ავტორი: კონსტანტინე იოსელიანი
2026 წლის 22 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით, ოფიციალურად დაფუძნდა „მშვიდობის საბჭო“ (Board of Peace). აღნიშნული ინიციატივა დაარსებისთანავე ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ პროექტად იქცა საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში. იგი ერთდროულად განასახიერებს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის ერთგვარ პლატფორმას და ამავე დროს წარმოშობს ფუნდამენტურ კითხვებს არსებული საერთაშორისო წესრიგის, გაეროს როლისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მოქმედი მექანიზმების მომავლის შესახებ.
მშვიდობის საბჭოს იდეა წარმოიშვა როგორც რეაქცია თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში არსებულ კრიზისებზე, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებზე და მათ ფონზე გაეროსა და სხვა ტრადიციული საერთაშორისო მექანიზმების ეფექტიანობის კლებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს საბოლოო ფორმა და შინაარსი გაცილებით მეტ საკითხებს მოიცავს ვიდრე მისი პირველადი ვერსია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წარედგინა 2025 წლის თებერვალში და მიზნად ისახავდა ღაზას სექტორში არსებული კრიზისის დაძელვას. კერძოდ, დონალდ ტრამპის პირადი პოლიტიკური ხედვა ეფუძნება პრაგმატულ, ძალაზე და ორმხრივ შეთანხმებებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც სკეპტიკურად აღიქვამს კლასიკურ მულტილატერალიზმს.
კონცეპტუალურად, მშვიდობის საბჭო წარმოადგენს მოქნილ და სწრაფი რეაგირების პლატფორმას, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევა იმ პირობებში, სადაც ტრადიციული ინსტიტუტები ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო ნაკლებად შედეგიანად მოქმედებენ. ამასთან, საბჭოს იდეა ეფუძნება ლიდერების პიროვნულ ფაქტორებს, რაც მის თავმჯდომარეს დონალდ ტრამპს განსაკუთრებულ პოლიტიკურ და სიმბოლურ წონას ანიჭებს.
მშვიდობის საბჭო არ წარმოადგენს გაეროს სისტემის ნაწილს და არ ექვემდებარება საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ უნივერსალურ სამართლებრივ ჩარჩოს. იგი დაფუძნებულია დამოუკიდებელ ქარტიაზე, რომლის შინაარსი განსაზღვრავს საბჭოს მიზნებს, ორგანოებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს.
საბჭოს ინსტიტუციური სტრუქტურა ხასიათდება მაღალი ცენტრალიზაციით. თავმჯდომარის უფლებამოსილებები ფართოა და მოიცავს როგორც დღის წესრიგის განსაზღვრას, ასევე წევრი სახელმწიფოების მოწვევისა და საბჭოს საქმიანობის მიმართულებების ფორმირებას. ეს მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ლიდერზე ორიენტირებული მმართველობის მაგალითი.
სამართლებრივი თვალსაზრისით, საბჭოს გადაწყვეტილებებს არ გააჩნია სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივი ძალა, ამასთანავე მათ შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური გავლენა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი მხარდაჭერილი იქნება გავლენიანი სახელმწიფოების მიერ.
საბჭოს შემადგენლობა
მშვიდობის საბჭოს წევრთა და მოწვეულ სახელმწიფოთა შემადგენლობა ასახავს გლობალურ ძალთა ბალანსის ალტერნატიულ კონფიგურაციას. ინიციატივაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოხატეს რიგმა ახლო აღმოსავლეთისა და გლობალური სამხრეთის ქვეყნებმა, მათ შორის საუდის არაბეთმა, თურქეთმა, ეგვიპტემ, იორდანიამ, ყატარმა, გაერთიანებულმა არაბთა საამიროებმა, ინდონეზიამ და პაკისტანმა.
აშშ-ის სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებად მიჩნეული სახელმწიფოები, რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ისევე როგორც ავტორიტარული ბელარუსი, იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთაც მშვიდობის საბჭოში მონაწილეობა შესთავაზეს. ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებულია საწევრო შენატანი ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. გაწევრიანების მოწვევა ასევე გაეგზავნა ევროპის მოკავშირე სახელმწიფოებს, სპარსეთის ყურის ნავთობით მდიდარ არაბულ ქვეყნებს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს და აგრეთვე რომის პაპს. თუმცა, შვეიცარიის კურორტ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად გამართულ ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას ოცზე ნაკლები ქვეყანა დაესწრო.
აღნიშნული სახელმწიფოების მონაწილეობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: რეგიონული უსაფრთხოების ინტერესები, აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი და არსებული საერთაშორისო მექანიზმების მიმართ უკმაყოფილება. ამავდროულად, დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების თავშეკავებული ან უარყოფითი პოზიცია მიუთითებს ინიციატივის მიმართ არსებულ სერიოზულ სკეპტიციზმზე.
აღნიშნულ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია რუსეთის ფაქტორმა. რიგი ევროპული სახელმწიფოები ღიად აცხადებდნენ, რომ რუსეთის შესაძლო მონაწილეობა ან არაპირდაპირი გავლენა საბჭოს საქმიანობაზე მათთვის მიუღებელია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინიციატივის გარშემო არსებულ ღირებულებით განსხვავებებს.
მიზნები და ფუნქციური ამოცანები
ოფიციალური განცხადებების თანახმად, მშვიდობის საბჭოს ძირითადი მიზნები მოიცავს: შეიარაღებული კონფლიქტების დეესკალაციის ხელშეწყობას; პოლიტიკური დიალოგის და მოლაპარაკებების პლატფორმის შექმნას; პოსტკონფლიქტური აღდგენისა და ინსტიტუციური სტაბილიზაციის მხარდაჭერას; უსაფრთხოების ალტერნატიული მექანიზმების შეთავაზებას იმ რეგიონებში, სადაც ტრადიციული ინსტრუმენტები არაეფექტიანია.
პოლიტიკურ-სტრატეგიულ დონეზე, საბჭო შეიძლება განიხილებოდეს როგორც აშშ-ის მცდელობა, შეინარჩუნოს გლობალური გავლენა ახალი ფორმატების მეშვეობით და შეამციროს კონკურენტი ძალების, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთის გავლენა საერთაშორისო მშვიდობის დღის წესრიგზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე მშვიდობის საბჭოს მიმართ კრიტიკა მრავალმხრივია. აკადემიურ და დიპლომატიურ წრეებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიც არის, საბჭოს ლეგიტიმურობის დეფიციტი საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით; გადაწყვეტილების მიღების პროცესის არაგამჭვირვალობა; პიროვნულ ლიდერობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება; გაეროსა და სხვა მრავალმხრივი ინსტიტუტების ფუნქციური ეროზიის რისკი.
ზოგიერთი მკვლევარი საბჭოს განიხილავს როგორც „პარალელური გლობალური მმართველობის“ მცდელობას, რომელიც შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში ეფექტიანი აღმოჩნდეს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო წესრიგის ფრაგმენტაციას შეუწყობს ხელს.
საქართველოს კონტექსტი
საქართველოსთვის მშვიდობის საბჭოს ინიციატივა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე სტრატეგიული თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის საბჭოს წევრი და ოფიციალური მიწვევაც არ მიუღია, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად ეხება ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაციის არქონის და იზოლაციონისტური მიდგომების შედეგად, საქართველო არ იყო წარმოდგენილი 2026 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, რაც ცალსახად უნდა მივიღოთ, როგორც უკიდურესად ნეგატიური სიგნალი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემები, სახელმწიფოს ინტერესი და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი არის საერთაშორისო სამართალსა და გაეროს პრინციპებზე დაფუძნებული წესრიგის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. ამ კონტექსტში, ისეთი ფორმატების გაძლიერება, რომლებიც არ ეფუძნება უნივერსალურ სამართლებრივ ჩარჩოებს, საერთაშორისო ლეგიტიმაციის არქონის პირობებში მოქმედი ხელისუფლებისთვის შესაძლოა აღქმული იყოს როგორც პოტენციური რისკი. კერძოდ, რიგ შემთხვევებში შესაძლოა ხელისუფლებას მოუწიოს არჩევანის გაკეთება კერძო ინტერესებსა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ აშშ-ს დამოკიდებულება სანქცირებული ტვირთების გატარების შესახებ.
ამასთან, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დაკვირვება იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს მშვიდობის საბჭომ კონფლიქტების მართვის საკითხები და რა ადგილი ექნება მას მომავალში საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში. ქვეყნის ინტერესებშია, რომ ნებისმიერმა ახალმა მექანიზმმა არ დააზიანოს არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს წარმოადგენს.
სამომავლო პერსპექტივები
მშვიდობის საბჭოს სამომავლო პერსპექტივა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორზე: წევრი სახელმწიფოების რეალურ პოლიტიკურ ნებაზე, საბჭოს პრაქტიკულ შედეგებზე და მის ურთიერთობაზე გაეროსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება თუ რა დამოკიდებულება ექნება ტრამპის შემდგომ ადმინისტრაციას ამ ფორმატისადმი და რამდენად დასაშვებია მისი სრულად გაუქმების რისკი.
თუ საბჭო შეძლებს კონფლიქტების დეესკალაციაში რეალური შედეგების მიღწევას, იგი შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც გავლენიანი, თუმცა არაოფიციალური გლობალური პლატფორმა. იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივა დარჩება პოლიტიკურ სიმბოლიზმსა და პერსონალიზებულ მმართველობაზე დაფუძნებულ სტრუქტურად, მისი გავლენა იქნება შეზღუდული და შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავოს საერთაშორისო სისტემის ფრაგმენტაცია.
საბოლოო ჯამში, დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭო წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს, რომელიც შესაძლოა გახდეს უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურის საყრდენი. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკა უპირობოდ საჭიროებს ტრანსფორმაციას და ახალ ეტაპზე გადასვლას, როგორც ტაქტიკურ, ასევე ღირებულებით კატეგორიებში. ამ თვალსაზრისით, მშვიდობის საბჭოს შექმნის ფაქტი, ნათლად ასახავს ძალაუფლების, ლეგიტიმურობისა და გლობალური მმართველობის შესახებ მიმდინარე გამოწვევების სიღრმეს და კომპლექსურობას.
