ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი
აშშ–ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების პირველმა სამმხრივმა სამიტმა უკრაინასა და შეიარაღების კონტროლზე მცირე შედეგი გამოიღო. სამაგიეროდ, დეკლარაციამ საერთაშორისო წესრიგის რამდენიმე პრინციპი ჩამოაყალიბა: სახელმწიფო თანამდებობის პირების იმუნიტეტი საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, გაეროს რეფორმა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ხელმძღვანელობით და ბირთვული რისკების შემცირება. ამით ვაშინგტონის რიტორიკა დაუახლოვდა პეკინისა და მოსკოვის შეხედულებებს სახელმწიფო სუვერენიტეტზე, დიდი სახელმწიფოების განსაკუთრებულ სტატუსსა და პრივილეგიებზე და იმაზე, რომ მსოფლიოს საქმეები დიდმა სახელმწიფოებმა ერთმანეთში უნდა გადაწყვიტონ.
19 ნოემბერს სი ძინპინმა შენჭენში უმასპინძლა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს. 90 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ლიდერების 33-ე სამიტის პარალელურად გაიმართა. ეს იყო ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების პირველი შეხვედრა სხვა ქვეყნების წარმომადგენლების გარეშე. შეხვედრის შედეგია ოთხპუნქტიანი „დეკლარაცია მშვიდობისკენ“. დეკლარაცია ეხება გაეროს რეფორმას, ენერგომომარაგებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და სახელმწიფო თანამდებობის პირების იმუნიტეტს და ბირთვულ რისკებს. ექსპერტთა უმრავლესობამ შეხვედრა შინაარსზე მეტად სანახაობად შეაფასა, ტექსტში უკრაინა და ირანი არ მოხსენიებულა, ბირთვულ საკითხებზე კი არც შეზღუდვები დაწესდა და არც გადამოწმების მექანიზმი.
არ გამართლდა შეხვედრამდე არსებული მოლოდინი, შენჭენი ახალი იალტა არ ყოფილა. ეს სამიტი უფრო მეცხრამეტე საუკუნის „ძალთა კონცერტს“ ჰგავდა – ფორმატი, რომელშიც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს შორის დაძაბულობას არ იმჩნევენ და ამავდროულად წესების დადგენაზე კოლექტიურ უფლებას აცხადებენ. დეკლარაციის ძირითადი შინაარსი, ანუ თანამდებობის პირების იმუნიტეტი, საერთაშორისო სასამართლოების შეზღუდვა და მუდმივი წევრების ხელმძღვანელობით გაეროს რეფორმა, ჩინეთისა და რუსეთის დიდი ხნის პოზიციებს ასახავს. ICC-ის საკითხზე აშშ-იც დიდი ხანია სკეპტიკურადაა განწყობილი და არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებზე სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს. სიახლე ის არის, რომ ვაშინგტონმა ეს პოზიცია პირველად აქცია მოსკოვთან და პეკინთან საერთო პრინციპად. შედეგად სარგებელს იღებს ჩინეთი, როგორც შეხვედრის ორგანიზატორი, და რუსეთი, როგორც დიდ სახელმწიფოებს შორის თანასწორად დაბრუნებული მოთამაშე. ვაშინგტონმა კი შეძლო პეკინის ჩართვა ბირთვულ საკითხებზე, თუმცაღა, ჯერ-ჯერობით მკაფიო დეტალების გარეშე. რაც შეეხება აშშ-ის მოკავშირეებსა და მცირე სახელმწიფოებს, აღნიშნულ სამიტს მათთვის კარგი სიგნალები ნამდვილად არ გაუგზავნია.
ფორმატის მნიშვნელობა
შეხვედრა იმ დროს გაიმართა, როდესაც სამკუთხედის თითოეულ მხარეზე დაძაბულობაა. აშშ-სა და რუსეთს შორის ბოლო ბირთვული ხელშეკრულება, START-3 (New START), თებერვალში ამოიწურა. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს ახალი შეთანხმება, რომელიც ჩინეთსაც მოიცავს. პეკინი დიდი ხანია უარს ამბობს სამმხრივ მოლაპარაკებებზე შეიარაღების შესახებ, რაც არსენალებს შორის სხვაობასაც შეესაბამება (რუსეთსა და აშშ-ს თითოეულს 5 000-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს, ჩინეთს კი მხოლოდ 600-ზე მეტი). თავის მხრივ პრობლემურია აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ამჟამად დროებით ზავს ეყრდნობა. ორივე მხარე მას საჯაროდ ადასტურებს, პრაქტიკაში კი ჩიპების ექსპორტის კონტროლსა და იშვიათმიწა ელემენტების ექსპორტზე დავას განაგრძობს. ამ ფაქტორებს ემატება უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც ამერიკის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, მაინც გრძელდება.
ამ ფონზე, სამმხრივმა შეხვედრამ განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიქცია. მისი გამართვის იდეა მოსკოვიდან წამოვიდა და პუტინმა სამმხრივი შეხვედრა ტრამპს ჯერ კიდევ ოქტომბრის სატელეფონო საუბარში შესთავაზა. მოგვიანებით კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, განაცხადა, რომ შეხვედრის ორგანიზებას ჩინელი მასპინძლები ითავებდნენ. ეს თანმიმდევრობა საგულისხმოა, სცენა რუსეთმა მოითხოვა, ჩინეთმა ააგო, შეერთებულმა შტატებმა კი მიიღო მისი ორი მთავარი კონკურენტის მიერ შექმნილი ფორმატი. თითოეული მხარე განსხვავებული მიზნით ჩავიდა. ტრამპს ბირთვული შეიარაღების შემცირებასა და ირანზე სურდა საუბარი, პუტინს უკრაინის საკითხის მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით მოგვარება, სის კი ჩინეთის სტატუსის წარმოჩენა ორივე საკითხზე ვალდებულებების აღების გარეშე.
დეკლარაციის ფუნქცია
დეკლარაცია უნდა განვიხილოთ არა როგორც საბოლოო შეთანხმება, არამედ როგორც პრინციპების დეკლარირება, რომლებიც სამართლებრივად სავალდებულო არ არის. როგორც უკვე აღინიშნა, ტრამპის, სის და პუტინის შეხვედრის დეკლარაცია სულ ოთხ პუნქტს მოიცავს, თუმცა, მცირე ტექსტს მიღმა გაცილებით ბევრი რამ შეიძლება ამოვიკითხოთ.
დეკლარაციის მესამე პუნქტი სახელმწიფოს თანხმობასა და სახელმწიფო თანამდებობის პირების იმუნიტეტს უმნიშვნელოვანესად აცხადებს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მსგავს ორგანოებს აფრთხილებს, რომ საკუთარ იურისდიქციას ბოროტად არ გამოიყენონ. ექსპერტების აზრით, ეს სასამართლოს ძირითად დანიშნულებას საფრთხეს უქმნის და ანგარიშვალდებულების საერთაშორისო მექანიზმებს ასუსტებს, მაშინ როცა აშშ, ICC-ის მიმართ სკეპტიციზმის მიუხედავად, ტრადიციულად ადამიანის უფლებებისა და ანგარიშვალდებულების ნორმების მხარდამჭერად წარმოაჩენდა თავს. მოსკოვისა და პეკინისთვის ეს ფორმულირება იდეოლოგიური იარაღია იმ ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი ისედაც ეწინააღმდეგებიან, ვაშინგტონს ამ პუნქტით რეალურად არაფერი დაუთმია, რადგან ICC-ის იურისდიქციას თავადაც დიდი ხანია არ აღიარებს. თუმცა, ამ პოზიციის მოსკოვთან და პეკინთან ერთად, საერთო პრინციპად ჩამოყალიბებით, აშშ-მა მათ ICC-ის წინააღმდეგ არგუმენტს ამერიკული ხელმოწერაც შესძინა.
მსგავსი ქვეტექსტი შეგვიძლია ამოვიკითხოთ გაეროს შესახებ პუნქტშიც. დეკლარაცია რეფორმას სამი ქვეყნის, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების, სტატუსის ჭრილში განიხილავს. მარტივად რომ ვთქვათ, დეკლარაციის ლოგიკით, გაეროს რეფორმის მიმართულებას ძირითადად ის ქვეყნები განსაზღვრავენ, რომლებსაც უშიშროების საბჭოში უკვე აქვთ მუდმივი ადგილი და ვეტოს უფლება. ორგანიზაციის დანარჩენ წევრებს კი, რომელთა ინტერესებშიც შესაძლოა სწორედ ამ პრივილეგიების შეზღუდვა იყოს, ამ პროცესში ნაკლები სიტყვა რჩებათ. ამგვარად, აშშ თანხმდება ჩინეთის და რუსეთის როლის და ფუნქციის ზრდას. რაც შეეხება ენერგეტიკულ პუნქტს, ანუ ნავთობპროდუქტების წარმოების გაზრდის დაპირებას, ის ერთი შეხედვით კომერციულ ხასიათს ატარებს, თუმცა, საექსპერტო საზოგადოებაში არსებობს შიში, რომ ეს შესაძლოა რუსული ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული სანქციების შეასუსტებისთვის გადადმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.
შესაძლოა ითქვას, რომ ბირთვული პუნქტი კი ერთადერთია, რომლის სარგებელიც სამეულის მიღმაც ვრცელდება, რადგან ბირთვული ომის რისკის შემცირება ყველა ქვეყნის ინტერესშია. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა დაიწყოს“, და შეთანხმდნენ დიალოგზე ბირთვული რისკების შემცირებისა და გავრცელების აღკვეთის შესახებ. თუმცა, საგარეო ურთიერთობების საბჭოს (CFR) კვლევა აღნიშნავს, რომ ეს ფორმულირება 1985 და 2022 წლების განცხადებებს იმეორებს და არ ითვალისწინებს გადამოწმებას, ინსპექციებს ან შეზღუდვებს. თავად დიალოგს კი ვადებიც არ აქვს გაწერილი.
ვინ რა მიიღო სამიტის შედეგად
ბუნებრივია, სამივე აქტორს თავისი მოლოდინები ჰქონდა შეხვედრასთან მიმართებით, თუმცა, შეხვედრის შედეგად სამივე თანაბრად მომგებიან პოზიციაში როდი აღმოჩნდა. შეხვედრის ადგილიც, „ცილინის ვილა“, სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ჩინურ მითოლოგიაში ცილინი (麒麟) ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი და კეთილისმყოფელი მითიური არსებაა, რომელიც მშვიდობასთან, ჰარმონიასთან, კეთილდღეობასა და ბრძენ მმართველობასთან ასოცირდება. მისი გამოჩენა ტრადიციულად დიდი ბრძენის დაბადებას ან კეთილდღეობის ეპოქის დადგომას უკავშირდება. ამ სიმბოლიკას კიდევ ერთი განზომილება ემატება: ვილა სი ძინპინის მამის, სი ჭუნსუნის სახელთანაც არის დაკავშირებული, რომელმაც სიცოცხლის ბოლო პერიოდი სწორედ ამ ადგილას გაატარა. შესაბამისად, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მასპინძლობა ამ სივრცეში მხოლოდ დიპლომატიური პროტოკოლის ნაწილი არ არის, მასში იკითხება ისტორიული მემკვიდრეობისა და პირადი სიმბოლიზმის ელემენტებიც. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ სი ძინპინმა ადგილი სწორედ მითოლოგიური დატვირთვის გამო შეარჩია, ჩინურ პოლიტიკურ კულტურაში, სადაც სიმბოლოებსა და რიტუალებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ასეთი დამთხვევა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
შეხვედრის შინაარსის განხილვამდე, პროტოკოლის დეტალები უნდა აღინიშნოს. სი ტრამპს აეროდრომზე თავად დახვდა, ჯგუფურ ფოტოზე და სადილზე გვერდით დაისვა, პუტინს კი უფრო მოკრძალებული მიღება მოუწყო. სიმ შეკრებილებს უთხრა, რომ დიდი ქვეყნები „განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იტვირთავენ“, მოირგო რა შეხვედრის ორგანიზატორის ენა. ამავდროულად, ორ ლიდერს შორის მდგარი სის გამოსახულება პეკინს მსოფლიოს ეპიცენტრად წარმოაჩენს. ამრიგად, ეს ჩინეთისთვის აშკარად წარმატებული სამიტია. ერთადერთი დათმობა, ბირთვულ რისკებზე საუბარს შეეხება, თუმცა, ამ საკითხზე საუბრისთვის პეკინის მზადყოფნა შესაძლოა დროის მოგების საშუალება იყოს, სანამ მისი ბირთვული არსენალი იზრდება. შეხვედრის შედეგად, ჩინეთმა ცენტრალური ადგილი მოიპოვა ისე, რომ არც უკრაინის ან ირანის საკითხზე და არც საკუთარ არსენალზე არაფერი დაუთმია.
რაც შეეხება რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა სისგან ტრამპის მსგავსი პომპეზური დახვედრა ვერ მიიღო, მისთვის სამმხრივ ფორმატში მონაწილეობა მაინც მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, განსაკუთრებით საერთაშორისო იზოლაციის ფონზე. რუსულმა სახელმწიფო მედიამ სამი ლიდერის კადრები განუწყვეტლივ აჩვენა, რათა ამით მიენიშნებინა რომ ევროპის მცდელობა, მოსკოვი დიპლომატიურად იზოლირებულიყო, დროებით მაინც, ჩაიშალა. პუტინმა სამი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულებად წარმოადგინა, რომლებსაც მშვიდობის შენარჩუნებაზე ერთობლივი პასუხისმგებლობა აკისრიათ, კიდევ ერთხელ გაუსვა რა ხაზი კრემლის პროპაგანდისტულ, „მშვიდობისმყოფელ“ ნარატივს. ამავდროულად, დეკლარაციის შინაარსობრივი სიმწირე და ის ფაქტი, რომ ტექსტში უკრაინაზე არაფერი წერია, მისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იყო. სამიტის შემდეგ კი, ცნობების თანახმად, პუტინმა კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამორიცხა და განაცხადა, რომ უკრაინა და ევროპა კომპრომისისთვის ჯერ მზად არ არიან. თუმცა, აქაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პროტოკოლის სიგნალებიც. სი პუტინს, ტრამპისგან განსხვავებით, აეროპორტში არ დახვედრია, APEC-ის ჯგუფურ ფოტოზე სის გვერდით ადგილი ტრამპს ერგო, ხოლო მიღებაზე პუტინი ცალკე მაგიდასთან იჯდა. ეს ერთი მხრივ პროტოკოლთან დაკავშირებულ პროცედურებად შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა, ჩინური დიპლომატია ასეთ სიმბოლურ დეტალებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ ეს ჟესტები შეიძლება წავიკითხოთ, როგორც მინიშნება, რომ პეკინი პუტინს ჩინეთისა და აშშ-ის თანასწორად არ განიხილავს.
რაც შეეხება ვაშინგტონის მონაგარს, ტრამპმა მიიღო ბირთვული მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატის ერთგვარი ვერსია, რომელიც ჩინეთმა მისი პირველი ვადის დროს უარყო, თუმცა შესუსტებული სახით. ამავდროულად, როგორც ირკვევა, სისთან ორმხრივ შეხვედრაზე მცირე პროგრესი იყო იანვარში ამოწურვადი სავაჭრო ზავის საკითხზე. შედეგად, აშშ-მა მხოლოდ ბირთვულ საკითხებზე დიალოგის დაპირება მიიღო. ჩინეთმა და რუსეთმა კი მიიღეს საერთაშორისო ტრიბუნა საკუთარი როლის წარმოსაჩენად და დეკლარაცია, რომლის ტექსტიც ძირითადად მათ პოზიციებს ასახავს.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე მხარემ გარკვეული პოლიტიკური ქულები მიიღო, მთლიანობაში შენჭენი მაინც სანახაობად რჩება. ICC-ის შესახებ ფორმულირება არცერთ წესდებას არ ცვლის, გაეროს პუნქტი კი არავის ავალდებულებს კონკრეტულ რეფორმას, ენერგო რესურსებზე და ბირთვულ იარაღზე არსებული ჩანაწერები კი ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია და დეტალები და მექანიზმები აკლია.
სტრატეგიული შედეგები
აშშ-ის მოკავშირეებისთვის საკითხი ნაკლებად ეხება დეკლარაციის ოთხ პუნქტს, უფრო საყურადრებოა ის სიგნალი, თუ რა არის ვაშინგტონის პრიორიტეტი. თუ მსგავსი ფორმატის შეხვედრა კიდევ შედგება, მოკავშირეებმა შესაძლოა დაასკვნან, რომ ვაშინგტონისთვის დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობა პარტნიორობებზე მაღლა დგას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ს აზიური პარტნიორებისთვის, როგორიცაა იაპონია და სამხრეთ კორეა. რაც შეეხება უკრაინასა და ევროპას, მოსალოდნელი გარიგება არ შედგა, თუმცა ფორმატი პრეცედენტს ქმნის, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე ევროპელების გარეშე იმსჯელონ. ამ შეშფოთებას ასახავს ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება, რომ მცირე ქვეყნების გამორიცხვა შეცდომა იქნებოდა.
იმისთვის რომ გავიგოთ, შენჭენი ერთჯერადი სპექტაკლი იყო, თუ მან შექმნა საფუძველი სამომავლო სამმხრივი ფორმატის გადაწყვეტილებებისა, რამდენიმე ფაქტორი იქნება საინტერესო. პირველ რიგში, ყველაზე სწრაფად, იანვარშივე დავინახავთ გადაურჩება თუ არა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ზავი ვადის ამოწურვას და ჩიპებზე კონტროლის გამკაცრებას. ამავდროულად, საყურადღებო იქნება, შეიკრიბება თუ არა ბირთვულ რისკებზე სამუშაო დონის დიალოგი კონკრეტული თარიღითა და დღის წესრიგით. გარდა ამისა, შეამსუბუქებს თუ არა ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ სანქციებს. და მთავარი, განმეორდება თუ არა სამმხრივი შეხვედრა ტრამპის ვადის ამოწურვამდე.
დასკვნა
სამიტამდე ბევრი ამ შეხვედრას „იალტა 2.0“-ს უწოდებდა. 1945 წლის იალტის კონფერენციაზე მეორე მსოფლიო ომის სამმა გამარჯვებულმა სახელმწიფომ ომისშემდგომი ევროპა გაინაწილა, შენჭენშიც კი სამი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე შეიკრიბა. ამ ასოციაციას თავად მოსკოვიც აძლიერებდა, რუსეთმა შეხვედრა „ახალ, თანამედროვე იალტად“ წარმოადგინა, პუტინმა კი სამი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებულებად მოიხსენია.
თუმცა, რეალობა ისაა, რომ შენჭენის სამიტს მსოფლიო არ გაუნაწილებია, ის უფრო სპექტაკლს ჰგავდა, მაგრამ, მისი მნიშვნელობა იმაშია, რისი ნორმალიზებაც მოახდინა: პეკინის მიერ მოწვეული სამი სახელმწიფოს ფორმატი, უკრაინაზე დათმობების გარეშე მთავარ მაგიდასთან დაბრუნებული რუსი ლიდერი და ამერიკული ხელმოწერა პრინციპებზე, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობის პირებს საერთაშორისო ანგარიშვალდებულებისგან იცავს. თუ ბირთვული დიალოგი რეალური გახდება, ამ „სპექტაკლმა“ შესაძლოა სტაბილურობის შესახებ თავისი პრეტენზია ნაწილობრივ გაამართლოს. თუ არა, შენჭენის ხანგრძლივი შედეგი მისი პრინციპები იქნება. აქვე აღსანიშნავია, რომ ფორმატის მომავალი, ყველაზე მეტად იმ სახელმწიფოებს უქმნის საფრთხეს, რომლებიც ოთახში არ იმყოფებოდნენ. მცირე სახელმწიფოებისთვის ეს ნიშნავს, რომ მათი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საკითხები შესაძლოა სწორედ ისეთ ფორმატში გადაწყდეს, სადაც მათ ხმა არ აქვთ. რაც უფრო ხშირად თანხმდებიან დიდი სახელმწიფოები ერთმანეთში, მით უფრო ვიწროვდება სივრცე, რომელშიც პატარა ქვეყნებს საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლიათ.
