ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
19 აპრილის საპარლამენტო არჩევნები
19 აპრილს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა (240 მანდატიდან 131) ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის კოალიცია „პროგრესულმა ბულგარეთმა“ მოიპოვა.
რადევის მემარცხენე გაერთიანების გარდა, საპარლამენტო მანდატების მოპოვება ოთხმა პარტიამ მოახერხა: ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის „GERB-SDS”, ნიკოლაი დენკოვის პროევროპული კოალიცია „ვაგრძელებთ ცვლილებებს – PP – დემოკრატიული ბულგარეთი – DB”, დელიან პეევსკის „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის – DPS” და კოსტადინ კოსტადინოვის ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტული, პრორუსული გაერთიანება – „აღორძინება“.
ბულგარეთში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნები 8-ჯერ ჩატარდა, პოლიტიკურმა პარტიებმა კი მხოლოდ 3-ჯერ მოახერხეს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება (იხ. „ბულგარეთის პოლიტიკური კრიზისი და ყოფილი პრეზიდენტი, როგორც ახალი მოთამაშე“). 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ბოიკო ბორისოვის პირველი კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა არ გახდება საჭირო.
სიცოცხლისუუნარო სამთავრობო კოალიციების შექმნის და რამდენიმე თვეში დაშლის გამო, ქვეყანაში წლებია პოლიტიკური კრიზისია. სტაბილური მთავრობები ვერ იქმნებოდა, რადგან ბულგარეთის პოლიტიკური ელიტით იმედგაცრუებისა და პარტიების მიმართ უნდობლობის გამო, ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ იღებდა იმდენ ხმას, რომ მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა. როგორც წესი, კოალიციაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პარტიები ერთიანდებოდნენ, რომლებიც ერთმანეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ვერ ახერხებდნენ და დაუძლეველი წინააღმდეგობების გამო მალევე იშლებოდნენ.
ყოფილი პრეზიდენტი, როგორც მომავალი მთავრობის მეთაური
გასული წლის დეკემბერში, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, როსენ ჟელიაზკოვი გადადგა, ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი რადევი ტექნიკურ მთავრობას დააკომპლექტებდა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, თუმცა 2026 წლის იანვარში მან თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ბულგარეთში არსებული პრობლემების მიზეზი მმართველობის მავნე მოდელია, რომელიც რადიკალურ ცვლილებას და და იმედგაცრუებული მოქალაქეებისთვის ახალი ალტერნატივის შეთავაზებას საჭიროებს. მალევე მან სამი მემარცხენე პარტიისგან შემდგარი კოალიციის – „პროგრესული ბულგარეთის“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა.
19 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში რადევის გაერთიანების მიერ 131 მანდატის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ნიშნავს, რომ ბულგარეთის მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდება.
რადევი აცხადებს, რომ მისი უმთავრესი მიზანი ქვეყანაში არსებული მასშტაბური კორუფციისა და ძველი პოლიტიკური ელიტის (განსაკუთრებით, ბოიკო ბორისოვისა და დელიან პეევსკის) გავლენების აღმოფხვრაა. ამ მიმართულებით მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს პროევროპული კოალიცია „ვაგრძელებთ ცვლილებებს – PP – დემოკრატიული ბულგარეთი – DB”. მიუხედავად იმისა, რომ რადევის გაერთიანებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ზემოაღნიშნულ კოალიციასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, მას კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საკმარისი რაოდენობის მანდატები ექნება. დიდი ალბათობით, შიდა პოლიტიკურ საკითხებზე „პროგრესული ბულგარეთი“ და „PP-DB” ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ, თუმცა საგარეო პოლიტიკურ თემებზე (მათ შორის, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე) ვერ შეთანხმდებიან.
საპარლამენტო მანდატების მქონე ხუთი პარტიიდან სამი („PP-DB”, „GERB” და “DPS”) ბულგარეთის ევროზონაში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. რადევი კი ევროზონაში გაწევრიანებას ქვეყნის ეკონომიკური „მოუმზადებლობის“ და ინფლაციის გამო ღიად ეწინააღმდეგებოდა. მისი თქმით, ბულგარული ლევის ევროთი ჩანაცვლება პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს, რაც დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად აღარიბებს. აღსანიშნავია, რომ რადევი ევროს შემოღებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას უჭერდა მხარს, რადგან მისი აზრით, მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ცვლილებები მოქალაქეების ჩართულობისა და თანხმობის გარეშე არ უნდა ხორციელდებოდეს.
რაც შეეხება უკრაინის საკითხს – რადევი უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის წინააღმდეგია. მისი ხედვით, რუსეთ-უკრაინის ომი დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს და სამხედრო დახმარება მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს. უკრაინისთვის დახმარების გაწევას ემხრობიან „PP-DB”, „GERB” და “DPS“. ამჟამად, ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოში ერთადერთი პარტია, რომელიც კიევის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება, პრორუსული „აღორძინებაა“. აღნიშნული პარტია რადევს „არასაკმარისად რადიკალურს“ უწოდებს და უკრაინასთან 10-წლიანი თანამშრომლობის შეთანხმების გაუქმებას ითხოვს.
ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით რადევი ფიქრობს, რომ ის ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე რუსეთს და აცხადებს, რომ ბულგარეთის ეკონომიკა გლობალურ გეოპოლიტიკურ თამაშებს არ უნდა შეეწიროს. გარდა ამისა, ღიად საუბრობს რუსული „იაფი“ გაზისა და ნავთობის ნაკადების აღდგენის აუცილებლობაზე (შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში, რუსეთმა ბულგარეთს, რუბლში გადახდაზე უარის თქმის გამო, გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რის შემდეგადაც ქვეყანამ ბუნებრივი აირის იმპორტის სრული დივერსიფიკაცია მოახდინა).
რადევის გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც კორუფციისა და ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრას გულისხმობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „პროგრესულმა ბულგარეთმა“ ბოიკო ბორისოვის (“GERB”), ან დელიან პეევსკის (“მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის – DPS”) პარტიასთან ითანამშრომლოს. დელიან პეევსკის გავლენა მხოლოდ „DPS-ის“ ლიდერობით არ შემოიფარგლება, ის გავლენის ბერკეტებს ფლობს სასამართლო ხელისუფლებაზე, მედია საშუალებებზე, მსხვილ ბიზნესებსა და სახელმწიფო შესყიდვებზე. რადევის აზრით, სახელმწიფო სწორედ დელიან პეევსკისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მიერაა „მიტაცებული“, რომლებიც კორუფციული სქემებით კულუარებიდან მართავენ ბულგარეთს. შეგახსენებთ, რომ კორუფციულ სქემებში მონაწილეობის, საჯარო მოხელეების მოსყიდვის, ფულის გათეთრებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ხელყოფისთვის პეევსკი აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული.
ბულგარელი ორბანი?
მიუხედავად იმისა, რომ რუმენ რადევმა 131 მანდატი მოიპოვა და მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობა აქვს, არსებობს მთელი რიგი მიზეზები იმისა, თუ რატომ ვერ გახდება ის „ბულგარელი ორბანი“ და ბრიუსელს ისეთივე წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, როგორსაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი წლები უწევდა.
ვიქტორ ორბანი ხელისუფლებაში ყოფნის 16 წლის განმავლობაში მუდმივად ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, შესაბამისად, მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საკანონმდებლო ორგანოში სუსტად წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. რუმენ რადევის გაერთიანება 240 მანდატიდან მხოლოდ 131-ს ფლობს, შესაბამისად ნებისმიერი ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებისა და საკონსტიტუციო ცვლილებისთვის იძულებული იქნება, რომ სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს. ორბანის მსგავსად, დიდი ალბათობით, ვერასდროს შეძლებს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებას.
ბულგარეთი ევროპის კავშირის ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა, რომელიც ევროპულ ფონდებზე კრიტიკულადაა დამოკიდებული. თუ უნგრეთის ეკონომიკამ ვიქტორ ორბანის „ურჩობას“, ბრიუსელთან კონფრონტაციას და მილიარდობით ევროს გაყინვას წლები გაუძლო, ბულგარეთის ეკონომიკა EU-ს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე სწრაფად ჩამოიშლება, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი სწორედ ევროპის კავშირის ფონდებიდან გამოყოფილი თანხებითაა სტიმულირებული. გარდა ამისა, უნგრეთი, ბულგარეთთან შედარებით დიდი და დივერსიფიცირებული ეკონომიკის პირობებში, EU-ს ფინანსური დახმარების ჩანაცვლებას რუსულ-ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობით ცდილობდა, ბულგარეთს კი ფინანსური ნაკადების მოზიდვის ალტერნატიული წყაროები არ გააჩნია.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ორბანის დამარცხებით, ევროპის „არალიბერალური დემოკრატიის“ კლუბი დასუსტდა. რადევს ესმის, რომ თუ მეორე ორბანი გახდება, მოკავშირეების გარეშე დარჩება, პოლიტიკური იზოლაცია კი მისთვის, როგორც ევროპის კავშირის უღარიბესი ქვეყნის მმართველისთვის, დამღუპველი აღმოჩნდება.
ვიქტორ ორბანმა ფაქტობრივად სრულად დაიქვემდებარა ხელისუფლების შტოები, ადმინისტრაციული ორგანოებო, მედია საშუალებები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ბიზნესი და ა.შ. ბულგარეთში ამ ყველაფერზე კონტროლის ბერკეტი ერთი ადამიანის ხელში არაა, გავლენის სფეროები რამდენიმე პირზეა (მათ შორისაა ბოიკო ბორისოვი და დელიან პეევსკი) გადანაწილებული. ამჟამად, რუმენ რადევს არ აქვს იმის რესურსი, რომ სისტემა ერთპიროვნულად დაიმორჩილოს. რესურსის არსებობის შემთხვევაშიც კი „ორბანის მოდელის“ შესაქმნელად წლები დასჭირდება.
„სუპერ-უმრავლესობის“ არქონისა და ბულგარეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რადევმა ორბანისეული „ურჩობა“ გამოიჩინოს და ევროპის კავშირს ღიად დაუპირისპირდეს. დიდი ალბათობით, ის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მსგავს გზას აირჩევს. ქვეყნის შიგნით რადიკალურ პოზიციას დააფიქსირებს და ბულგარეთის სუვერენიტეტზე, ეროვნულ იდენტობაზე, მშვიდობაზე, ევროპის კავშირის ნაკლოვანებებსა და დასავლეთის „მორალური ამბიციების ტყვეობაზე“ საუბრით პოლიტიკური ქულების დაწერას ეცდება, თუმცა ბრიუსელში მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისას დამყოლი იქნება და ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს.
