ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
საპარლამენტო არჩევნების შედეგები
3-4 ოქტომბერს ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა (35%) ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პარტია „ANO-მ“ მოიპოვა, ხოლო პროევროპული, უკრაინის მხარდამჭერი მმართველი მემარჯვენე ცენტრისტული ალიანსი – “SPOLU” მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ „ANO-მ“ შექმნის დღიდან ყველაზე მეტი მანდატის მოპოვება სწორედ 2025 წლის 3-4 ოქტომბერის არჩევნებზე შეძლო. 2013 წელი – 47 მანდატი; 2017 წელი – 78 მანდატი; 2021 წელი – 72 მანდატი; 2025 წელი – 80 მანდატი.
ამომრჩეველთა აქტივობა 68.95% იყო, რაც 1998 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაღალი აქტივობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზღვარგარეთ მცხოვრები ჩეხებისთვის არჩევნებში ელ.ფოსტის საშუალებით მონაწილეობის მიღება იყო.
200 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ANO” – 34.5% – 80 მანდატი;
“SPOLU” – 23.4% – 52 მანდატი;
„STAN” – 11.2% – 22 მანდატი;
„Pirates” – 9% – 18 მანდატი;
“SPD” – 7.8% – 15 მანდატი;
“AUTO” – 6.8% – 13 მანდატი.
ულტრა-მემარცხენე პრორუსულმა „Stacilo!-მ”, რომელსაც წინასაარჩევნო გამოკითხვებში 7-8%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა.
ანდრე ბაბიშის გამარჯვებით ვიშეგრადის ქვეყნების პოპულისტური მმართველების გუნდს, რომელიც ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოსა და კაროლ ნავროცკის აერთიანებს, კიდევ ერთი წევრი შეემატა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე „Online Risk Labs”-მა სოციალურ ქსელ TikTok-ზე ასობით ერთმანეთთან დაკავშირებული ანგარიშისგან შემდგარი ქსელი აღმოაჩინა, რომელიც პრორუსულ და ანტისამთავრობო ნარატივს აძლიერებდნენ და რადიკალური პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს უჭერდნენ მხარს.
ვინ არის ანდრეი ბაბიში?
მილიარდერი ბიზნესმენი, ანდრეი ბაბიში, რომელიც მუდმივად ცდილობს ღარიბებისა და ჩაგრულების წარმომადგენლის როლი მოირგოს, გაიზარდა ოჯახში, რომელიც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური სახელმწიფოს გავლენიან ელიტას ეკუთვნოდა.
„სისტემისა“ და პოლიტიკური ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მებრძოლმა ბაბიშმა 2011 წელს პოლიტიკური გაერთიანება „ANO” შექმნა და 2014-2017 წლებში ჯერ ფინანსთა მინისტრის, ხოლო 2017-2021 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არაერთ კორუფციულ და პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა. ამჟამადაც სასამართლო განაჩენის მოლოდინშია – ყოფილ პრემიერს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო კონგლომერატ „აგროფერტის“ სასარგებლოდ ევროპის კავშირის ფონდებიდან 2 მილიონი ევროს გამოყენება ედება ბრალად.
„აგროფერტთან“ დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის საკითხი კვლავ განხილვის საგანია. ჩეხეთის კანონმდებლობით, თანამდებობის პირების მიერ ისეთი ბიზნესის ფლობა, ან კონტროლი, რომელიც მათ მმართველობით ფუნქციას ეჭვქვეშ აყენებს, იკრძალება. ბაბიშმა ერთ-ერთ სატელევიზიო დებატებში განაცხადა, რომ „ინტერესთა კონფლიქტს მოაგვარებდა“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ.
აღსანიშნავია, რომ სკანდალები „აგროფერტთან“ დაკავშირებული ბრალდებების გარდა, კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო სამსახურში მის საქმიანობასაც ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეი ბაბიში ჩეხოსლოვაკიის საიდუმლო სამსახურის, „StB-ის“ აგენტად კოდური სახელით „ბურეში“ მუშაობდა, რასაც თავად ბაბიში უარყოფს. აღნიშნული საკითხი მასსა და სლოვაკეთის მთავრობას შორის სასამართლო დავის საგანი არაერთხელ გახდა გახდა.
პარტია – „ANO” მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ფასის დაწევას, ხელფასების გაზრდასა და კორპორატიული გადასახადების შემცირებას პირდება. გარდა ამისა, ღიად ეწინააღმდეგება „მწვანე შეთანხმებას“, ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ნატო-ს ახალი მიზნების შესაბამისად თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას.
ანდრეი ბაბიშს 2024 წელს დაწყებული ე.წ. „ჩეხური ინიციატივის“ გაუქმება სურს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით საარტილერიო საბრძოლო მასალის მოძიება, შესყიდვა და უკრაინისთვის გადაცემა ხორციელდება.
ბაბიშმა ე.წ. „ჩეხური ინიციატივა“ გამჭვირვალობის დეფიციტის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. დიდი ალბათობით, მომავალში საბრძოლო მასალის მიწოდება შეცვლილი ფორმატით განხორციელდება.
„თუ ჩვენ ვიქნებით მთავრობაში, იარაღის მწარმოებელ ჩეხურ ქარხნებს ვეტყვით: გსურთ იარაღის ექსპორტი უკრაინაში? ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უკრაინას იარაღისთვის ერთ კრონსაც არ მივცემთ… ჩვენ ჩეხეთის რესპუბლიკისთვის არ გვაქვს ფული… დახმარება ევროპის კავშირის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – ანდრეი ბაბიში.
ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას?
მთავრობის ფორმირებისთვის, 200 წევრიან წარმომადგენელთა პალატაში, 101 მანდატის ფლობაა საჭირო, შესაბამისად, დამოუკიდებლად ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას.
ტრადიციულად, პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას გამარჯვებული პარტიის ლიდერს ავალებს. მას შემდეგ, რაც რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება მოლაპარაკებების საფუძველზე 101 წევრიან უმრავლესობას უზრუნველყოფს, პრეზიდენტი ასახელებს პრემიერის კანდიდატურას და მინისტრთა კაბინეტს, რომელთაც ნდობა საკანონმდებლო ორგანომ უნდა გამოუცხადოს.
კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არჩევნებიდან მალევე დაიწყო. ანდრეი ბაბიშმა თავიდანვე განაცხადა, რომ „SPOLU-სთან“, “Pirates-თან“ და „STAN-სთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს და კოალიციის ფორმირება „SPD-სთან“ და ”AUTO-სთან“ ერთად სურს. „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიას – SPD“ – ის ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრაციული პარტიაა, რომლის ხელმძღვანელიც, იაპონური წარმოშობის მიუხედავად, ჩეხ ნაციონალისტ პოლიტიკოსად პოზიციონირებს და წლებია ჩეხეთის რესპუბლიკის ევროპის კავშირიდან და ნატო-დან გასვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ”AUTO“ მემარჯვენე, ევროსკეპტიკური პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება „მწვანე შეთანხმებას“, ევროპის კავშირის მიგრაციის პოლიტიკას და უკრაინის სამხედრო დახმარებას.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ანდრეი ბაბიშს “სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დასარწმუნებლად და კოალიციის ჩამოსაყალიბებლად 8 თვე დასჭირდა, ამჯერად ოპტიმისტურად არის განწყობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი მინისტრთა კაბინეტის ნახევარი (ფინანსთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, განათლების, მრეწველობისა და ჯანდაცვის სამინისტროები) „ANO-ს“ წევრების მიერ დაკომპლექტდება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტს „SPD-ს“ ხელმძღვანელი, ტომიო ოკამურა დაიკავებს, ხოლო თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელებად უპარტიო ექსპერტებს წარადგენს, ხოლო „მძღოლების“ წევრები საგარეო საქმეთა, კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს უხელმძღვანელებენ.
რას უნდა ველოდოთ?
დიდი ალბათობით, ანდრეი ბაბიში ვერ მოახდენს ჩეხეთის პროევროპული კურსის რადიკალურ ცვლილებას, რადგან მისი ბიზნესაქტივების უდიდესი ნაწილი ევროპის კავშირის ფარგლებშია კონცენტრირებული, რაც მას ბრიუსელთან ღია კონფრონტაციისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
ხაზგასასმელია ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის როლი – პეტრ პაველმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლებამოსილებას ფლობს, განაცხადა, რომ არ დაამტკიცებს მთავრობას, რომლის შემადგენლობაშიც ნატო-ს და ევროპის კავშირის მოწინააღმდეგე ექსტრემისტები შევლენ. ამას გარდა, ანდრეი ბაბიშმა ღიად განაცხადა, რომ „ANO” ნატო-დან და ევროპის კავშირიდან გასვლისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯის მხარდაჭერას გამორიცხავს.
დიდი ალბათობით, ის სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის კლიმატთთან, უკრაინის დახმარებასთან, მიგრაციასა და თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროპის კავშირის პოლიტიკის კრიტიკას გააგრძელებს, თუმცა, ბაბიში პრაგმატული პოლიტიკოსია, რომელიც საკუთარი ბიზნესინტერესების გამო, ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოსგან განსხვავებით, ქმედებების თვალსაზრისით გაცილებით უფრო ფრთხილი და მოზომილი იქნება.

