ავტორი: გრიგოლ გიორგაძე
თანამედროვე თურქეთი რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაში
თურქეთის კავკასიურ პოლიტიკაში დაბრუნება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე იწყება. თუმცა ეს პერიოდი თურქეთისთვის გარკვეული ხარვეზებით ხასიათდებოდა და ნიადაგის მოსინჯვას უფრო ჰგავდა. თურქეთის რეგიონული პოლიტიკა და მისი ჩართულობა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ წრეებში მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულში, რაც ამ ქვეყნის მზარდ პოლიტიკურ როლსა და გავლენებზე მიუთითებს. სამხრეთ კავკასიაში თურქეთის გააქტიურება რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად და ირანის საერთაშორისო პოზიციების დასუსტების ფონზე მიმდინარეობს. სამხრეთ კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა იქმნება და რეგიონის ქვეყნებს, როგორც გამოწვევებს, ისე პოლიტიკურ პერსპექტივებს უჩენს.
თურქეთი თანმიმდევრულად და აქტიურად არის ჩართული, როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ პოლიტიკაში. თავდაცვის მზარდმა ინდუსტრიამ, ეკონომიკურმა განვითარებამ და ნატოს წევრობამ, გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, თურქეთი არა მხოლოდ ანგარიშგასაწევ რეგიონულ ძალად, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვან და განუყოფელ აქტორად აქცია. ეს ქვეყანა სულ უფრო მეტად ყალიბდება თავდაჯერებულ, ძლიერ, გლობალური ამბიციების მქონე სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია ალიანსისგან განსხვავებული პოზიციები გააჟღეროს და გლობალურ პოლიტიკაში ავტონომიური პოლიტიკის გატარებით პოზიციონირდეს.
თურქეთის წარმატება თვალშისაცემია მისი საგარეო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე რეგიონებში – ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.
თურქეთის ურთიერთობები სომხეთსა და აზერბაიჯანთან
სამხრეთ კავკასია თურქეთისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, სადაც მისი აქტიური პოლიტიკური ჩართულობა, – როგორც ოდესღაც ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფ რეგიონში, ქვეყნის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში ბუნებრივად აღიქმება.
1990 წწ. თურქეთის კავკასიური პოლიტიკა გარკვეული პოლიტიკური ხარვეზებით ხასიათდებოდა. გარდამტეხი მომენტი ყარაბაღის მეორე ომისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დადგა. თურქეთის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების დასუსტების პარალელურად მიმდინარეობს. თუმცა რუსეთის პოზიციების დასუსტება არ ნიშნავს რუსეთის მზაობას დათმოს საკუთარი ინტერესები მისთვის ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში, სხვა ძალის, მით უმეტეს, ისტორიული მეტოქის, თურქეთის სასარგებლოდ.
ბრძოლა რეგიონში ინტერესების გაფართოება/შენარჩუნებისთვის მომავალში უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. პოლიტიკური პროცესების ინტენსიფიკაცია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემთხვევაში უფრო თვალსაჩინო გახდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გამოწვევების წინაშე დააყენებს. მანამდე კი რეგიონის ქვეყნებს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან მოუწევთ ადაპტირება, რაც რუსეთის გავლენების დასუსტებასა და თურქეთის როლის ზრდას გულისხმობს. თურქეთის პოლიტიკური გავლენების ზრდას ხელს უწყობს მესამე რეგიონული ძალის – ირანის პოზიციების შესუსტებაც, განსაკუთრებით, ისრაელთან გადატანილი ე.წ. თორმეტდღიანი ომის შემდეგ.
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების თანამედროვე პერიპეტიები
თურქეთსა და სომხეთს ურთიერთკავშირის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნიათ. ორი ერის ურთიერთობებში გადამწყვეტი აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომის დროსა და მის შემდგომ ოსმალეთის იმპერიაში განვითარებული მოვლენები, რასაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ქვეყნებს შორის ახალი ერა სომხეთში ნ.პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იწყება, რასაც ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური პროცესების დაჩქარებული ტემპით წარმართვა მოყვა. ამ პოლიტიკის გამოძახილია სომხეთის მთავრობის მეთაურის თურქეთში ისტორიულად მონათლული ვიზიტი და აშშ-ს მიერ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ასწლიან იჯარაში აღება, რეგიონში ახალი პოლიტიკური რეალობის მანიშნებელია. თურქეთის პოზიცია ზანგეზურის (სომხურად მეღრი) დერეფანთან[1] დაკავშირებით ცალკე განხილვის თემაა, რაც დეტალურ შესწავლას მოითხოვს, როგორც თურქეთის რეგიონული, ისე გლობალური პოლიტიკისა და ეკონომიკის ჭრილში. მ.წ. 8 აგვისტოს ვაშინგტონში პარაფირებული შეთანხმების („ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და განვითარებისთვის“ (Trump Route for International Peace and Prosperity) პრაქტიკული განხორციელების შემთხვევაში, რეგიონისა და არა მხოლოდ რეგიონის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ლანდშაფტი სერიოზულად შეიცვლება.
ბოლო დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის გაბედული და თამამი ნაბიჯები ხაზს უსვამს სომხეთის ლიდერშიფის სერიოზულ მზადყოფნას დაიწყოს თურქეთთან თანამშრომლობის თვისებრივად ახალი ეტაპი. თუკი ეს მოცემულობა გაგრძელდება, აღნიშნული, რუსეთის პოზიციებს უფრო ბუნდოვანს გახდის, ირანს კი რეაგირების ბერკეტების გარეშე დატოვებს. არ არის გამორიცხული,ამის საპირწონედ, გარე აქტორებმა სომხეთში შიდა დესტაბლიზაციის პროვოცირება მოახდინონ.
თურქეთის სომხეთთან პროაქტიურმა ჩართულობამ გარკვეული შედგები უკვე გამოიღო. არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია სომხურ სოციუმში საბაჟო სამსახურებიდან არარატის მთის გამოსახულების შტამპის ამოღებამ. ის, რომ სომხურ ისტორიულ ცნობიერებასა და სომეხი ერის თვითიდენტიფკაციაში არარატს და მასთან დაკავშირებულ ბიბლიურ თემატიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კარგად ჩანს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვატიკანში სომხეთის ყოფილი ელჩის მიკაელ მინასიანის ნათქვამშიც: „არარატის გლობალურ აღქმას სომხური პერსპექტივა აქვს. არარატი ჩვენი პირველი და მოგებული ბრძოლაა რეალობასთან, ჩვენი პირველი გამოწვევა გეოგრაფიისა: დე იურე მთა ჩვენი საზღვრების გარეთ მდებარეობს, მაგრამ დე ფაქტო, ის ჩვენია. არარატი – ესაა სიმბოლო, რომელიც ყვირის, რომ ჩვენ ბიბლიური ეთნოსი ვართ. არარატი ჩვენი დამოუკიდებლობის სიმბოლოა: ის გამოსახულია ყველა ჩვენი რესპუბლიკის გერბზე.“
საინტერესოა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთრივ ოპოზიციური პარტიებისა და სომხურ დიასპორაში გამოთქმული მოსაზრება. ამ ფაქტს აღშფოთებითა და სარკაზმით შეხვდა რუსეთში არსებული სომხური დიასპორა, სადაც აღნიშნეს, რომ „ნებისმიერი მცდელობა სომხეთი გადააქციონ თურქეთისა და ნატოს მარიონეტად, წარუმატებლად დასრულდება.“ სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას პრეზიდენტმა ერდოღანმა გაეროს გენ.ასამბლეაზეც გაუსვა ხაზი. თუმცა თურქეთ-სომხეთის მომავალი ურთიერთობების წყალგამყოფი მომენტი მომავალ წელს დაგეგმილი სომხეთის საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომლის შედეგი დიდწილად განსაზღვრავს თუ რამდენად გაგრძელდება ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლებაში ამჟამინდელი ლიდერები დარჩებიან, მაშინ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები მეტ დინამიკას შეიძენს და რიგ საკითხებზე კომპრომისის მიღწევის შემთხვევაში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საზღვრების გახსნაც რეალური გახდება. რევანშისტული ძალების მოსვლის შემთხვევაში, ურთიერთობების დათბობა შეჩერდება, ნორმალიზაციის პროცესი კი შეფერხდება. სიტუაციის ამგვარად განვითარების შემთხვევაში, საკმაოდ რთული იქნება აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაძლო რეაგირების განსაზღვრა. პროცესების ამგვარად წარმართვა თურქეთის პოლიტიკურ დივიდენდებს დააზიანებს.
აზერბაიჯანისა და თურქეთის სტრატეგიული კავშირი
თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე იწყება, რაც ისტორიულმა, კულტურულმა და ლინგვისტურ-რელიგიურმა კავშირებმა უფრო განამტკიცა. ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლას ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ეყრება საფუძველი, როდესაც ხელი მოეწერა შუშის დეკლარაციას, სადაც ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მეორე ქვეყანაზე თავდასხმის ტოლფასია. შუშის დეკლარციით მოხდა ორ ქვეყანს შორის არსებული სტრატეგიული კავშირის ალიანსში გადაზრდა. რეგიონში ახალი, ანგარიშგასაწევი ძალა ჩამოყალიბდა.
თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ხაზგასასმელია ორი მიმართულება: სამხედრო და ენერგო სფეროები. ფაქტობრივად, აზერბაიჯანი პირველი პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოა, რომელსაც ნატოს წევრ სახელმწიფოსთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულება აქვს დადებული. ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სიღრმეს კარგად ასახავს ფრაზა რომელსაც პრეზიდენტ ჰ.ალიევს მიაწერენ: ერთი ერი ორი სახელმწიფო. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ კი სოც.ქსელებში გაჩნდა ნათქვამის პერიფრაზი: ერთი ერი, ერთი არმია, ორი სახელმწიფო.
თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სიმყარეს ისტორიულ-კულტურულ, ლინგვისტურ თუ იდეოლოგიურ ერთობასთან ერთად, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორებიც განაპირობებს. თურქეთისთვის აზერბაიჯანი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ცენტრალურ აზიასთან დაკავშირების კუთხით, რასაც რეგიონის მდიდარი ენერგო რესურსებიც ერთვის თან. თურქეთი ამ ეტაპზე დიდად არის დამოკიდებული ენერგო რესურსების იმპორტზე, რაც მძიმე ტვირთად აწევს თურქულ ეკონომიკას. ამასთან, თურქეთის ენერგო პოლიტიკა მიზნად ისახავს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნის ენერგო ჰაბად გარდაქმნას, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად პოლიტიკური დივიდენდების მომტანიცაა. აზერბაიჯანისთვის კი თურქეთთან ურთიერთობა, ზემოჩამოთვლილი ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის კონსოლიდაციის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში ქვეყნის ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკონომიკურ მდგენელსაც. შთამბეჭდავია აზერბაიჯანული ინვესტიციები თურქულ ეკონომიკაში, განსაკუთრებით, ენერგო სექტორსა და ტურიზმში, რაც ორ ქვეყნას შორის ურთიერთობებს უფრო სოლიდურს ხის.
აღსანიშნავია ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის მასშტაბები. თურქეთის სამხედრო ინდუსტრიის ერთ-ერთმა ფლაგმანმა „ასელსანმა“ წარმომადგენლობა გახსნა ქ.ბაქოში. „აზერბაიჯანი დღესდღეობით ასეულმილიონობით აშშ დოლარის თურქული სამხედრო ნაწარმის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ თურქეთის წამყვანი თავდაცვის კომპანიებისა და მწარმოებლების პარტნიორიცაა. საინტერესოა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა საელჩოებში „თავდაცვის მრეწველობის თანამშრომლობის ატაშეს“ პოზიცია შემოიღო, პირველი ქვეყანა, სადაც ატაშე დაინიშნა, აზერბაიჯანი იყო.“ ხშირია ერთობლივი სამხედრო წვრთნებიც, სადაც ორივე ქვეყნის სამხედროები ერთობლივი ოპერაციებისთვის საჭირო სცენარებსა და მექანიზმებს ავითარებენ.
თურქეთი აზერბაიჯანის წამყვანი ეკონომიკური პარტნიორია. მხოლოდ 2021წ. მონაცემებით, აზერბაიჯანის ინვესტიციებმა თურქეთის ეკონომიკაში 21 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. ინვესტიციების მნიშვნელოვანი წილი ენერგო სექტორზე მოდის. ნავთობგადამამუშავებელ საწარმო „STAR“-ში ჩადებული 6.3 მლრდ. დოლარის ინვესტიციით, აზერბაიჯანი თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ერთ ჯერზე ჩადებული თანხის ოდენობით, ყველაზე მსხვილ ინვესტორად იქცა.
თურქეთის კავკასიური პოლიტიკის მრავალგანზომილებაზე აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ბოლო დროს დაძაბულ ურთიერთობაში ოფიციალური ანკარის პოზიციაც მეტყველებს[2], სადაც თურქეთმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა. ცხადია, სამხრეთ კავკასიაში თურქეთის აქტიური და მრავალმხრივი ჩართულობა ანკარის ფრთხილ, მოზომილ და წინდახედულ პოლიტიკასთან ერთობაში უნდა იქნას განხილული. მართლაც,რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დუღილის ტემპერატურა კლებულობს, რაც ხაზს უსვამს თურქეთის გონივრულ და აქტიურ საგარეო პოლიტიკურ კურსს რეგიონთან მიმართებაში.
დასკვნა
1990 წწ. განსხვავებით, თურქეთის ამჟამინდელმა რეგიონულმა პოლიტიკამ ქვეყანას ხელშესახები შედეგები მოუტანა. ამ პროცესებს ხელი შეუწყო ანკარის დიპლომატიურმა მოქნილობამ, ეფექტურმა პოლიტიკურმა მანევრირებამ და რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პოლიტიკურმა ძვრებმა.
თურქეთმა წარმატებული ეკონომიკური, ენერგო ჩართულობისა და აქტიური დიპლომატიური და სამხედრო-პოლიტიკის გატარებით, სოლიდური პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება შეძლო. თუმცა წარმატებას შენარჩუნება და გამყარება სჭირდება, რაც ანკარის მხრიდან პოლიტიკური და დიპლომატიური გამჭრიახობის დემონსტრირებას მოითხოვს. პოლიტიკური პოზიციების შემდგომი განმტკიცება, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა საკითხთან. კერძოდ, სომხეთის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან, რეგიონულ აქტორებთან თურქეთის ჯეროვან ინტერაქციასა და გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე ძვრებთან, ასევე, ანკარის რეალურ შესაძლებლობებთან. თურქეთი, – რუსეთის უკრაინის ომში ჩართულობისა და დასავლეთთან დაპირსიპირების ფონზე, – ფრთხილი, მაგრამ ამავე დროს, პროაქტიური პოლიტიკის შენარჩუნებით, გააგრძელებს სამხრეთ კავკასიაში პოზიციების გამყარებას. ამან კი, ეკონომიკური და ენერგო პოზიციების განმტკიცებასთან ერთად, რეგიონში თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო ყოფნაც უნდა უზრუნველყოს.
თურქეთის პოლიტიკური დივიდენდების გრძელვადიან პერსპექტივაში კონვერტირება, რომელიც კომპლექსური საკითხია, სხვადასხვა ფაქტორით იქნება განპირობებული. ეს უპირველესად დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე, ანკარის მიერ რეგიონისა და რეგიონს გარე აქტორებთან ინტერესების შეჯერებასა და პოლიტიკური ჩართულობის დონის შენარჩუნებაზე.
[1]სომხეთში მწვავედ და პროვოკაციულად აღიქვამენ აღნიშნული დერეფნის „ზანგეზურად“ მოხსენიებას, რაც მათი აზრით, აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენების საფუძველს ქმნის.
[2]რუსეთ-აზერბაიჯანს შორის წარმოშობილი დაპირისპირების მიზეზებსა და ისტორიაზე საინტერესო მოსაზრება შეიძლება იხილოთ ბაშირ კიტაჩაევის მიერ კარნეგის ფონდში გამოქვეყნებულ სტატიაში: Why Is Azerbaijan Ramping Up Tensions With Russia? https://carnegieendowment.org/russia-eurasia/politika/2025/07/azerbaijan-russia-arguments?lang=en
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს UGSPN-ის თვალსაზრისს.