგთა კორპუსის“ არაეფექტური კონტრსადაზვერვო საქმიანობა

„გუშაგთა კორპუსის“ მდგომარეობა უდავოდ იმ გარემოებამაც დაამძიმა, რომ მათ ვერ შეძლეს ბირთვულ პროგრამაში ჩართული ირანელი ბირთვული ფიზიკის ტოპ-მეცნიერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ბირთვული ობიექტების საჰაერო თავდასხმებისაგან დაცვა. ამან კი, ყველაფერთან ერთად, „გუშაგთა კორპუსს“ დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა. ისიც საყურადღებოა, რომ ირანის კონტრსადაზვერვო სტრუქტურებმა ვერც მანამდე და ვერც უშუალოდ ომის დროს ვერ შეძლეს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მრავალრიცხოვანი ჯაშუშური ქსელების გამოვლენა და ლიკვიდაცია, რაც მათი მომზადების არასაკმარის დონეზე მიგვითითებს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ისრაელის სპეცსამსახურების განცხადებების თანახმად, მათ 12 დღიანი ომის წინ და მისი მიმდინარეობის დროს ირანის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით აგენტი შეაგზავნეს, რომელთა შორის ქალთა  სიმრავლე შეიმჩნეოდა. მათ შორის ბევრი ირანელი დისიდენტიც იყო,რომლებიც სავარაუდოდ თავის დროზე ირანის რეჟიმს უცხოეთში გაექცნენ. უდავო ფაქტია, რომ ირანის ტერიტორიაზე ისრაელის აგენტურის ასეთი თავისუფალი გადაადგილება და მოქმედება ირანული კონტრსადაზვერვო სამსახურების არაეფექტურ საქმიანობაზე მიგვანიშნებს. 

ამ ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობამ „გუშაგთა კორპუსის“გავლენისა და ფუნქციონირების საკითხი უდავოდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუმცა, ირან-ისრაელის ომის დროის მოკლე პერიოდში დასრულებამ ირანის ხელისუფლებას გონზე მოსვლის შესაძლებლობა მისცა და ფაქტობრივად „გუშაგთა კორპუსი“ სრული განადგურებისაგან გადაარჩინა. ფაქტია, რომ რადგან  ირანის მმართველი მოლების რეჟიმი ქვეყნის შიგნით ძირითადად სწორედ „გუშაგთა კორპუსს“, როგორც რეპრესიულ აპარატს ეყრდნობა და მას ირანელი ხალხის დასამორჩილებლად იყენებს, მის ზედა რგოლებს ირან-ისრაელის ომის დროს დაშვებული შეცდომები ეპატიათ.

„გუშაგთა კორპუსში“ განხორციელებული  საკადრო ცვლილები

ყურადღებას იქცევს აგრეთვე სხვა დანიშვნებიც. კერძოდ, „გუშაგთა კორპუსის“ ახალ უფროსად კორპუსის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი მოჰჰამად ფაქფური დაინიშნა. ხოლო „გუშაგთა კორპუსის“ სახმელეთო ჯარების მეთაურად კი გენერალი მოჰამმად ქარამი. ამასთან, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად „გუშაგთა კორპუსის“ გამოცდილი გენერალი აბდულ რაჰიმ მუსავი დაინიშნა. ამასთან ერთად, „გუშაგთა კორპუსის“ ყველაზე დიდი სამხედრო ქვე-სტრუქტურის, „ხათემ ალ-ანბიას“ შტაბის უფროსის თანამდებობა დაიკავა გენერალმა ალი აბდოლაჰიმ. საფიქრებელია, რომ ირანის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ოპოზიციურ ძალებსა და მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეულწილად უფრთხის კიდეც და  ბრძოლებში გამობრძმედილ გენერლებს საჭიროების შემთხვევაში მათ წინააღმდეგაც გამოიყენებს.

საყურადღებოა, რომ „გუშაგთა კორპუსის“ დაზვერვის უფროსად გენერალი მაჯიდხადემი დაინიშნა, რომელიც მანამდე შიდა უსაფრთხოების ორგანიზაციას (IRGC’sProtectionandIntelligenceOrganizationSazman-e Hefazat-e Sepah) ხელმძღვანელობდა. მაღალი ალბათობით, მისი, როგორც „გუშაგთა კორპუსის“ შიდა უსაფრთხოების აწ უკვე ყოფილი უფროსის  ამავე ორგანიზაციის დაზვერვის უფროსად გადაყვანა/დანიშვნა უკავშირდება ირანის ლიდერის, აიათოლა ხამენეის სურვილს ამ საკვანძო სტრუქტურის სადაზვერვო სამსახურზე შიდა კონტროლი კიდევ უფრო გააძლიეროს.

ირანის ეროვნული უშიშროების უზენაეს საბჭოში მომხდარი საკადრო ცვლილებები

ასეთ რთულ ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას უდავოდ  იმსახურებს 2025 წლის 7 აგვისტოს ირანის ხელისუფლებაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან თანამდებობაზე, ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს მდივნად ცნობილი პოლიტიკოსის, ირანის ეროვნული მეჯლისის ყოფილი თავმჯდომარის, ალი არდაშირ ლარიჯანის დანიშვნის ფაქტიც, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა მანამდეც, 2005-07 წლებშიც ეკავა. აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარედ ოფიციალურად ითვლება ირანის პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს და წარადგენს მის მდივანს. შემდგომში ამ კანდიდატურას თანამდებობაზე უკვე ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ხამენეი ამტკიცებს. ეს სტრუქტურა ვალდებულია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პოლიტიკის შემუშავებაზე და ამისათვის ახორციელებს სხვადასხვა სფეროების კოორდინაციას.

ალი ლარიჯანი ისლამური რესპუბლიკის ერთერთი ყველაზე გავლენიანი, ლარიჯანების კლანის წარმომადგენელია, რომელთაც ირანის სახელისუფლო რგოლებში ყოველთვის მაღალი თანამდებობები ეკავათ. საყურადღებოა, რომ მის ძმას, სადეყ არდაშირ ლარიჯანის ირანის ხელისუფლების ერთერთი ყველაზე გავლენიანი იურიდიული სტრუქტურის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარის პოსტი უკავია და ხშირად მას ირანის ლიდერის, აიათოლა ჰამენეისერთერთ პოლიტიკურ მემკვიდრედაც კი განიხილავენ. ცხადია, ალი ლარიჯანის ასეთ მაღალ და მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა არ ყოფილა შემთხვევითი. მითუმეტეს, რომ მას აიათოლების ოჯახის წარმომადგენლობასთან ერთად „გუშაგთა კორპუსის“ მხარდაჭერაც გააჩნია, რადგანაც ის დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სწორედ ამ გასამხედროებულ ელიტარულ სტრუქტურაში მსახურობდა და ბრიგადის გენერლის წოდებაც კი აქვს მინიჭებული. მაღალი ალბათობით,  მისი ამ თანამდებობაზე ხელახალი დანიშვნა იმანაც განაპირობა, რომ როგორც აიათოლებისთვის, ისე გუშაგებისთვის ალი ლარიჯანი თავისიანად ითვლება და ასეთ რთულ პერიოდში მათი ერთიანობის შენარჩუნება შეუძლია. გარდა ამისა, იგი დასავლეთთან დიალოგის უნარის მქონე პოლიტიკოსადაც ითვლება, რაც ასე ძალიან სჭირდება ამ ეტაპზე ირანის რეჟიმს. მაღალი ალბათობით, ალი ლარიჯანის დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებასთან ერთად რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც ევალება. ამაზე გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე თითქმის ერთი თვით ადრე იგი მოსკოვს ეწვია და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს აიათოლა ხამენეის ბრძანებითა და ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინიციატივით, ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით ახალი თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც დროში ფაქტობრივად  ალი ლარიჯანის თანამდებობაზე დანიშვნას დაემთხვა. ახალი ორგანო ოფიციალურად ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს დაექვემდებარება. ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ ახალი თავდაცვის საბჭოს ფუნქციებში შედის თავდაცვითი სტრატეგიების შემუშავება და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება. მასში შევლენ ხელისუფლების სამივე სამი შტოს ხელმძღვანელები, ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობა და აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები. უფრო კონკრეტულად კი მისი წევრები იქნებიან: პრეზიდენტი როგორც თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე და სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი, ისლამური რევოლუციის ლიდერის მიერ დანიშნული ორი ზემოაღნიშნული წარმომადგენელი, უშიშროების (ინფორმაციის) მინისტრი, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ და არმიის მეთაურები. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასში შევა „ხათემ ალ-ანბიას“(განსაკუთრებული სიტუაციების სარდლობა, „გუშაგთა კორპუსის“ ყველაზე დიდი სამხედრო შენაერთი) ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელიც. ასეთი სოლიდური წარმომადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ სტრუქტურას საკმაოდ დიდი გავლენა ექნება ირანის სამხედრო სფეროში მიმდინარე პროცესებზე.

დასკვნა

ირანის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესები, კონკრეტულად კი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები თავისთავად განპირობებულია ირან-ისრაელის თორმეტდღიანი ომითა და იმ მძიმე შედგებით, რითაც ის ირანისათვის დასრულდა. ფაქტია, რომ ირანის სპეცსამსახურებმა და სამხედრო სტრუქტურებმა სამხედრო მზადყოფნისა და მომზადების დაბალი დონის გამო აღნიშნული ომის დროს დიდი მარცხი განიცადეს. ფაქტობრივად, ირანის ყველაზე კარგად მომზადებული და დაფინანსებული გასამხედროებული ორგანიზაცია საკმაოდ სუსტად მომზადებული აღმოჩნდა  ისრაელის სპეცსამსახურებისა და სამხედრო სტრუქტურების მიერ კარგად დაგეგმილი და წარმატებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევების წინაშე, რამაც მის რიგებში ასეთი დიდი მსხვერპლი განაპირობა.

ამ ომმა აჩვენა ისრაელის სამხედრო და უსაფრთხოების შესაძლებლობების უპირატესობა. თუმცა დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში ირანის სახელმწიფო სისტემა უკიდურესად მძიმემდგომარეობიდან გამოვიდა და სამხედრო/უსაფრთხოების სისტემის ფუნქციონირება მეტნაკლებად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

“გუშაგთა კორპუსში“ განხორციელებული საკადრო ცვლილებები აჩვენებს, რომ ირანის სპეცსამსახურებს და სამხედრო სტრუქტურებს საკმაოდ დიდი რეზერვი გააჩნია და ძველი კადრების ახლებით ჩანაცვლება მისთვის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც ჩანს ეს ორგანიზაცია ასე იოლად არ დათმობს ძალაუფლების სადავეებს. აქ არის ერთი საინტერესო დეტალი: ირანის სპეცსამსახურების ჩავარდნის მიუხედავად, მათ შორის ბირთვული პროგრამის განვითარების საქმეში, მათ შეძლეს  გამდიდრებული ურანის გადამალვა, რის შესახებაც ისრაელის სახელმწიფო სტრუქტურები იტყობინებიან. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ირანმა ბირთვული პროგრამის განვითარების პროცესი კვლავ განაახლოს. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ისრაელისათვის ირანული ბირთვული პროგრამა კვლავაც ეგზისტენციალურ საფრთხედ დარჩება, რაც ირანთან ახალი ომის ალბათობას ძალიან ზრდის. საფიქრებელია, რომ ირანის ხელისუფლება ამას კარგად ხვდება და მაღალი ალბათობით, სწორედ მომავალი სამხედრო კონფლიქტისათვის უკეთესად მომზადებას ემსახურება ახალი თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბების გადაწყვეტილებაც. შესაბამისად, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ირანის ხელისუფლება, მისი სამხედრო და უშიშროების ელიტა ისრაელთან ახალი ომისათვის მზადების პროცესშია და ახალი სამხედრო კონფლიქტი მხოლოდ დროის ამბავია.