სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და მისი გავლენა რუსეთსა და უკრაინაზე

სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ და მისი გავლენა რუსეთსა და უკრაინაზე

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი

აშშ-ს და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია დღეისათვის წარმოადგენს ყველაზე რეზონანსულ მოვლენას, რომლის შედეგებმაც შეიძლება სერიოზული გავლენა იქონიოს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და წესრიგზე. ამ შედეგებზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, რადგან ბუნდოვანია როგორ დასრულდება ოპერაცია. მიუხედავად მნიშვნელოვანი სამხედრო ზიანისა, ირანი ჯერ კიდევ ახერხებს საპასუხო იერიშების განხორციელებას და ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ რეჟიმი დასუსტებულია, მაგრამ არ ჩამოიშალა. თუმცა, ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას უკვე გააჩნია არსებითი გავლენა საერთაშორისო ვაჭრობასა და ბაზრებზე, რაც არაერთი ქვეყნისთვის პრობლემური საკითხია. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მწვავედ დადგა ენერგორესურსებზე ფასების ზრდის საკითხი.  ეს ვითარება და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისი, ბუნებრივია გავლენას ახდენს რუსეთსა და უკრაინაზე. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, გამოვყოთ ყველაზე რელევანტური საკითხები რუსეთისა და უკრაინის კონტექსტში და შევაფასოთ ისინი ამ ქვეყნებზე პოტენციური გავლენის თვალსაზრისით.        

კრიზისი ენერგობაზარზე

ირანის წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ საერთაშორისო ენერგობაზარზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ირანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჰორმუზის სრუტე გახდა, რომელიც მსოფლიოს ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედს ატარებს. ირანისგან მომდინარე საფრთხის გამო, სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, სრუტეში გამავალი ტანკერების რაოდენობა 70%-ით შემცირდა. პარალელურად, კატარმა შეწყვიტა გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტი. შედეგად, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან უკვე მესამე დღეს, Brent-ის სახეობის ნავთობის ფასი 13%-ით, ხოლო ბუნებრივი არის 50%-ით გაიზარდა.

ჰორმუზის სრუტეზე გამავალ ენერგორესურსებზე განსაკუთრებით აზიის ქვეყნები არიან დამოკიდებული: ჩინეთი და ინდოეთი 50%-ით, იაპონია 72%-ით, სამხრეთ კორეა 65%-ით. თუმცა, შექმნილი კრიზისი, არა მხოლოდ მათ, არამედ პრაქტიკულად ყველა ქვეყანას შეეხო. მათ შორის თავად აშშ-საც, სადაც სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ბენზინის ფასი გაიზარდა. შექმნილი ვითარების საპასუხოდ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, გამოსცა 30 დღიანი ლიცენზია, რომლის თანახმად, რუსეთს უფლება აქვს მოახდინოს ტანკერებზე უკვე დატვირთული დაახლოებით 128 მლნ ტონა ბარელის ოდენობის ნავთობის რეალიზაცია. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მოსკოვისთვის ინდოეთთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც აშშ-მ ერთი თვის ვადით, 3 მარტიდან 4 აპრილამდე, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვის უფლება დართო. ინდოეთი ბოლო დრომდე რჩებოდა ტანკერებით გადაზიდული რუსული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველად, მაგრამ ვაშინგტონთან გარიგების შემდეგ მკვეთრად შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვა. კერძოდ, იანვარ-თებერვალში რუსული ნავთობის მიწოდება ინდოეთში დღეში 1.15 მლნ ბარელამდე შემცირდა, რაც 2025 წლის საშუალო მაჩვენებელზე 47%-ით ნაკლები იყო. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ინდოეთისთვის შეზღუდვების დროებით მოხსნის შემდეგ ბუნებრივია ვითარება კვლავ რუსეთისთვის სასარგებლოდ შეიცვალა.

ენერგობაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, დღეისათვის რუსეთის ბიუჯეტი დღეში დაახლოებით 150 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებით შემოსავალს იღებს, რადგან როგორც ინდოეთში, ისე ჩინეთში რუსულ ნავთობზე მოთხოვნა გაიზარდა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის ეკონომიკა ბოლო ხანებში სირთულეებს განიცდიდა. ეს სირთულეები, მათ შორის, გამოწვეული იყო დაბალი ფასისა და სანქციების გამო გაზიდან და ნავთობიდან საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებით, რაც ბოლო ხუთ წელიწადში 2025 წელს  ყველაზე ნაკლები იყო. 2026 წლის პირველ ორ თვეში რუსეთმა სარეზერვო ფონდებიდან 5.4 მლრდ. აშშ დოლარი გახარჯა, რათა ნავთობიდან შემცირებული შემოსავლები დაეკომპენისრებინა.

აშშ-ს მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის მიმართ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა კრიტიკული განწყობა დააფიქსირეს. ამ საკითხზე G-7 ფორმატში იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ რუსეთზე სანქციების შემსუბუქებას დროებითი ხასიათი უნდა ქონდეს. მართალია რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მოკლევადიანი იქნება, რუსეთის ენერგო კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონიუნქტურა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ვლადიმერ მილოვის შეფასებით, ერთი ან ორთვიანი ფასების ზრდა ვერ გადაარჩენს რუსეთის ეკონომიკას. მილოვის აზრით, ამისთვის ნავთობზე მაღალი ფასები დაახლეობით ერთი წელი უნდა შენარჩუნდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ენერგორესურსებზე თუნდაც დროებითი ფასების ზრდა რუსეთს უფრო მეტ ფინანსურ რესურსს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გასაგრძელებლად.  

საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები

ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ საერთაშორისო პრესაში გაჩნდა შეფასებები იმის თაობაზე, რომ ირანის საჰაერო იერიშებისგან დასაცავად საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შესაძლოა გაუარესებულიყო უკრაინის მდგომარეობა ასეთი შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ. თუმცა, მოვლენათა განვითარებისას გამოჩნდა, რომ უკრაინისთვის კრიზისი ახლო აღმოსავლეთში ერთგვარ შესაძლებლობასაც წარმოადგენს. კერძოდ, აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის ყველაზე პრობლემური ირანული კამიკაძე დრონების გადაჭერა (interception) აღმოჩნდა, რომლებიც მცირე გაბარიტებისა და დაბალ სიმაღლეზე ფრენის გამო შეუმჩნეველი რჩებიან და ხშირად სამიზნეებს აღწევენ. ამ პრობლემას აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობაც აღიარებს.  უკრაინას კი რუსეთთან ომის პირობებში დრონების წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ამ მხრივ მისი ეფექტიანობა საკმაოდ მაღალია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 50 000 აშშ დოლარის ღირებულების ირანული დრონების წინააღმდეგ, აშშ და მისი მოკავშირეების მიერ გამოყენებული რაკეტების საფასური დაახლოებით 4 მლნ. აშშ დოლარს აღწევს. უკრაინელებს კი ანტი-დრონის შექმნა 30 000 აშშ დოლარი უჯდებათ.

შექმნილი ვითარების ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სა და მისი მოკავშირეებს გადამჭერი დრონების მიწოდება და გამოცდილების გაზიარება საჯაროდ შესთავაზა. სანაცვლოდ კი, მან PAC-3 რაკეტების მიწოდება მოითხოვა, რომელსაც უკრაინა რუსეთის სარაკეტო იერიშების მოსაგერიებლად იყენებს. ამ თავლსაზრისით უკრაინის დეფიციტი საკმაოდ აშკარაა. უკრაინის საჰაერო ძალების შეფასებით, მათ ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ 60 PAC-3 ტიპის გადამჭერი რაკეტა ესაჭიროებათ, რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად.

დაახლოებით 7 თვის წინ უკრაინამ უკვე მიმართა აშშ-ს, მათ მიერ წარმოებული ანტი-დრონების ტექნოლოგიის შესყიდვის თაობაზე, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ირანული დრონების წინააღმდეგ. შეთავაზება მოიცავდა იდეას თურქეთში, იორდანიაში და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში დრონების საწინააღმდეგო ჰაბის შექმნის თაობაზე, რომელიც გაუმკლავდებოდა ირანიდან და მისი პროქსი ძალებისგან მომავალ საფრთხეს. თუმცა მაშინ ეს შეთავაზება აშშ-მ არ მიიღო.

პრეზიდენტი ტრამპი ამჯერადაც კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოხატავს უკრაინის მიმართ. მან Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ სჭირდებათ უკრაინის დახმარება დრონების წინააღმდეგ  ბრძოლაში, რადგან თავადაც საკმარისად გააჩნიათ ასეთი შესაძლებლობები. მანამდე, მან აღნიშნა, რომ აშშ-ს სამხედრო მარაგები შემცირდა უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გამო. იგივე მოსაზრება, რამდენიმე დღის წინ გაიმეორა აშშ-ს ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა. საჯარო კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, როგორც ჩანს უკრაინის თანამშრომლობა ანტ-დრონების საკითხზე აშშ-თან ისე მის მოკავშირეებთან უკვე დაწყებულია. ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის  დაწყების შემდეგ, დრონის საწინააღმდეგო იარაღის შექმნა-განვითარებაზე პასუხისმგებელი აშშ-ს სამხედრო ძალების ბრიგადის გენერალი საკუთარი ჯგუფის რამდენიმე წევრთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინაში ასევე იყვნენ ჩასული კატარისა და სხვა  არაბული ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომლებმაც შეხვედრები გამართეს ანტი-დრონების მწარმოებლებთან. უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიით ისრაელიც დაინტერესდა. აშშ-ის არმიის მდივნის დენ დრისკოლის განცხადებით, უკრაინაში წარმოებული 10 000 გადამჭერი დრონი აშშ-ს არმიამ უკვე გააგზავნა ახლო აღმოსავლეთში. ამასთან, უკრაინული დრონების გადამჭერები და სამხედრო პერსონალი გაგზავნილია იორდანისასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში.

უკრაინის პოზიციებს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ რუსეთი მართალია არცთუ აქტიურად, მაგრამ მაინც ირანს ეხმარება. მათ შორის აწვდის მას სადაზვერვო მონაცემებს. დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო წყაროების თანახმად, რუსეთი ირანს ასევე უზიარებს საკუთარ გამოცდილებას დრონების გამოყენების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ამ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ტექნოლოგიური თანამშრომლობაც. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ  კვიპროსზე არსებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული იერიშისთვის გამოყენებულ დრონებში რუსული სამხედრო ტექნოლოგია აღმოაჩინეს.

დასკვნა

ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ საბოლოოდ რა გავლენას მოახდენს ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე. ერთი რამ ცხადია, რომ რუსეთი ამ ომში ირანის მხარეს იჭერს, ხოლო უკრაინა კი აშშ-ს და მის მოკავშირე არაბულ ქვეყნებს ეხმარება. გადამწვეტი, რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგი იქნება, რომლის პროგნოზირებაც რთულია. ამ ეტაპზე, კრიზისს ახლო აღმოსავლეთში რუსეთისთვის უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ვიდრე ზიანი, მაგრამ თუ ირანში რუსეთის მოკავშირე აიათოლების რეჟიმი შეიცლება ეს მოსკოვზე დადებითად არ აისახება. როგორც წესი ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთს აძლიერებენ. თუკი ირანში რეჟიმი შეცვლება ეს იქნება უკვე მესამე შემთხვევა სირიისა და ვენესუელას შემდეგ, როდესაც რუსეთი მოკავშირეს დაკარგავს. თანაც ისე, რომ რუსეთმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლო მისი მოკავშირისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩნა.

რუსეთისთვის აშკარად დადებით მოვლენას წარმოადგენს ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. თუმცა, რამდენად საკმარისი იქნება ეს მდგომარეობა რუსეთის ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად ამის თქმა რთულია. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დროა, რომლის განმავლობაშიც ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასები შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობასთან არის დაკავშირებული. რთული წარმოსადგენია, რომ სამხედრო ოპერაცია დროში გახანგრძლივდეს, რადგან მისი უარყოფითი ეფექტი, მათ შორის ენერგორესურსებზე ფასების ზრდა, მრავალი ქვეყნისთვის, მათ შორის აშშ-თვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს კი უფრო ასუსტებს ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის პოზიციებს აშშ-ი შემოდგომაზე გასამართი კონგრესის არჩვენების წინ. შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სამხედრო ოპერაციის მოკლე პერიოდში დასრულებით უნდა იყოს დაინტერესებული.

ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, უკრაინას მაინც უჩნდება შესაძლებლობა აჩვენოს, რომ იგი არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ საკუთარი მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების გაწევა შეუძლია. ამ თავალსაზრისით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აშშ-ს არამედ არაბული და სხვა ქვეყნების დამოკიდებულება, რომლებიც უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობის ინტერესს გამოხატავენ.