ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
სტატიაში განხილულია 12 თებერვლის ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაწყებული საპროტესტო აქციები, რაც მალევე კორუფციის, არაეფექტიანი მმართველობისა და სისტემური პრობლემების წინააღმდეგ ფართო საზოგადოებრივ უკმაყოფილებაში გადაიზარდა. გარდა ამისა, ახსნილია თუ რატომ არის ბოსნიის პოლიტიკური სისტემა არაეფექტიანი და პოლიტიკური კრიზისებისადმი მოწყვლადი და ასევე, მიუხედავად მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტისა, რატომ არის სისტემური რეფორმების განხორციელება რთული.
აღსანიშნავია, რომ სარაევოში დაწყებული გამოსვლები ეთნიკურ საკითხებს სცდება და სისტემური კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის წინააღმდეგაა მიმართული. უკანასკნელ წლებში მსგავსი მოთხოვნები ხშირად ჩნდება ბალკანეთის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სერბეთში, ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, რაც რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და პოლიტიკური ელიტების მიმართ მზარდ უკმაყოფილებაზე მიუთითებს.
რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარე, მსგავსი დემონსტრაციები მეზობელი ქვეყნების საზოგადოებებისთვის ზოგჯერ პოლიტიკურ და სოციალურ მაგალითს ქმნის, რაც ირიბად შესაძლოა პროტესტის პოტენციალს ზრდიდეს.
რამ გამოიწვია პროტესტი?
პოლიტიკური ქაოსის უკანასკნელი ეპიზოდი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის 12 თებერვალს დედაქალაქ სარაევოს ცენტრში ტრამვაი რელსებიდან გადავიდა და შემთხვევის შედეგად 23 წლის სტუდენტი გარდაიცვალა, 4 კი მძიმე დაშავდა.
გამოძიების დაწყების, შესაბამისი დოკუმენტების გასაჯაროებისა და პასუხისმგებელი პირების დასჯის მოთხოვნით 13 თებერვალს სარაევოში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მალევე ბალკანეთის საგამოძიებო ქსელ BIRN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარაევოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიამ ძველი ტრამვაების სამუხრუჭე სისტემების შესაცვლელად კონტრაქტი გააფორმა კომპანიასთან, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია, სპეციფიკური გამოცდილება და პროფესიული კვალიფიკაცია არ ჰქონდა.
სარაევოს კანტონის პროკურატურის მიერ საქმის ზედაპირულმა გამოძიების ფაქტმა და BIRN-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ დამატებითი დეტალების გავრცელებამ, მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად აღაშფოთა და საპროტესტო მუხტი გააძლიერა. საბოლოოდ, პროტესტის შედეგად, სარაევოს კანტონის პრემიერ-მინისტრმა, ნიჰად უკმა და ტრამვაიზე პასუხისმგებელი სახელმწიფო კომპანიის, „KJKP GRAS-ის“ დირექტორმა თანამდებობები დატოვეს. გარდა ამისა, ექსპლუატაციიდან მოიხსნა 1960-იან წლებში და მანამდე წარმოებული ყველა ტრამვაი.
ნიჰად უკის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, სარაევოს კანტონის ასამბლეამ სესია დანიშნა, სადაც კანონმდებლებმა მას უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყვიტეს და სარაევოს კანტონის მთავრობის სრული შემადგენლობა დაითხოვეს. მოვლენების განვითარების შემდეგი სცენარები არსებობს: კანონმდებლებმა მხარი დაუჭირონ ამჟამინდელი მთავრობის შემადგენლობას, მაგრამ აირჩიონ უმრავლესობის ახალი ლიდერი, ან კოალიციური გადაჯგუფება მოხდეს – დამტკიცდეს ახალი კაბინეტი, სრულიად ახალი შემადგენლობით.
პროტესტანტების აზრით, 12 თებერვალს შემთხვევა მასშტაბურმა კორუფციამ, გამჭვირვალობის არარსებობამ და პოლიტიკური ინსტიტუტების გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია, შესაბამისად, ამჟამად მათი მოთხოვნა სისტემური ცვლილებაა.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის სათავეში არა პოლიტიკური პარტიები, არამედ 17-20 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებიც არცერთ გაერთიანებასთან არ არიან აფილირებული.
სარაევოში დაწყებულ პროტესტს მხარს უჭერენ სერბი ახალგაზრდებიც, რომლებიც 2024 ნოემბრის შემდეგ ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველობის დასრულებასა და ძირეულ რეფორმებს მოითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბური დემონსტრაციები ბოსნიისთვის ახალი არაა, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან სისტემური ცვლილების მოთხოვნა დღის წესრიგში არ დამდგარა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის თებერვალში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები ბოსნიის ქალაქ ტუზლაში დაიწყო, თუმცა საპროტესტო მუხტი მალევე მთელი ქვეყნის, მათ შორის სარაევოს, ზენიცას, ბიჰაჩის, მოსტარისა და ბრჩკოს, მასშტაბით გავრცელდა. დემონსტრანტების უკმაყოფილების მიზეზი მაღალი უმუშევრობა, სოციალური უთანასწორობა და სისტემური კორუფცია იყო. ეს იყო 1995 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როდესაც პროტესტი ეთნიკური ხასიათის არ იყო და ქვეყანაში მცხოვრები ბოსნიელების, სერბებისა და ხორვატების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების ცვლილება იყო. მართალია, პროტესტმა სისტემური რეფორმა ვერ გამოიწვია, თუმცა რამდენიმე კანტონის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
ბოსნია-ჰერცეგოვინას რთული მოწყობა
ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის პოლიტიკური კრიზისი სიახლეს არ წარმოადგენს. დეიტონის შეთანხმების შედეგად შექმნილ სახელმწიფოში, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან რთული ტერიტორიული მოწყობა და ეთნიკურ ბალანსზე დაფუძნებული ფრაგმენტირებული მმართველობის სისტემა გამოარჩევს, მუდმივი პოლიტიკური ქაოსია.
1992-1995 წლების ომის შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც აერთიანებს ბოსნიურ-ხორვატულ ფედერაციას და სერბულ რესპუბლიკა – სრპსკას. გარდა ამისა, ბოსნიის ტერიტორიაზე არსებობს მულტიეთნიკური თვითმმართველი ადმინისტრაციული ერთეული – ბრჩკოს ოლქი.
სახელმწიფო დონეზე ბოსნია და ჰერცეგოვინას ჰყავს პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტის სამწევრიანი საბჭო, რომელშიც 4 წლის ვადით არჩეული სერბი, ბოსნიელი და ხორვატი წევრები 8 თვეში ერთხელ როტაციის პრინციპით ენაცვლებიან ერთმანეთს. როგორც ბოსნიურ-ხორვატულ ფედერაციას, ასევე რესპუბლიკა სრპსკას ჰყავს საკუთარი საპარლამენტო ასამბლეა, მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. საკუთრივ ბოსნიურ-ხორვატული ფედერაცია 10 კანტონადაა დაყოფილი, რომელსაც საკუთარი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ჰყავს. ჯამში, ბოსნია-ჰერცეგოვინას ჰყავს 3 პრეზიდენტი, 13 პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის 700-ზე მეტი დეპუტატი.
სრპსკა – ბოსნიის არასტაბილური ვითარების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი
რთული ტერიტორიული მოწყობისა და კომპლექსური ინსტიტუციური სისტემის გარდა, ბოსნიის პოლიტიკურ სტაბილურობას ხშირად უქმნის საფრთხეს ქვეყნის ერთ-ერთი სუბიექტის – სერბული რესპუბლიკის სეპარატისტული მისწრაფებები.
სრპსკას ყოფილი ლიდერი, მილორად დოდიკი წლების განმავლობაში ებრძოდა დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების სამოქალაქო იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს, რომელსაც ბოსნია-ჰერცოგოვინაში შემავალი ერთეულებისთვის შესასრულებლად სავალდებულო კანონების მიღების და ასევე, გაუქმების უფლებამოსილება აქვს. უმაღლესი წარმომადგენლის არალეგიტიმურობის ხაზგასმისა და დისკრედიტაციის მცდელობის გარდა, დოდიკი წლების განმავლობაში ცდილობდა ბოსნიის ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შესუსტებას და სერბულ რესპუბლიკაში პარალელური პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას. მისი გაცხადებული მიზანი, ბოსნიისგან გამოყოფა და სრპსკას მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებაა.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ხელყოფისა და უმაღლესი წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით „დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსის“ ლიდერ მილორად დოდიკს 2025 წლის თებერვალში ბოსნიის სასამართლომ ერთი წლის ვადით შინაპატიმრობა მიუსაჯა და საჯარო თანამდებობის დაკავება 6 წლით აუკრძალა.
პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების მიუხედავად, ის ყველზე გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად რჩება სერბულ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, პრეზიდენტის თანამდებობა კვლავ „სოციალ-დემოკრატიული ალიანსის“ კანდიდატმა დაიკავა, რომელიც დოდიკის პოლიტიკურ მიზნებსა და სეპარატისტულ მისწრაფებებს სრულიად იზიარებს და მხარს უჭერს.
რა აფერხებს სისტემურ ცვლილებას?
დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით შექმნილი მრავალშრიანი მმართველობის სტრუქტურის გამო, ბოსნია-ჰერცეგოვინაში რთულია კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირის იდენტიფიცირება და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. გარდა ამისა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა დონის ხელისუფლების წარმომადგენელთა კომპეტენციების გადაფარვა, რაც აფერხებს ეროვნული მასშტაბის რეფორმების განხორციელებას და პოლიტიკის ეფექტიან კოორდინაციას.
რეფორმების განხორციელებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინაში მცხოვრები ეთნიკურად ბოსნიელი, ხორვატი და სერბი მოსახლეობის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ვეტოს უფლება რამდენიმე ინსტიტუციურ დონეზე არსებობს: საპრეზიდენტო ვეტო – ბოსნია და ჰერცეგოვინას პრეზიდენტის საბჭოს თითოეულ წევრს შეუძლია საკუთარი სუბიექტის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილების დაბლოკვა და განსახილველად საკუთარი სუბიექტის ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემა; ბოსნია-ჰერცეგოვინას ზედა პალატის ვეტო – სახელმწიფო დონის პარლამენტის სახალხო პალატაში „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესების“ ხელყოფის თავიდან ასაცილებლად თითოეული ეთნიკური ჯგუფი ფლობს ვეტოს უფლებას; სუბიექტების ვეტო ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატაში – წარმომადგენელთა პალატაში გადაწყვეტილების დაბლოკვა ორივე სუბიექტის წარმომადგენელთა უმრავლესობას შეუძლია.
სისტემური რეფორმის განხორციელება, როგორც წესი, კონსტიტუციურ ცვლილებებს მოითხოვს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი რეფორმა სამივე ეთნიკური ჯგუფის – ბოსნიელების, სერბებისა და ხორვატების – მხარდაჭერას საჭიროებს. გარდა ამისა, ცვლილებას თანხმობა უნდა გამოუცხადონ ორივე ადმინისტრაციულ ერთეულმა, რის შემდეგაც ის სახელმწიფო დონეზე უნდა დამტკიცდეს. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ შედარებით მცირე რეფორმაც კი ფართო ეროვნულ კონსენსუსს მოითხოვს.
რაც შეეხება საზოგადოებრივ პროტესტს – მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, თუმცა ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც სისტემის რადიკალურ ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს, რთულია. წარმატების მისაღწევად აუცილებელია საპროტესტო მუხტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მობილიზება. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიელებს, სერბებსა და ხორვატებს ხშირად საერთო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მოთხოვნები და განწყობები აერთიანებთ, ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ მობილიზაციას შესაძლოა ეთნიკური იდენტობის ფაქტორმა შეუშალოს ხელი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება პოლიტიკური ელიტების ნარატივები. მაგალითისთვის, 12 თებერვალს სარაევოში დაწყებული პროტესტის წარმოჩენას მილორად დოდიკი ეთნიკურ ჭრილში ცდილობს, რათა თავიდან აიცილოს საპროტესტო ტალღის სერბულ რესპუბლიკაში გავრცელება. მისი განცხადებით, ადამიანების ქუჩაში გამოსვლის მიზეზი არა სისტემური პრობლემა, არამედ სარაევოს ბოსნიელი და ხორვატი პოლიტიკური ლიდერების არაკომპეტენტურობაა.
საბოლოოდ, შესაძლებელია ითქვას, რომ დეიტონის შეთანხმებით შექმნილმა ინსტიტუციურმა მოწყობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ომის დასრულებასა და მწვავე ეთნიკური დაპირისპირების შეჩერებაში, თუმცა აღნიშნული მექანიზმი მნიშვნელოვნად ზღუდავს სწრაფი და მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას. ამგვარად, სხვადასხვა დონის ხელისუფლების წარმომადგენლების გადადგომის შემთხვევაშიც კი, კონსტიტუციური რეფორმების განხორციელების გარეშე, ბოსნიაში არსებული პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.
