ირანის ისლამური რესპუბლიკა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა  სამხრეთ კავკასიის რეგიონში

ირანის ისლამური რესპუბლიკა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა  სამხრეთ კავკასიის რეგიონში

ავტორი: ალექსანდრე ლაცაბიძე

სამხრეთ კავკასია დღეს წარმოადგენს გლობალური ინტერესების გადაკვეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ არეალს, სადაც რეგიონალური და გლობალური ძალები გავლენებისთვის ბრძოლაში არიან ჩართული. დასავლეთის ქვეყნების, რეგიონში მიმდინარე პროცესებში გააქტიურების მიუხედავად, ირანის ისლამური რესპუბლიკის როლი კვლავ მნიშვნელოვანია.         თეირანი ცდილობს, რეგიონში შეინარჩუნოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა, თუმცა   დასავლეთის პოზიციების გაძლიერება მისთვის სტრატეგიულ გამოწვევად რჩება. 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთის პრემიერმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ვაშინგტონის დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ახალი დერეფნის – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირების გაღრმავებას, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნების გახსნასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში. შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანს ეძლევა შესაძლებლობა, სომხეთის ტერიტორიაზე, სატრანზიტო დერეფნის  მეშვეობით მიიღოს პირდაპირი წვდომა თავის ექსკლავთან, ნახიჩევანთან. აღნიშნული შეთანხმება არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებებსაც იწვევს. შეთანხმების ამოქმედების შემთხვევაში მცირედება რუსეთისა და ირანის ტრადიციული გავლენა რეგიონში და ძლიერდება აშშ-ისა და დასავლეთის პოზიციები. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში იკვეთება ძალთა ბალანსის გადანაწილების ახალი პესრსპექტივა. 

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი  და სამშვიდობო პროცესის ევოლუცია

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარდა, სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე იღებს. პირველი ომი 1988–1994 წლებში მიმდინარეობდა და სომხეთის გამარჯვებით, ხოლო მეორე ომი 2020 წელს აზერბაიჯანის სასარგებლოდ დასრულდა, რაც რეგიონში ძალთა ბალანსის მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავდა. 2023 წელს, აზერბაიჯანმა დაამყარა სრული კონტროლი მთიან ყარაბაღზე.  სამშვიდობო პროცესმა ახალი დინამიკა შეიძინა 2024 წელს, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანს ოთხი სასაზღვრო სოფელი დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი აღქმულია, როგორც კონფლიქტის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, იგი შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზად იქცა სომხეთის საზოგადოებაში. 2025 წლისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად დარჩა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელება. კონსტიტუციის პრეამბულუაში მითითებულია 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რასაც აზერბაიჯანი აღიქმს, როგორც სომხეთის შესაძლო ტერიტორიულ პრეტენზიას მთიან ყარაბაღზე. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, შიდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მზაობა და 2027 წლისთვის რეფერენდუმის ჩატარება დააანონსა. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სრულფასოვანი დარეგულირება საჭიროებს ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულების ტექსტი მხარეებმა 2025 წლის მარტში შეათანხმეს და აგვისტოში ვაშინგტონში პარაფირება მოახდინეს, თუმცა დოკუმენტს სამართლებრივი ძალა მხოლოდ ხელმოწერისა და რატიფიკაციის შემდეგ მიენიჭება. პროცესის დასრულებამდე კვლავ რჩება რამდენიმე საკვანძო საკითხი: სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, სომხეთის კონსტიტუციური ცვლილებები და აზერბაიჯანის მოთხოვნა სატრანსპორტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, რომელმაც ნახიჩევანი აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასთან უნდა დააკავშიროს.

სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება არსებითად გარდაქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ რეალობას. მისი მიზანია სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე.
შეთანხმების პრეამბულა ასახავს მხარეთა მზაობას, დაამყარონ კეთილმეზობლური ურთიერთობები და გადალახონ ისტორიული მტრობა, რაც შესაძლოა გახდეს რეგიონული თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისი.  ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შემთხვევაში, სავარაუდოდ რეგიონში შეიცვლება  გეოპოლიტიკური ვითარება. გაიზრდება აშშ-ს და დასავლეთის გავლენა, თურქეთი კიდევ უფრო გაიმყარებს თავის პოზიციებს  და   დაუახლოვდება მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრალურ აზიას, ხოლო რუსეთისა და ირანის პოზიციები საგრძნობლად დასუსტდება.

ირანის სტრატეგიული ინტერესები და “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP)   

ირანის სტრატეგიულ ხედვაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სატრანსპორტო არტერიების განვითარებას. „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) დერეფნის ამოქმედება, რომელმაც აზერბაიჯანი სომხეთის გავლით ნახიჩევანთან უნდა დააკავშიროს, თეირანში აღიქმება როგორც სერიოზული სტრატეგიული გამოწვევა. ირანის თვალსაზრისით, ეს პროექტი მის რეგიონულ როლს ამცირებს, როდესაც აზერბაიჯანი და თურქეთი მას რეგიონული ვაჭრობისა და კავშირის გასაუმჯობესებელ საშუალებად მიიჩნევენ.  ირანის პოზიცია ეფუძნება არგუმენტს, რომ  თუ  დერეფანი  სხვა გარე ძალების, განსაკუთრებით აშშ-ისა და მისი პარტნიორების კონტროლქვეშ აღმოჩნდბა,  ასეთ შემთხვევაში თეირანი პროცესის მიღმა დარჩება. ეს ირანისთვის ნიშნავს რეგიონული გავლენის შემცირებას და სტრატეგიული შესაძლებლობების სერიოზულ შეზღუდვას სამხრეთ კავკასიაში. ამ კონტექსტში თეირანი ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ალტერნატიული პროექტი  ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი,  რომელიც რუსეთს სპარსეთის ყურესთან აკავშირებს. აღნიშნული მარშრუტი ირანისთვის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს, რადგან მას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს სტრატეგიული გავლენა ევრაზიულ სატრანზიტო ქსელებში და თავიდან აიცილოს რეგიონალური იზოლაცია. თეირანი ოფიციალურად მხარს უჭერს მშვიდობასა და დიალოგს რეგიონში, თუმცა რეალურად არ ეთანხმება ისეთ მედიაციას, რომელიც მის გავლენას შეასუსტებს. ირანის რეგიონული სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში წარმოადგენს ძალთა ბალანსის შენარჩუნების მცდელობას საკუთარი უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტერესებისა და გეოპოლიტიკური სტატუსის დასაცავად.

ირანის პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით ყოველთვის განპირობებული იყო როგორც გეოპოლიტიკური, ისე ისტორიული ფაქტორებით.  იმის გათვალისწინებით, რომ ირანს ორივე ქვეყანასთან გააჩნია საერთო საზღვარი და სამხრეთ კავკასიის რეგიონს თავისი სტრატეგიული სამეზობლოს ნაწილად მიიჩნევს. ირანისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი წარმოადგენს უსაფრთხოების ზონას, სადაც გარე ძალების ჩარევა მიუღებლად მიიჩნევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საუბარია ისეთ აქტორებზე, როგორებიც არიან შეერთებული შტატები და ისრაელი. თეირანის ერთ-ერთი მთავარი შეშფოთება უკავშირდება აზერბაიჯანის მზარდ პარტნიორობას ისრაელთან, რაც ირანის ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირ გამოწვევად მიიჩნევა, რადგან ისრაელი ირანის სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ ითვლება და მის სასაზღვრო რეგიონებში ისრაელის  პოზიციების გაძლიერება სერიოზულ საფრთხედ აღიქმება.

ისტორიულად არსებული მრავალი უთანხმოების მიუხედავად, დღესდღეობით ირანისა და რუსეთის ინტერესები თანხვედრაშია, განსაკუთრებით დასავლური გავლენის შეზღუდვისა და რეგიონში სტატუს-ქვოს შენარჩუნების საკითხებში. ორივე სახელმწიფო ცდილობს თავიდან აიცილოს ახალი გეოპოლიტიკური არქიტექტურის ჩამოყალიბება, რომელიც მათ რეგიონულ როლს შეასუსტებს.

ირან-სომხეთის ურთიერთობები

სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სომხეთი ირანისთვის მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ირანსა და სომხეთს ტრადიციულად გააჩნიათ მჭიდრო კავშირი. ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობენ მრავალი მიმართულებით: ენერგეტიკა, ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა. ენერგეტიკის სფეროში მოქმედებს შეთანხმება “გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ”,  ირანი ბუნებრივ აირს აწვდის სომხეთს, ხოლო სომხეთი უბრუნებს ელექტროენერგიას. ინფრასტრუქტურის კუთხით, ხორციელდება ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფნის პროექტი. პროექტის დასრულების შემდეგ ირანისა და საქართველოს საზღვრებს შორის საავტომობილო გზის სიგრძე შემცირდება დაახლოებით 556 კილომეტრამდე, რაც მგზავრობის დროსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს. ეს საგრძნობლად გააადვილებს შავ ზღვაზე არსებულ პორტებთან წვდომას როგორც სომხეთისთვის, ისე ირანისთვის.

რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა, რომელიც გულისხმობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირებას,  ირანის განსაკუთრებული ინტერესისა და ყურადღების ცენტრში ექცევა. 2025 წელს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ოფიციალური ვიზიტის დროს ერევანში ხაზი გაუსვა  თეირანის სურვილს, გააღრმავოს ეკონომიკური და სატრანსპორტო თანამშრომლობა სომხეთთან. ირანის მხარემ გამოთქვა წუხილი, ისეთი ახალი დერფნის შექმნასთან დაკავშირებით რომლმაც შეიძლება გამოიწვიოს ირანის რეგიონული როლის დაკნინება. ირანისთვის მიუღებელია, რომ ვაშინგტონმა  TRIPP-ის დერეფანი,   რეგიონში   სამხედრო საჭიროებისთვის გამოიყენოს.  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ, სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ სომეხმა ოფიციალურმა პირებმა თეირანი დაარწმუნეს,  რომ სომხეთი აღიარებს ირანის „წითელ ხაზებს“ და არ დაუშვებს,  მისი ტერიტორიის გამოყენებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.

ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები

ისტორიულ-კულტურულ დონეზე, ორ ქვეყანას შორის არსებობს მნიშვნელოვანი სიახლოვე. ირანში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების რაოდენობა დაახლოებით 20 მილიონს აღწევს, ხოლო ორივე ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსლიმია.  ეკონომიკური კუთხით, ქვეყნები თანამშრომლობენ სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მათ შორის „ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის“ ფარგლებში, რომელიც ინდოეთს, ირანისა და აზერბაიჯანის გავლით რუსეთთან აკავშირებს.   ირანის ტერიტორია  აზერბაიჯანისთვის წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირ ტრანზიტულ მარშრუტს სპარსეთის ყურისა და პაკისტანის მიმართულებით, რომელთანაც ბაქოს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. თავის მხრივ, აზერბაიჯანიც წარმოადგენს ირანისთვის მიმზიდველ სატრანზიტო მარშრუტს. აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, ირანს შეუძლია დაამყაროს სახმელეთო კავშირი არა მხოლოდ კავკასიასთან და რუსეთთან, არამედ ევროპასთანაც. ეს სატრანზიტო მარშრუტი ირანს საშუალებას აძლევს  გააძლიეროს სავაჭრო ურთიერთობები და მიიღოს ეკონომიკური სარგებელი.

ორ ქვეყანას შორის  არსებული კულტურული კავშირების მიუხედავად, ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობები საკმაოდ კომპლექსურია. აზერბაიჯანის მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან და განსაკუთრებით ისრაელთან, თეირანი უსაფრთხოების გამოწვევად მიიჩნევს. ირანისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია, აშშ-სა და ისრაელის მიერ  გამოყენებული იყოს   მის წინააღმდეგ.

დასკვნა

2025 წელს, ვაშინგტონში  მიღწეული შეთანხმება  მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. შეთანხმება ქმნის რეალურ შესაძლებლობას ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის, თუმცა ამავდროულად აჩენს ახალ გამოწვევებს.
აშშ-ის მედიაცია და დასავლეთის პოზიციების გაძლიერება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთისა და ირანის ტრადიციულ გავლენას. შესაბამისად, ირანის ისლამური რესპუბლიკის სტრატეგიული პოზიციის გაანალიზება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.   ირანისთვის მთავარი ამოცანაა, მოახდინოს ადაპტაცია ახალ რეალობასთან ისე, რომ არ დაკარგოს ისტორიულად ჩამოყალიბებული პოზიციები. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმებული სამშვიდობო დღის წესრიგის განხორციელებას. ირანი მხარს უჭერს რეგიონულ სტაბილურობას, მაგრამ არ ეთანხმება გარე ძალების მედიაციას, რომელიც შეიძლება მის გეოპოლიტიკურ სივრცეში გავლენის შემცირებას ემსახურებოდეს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს UGSPN-ის თვალსაზრისს.