ევროკავშირის და ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება – მართვადი დაძაბულობა ესკალაციის შესაძლებლობით

ევროკავშირის და ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება – მართვადი დაძაბულობა ესკალაციის შესაძლებლობით

ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი

8 და 9 ოქტომბერს ევროპული ვაჭრობის კომისარი მარუშ შეფჩოვიჩი და ჩინეთის კომერციის მინისტრი ვანგ ვენტაო პეკინში შეხვდნენ ერთმანეთს ჩინეთ-ევროკავშირის ვაჭრობისა და ინვესტიციების საკონსულტაციო მექანიზმის მეორე რაუნდის ფარგლებში. ეს მექანიზმი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სავაჭრო დისბალანსი, ექსპორტის კონტროლი, ინტელექტუალური საკუთრება და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) რეფორმა. პირველი რაუნდი 29 ივნისს ბრიუსელში გაიმართა და მხარეები ოქტომბრისთვის პროგრესის მიღწევაზე შეთანხმდნენ. პეკინის რაუნდიდან ერთი კვირის შემდეგ, 15 და 16 ოქტომბერს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა მიღწეული შედეგები შეეფასებინათ.

ამ ორი შეხვედრის შედეგად, ევროკავშირმა არჩევანი ჩინეთთან ე.წ „მართვად დაძაბულობაზე“ შეაჩერა, რაც გარკვეულ საკითხებში დიალოგს უზრუნველყოფს, თუმცა, პრობლემური საკითხები მაინც რჩება. შედეგად, მხარეებს შორის ჯერ-ჯერობით ზავია, მაგრამ დისბალანსი, რომელმაც მოლაპარაკებები აუცილებელი გახადა, კვლავ არსებობს.

ჩინეთთან საქონლით ვაჭრობაში ევროკავშირის დეფიციტი დღეში დაახლოებით 1 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროკომისარმა მრეწველობის საკითხებში სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ გასულ წელს ევროკავშირმა 250 000 სამრეწველო სამუშაო ადგილი დაკარგა. მოლაპარაკებებამდე პარიზმა და ბერლინმა ევროკომისიას სწრაფი რეაგირების სავაჭრო ინსტრუმენტის შექმნა მოსთხოვეს, რომელიც კომპანიებისთვის ერთიან ბაზარზე წვდომის შეზღუდვასაც კი გახდიდა შესაძლებელს. ევროპარლამენტარებმა კი უფრო მკაცრი მიდგომისკენ მოუწოდეს, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის საკითხზე იძულების საწინააღმდეგო ინსტრუმენტის (Anti-Coercion Instrument) შესაძლო გამოყენებისკენ. თავის მხრივ კი, პეკინმა შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირიდან იმპორტირებულ ქიმიურ პროდუქტზე ანტიდემპინგური გამოძიება დაიწყო.

ამრიგად, მხარეებს შორის დაძაბულობა ცალსახაა და ის თუ რა სტრატეგიას აირჩევს ევროკავშირი პრობლემის მოსაგვარებლად დიდ მნიშვნელობას იქონიებს, როგორც კავშირის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.

როგორ წარიმართა პეკინის მოლაპარაკებები

მოლაპარაკებების დასაწყისშივე ავტომობილების საკითხზე აშკარა უთანხმოება გამოიკვეთა. Financial Times-ის ცნობით, ჩინეთმა შეხვედრამდე ევროკავშირის მოთხოვნა უარყო, რომლის მიხედვითაც ჩინეთს ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტი ნებაყოფლობით უნდა შეეზღუდა. Financial Times-ის მონაცემებით, ევროკავშირში ჩინური ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის ოქტომბერში 3 800 ერთეულიდან 2026 წლის ივლისში 50 000 ერთეულამდე გაიზარდა, რის შედეგადაც, ევროკომისია დამცავი ზომების შემოღებას აპირებდა. თავის მხრივ, პეკინსაც ჰქონდა საკუთარი ბერკეტი, 2025 წელს ევროკავშირში იმპორტირებული გადამუშავებული იშვიათმიწა ელემენტების 95,6 % პროცენტი ჩინეთზე მოდის.

ეს ურთიერთდამოკიდებულება აისახა შეხვედრის შედეგშიც, თუმცა მხარეები მას სხვადასხვაგვარად აღწერენ. შეფჩოვიჩის განცხადებით, ჰიბრიდულ ავტომობილებზე მიღწეული შეთანხმება ჩინეთის ექსპორტის ნახევარზე მეტით შემცირების შესაძლებლობას ქმნის. ჩინური წყაროები კი შეთანხმებას აღწერენ, როგორც WTO-ს წესებთან თავსებად მექანიზმს, რომელიც ჩინური კომპანიების საექსპორტო ინტერესებს იცავს, თუმცა ექსპორტის შემცირების რაოდენობრივ მაჩვენებელს არ ასახელებენ.

რა საკითხებზე შეთანხმდნენ მხარეები

ერთობლივი განცხადების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ WTO-ს წესების ფარგლებში გარკვეულ საქონელზე ტარიფების შემცირების შესაძლებლობის განხილვას; ჩინური ელექტრომობილების მიმართ ევროკავშირის ანტისუბსიდიური საქმის ფარგლებში გააგრძელებენ კონკრეტულ კომპანიებთან ფასებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეთანხმებისა და მათი გადახედვის პროცედურებს; ასევე გამართავენ ტექნიკურ დიალოგს ევროკავშირის უცხოური სუბსიდიების რეგულაციის შესახებ.

ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გასაგზავნი იშვიათმიწა ელემენტებისა და მუდმივი მაგნიტების ექსპორტის ლიცენზიების დამუშავებას ე.წ. „მწვანე დერეფნის“ მეშვეობით გააგრძელებს. თავის მხრივ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ჩინეთს ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ლიცენზირების მნიშვნელოვანი შემთხვევების მოგვარებაში დაეხმარებიან. შეფჩოვიჩმა დამატებით აღნიშნა, რომ ევროკავშირის საქონელი, მათ შორის ავტომობილის ნაწილები, ზეითუნის ზეთი და ფეხსაცმელი, ჩინეთის ბაზარზე უკეთეს წვდომას მიიღებს. მოსალოდნელი საბაჟო გადასახადების დანაზოგი სულ მცირე 225 მილიონი ევრო იქნება. მხარეებმა მინისტრების დონეზე ვიდეოკონფერენცია 2027 წლის იანვრისთვის, ხოლო მესამე შეხვედრა მარტისთვის დაგეგმეს.

ამ საკითხების მიღმა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რაც შეთანხმებაში არ მოხვდა. ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი, კონკრეტული პროდუქციის მიხედვით განსაზღვრული იმპორტის კვოტები დოკუმენტში ნახსენები არ არის, ხოლო ელექტრომობილებთან დაკავშირებული დავა კვლავ ღიად რჩება. იშვიათმიწა ელემენტების შესახებ შეთანხმებაც ლიმიტირებულია, Euronews-ის ცნობით, 2025 წლის შეფერხების შემდეგ შეთანხმებული დროებითი ზავი მხოლოდ 2027 წლის 10 იანვრამდე მოქმედებს.

რა გადაწყვიტა 15-16 ოქტომბრის სამიტმა

ევროპული საბჭოს დასკვნებში ჩინეთი საერთოდ არ არის ნახსენები. ერთ აბზაცში ლიდერებმა შეაფასეს „გლობალური მაკროეკონომიკური დისბალანსი“ და ევროკომისიას მოუწოდეს, გააგრძელოს შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი, ეფექტიანად გამოიყენოს არსებული ინსტრუმენტები და ევროკავშირის ხელთ არსებულ მექანიზმებს სასწრაფოდ ახალი ინსტრუმენტებიც დაუმატოს. ეს ფორმულირება უფრო მკაცრია, ვიდრე ივნისის დასკვნები, რომლებშიც მხოლოდ ამ საკითხზე სტრატეგიული დისკუსია იყო აღნიშნული. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ განხილვამ სრული ერთიანობა გამოავლინა ვაჭრობის უფრო სწრაფ დივერსიფიკაციაზე და თავდაცვითი ინსტრუმენტების გაძლიერებაზე დიალოგის მხარდასაჭერად. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უფრო პირდაპირი იყო. მან პეკინს ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვის შესახებ პირველ ისტორიულ შეთანხმებაში მონაწილეობისთვის დადებითი შეფასება მისცა, თუმცა აღნიშნა, რომ ერთ სექტორში მიღწეული პროგრესი სტრუქტურულ დისბალანსს ვერ აღმოფხვრის. მან არსებული კანონმდებლობის ფარგლებში დამატებითი დამცავი ზომები და სამი ახალი ინსტრუმენტი დააანონსა:

  • „DiversifyEU“ ინიციატივა, რომლის მიზანიც ერთი მიმწოდებლის მიმართ დამოკიდებულების შემცირებისა და ეკონომიკური რისკების დივერსიფიკაციის დაჩქარებაა.
  • სოლიდარობის მექანიზმი, იმ წევრი სახელმწიფოების მხარდასაჭერად, რომლებიც ეკონომიკური იძულების ან საპასუხო ზომების სამიზნე გახდებიან.
  • ერთიან ბაზარზე წვდომის სწრაფად შეზღუდვის ინსტრუმენტი, საფრანგეთ-გერმანიის წინადადებაზე დაფუძნებული მექანიზმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირს საშუალებას მისცემს, კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფად შეზღუდოს ერთიან ბაზარზე წვდომა.

სამიტის შემდეგ, არც ჩინეთის პასუხმა დააყოვნა. ჩინეთის კომერციის სამინისტრომ ჰიბრიდულ ავტომობილებთან დაკავშირებულ შეთანხმებას ორმხრივად სასარგებლო უწოდა, ამავდროულად, სრულიად უსაფუძვლოდ შეაფასა მტკიცება, თითქოს შეთანხმება ევროკავშირის ზეწოლის შედეგად იქნა მიღწეული, და გააფრთხილა ევროკავშირი, რომ არ შეეფასებინა არასათანადოდ ჩინეთის მზადყოფნა, დაეცვა საკუთარი ინტერესები. იმავე დღეს, Reuters-ის ცნობით, პეკინმა ხელოვნური ინტელექტის, ბიოტექნოლოგიისა და მზის ენერგიის წარმოების სფეროებში 40 ტექნოლოგიაზე საექსპორტო კონტროლის დაწესება იდეა გააჟღერა.

რას ნიშნავს ეს ბრიუსელისა და პეკინისთვის

სამიტზე ჩამოყალიბებული სამმიმართულებიანი მიდგომა – დიალოგი, არსებული ინსტრუმენტების გამოყენება და ახალი ინსტრუმენტების შექმნა ემთხვევა იმ ორი შესაძლო სცენარიდან პირველს, რომელიც CSIS-მა პეკინის მოლაპარაკებებამდე აღწერა. „მართვადი დაძაბულობის“ სცენარის პირობებში სამუშაო ჯგუფები შეხვედრებს აგრძელებენ და პერიოდულად გარკვეულ შეთანხმებებს აღწევენ, თუმცა ორივე მხარე საჭიროებისამებრ ახალ შეზღუდვებს აწესებს. „ესკალაციის“ სცენარში კი თავდაცვითი ზომები ჩინეთის მხრიდან უფრო სწრაფ და მიზანმიმართულ საპასუხო ნაბიჯებს იწვევს, რის შედეგადაც დიალოგი აზრს კარგავს. CSIS-ის კრიტერიუმი იყო იმის გარკვევა, დასრულდებოდა თუ არა ოქტომბრისთვის განსაზღვრული ვადა თუნდაც ზედაპირული შეთანხმებით და ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი ახალი გამოძიებების დაწყების გარეშე. პირველი პირობა შესრულდა, მეორე კი ახლა საეჭვო ხდება, რადგან ფონ დერ ლაიენმა დამატებითი დამცავი ზომების შემოღება დააანონსა.

უფრო ღრმა დაბრკოლება პრობლემის დიაგნოზში მდგომარეობს. ჩინეთის მიერ ივლისში გამოქვეყნებული პოზიციური დოკუმენტი ჭარბ საწარმოო სიმძლავრეებზე მიუთითებს, რომ პეკინი საკუთარი ეკონომიკური ზრდის მოდელის შეცვლას არ აპირებს. ექსპორტის ლიმიტების ან მინიმალური ფასების მსგავსი სექტორული გადაწყვეტილებები დაძაბულობის მართვას შეიძლება დაეხმაროს, თუმცა პრობლემას ვერ დაასრულებს. ჩინეთის კომერციის სამინისტროს მტკიცება, რომ ზეწოლას შედეგი არ ჰქონია, ამ შეფასებას შეესაბამება. პეკინი შეიძლება დათანხმდეს ჰიბრიდული ავტომობილების ექსპორტის შეზღუდვას, თუკი ეს ურთიერთსასარგებლო ნაბიჯად იქნება წარმოდგენილი და არა დათმობად. ბრიუსელისთვის მიღწეული შედეგი რეალურია, თუმცა საკმაოდ მწირი. ჩინეთის მიერ ექსპორტის მოცულობის პირველად დათმობაზე წასვლა ქმნის პრეცედენტს კონკრეტული პროდუქტების დონეზე მოლაპარაკებებისთვის, სწორედ ამას ცდილობდა ევროკომისია. თუმცა, როგორც თავად ფონ დერ ლაიენმაც აღიარა, ეს ნაბიჯი სტრუქტურულ სავაჭრო დეფიციტს არ ეხება.

ოთხი მნიშვნელოვანი ინდიკატორი გვიჩვენებს, თუ როგორი სცენარით განვითარდება მხარეებს შორის ურთიერთობა მომავალში:

  1. გამოქვეყნდება თუ არა ჰიბრიდულ ავტომობილებთან დაკავშირებული შეთანხმება კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლებითა და მონიტორინგის მექანიზმით.
  2. როგორ უპასუხებს ჩინეთი ევროკავშირის მიერ ახალი დამცავი ზომების შემოღებას.
  3. რამდენად სწრაფად გაიცემა იშვიათმიწა ელემენტების ექსპორტის ლიცენზიები 2027 წლის იანვარში შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ.
  4. შესაძლებელი იქნება თუ არა „DiversifyEU“ ინიციატივის და ერთიან ბაზარზე წვდომის შეზღუდვის ინსტრუმენტის შეთანხმება წევრ სახელმწიფოებთან.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის

CSIS-ის ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ მართვადი დაძაბულობის ხარჯები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე არათანაბრად გადანაწილდება. 27 წევრისგან შემდგარ კავშირში გადამწყვეტი მოქმედება რთულია, რადგან წევრებს განსხვავებული ინტერესები აქვთ. ამასთან, ჩინეთის საპასუხო ნაბიჯები, სავარაუდოდ, უფრო სწრაფი იქნება და ყველაზე მტკივნეულ სფეროებს შეეხება. სწორედ ამიტომ არის სოლიდარობის მექანიზმი ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც ევროკავშირის თავდასხმითი ხასიათის ინსტრუმენტები. პეკინი დიდი ხანია უპირატესობას ანიჭებს ცალკეული დედაქალაქების სამიზნედ ამოღებას, ხოლო წევრ სახელმწიფოებს შორის განსხვავებული მიდგომები უკვე აშკარაა. ესპანეთი საფრანგეთსა და გერმანიაზე უფრო ფრთხილ პოზიციას ინარჩუნებს. ლიეტუვა 2027 წელს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის წინ პეკინთან ურთიერთობების გაუმჯობესებას უფრო ფარულად ცდილობს, ხორვატიის პრეზიდენტმა კი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას სავაჭრო დავებთან დაკავშირებით პეკინის პოზიციისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

თუ ესკალაცია დაიწყება, ყველაზე მოწყვლადები, სავარაუდოდ, ის წევრი სახელმწიფოები იქნებიან (მაგ.: გერმანია, უნგრეთი, შვედეთი), რომლებსაც ჩინეთთან ყველაზე მჭიდრო საინვესტიციო კავშირები ან ექსპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული და თვალსაჩინო სექტორები აქვთ. ევროკომისიის ახალი ინსტრუმენტების ეფექტიანობა კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან ეს ქვეყნები მიზანმიმართული ზეწოლის ასატანად.

კანდიდატი ქვეყნებისთვის ცვლილება უფრო ფარული, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება. ევროკომისიის 6 ოქტომბრის კომუნიკე „უფრო ფართო კავშირის მომზადება“ (Preparing for a wider Union), კანდიდატ ქვეყნებთან ეტაპობრივი, დამსახურებებზე დაფუძნებული და შექცევადი ინტეგრაციის მიდგომას გვთავაზობს, უპირველესად ერთიან ბაზარში. თუ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას ერთიან ბაზარზე მიმწოდებლების დივერსიფიკაციასა და ბაზარზე წვდომის შეზღუდვის ინსტრუმენტებზე, კანდიდატ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას ჩინეთთან მზარდ პარტნიორობას უთავსებენ, ამ ორი მიმართულების ერთმანეთისგან გამიჯვნა შესაძლოა გაუჭირდეთ და შესაბამისად, საკუთარი საგარეო და სავაჭრო პოლიტიკის გადახედვა მოუწიოთ.