დონალდ ტრამპის აზიური ვოიაჟი და სი ძინპინთან შეხვედრის შედეგები

დონალდ ტრამპის აზიური ვოიაჟი და სი ძინპინთან შეხვედრის შედეგები

 ავტორი: რეზი თოფურია

24-30 ოქტომბერს დონალდ ტრამპი, მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში პირველად ესტუმრა აზიას, გამართა რა მაღალი დონის შეხვედრები მალაიზიაში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. შეხვედრების შედეგად, ტრამპი შინ ხელცარიელი ნამდვილად არ ბრუნდება.

ტრამპის განცხადებით, თითქმის საბოლოო ეტაპზე მივიდა სავაჭრო შეთანხმება სამხრეთ კორეასთან, რის შედეგადაც სეული 350 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. საპასუხოდ, ტრამპი დათანხმდა კორეულ იმპორტზე 25%-იანი ტარიფის 15%-მდე შემცირებას.

ტრამპი ასევე შეხვედრა იაპონიის ახლადარჩეულ პრემიერ მინისტრ სანაი ტაკაჩის და მისგან 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპირება და ასევე, 250 ალუბლის ხე მიიღო საჩუქრად ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავისთვის. ასევე, პრემიერ მინისტრმა ტრამპს მისცა დაპირება, რომ ისიც შეურთდებოდა მსოფლიოს სხვა ლიდერებს დონალდ ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენაში.

აღნიშნული ინვესტიციები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, რაც თავის მხრივ ამ ქვეყანებს შორის გააღრმავებს კავშირებს. ეკონომიკური თვალსაზრისით, აღნიშნული ინვესტიციები ტრამპს დაეხმარება მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში ე.წ მერყევ შტატებში, რაც რესპუბლიკელებს ნამდვილად წაადგებათ 2026 წლის შუალედურ თუ შემდგომ არჩევნებში. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით კი ამერიკა ნათელ სიგნალს აგზავნის რომ მას  რეგიონში მნიშვნელოვანი გავლენები აქვს ჩინეთის საპირწონედ.

თუმცა, მთავარი ყურადღება ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრაზე იყო გამახვილებული. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისში ჩინეთმა იშვიათ მინერალებზე კონტროლი გაამკაცრა, რის შემდეგაც ტრამპმა განაცხადა რომ სი ძინპინთან შეხვედრის აზრს ვეღარ ხედავდა და შეხვედრა რისკის ქვეშ დადგა. თუმცა,  ტრამპი და სი ერთმანეთს მაინც შეხვდნენ, 2019 წლის შემდეგ პირველად.

აპრილში, ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ ახალი სავაჭრო ომი წამოიწყო და ჩინური მხარისთვის ტარიფების 145%-მდე გაზრდა დაანონსა, რაზეც ჩინური მხარის პასუხი იყო რომ ისინი შანტაჟს არ დაუშინდებიან და ბოლომდე იბრძოლებენ. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეარყია, შესაბამისად, სამხრეთ კორეაში, ქალაქ ბუსანში დაგეგმილი ლიდერების შეხვედრისადმი ინტერესიც და მოლოდინიც საკმაოდ მაღალი იყო.

ტრამპსა და სი ძინპინს შორის გამართული შეხვედრის შედეგად, რომელიც მოსალოდნელზე გაცილებით ცოტა ხანი, სულ რაღაც საათი და ორმოცი წუთი გაგრძელდა, თითქოს სავაჭრო ომი დროებით ჩაცხრა და მხარეებმა დროებითი ზავი დადეს. თეთრი სახლის ოფიციალურმა გვერდმა სი ძინპინის გაცინებული სურათი გაავრცელა (რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა), ტრამპმა კი შეხვედრა 10 ბალიანი სისტემიდან 12 ქულით შეფასა.   

ბოლო ექვსთვიანი კრიზისის ფონზე, როდესაც ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ტარიფები საშუალოდ 57%-ს აღწევდა, ბუსანში გამართული ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა მნიშვნელოვან ცვლილებად იქცა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში. შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეამცირებს ტარიფებს 47%-მდე, რაც სავაჭრო დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმული მცირე, მაგრამ მაინც აშკარა ნაბიჯია.

შეხვედრის შედეგად მიღწეული შეთანხმება ფაქტობრივად სტატუს-კვოს დაბრუნებაა, ამერიკის მცირე უპირატესობით.

განვიხილოთ შეთანხმების ცალკეული დეტალები.

ჩინეთი დათანხმდა, სულ მცირე ერთი წლით გადადოს იშვიათ მასალებზე ახალი ექსპორტის შეზღუდვების დაწესება – ეს ის ელემენტებია, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიების, ავტომობილების, ბატარეებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებისთვის. პეკინი ასევე განაგრძობს აშშ-ის სოიოს მარცვლების შესყიდვას, რითაც აღდგება სავაჭრო არხი, რომლის შეჩერებამ ამერიკელი ფერმერების ნაწილი სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.

შეთანხმების ამ ნაწილში ორივე მხარე გარკვეულ მოგებას იღებს, თუმცა სიღრმისეულად თუ შევხედავთ, უპირატესობა უფრო აშშ-ს მხარეს გადადის. ჩინეთის დათანხმება იშვიათი მასალების ექსპორტის შეზღუდვის გადადებაზე ვაშინგტონს ეხმარება სტრატეგიული მიწოდების ჯაჭვის შოკის თავიდან არიდებაში. ამავდროულად, სოიოს შესყიდვის აღდგენა ამერიკელ ფერმერებს დაუბრუნებს ბოლო პერიოდში  დაკარგულ ბაზარს და მათ ეკონომიკურ სტაბილურობასაც გააძლიერებს. ამ საკითხს ტრამპი შიდა აუდიტორიისთვის ეფექტურად გამოიყენებს. ჩინეთმა კი ამ ნაბიჯებით დროებით შეაჩერა სავაჭრო ომის გაღრმავება, თუმცა მისი მიღწევები ტაქტიკური და დროებითი ჩანს, მაშინ როცა აშშ შეთანხმების ამ კომპონენტით იღებს როგორც ეკონომიკურ ბუსტს, ასევე პოლიტიკურ უპირატესობას.

ჩინეთის მხრიდან აღნიშნული დათმობების საპირწონედ, ტრამპმა შეაჩერა ექსპორტის კონტროლის გაფართოებული შეზღუდვები, რომლებიც სექტემბერში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ათასობით ჩინურ კომპანიას შეეხო. ამით ტრამპი ცდილობს შეამციროს დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც პეკინმა უპასუხოდ არ დატოვა ეს ნაბიჯი და იშვიათი მასალების ექსპორტზე კონტროლი გაამკაცრა. ტრამპის მიერ ექსპორტის კონტროლის გაფართოებული შეზღუდვების შეჩერება, ერთი შეხედვით, ჩინეთის მიმართ შერბილებად შეიძლება აღვიქვათ, თუმცა სტრატეგიულად ეს უფრო დროებითი შესვენებაა, ვიდრე კომპრომისი. ამ ნაბიჯით ტრამპი ცდილობს შეამციროს  ესკალაცია, ჩინეთისთვის  ეს ცალსახა მოგებაა, თუმცა კი დროებითი. აღნიშნული ნაბიჯი ჩინურ კომპანიებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს, თუმცა ვაშინგტონი ინარჩუნებს თავის ბერკეტს და თავისუფლად შეუძლია კვლავ განაახლოს ზეწოლა, თუ მოლაპარაკებები დაირღვა.

 ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილა ამერიკული კომპიუტერული ჩიპების ჩინეთში გაყიდვის საკითხი. მისი თქმით, ჩინეთს მიეწოდება Nvidia-ს წარმოების გარკვეული ტიპის კომპიუტერული ჩიპები, თუმცა ეს არ შეეხება ახალი თაობის Blackwell AI ჩიპებს. ამ ნაბიჯით აშშ, ერთი მხრივ, ინარჩუნებს სტრატეგიულ უპირატესობას ხელოვნურ ინტელექტში, ხოლო მეორე მხრივ, ნაწილობრივ აღადგენს ეკონომიკურ ურთიერთობას ტექნოლოგიურ სექტორში, მაგრამ აშკარად ხაზს უსვამს, რომ ეს ურთიერთობები ამერიკული მხარის ინტერესებით იქნება ნაკარნახევი.

შეთანხმების ნაწილია ჩინეთის მხრიდან ფენტანილის დასამზადებლად გამოყენებული პრეკურსორული ქიმიკატების ექსპორტის კონტროლის გამკაცრება. სწორედ ფენტანილის კრიზისი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-მ ადრე ჩინურ პროდუქტებზე 20%-იანი ტარიფი დააწესა. ახლა ტრამპმა განაცხადა, რომ ამ გადასახადს განახევრებს, რის შედეგადაც აშშ-ის ტარიფების საერთო საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 47%-მდე შემცირდება.

ფენტანილის პრეკურსორული ქიმიკატების ექსპორტზე კონტროლის გამკაცრება პეკინის მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობაა, რადგან ფენტანილის კრიზისი აშშ-ში საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და შიდა უსაფრთხოებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ამ ნაბიჯით ჩინეთი მიანიშნებს, რომ მზად არის შეიტანოს წვლილი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ამერიკულ პრობლემატიკაში, რაც სავაჭრო ურთიერთობებში პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ემსახურება. საპასუხოდ, ტრამპის მიერ ტარიფების შემცირება აჩენს იმიჯს, თითქოს შექმნილმა ზავმა რეალური ეკონომიკური შერბილება მოიტანა. შეთანხმების აღნიშნული ნაწილი ორივე მხარისთვის ცალსახად მომგებიანია, ჩინეთი იღებს ტარიფების შემცირებას, ტრამპი კი კარგ პოზიციონირებას შიდა აუდიტორიისთვის.

როგორც ირკვევა, პროგრესი მიღწეულია TikTok-ის საკითხზეც. ტრამპმა TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ს ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს შეუტია. ვაშინგტონში ჩინურ კომპანიას არ ენდობიან ამერიკელი მომხმარებლების პერსონალური ინფორმაციის შენახვაში, მიზეზად ჩინეთის ეროვნული სადაზვერვო კანონმდებლობა სახელდება, რომელიც ჩინურ კომპანიებს ავალდებულებს ითანამშრომლონ ჩინურ სადაზვერვო უწყებებთან. გარდა ამისა, თეორიული რისკი მოიცავს ჩინეთის მთავრობის მხრიდან ტიკტოკის ალგორითმის გამოყენებას საკუთარი ნარატივების და პროპაგანდის გასავრცელებლად. სწორედ ეს გახდა ულტიმატუმის საფუძველი – ByteDance-ს ან უნდა გაეყიდა TikTok-ს ამერიკული საოპერაციო ნაწილი ამერიკული კომპანიისთვის, ან ის გაითიშებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. საკითხი წლების განმავლობაში იწელება, თუმცა, როგორც ჩანს მისი გადაჭრა საბოლოო ეტაპს უახლოვდება. მართალია ამაზე ყურადღება უშუალოდ ტრამპს არ გაუმახვილებია შეხვედრის შემდეგ, თუმცა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ჩინეთმა ოფიციალურად დაამტკიცა TikTok-ის ტრანსფერის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ByteDance შეინარჩუნებს TikTok-ის ამერიკულ ქვედანაყოფში 20%-ზე ნაკლებს. ეს შეესაბამება ამერიკულ კანონმდებლობას, რომლის თანახმადაც კომპანია უნდა გაყიდულიყო ან 2025 წლის იანვრამდე დახურულიყო. ბესენტის თქმით, შეთანხმების განხორციელება უახლოეს კვირებში დაიწყება. აღნიშნული შეთანხმებით, ჩინეთი კვლავ ინარჩუნებს TikTok-ში მცირე წილს, თუმცა ვაშინგტონი იღებს პლატფორმაზე უფრო დიდ კონტროლს და მისი მართვის სადავეებს, რაც ცალსახად ამერიკული მხარის გამარჯვებაა. თუმცაღა, აღნიშნული შეთანხმება ჯერჯერობით არც საჯაროა და არც საბოლოო.

ტრამპმა Truth Social-ზე ასევე დაწერა, რომ ჩინეთი დათანხმდა ალიასკიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვის დაწყებას. მისი თქმით, ოფიციალური პირები უკვე მუშაობენ იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა მსგავსი ენერგეტიკული შეთანხმების სრულფასოვნად გაფორმება. თუ აღნიშნული შეთანხმება მართლაც შედგება, ის ორივე მხარისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი. ალასკის ნავთობისა და გაზის შეძენა პეკინისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების დივერსიფიკაციის გზას ხსნის, ხოლო ტრამპისთვის ერთი მხრივ შიდა ეკონომიკური მოგებაა, ხოლო მეორე მხრივ გეოპოლიტიკური ბერკეტიც, რითიც მომავალში ჩინეთის რუსულ გაზზე და ნავთობზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

როგორც ირკვევა, საუბარი ასევე შეეხო უკრაინის საკითხსაც. შეხვედრის ბოლოს ტრამპმა აღნიშნა, რომ სი მას დაეხმარება და ისინი ერთად იმუშავებენ უკრაინის საკითხზე.  უკრაინის შესახებ ტრამპისა და სის აღნიშნული განცხადება ჯერ-ჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა ეს ტრამპს საშუალებას აძლევს წარმოაჩინოს თავი როგორც მედიატორი, რომელიც შეუძლია გლობალური კონფლიქტების დარეგულირება. პეკინისთვის კი ამგვარი რიტორიკა მისი გრძელვადიანი მიზნის, გლობალური შუამავლობის იმიჯის განმტკიცების ნაწილია. პრაქტიკულ დონეზე, ეს განცხადება ჯერ მხოლოდ სიმბოლურ ფორმას ატარებს და რეალურ ნაბიჯებზე ბევრს არ მიუთითებს. ამ ეტაპზე უფრო ჩანს, რომ ორივე ლიდერი ცდილობს ერთი ხელის მოსმით მოიგოს პოლიტიკური ქულები,  ტრამპი დასავლურ აუდიტორიაზე, სი კი გლობალურ სარბიელზე.

და ბოლოს, კეთილი ნების საჩვენებლად, ასევე გაცხადდა რომ ტრამპი ჩინეთს 2026 წლის აპრილში ესტუმრება, რასაც შემდგომ აშშ-ში სი ძინპინის ვიზიტიც მოჰყვება. აღნიშნული განცხადება მიუთითებს, რომ ორივე მხარე პოლიტიკური სიმბოლოებით ცდილობს სავაჭრო ომის ფონზე შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას. თუმცა, მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად მისი განახლების პერსპექტივისა, უფრო დეფაქტო სტატუს-კვოს აღდგენას წარმოადგენს, ვიდრე ისტორიულ შერიგებას ან სრულფასოვან ახალ ეკონომიკურ ჩარჩოს. ეს გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პეკინსა და ვაშინგტონს შორის ნამდვილი “გადატვირთვა” ჯერ კიდევ შორს არის, ხოლო ბუსანის შეთანხმება უფრო დროებითი სტაბილიზების მცდელობაა, ვიდრე სტრატეგიული გარღვევა. საბოლოოდ, მომდევნო თვეები და ლიდერების ერთმანეთის ქვეყანაში ვიზიტები გახდება ლაკმუსის ქაღალდი იმის დასადგენად, გადაიქცევა თუ არა ეს “შერიგება” უფრო ღრმა თანამშრომლობად თუ დარჩება ფორმალურ შეთანხმებად გრძელვადიანი თამაშისთვის დროის მოგების მიზნით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს UGSPN-ის თვალსაზრისს.