მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია – ძირითადი გზავნილები ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია – ძირითადი გზავნილები ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი

1963 წელს დაწყებული მიუნხენის ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც  წარსულში ტრანსატლანტიკური ალიანსის თავშეყრის ადგილად იყო ცნობილი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფორუმად, სადაც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობენ. ამ მსჯელობაში არაერთი ქვეყნის პირველი პირისა და მაღალი რანგის პოლიტიკოსთა მონაწილეობა კიდევ უფრო ზრდის ამ კონფერენციის მნიშვნელობას და ერთგვარ პოლიტიკურ დატვირთვას სძენს მას.

უსაფრთხოების ანგარიში, რომელიც კონფერენციის დაწყების წინ 2015 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ქვეყნდება, დიდწილად განსაზღვრავს მის მთავარ თემას. წელს ეს ანგარიში გამოქვეყნდა სათაურით „ნგრევის ქვეშ“ და იგი მიეძღვნა ცივი ომის შემდეგ შექმნილი წესრიგის საკმაოდ სწრაფი რღვევის პროცესს, რომელიც ბოლო ხანებში ხდება. რაც მნიშვნელოვანია, ამ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს  ცივი ომის შემდგომი წესრიგის რღვევაში.

ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში შექმნილი ერთგვარი დაძაბულობა უშუალოდ 13-15 თებერვალს გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც გამოჩნდა. მართალია ამჯერად აშშ-ის მთავარი მომხსენებლის, სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ტონი ევროპასთან მიმართებაში რბილი და პარტნიორული იყო, გასულ წელეს ამავე კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გამოსვლასთან შედარებით, მაგრამ ძირითადი გზავნილი არ შეცვლილა. ამ გზავნილის მთავარი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპამ მის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე უნდა იზრუნოს და  თავად უნდა უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა და უსაფრთხოება. 

ტრანსატლანტიკური ერთიანობის, რუსეთის მიმართ მიდგომებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებში დღეისათვის შექმნილ ვითარებაში უკეთ გასარკვევად ქვემოთ მიმოხილულია გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ლიდერებისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გამოსვლები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. მიმოხილვაში შესაბამისად გამოყოფილია ის ძირითადი გზავნილები, რომელიც გაკეთდა პარტნიორობის, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და რუსეთ-უკრაინის თემატიკაზე.     

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ფრდრიხ მერცმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე და ცვალებად მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის ახალ და სერიოზულ გამოწვევებს აჩენს.  მისი შეფასებით, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც არასოდეს ყოფილა სრულყოფილი, დღეს საერთოდ აღარ არსებობს და დიდი ძალების ეპოქაში, თავისუფლება აღარ არის გარანტირებული. მერცის აზრით, ასეთ ვითარებაში ევროპული ერთიანობა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. ამ თვალსაზრისით, მან აქცენტი გააკეთა ნატოზე და უშუალოდ გერმანიის გეგმებზე გააძლიეროს საკუთარი სამხედრო ძლები და გაზარდოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მედეგობა. ასევე, ახსენა საფრანგეთის პრეზიდენტთან დიალოგის წამოწყება ევროპის ბირთვული შეკავების თემაზე.

გერმანიის კანცლერმა, ასევე ისაუბრა პარტნიორებს შორის დიალოგისა და კომპრომისის აუცილებლობაზე, განსხვავებული პოზიციის მიუხედავად. ამის მაგალითად, მან გრენლანდიის საკითხი მოიყვანა, რომლის აშშ-თვის გადაცემის საკითხი სულ ცოტა ხნის წინ ტრამპის ადმინისტრაციამ მორიგ ჯერზე გააქტიურა, რამაც როგორც დანიაში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში უარყოფითი დამოკიდებულება და წინააღმდეგობა გამოიწვია. მერცმა აღნიშნა, რომ გრენლანდიის საკითხმა ნათლად აჩვენა ევროპული სოლიდარობა. მის გამოსვლაში აშშ-ს თემა სხვა მხრივაც ფიგურირებდა. კერძოდ, მერცის შეფასებით, აშშ-ს სწრაფვა გლობალური ლიდერობისკენ წინააღმდეგობებს აწყდება. მან ასევე ისაუბრა ჩინეთისა და აშშ-ს კონკურენციაზე, მათ შორის, სამხედრო სფეროში. ამ თემასთან მიმართებაში, გერმანიის კანცლერის მთავარი გზავნილი ის იყო, რომ არა მხოლოდ ევროპას ჭირდება აშშ-თან პარტნიორობა, არამედ იგივე საჭიროება მეორე მხარისთვისაც არსებობს.   

გერმანიის კანცლერი ძალზედ მკაფიო იყო უკრაინის თემაზე საუბრისას. მან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყება გააიგივა ომებისა და ღია კონფლიქტების ახალ ფაზასთან, რომელიც ცვლის მსოფლიოს. მერცმა ხაზი გაუსვა უკრაინის პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერაში ევროპისა და უშუალოდ გერმანიის როლს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისი გზავნილები ტერმინოლოგიის თავლსაზრისითაც  ძალზედ მკაფიო იყო. სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის აგრესიასთან და უკრაინაში სასტიკ ომთან ერთად გამოიყენა უფრო ფართო პოლიტიკური დატვირთვის მქონე ტერმინები – რუსეთის რევიზიონიზმი და იმპერიალიზმი, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულები.

მერცის გამოსვლა დიდწილად ასახავდა ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში შექმნილი სირთულეებსა და ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს, ტრამპის ადმინისტრაციის განსხვავებული პრიორიტეტების პირობებში. ამ ფონზე მის მთავარ გზავნილად, გერმანიის მიერ ევროპის უსაფრთხოებასა და უკრაინის მხარდაჭერაში წამყვანი როლის შესრულებაზე განაცხადი უნდა მივიჩნიოთ.   

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გამოსვლაში უფრო მეტად იგრძნობოდა პოზიტიური ტონი ევროპის დღევანდელი მდგომარეობის, განსაკუთრებით ეკონომიკური და სოციალური სფეროების შეფასების ნაწილში. თუმცა, მიღწევებთან ერთად მაკრონმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის მიერ საკუთარი ძალის გაზრდის აუცილებლობაზე. ამ ასპექტში, მან, მერცისგან განსხვავებით, არა ნატოზე, არამედ ევროპისთვის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა მოახერხოს გეოპოლიტიკურ მოთამაშედ გადაქცევა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი ევროპა უკეთესი პარტნიორი იქნება მოკავშირეებისთვის, განსაკუთრებით კი, აშშ-თვის.   

მაკრონმა, ასევე ვრცლად ისაუბრა უკრაინა-რუსეთის თემაზე. მან  ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით ევროპის ერთიანობის მნიშვნელობას. დაგმო სამშვიდობო პროცესის პარალელურად უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები და აღნიშნა, რომ ამის პასუხი არა დათმობები, არამედ რუსეთზე წნეხის გაზრდა უნდა იყოს. პოლიტიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია უშუალოდ ევროპის უსაფრთხოებას დაუკავშირა და პუტინის მიზნად ევროპის ხარჯზე რუსეთის გავლენის სფეროს გაფართოება დაასახელა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ზიანზე, რომელიც რუსეთმა უკვე მიიღო. კერძოდ, რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციაზე, რეცესიაზე, ჩინეთზე გაზრდილ დამოკიდებულებასა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებაზე. მაკრონის შეფასებით, რუსეთს ნატოსთან და ევროპასთან მიმართებაში არსებული გეგმებიც ჩაუვარდა, რადგან მიიღო გაფართოებული ნატო, რომელშიც შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდა, ხოლო ევროპა, დასუსტების ნაცვლად, ძლიერდება.

საფრანგეთის პრეზიდენმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე. მან ერთი მხრივ, პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით მიმდინარე უკრაინის სამშვიდობო პროცესის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. თუმცა, მეორე მხრივ აღნიშნა, რომ ევროპის თანხმობის გარეშე სამშვიდობო შეთანხმება ვერ შედგება. ამ თემასთან მიმართებაში, მაკრონმა ხაზი გაუსვა ევროპის როლს ისეთი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მისი დახმარების პაკეტი, რუსეთზე სანქციების შემსუბუქება და უკრაინის ევროპული მომავალი. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი ისეთი ფორმით უნდა დარეგულირდეს, რომელიც დაიცავს უკრაინას, შეინარჩუნებს ევროპის უსაფრთხოებას და დაუკარგავს, როგორც რუსეთს ისე სხვა ქვეყნებს მომავალში ანალოგიური ქმედების განხორციელების სურვილს.

მაკრონის გამოსვლაც დიდწილად პასუხობდა ევროპის უსაფრთხოების ახალ რეალიებს. მასში ერთგვარად გამოიკვეთა განაცხადი იმაზე, რომ საფრანგეთს ამ ახალი რეალიების პირობებში შეუძლია იკისროს ლიდერობა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ის მიდგომა კი თანხვედრაშია საფრანგეთისთვის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგთან.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა ევროპის უსაფრთხოებას სამომავლო პერსპექტივებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთის უსაფრთხოება ევროპის გარეშე შეუძლებელია, ისევე, როგორც პირიქით, შეუძლებელია ევროპის უსაფრთხოება ბრიტანეთის გარეშე. მერცის მსგავსად, სტარმერმაც ყურადღება გაამახვილა ნატოს როლსა და მნიშვნელობაზე და ასევე, მოიყვანა გრენლანდიის საკითხი ევროპული სოლიდარობის მაგალითად. მან ასევე, ისაუბრა ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაზრდის საჭიროებაზე. ცალკე გამოყო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თანამშრომლობის გააქტიურება ბირთვულ სფეროში. სტარმერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპის უსაფრთხოებაში აშშ-ს ჩართულობის მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომის თანახმად, ევროპა მზად უნდა იყოს თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საკმაო ყურადღება დაუთმო უკრაინის თემას. კერძოდ, მან ისაუბრა როგორც უკრაინისთვის უკვე გაწეული/მიმდინარე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, ისე სამომავლო მზაობასა და გეგმებზე. ამავე დროს, სტარმერმა უფრო ფართო და მომავლის პერსპექტივაში მიმოიხილა რუსეთიდან მომდინარე საფრთხე. კერძოდ, აღნიშნა, რომ რუსეთი ომის პირობებშიც ახერხებს გადაიარაღებას, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ინდუსტრიის  განახლებას. თანაც, მისი შეფასებით, ეს პროცესი უკრაინის თემაზე სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაშიც უფრო დაჩქარდება. ამასთან, სამხედრო საფრთხესთან ერთად, სტარმერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან მომდინარე ისეთ საფრთხეებზე, როგორიცაა ევროპულ ფასეულობებზე იერიშის მიტანა, საბოტაჟი და კიბერშეტევები, პოპულიზმის მხარდაჭერა, სოციალური წესრიგის მოშლისა და საზოგადოების დაყოფის მცდელობა.   

სტრამერის გამოსვლის მთავარ გზავნილად უნდა ჩაითვალოს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის უსაფრთხოების ერთმანეთთან გაიგივება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იგი მზად არის ევროპის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს გამოსვლას ევროპასთან პარტნიორობის კონტექსტში უმეტესად აბსტრაქტული და განზოგადებული შინაარსი ქონდა.  მან ძირითადი აქცენტი გააკეთა ევროპის ისტორიულ და კულტურულ როლზე თანამდროვე მსოფლიოსა და განსაკუთრებით აშშ-თვის. ვრცლად ისაუბრა აშშ-სა და ევროპის ცივილიზაციური ერთიანობისა და ცივი ომის პერიოდში მჭიდრო სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, განზოგადებულად ხაზი გაუსვა აშშ-ს და ევროპის ერთიანობის შენარჩუნების საჭირებას თანამედროვე პერიოდში. ამავე კონტექსტში მან ახსენა საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმირების საჭიროება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უფრო კონკრეტული იყო დასავლეთის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრისას, რომელიც ცივი ომის მერე დაშვებულ შეცდომებსა და დასავლეთის ილუზიებს დაუკავშირა. მათ შორის, მან დეინდუსტრიალიზაცია და მიგრაცია გამოყო, როგორც მთავარი გამოწვევა, რაც თანხვედრაშია ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან. მან ასევე ცალსახად თქვა, რომ გლობალური წესრიგი სახელმწიფოს (სასიცოცხლო) ინტერესებზე მაღლა ვეღარ დადგება, რაც ალბათ ისეც შეიძლება გავიგოთ, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საგარეო პოლიტიკაში ცალმხრივი მოქმედებების კრედო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თავის გამოსვლაში რუსეთი საერთოდ არ უხსენებია. უკრაინა კი მხოლოდ ერთხელ ახსენა, ისიც უფრო მეორეხარისხოვან კონტექსტში. კერძოდ, მთავარი აქცენტი მარკო რუბიომ გააკეთა გაეროს უუნარობაზე შეეჩერებინა ომი უკრაინაში და ამის საპირისპიროდ, ხაზი გაუსვა აშშ-ს ქმედითუნარიანობას უკრაინის თაობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების კუთხით. უკრაინასთან ერთად, რუბიომ გაეროსა და აშშ-ს შორის ანალოგიური პარალელი გაავლო გაზაზე, ირანსა და ვენესუელაზე საუბრისას.

როგორც შესავალში აღინიშნა, მარკო რუბიოს გამოსვლის ტონი რბილი და პარტნიორული იყო, გასულ წელეს ამავე კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გამოსვლასთან შედარებით, რის გამოც მის მიმართ უსაფრთხოების კონფერენციაზე დადებითი განწყობა შეინიშნებოდა. თუმცა, მისი მხრიდან არ იყო საუბარი ნატოს ან სხვა რაიმე მექანიზმების ფარგლებში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის გაძლიერებასა და უსაფრთხოების საერთო გამოწვევებზე შესაბამისად, მთავარი გზავნილი ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში მაინც არსებითად უცვლელი დარჩა. კერძოდ, ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნევს ტრანსატლანტიკურ მიმართულებას. ამასთან იგი თვლის, რომ ევროპამ თავად უფრო მეტად უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, ხოლო აშშ-მ კი ამ მიზნით გაწეული ხარჯები შეამციროს. 

დასკვნა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის განსხვავება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებობს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის აღქმაში. ამ კონტექსტში მთავარი ის არის, რომ ევროპის ქვეყნებისთვის აშშ-თან პარტნიორობა პრიორიტეტულად რჩება, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციისთვის კი ნაკლებად. აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია თვლის, რომ უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული საკუთარი საგარეო პოლიტიკის რეალიზებაზე და შეამციროს ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე გაღებული ხარჯები. ევროპის ქვეყნებს ეს ახალი მოცემულობა დიდწილად გაცნობიერებული აქვთ და უკვე აქტიურად ზრუნავენ საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.   

ევროპის ქვეყნებსა და ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომების განსხვავება კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს უკრაინა-რუსეთის საკითხში. ევროპის ქვეყნებისთვის რუსეთი მთავარ სამხედრო საფრთხედ რჩება. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ომი უკრაინაში რუსეთის პირობებით არ დასრულდეს და მომავალში როგორც უკრაინის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოება დაცული იყოს. ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთს ამგვარ საფრთხედ არ აღიქვამს. მისთვის პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანია მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა-რუსეთს შორის (უფრო მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ აქ იხილოთ), თუნდაც ეს უკრაინის მხრიდან დათმობების ხარჯზე მოხდეს. ეს კი შექმნის რისკს, რომ რუსეთის ამბიციები და რევიზიონიზმისკენ სწრაფვა კიდევ უფრო გაიზრდება და როგორც უკრაინის, ისე სხვა ევროპული და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოება კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება.