ავტორი: ვაჟა სოფრომაძე, UGSPN-ის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ რა ხდება ვენესუელაში?
მადუროს გატაცების შემდეგ ვენესუელას მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ქვეყანაში კვლავ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში, ვაშინგტონმა ოფიციალურად აღიარა ვენესუელას ახალი ხელისუფლება და პირველად 2019 წლის შემდეგ, განაახლა კარაკასში აშშ-ის საელჩოს ფუნქციონირება. გარდა ამისა, დროებითმა პრეზიდენტმა როდრიგესმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ ლოპეზი, რომელიც მადუროს რეჟიმის სამხედრო ფრთის ერთ–ერთი მთავარი ფიგურა იყო. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში თეთრმა სახლმა სანქცირებულთა სიიდან ამოიღო დროებითი პრეზიდენტი როდრიგესი, აღსანიშნავია, რომ სანქციები მას ჯერ კიდევ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაუწესდა.
ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადაში თეთრი სახლის სტრატეგიის ცვლილება ვენესუელასთან მიმართებით არის შეერთებული შტატების განახლებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიდგომების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება თეთრი სახლის სტრატეგია კარაკასთან მიმართებით, რადგან აღნიშნული გავლენას ახდენს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს მასშტაბით.
როგორც წინა ანალიტიკურ მასალაში აღვნიშნეთ, ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის ფარგლებში თეთრი სახლის სტრატეგია ვენესუელასთან მიმართებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასული ერთი წლის განმავლობაში ვაშინგტონი თანმიმდევრულად ამკაცრებდა როგორც სანქციების პოლიტიკას, ისე მადუროს რეჟიმზე ზეწოლის სამხედრო-პოლიტიკურ ინსტრუმენტებს. იანვრის დასაწყისში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, შეერთებული შტატების სპეციალური დანიშნულების ძალებმა ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაცია განახორციელეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მადუროს დაკავების ოპერაციას 100 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ მხარეს დანაკარგი არ ჰქონია. პენტაგონის ინფორმაციით, დაშავდა 7 ამერიკელი სამხედრო. ოპერაციის დასრულების შემდეგ მადურო და მისი მეუღლე ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მათ აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავად ბრალდებების შინაარსი. ამერიკული მართლმსაჯულება მადუროს ნარკოტერორიზმსა და მასთან დაკავშირებულ უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს. წინასასამართლო სხდომაზე მადურომ თავი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო მისი დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მადუროს „სამხედრო გზით გატაცება“ უკანონო იყო. მადუროს წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები განცალკევებულ სამართლებრივ მოვლენად არ უნდა განვიხილოთ. მადუროს დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე ვაშინგტონმა რეჟიმთან დაკავშირებული ნარკოკარტელები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. შესაბამისად, თავად მადუროს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მიუთითებს, რომ როგორც მისი დაკავება, ისე შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, წინასწარ მომზადებული მრავალსაფეხურიანი სტრატეგიის ნაწილი იყო.
მადუროს დაკავების შემდეგ, კონსტიტუციის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი დაამტკიცა. რეგიონზე მომუშავე ექსპერტთა ნაწილი თანხმდებოდა, რომ მადუროს მმართველობის პირობებში ვენესუელაში მკვეთრად პერსონიფიცირებული ავტოკრატიული სისტემა ჩამოყალიბდა. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ „მადუროს ფაქტორის“ გაქრობა რეჟიმის დესტაბილიზაციას, შიდა კლანურ დაპირისპირებასა და ძალაუფლების ფრაგმენტაციას გამოიწვევდა. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, მადუროს ფიზიკურმა ჩამოშორებამ სისტემის დესტაბილიზაცია არ გამოიწვია, ძალაუფლება რეჟიმის კონტროლის ქვეშ დარჩა და მმართველობის ვერტიკალი არსებითად არ შეცვლილა. უფრო მეტიც, ფორმალური ლეგიტიმაციის პროცესის პარალელურად, როდრიგესს საჯაროდ დაუჭირეს მხარი ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა. ეს გარემოება ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ვაშინგტონის მიერ დაგეგმილი ოპერაცია, შესაძლოა, რეჟიმის შიგნიდან ირიბად ან პირდაპირ იყო მხარდაჭერილი. . ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს თეთრი სახლის დისტანცირებული დამოკიდებულება დევნილობაში მყოფი ოპოზიციური ლიდერების მიმართ, რომელთა ნაწილი პრეზიდენტმა ტრამპმა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ვენესუელას ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარა. სწორედ აქ იკვეთება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარკო რუბიოს მიდგომა, რომლის მიხედვითაც, თეთრი სახლი უპირატესობას ანიჭებს ე.წ. „მმართვადი სტაბილურობის“ მოდელს. ვენესუელას რეჟიმის მოქმედი წარმომადგენლები იძულებულნი არიან გაითვალისწინონ ვაშინგტონის ძირითადი მოთხოვნები, სანაცვლოდ კი ინარჩუნებენ შიდაპოლიტიკურ კონტროლს. ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლური იყო პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები, რომ მადუროს დაკავების შემდეგ ის „მართავს“ ვენესუელას.
აღსანიშნავია, რომ მადუროს დაკავებას საერთაშორისო კრიტიკაც მოჰყვა. Amnesty International-მა ეს ოპერაცია შეაფასა, როგორც ვენესუელას სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ამ ნაბიჯის მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური პრეტენზიების არსებობას ემატება უფრო მნიშვნელოვანი გარემოებაც. მადუროს ფიზიკური ჩამოშორება თავისთავად არ ნიშნავს ქვეყანაში არსებული რეპრესიული სისტემის დაშლას. ძალაუფლების ვერტიკალი არ განადგურებულა, არ მომხდარა რეჟიმის დემონტაჟი და, შესაბამისად, რეპრესიული მექანიზმები ინსტიტუციურად შენარჩუნდა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ მადუროს რეჟიმი პრაქტიკულად მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე აღმოჩნდა. მადუროს დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კარაკასმა სამხედრო-ტექნიკური დახმარებისთვის რუსეთს, ირანსა და ჩინეთს მიმართა. თუმცა, არც ერთმა მათგანმა არ გადადგა ქმედითი ნაბიჯი. როგორც რუსეთი, ისე ჩინეთი მხოლოდ დიპლომატიური პროტესტითა და შეშფოთების განცხადებებით შემოიფარგლნენ. კრიტიკულ მომენტში რეჟიმმა სტრატეგიული პარტნიორებისგან რეალური მხარდაჭერა ვერ მიიღო.
ძველი სისტემის ახალი პრეზიდენტი
როგორც უკვე ვახსენეთ, ვენესუელას პოლიტიკური სისტემა კვლავ მადუროს მემკვიდრეობაზე დგას. საუბარია არა მხოლოდ თავად პრეზიდენტ როდრიგესზე, არამედ ისეთ საკვანძო ფიგურებზეც, რომლებიც მადუროს რეჟიმის პირობებში სახელმწიფო აპარატის ცენტრალური ფიგურები იყვნენ და პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მათ შორის, 2024 წლის არჩევნების შემდეგ განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე. ამ ეტაპისთვის, როდრიგესი ცდილობს მიმართოს კონტროლირებადი დეესკალაციის სტრატეგიას, რაც რეჟიმის მხრიდან ტაქტიკურ დათმობებში გამოიხატება. არსებული მონაცემებით, აშშ-ის ზეწოლის შედეგად როდრიგესის ხელისუფლებამ გაათავისუფლა 3000-ზე მეტი პოლიტპატიმარი. ამასთან, პარლამენტში განიხილება მასშტაბური ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც პატიმრობიდან ოპოზიციური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის გამოშვებასაც ითვალისწინებს.
აგრეთვე საყურადღებოა როდრიგესის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ტრაგიკულად ცნობილი ციხე „El Helicoide“, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პოლიტპატიმრებთან და რეპრესიებთან ასოცირდებოდა უნდა გადაკეთდეს სპორტულ და კულტურულ ცენტრად. ამ ინიციატივას უფლებადამცველი ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, ეს არის რეპრესიების ისტორიის გადაწერის მცდელობა, იმის ნაცვლად, რომ რეჟიმმა აღიაროს საკუთარი მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულები. როდრიგესის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მიუხედავად, მმართველი რეჟიმი ვენესუელაში კვლავ ძლიერია და ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში მონაწილე ძირითადი ფიგურები კვლავ ინარჩუნებენ მნიშვნელოვან სისტემურ გავლენას.
ოპოზიციის დილემა
წლების განმავლობაში სხვადასხვა ამერიკული ადმინისტრაცია და ევროკავშირი ოპოზიციას განიხილავდა ქვეყნის ლეგიტიმურ პოლიტიკურ წარმომადგენლად, მაგრამ მადუროს გატაცების შემდეგ რეალური ძალაუფლება კვლავ რეჟიმის წარმომადგენლების ხელში დარჩა. თავდაპირველად არსებობდა მოლოდინი, რომ ვაშინგტონი პროცესში აქტიურად ჩართავდა დევნილობაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა დევნილობაში მყოფ მარია მაჩადოს, რომელიც ვენესუელას ოპოზიციის ლიდერი და 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატია. თუმცა თეთრი სახლის ამჟამინდელი სტრატეგია ოპოზიციის აქტიურ პოლიტიკურ მხარდაჭერას პრაქტიკულად არ ითვალისწინებს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ასეთი მიდგომა, მათ შორის, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასებებს ეფუძნება. არსებული ცნობებით, ამერიკული დაზვერვა ოპოზიციას ზედმეტად ფრაგმენტირებულად მიიჩნევს, თვლის, რომ მათ არ გააჩნიათ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და განსაკუთრებით პრობლემურად აფასებს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობას.
ოპოზიციისთვის ყველაზე რეალისტურ გზად ე.წ. „მართვად ტრანზიციაში“ მონაწილეობა რჩება, თუმცა აღსანიშნავია, რომ არ არსებობს მკაფიო სურათი, თუ როგორ წარიმართება ტრანზიციის პროცესი. ამასთან, ოპოზიციის შიგნითაც არ არის შეთანხმება იმის შესახებ, თუ რა სტრატეგიით უნდა მოხდეს პროცესებში ჩართვა. აშკარად იკვეთება აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნის შიგნით დარჩენილ ოპოზიციურ ძალებსა და გავლენიანი დიასპორის წარმომადგენლებს შორის. შედარებით პრაგმატული ფრთა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისაღები შედეგი იქნება ფართო ამნისტია, დევნილობაში მყოფი ლიდერების დაბრუნება და რეპრესიული სისტემის ეტაპობრივი შერბილება. ამის საპირისპიროდ, უფრო რადიკალური ფრთა ამტკიცებს, რომ თუ არ მოხდება არსებული ავტორიტარული სისტემის სრული დემონტაჟი, მაშინ ე.წ. გარდამავალი პერიოდი მხოლოდ ძველი ელიტების ძალაუფლების ახალი ფორმით გაგრძელებას მოიტანს. მარია მაჩადოს შეფასებით, „მადუროს რეჟიმის“ დასასრული გარდაუვალია, თუმცა ეს იქნება რთული და ხანგრძლივი პროცესი, სადაც გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს როგორც აშშ-ის ზეწოლა, ისე შიდა სისტემური რეფორმების განხორციელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალურ რისკად რჩება ოპოზიციის მარგინალიზაცია და რადიკალიზაცია, მათ შორის იმ ძალებისა, რომელსაც წარსულში მხარს უჭერდნენ აშშ და ევროკავშირი. პარალელურად ვრცელდება შეფასებები, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მარია მაჩადოს პოზიცია, რომლის მიხედვითაც არჩევნები ვენესუელაში ერთი წლის ვადაში უნდა ჩატარდეს. მსგავსი მოთხოვნები, როგორც ჩანს, არ ჯდება თეთრი სახლის დღის წესრიგში და შეიძლება აღქმული იყოს როგორც არასასურველი ესკალაციის რისკი.
აპრილის დასაწყისში მაჩადო შეხვდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარკო რუბიოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა იყო ვენესუელას დემოკრატიზაციის პროცესი და ამ პროცესებში ოპოზიციის ჩართულობის შესაძლებლობები. რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ, მაჩადომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ვენესუელაში დაბრუნებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თუ არჩევნები უახლოვეს პერიოდში არ ჩაინიშნება, კიდევ უფრო გაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობა.
ამ ეტაპზე, არსებობს მოლოდინი და ალბათობა, რომ თეთრი სახლის და ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის პოზიციები დაახლოვდება და უფრო ნათელი გახდება, თუ რა ფორმით გეგმავს თეთრი სახლი ვენესუელაში დემოკრატიული გარდაქმნის პროცესის ხელშეწყობას და ფართო ოპოზიციური სპექტრის ჩართულობას ვენესუელაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
ეკონომიკური კონტექსტი
2026 წლის 10 თებერვალს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა გენერალური ლიცენზია, რომლის საფუძველზეც ვენესუელაში ნავთობისა და გაზის მოპოვება გახდა შესაძლებელი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, აკრძალულია შესაბამის სექტორში ნებისმიერი ტრანზაქცია რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და კუბასთან. შედეგად, ამერიკულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაერთონ ვენესუელას ენერგეტიკულ სექტორში როგორც ძიების, ისე მოპოვების მიმართულებით. ამასთან ერთად შეიქმნა ფინანსური მექანიზმი, ერთგვარი „შლუზი“, რომლის გავლითაც უნდა განხორციელდეს ძირითადი ტრანზაქციები, მათ შორის შემოსავლებისა და გადასახადების მოძრაობა.
ფაქტობრივად, შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებებით ამყარებს გარე ფინანსური კონტროლის მექანიზმებს, რაც ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ვაშინგტონისთვის ამ ეტაპზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვენესუელაზე ეკონომიკური კონტროლის დამყარება, ვიდრე ჯანსაღი შიდაპოლიტიკური გარემოსა და სრულფასოვანი დემოკრატიული ტრანზიციის უზრუნველყოფა. ირანის წინააღმდეგ ომის წარმოების შედეგად გამოწვეული ენერგომატარებლებზე მზარდი მოთხოვნის პირობებში, შეერთებული შტატები ცდილობს პირველ რიგში უზრუნველყოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსების უსაფრთხო კონტროლი, ხოლო პოლიტიკური დემოკრატიზაციის საკითხი მეორეხარისხოვან ამოცანად რჩება.
აშშ-ის სტრატეგიის ძირითადი კომპონენტები და მოლოდინები
მადუროს ჩამოშორების შემდეგ თეთრი სახლის სტრატეგიაში რამდენიმე ძირითად კომპონენტის გამოკვეთაა შესაძლებელი:
პირველი კომპონენტია – დროებითი პრეზიდენტი როდრიგესის გამოყენება შიდაპოლიტიკური სტაბილურობის ინსტრუმენტად. მისი მეშვეობით ვაშინგტონი ცდილობს თავიდან აიცილოს რეჟიმის დაშლა და ძალაუფლების ვაკუუმი, რამაც შესაძლოა ქვეყანა ქაოსში ჩაითრიოს.
მეორე კომპონენტია – ნავთობის სექტორზე ფაქტობრივი გარე კონტროლის დამყარება. ენერგეტიკული სექტორის კონტროლი შეერთებული შტატებისთვის არის ფართო გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი.
მესამე კომპონენტია – ოპოზიციის შეზღუდული და მკაცრად კონტროლირებადი დაშვება პოლიტიკურ პროცესში. ამ მოდელის ფარგლებში ოპოზიცია არ განიხილება ძალაუფლების დაუყოვნებლივი გადაბარების რეალურ ალტერნატივად და ჯერ კიდევ გაუგებარია, რა ფორმით და რა ვადებში გაიმართება პოლიტიკური სისტემის გარდაქმნა.
გასათვალისწინებელია საწყისი ვითარების კომპლექსურობა, არ არის გამორიცხული, რომ თეთრი სახლის თავდაპირველ გათვლებში მადუროს რეჟიმის სრული დემონტაჟიც შედიოდა, თუმცა, ასეთი სცენარის განვითარება მაღალი ალბათობით გამოიწვევდა მასშტაბურ ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირებას. სავარაუდოდ, ვაშინგტონი ფლობდა საკმარის ინფორმაციას როგორც რეჟიმის რეპრესიული სისტემის რეალური სიმტკიცის, ისე ოპოზიციის ფრაგმენტაციისა და საზოგადოების რეალური განწყობების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, თეთრი სახლის მიერ არჩეული სტრატეგია მოკლევადიან პერსპექტივაში ბევრად უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. ამ სტრატეგიის პირობებში შეერთებული შტატები ცდილობს მაქსიმალური სარგებლის მიღებას ვენესუელას პოლიტიკური სისტემის სწრაფი დემოკრატიზაციის გარეშე.
სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თეთრი სახლი გააგრძელებს გრძელვადიანად მეტად ეფექტიან და ნაკლებად სარისკო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც სანქციებისა და რეჟიმისთვის დაწესებული სხვა შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ იქნება მიბმული კონკრეტულ რეფორმებზე და რეჟიმის მხრიდან რეალურ დათმობებზე, რაც პირველ რიგში რეალურ პოლიტიკურ პლურალიზმში უნდა აისახოს. თუმცა, უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: შეიძლება თუ არა ასეთი „მართვადი სტაბილურობა“ გადაიზარდოს რეალურ დემოკრატიულ ტრანზიციაში, თუ ის საბოლოოდ მხოლოდ ავტორიტარული სისტემის ახალი ფორმით კონსერვაციას შეუწყობს ხელს?
