22-24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ყაზანში BRICS-ის ლიდერების მორიგი, რიგით მე-16 სამიტი გაიმართა. ყაზანი ამ სამიტის მასპინძლობდა რიგითობის პრინციპიდან გამოდინარე, რომლის თანახმადაც რუსეთი 2024 წელს BRICS-ის თავმჯდომარე ქვეყანაა. ბუნებრივია, მოსკოვისთვის, რომელიც ცდილობს, როგორც საკუთარ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ იგი უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის მიუხედავად იზოლაციაში არ იმყოფება, BRICS-ის სამიტის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მართლაც, ეს სამიტი იყო ყველაზე დიდი საერთაშორისო ღონისძიება, რომელსაც რუსეთმა უმასპინძლა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამასთან, იგი იყო პირველი ასეთი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც 2023 წლის აგვისტოში, სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე, BRICS-ის გაფართოების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაიმართა.
ყაზანის BRICS-ის სამიტში სულ 42 დელეგაცია მონაწილეობდა. აქედან 24 დელეგაცია სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის, ხოლო 6 კი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის დონეზე იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყვნენ ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის, ირანის, ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ვენესუელასა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შემადგენლობაში შემავალ სერბთა რესპუბლიკის პირველი პირები. სამიტში მონაწილეობდა გაეროს გენერალური მდივანიც. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, თვალშისაცემია ისიც, რომ BRICS-ის სამიტს დაესწრნენ ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე მუსა აბუ მარზუკი და და პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. BRICS-ის სამიტის მონაწილეთა კომპოზიცია მიანიშნებს იმაზე, რომ რუსულმა მხარემ არა მხოლოდ მასშტაბზე, არამედ პოლიტიკურ დატვირთვაზეც იზრუნა, რომელიც თავისი არსით BRICS-ის ფორმატს ერთგვარად გასცდა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ყაზანში გაეროს გენერალური მდივნის, NATO-ს წევრი თურქეთის პრეზიდენტის, ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის, პალესტინის პრეზიდენტისა და რუსეთის ტრადიციული მოკავშირეების ვენესუელასა და სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტების ჩასვლა.
რუსეთსა და დასავლეთს შორის შექმნილი დაძაბულობით უნდა აიხსნას ის, რომ ორი ქვეყნის პირველმა პირმა თავი შეიკავა ყაზანის სამიტში მონაწილეობისგან. კერძოდ, საუბარია ბრაზილიისა და სერბეთის პრეზიდენტებზე. ამასთან, ბრაზილიის პრეზიდენტი იყო ერთადერთი BRICS-ის წევრი ქვეყნების ლიდერებიდან, რომელმაც ყაზანში ჩასვლაზე უარი თქვა. იგი სამიტში ონლაინ ჩაერთო, ხოლო ყაზანში ბრაზილიის დელეგაცია ჩავიდა საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ასეთი გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად სამედიცინო დასკვნა დასახელდა, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტს ხანგრძლივი გადაფრენებისგან თავის შეკავებას ურჩევდა. მიწვეული BRICS-ის არაწევრი ქვეყნების ლიდერებიდან სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი არ ჩავიდა ყაზანში. თუმცა, ბრაზილიის მსგავსად სერბეთის დელეგაცია სამიტს დაესწრო. საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ვუჩიჩმა 23 ოქტომბერს პოლონეთის პრემიერთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრები დაასახელა. თუმცა, იქვე განმარტა, რომ სხვადასხვა გარემოებათა გამო, რომელიც პუტინისთვის ცნობილია, მას რუსეთში ვიზიტი მაინც გაუძნელდებოდა.
BRICS-ის გაფართოება
BRICS-ი შეიქმნა 2006 წელს ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის მიერ. მისი პირველი სამიტი 2009 წელს ჩატარდა რუსეთში, 2010 წელს კი მას სამხრეთ აფრიკა მიუერთდა. თავდაპირველად ეს ფორმატი ძირითადად წევრი ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე იყო ორიენტირებული. ამ ამოცანას ემსახურებოდა BRICS-ის განვითარების ბანკის შექმნა 2014 წელს, რომელის მთავარი ფუნქციას ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაფინასების გამოყოფა წარმოადგენს. თუმცა, ბოლო წლებში BRICS-მა სულ უფრო მკაფიო პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, რაც ერთი მხრივ განპირობებულია მასში ისეთი ქვეყნების დომინაციით, როგორიც ჩინეთი და რუსეთია, მეორე მხრივ კი BRICS-ის გაფართოებით, რომელიც სულ უფრო მზარდ მასშტაბებს იძენს.
2023 წელის აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გამართულ BRICS-ის სამიტზე გაკეთდა განაცხადება ამ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გაფართოების თაობაზე. გაფართოების ამ ტალღას უნდა მოეცვა 6 ქვეყანა – არგენტინა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომლებიც 2024 წლიდან BRICS-ის სრულფასოვანი წევრები უნდა გამხდარიყვნენ. მართალია 2024 წელს გაფართოება შედგა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან BRICS-ში მხოლოდ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები გაწევრიანდნენ. არგენტინამ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც 2023 წლის ბოლოს პრეზიდენტად ჰავიერ მილეი აირჩიეს. რაც შეეხება საუდის არაბეთს, მას მართალია ოფიციალურად BRICS-ში შესვლაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ გაწევრიანების საკითხი გადადო ისე, რომ მიზეზების თაობაზე ოფიციალური ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა. ამ ქვეყნის დელეგაციამ ყაზანის სამიტში მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღო მონაწილეობა, რაც ირიბად მიუთითებს, რომ საუდის არაბეთის BRICS-ში გაწევრიანების საკითხის გაოფიციალურება უახლოეს მომავალში არ იგეგმება.
2024 წლის გაფართოების შემდეგ BRICS-ის წევრი ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 45% შეადგენს, ხოლო ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკა 28.5 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გლობალური ეკონომიკის 28%-ია. იმ შემთხვევაში თუ საუდის არაბეთი ოფიციალურად გაწევრიანდება BRICS-ში მაშინ ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ნავთობის წარმოება დაახლოებით მსოფლიოში ნავთობის წარმოების 44% მიაღწევს. ეს მონაცემები მკაფიოდ მიუთითებს BRICS-ის, როგორც ორგანიზაციის, სწრაფად მზარდ მასშტაბებზე, რომელიც თანდათანობით იძენს მკაფიო პოლიტიკურ დატვირთვას. BRICS-ის პოლიტიკური გავლენის გაზრდა კი პირველ რიგში მაინც ჩინეთისა და რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის გავლენის შესუსტება სურთ. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, 30 ქვეყანაზე მეტს სურს BRICS-ში გაწევრიანება ან ამ ორგანიზაციასთან მჭიდრო კავშირების დამყარება. გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი, ალჟირი, ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბელარუსი, ბოლივია, კუბა, ყაზახეთი, მიანმარი, ნიგერია, პაკისტანი, სენეგალი, ტაილანდი, ვენესუელა, ვიეტნამი და თურქეთი სახელდებიან. თუმცა, ამ საკითხის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, რაც საერთო სურათს BRICS-ში გაწევრიანებისა თუ მხოლოდ პარტნიორობის მსურველი ქვეყნების თაობაზე ბუნდოვანს ხდის.
რუსეთის დღის წესრიგი ყაზანის BRICS-ის სამიტზე
საერთაშორისო პრესა სამიტის წინ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიზნად BRICS-ის ფარგლებში ახალი ვალუტის შემოღებას მიიჩნევდა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ტრანზაქციების განხორცილებაში აშშ დოლარის ალტერნატივად უნდა იქნას გამოყენებული. ასეთი ინიციატივა 2023 წელს მართლაც გაჟღერდა BRICS-ის ფორმატშიბრაზილიის მხრიდან. მას მხარს უჭერს რუსეთიც, თუმცა როგორც ჩანს BRICS-ის წევრებს ამ საკითხის მიმართ განსხვავებული მიდგომა გააჩნიათ. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საერთო ვალუტის შემოღების საკითხი ყაზანის სამიტის დღის წესრიგში არ დამდგარა.
თავად პუტინის განცხადებით, ორი საკითხი იმსახურებდა განსაკუთრებულ ყურადღებას BRICS-ის სამიტის დღის წესრიგში. კერძოდ, საუბარია ფინანსური კავშირების გაღრმავებაზე ამ ორგანიზაციის ფარგლებში და BRICS-ის შემდგომი გაფართოების პროცესზე. ასევე, მნიშვნელოვან საკითხებად მიიჩნეოდა: BRICS-ის ფარგლებში ახალი საინვესტიციო პლატფორმის შემოღება; მარცვლეულის ბირჟის შექმნა; ცალკე პლატფორმის შექმნა ძვირფასი ლითონების ვაჭრობისთვის. შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების ფონზე ისე ჩანს, რომ BRICS-ის ფარგლებში ახალი პლატფორმების შექმნას ორი ძირითადი ამოცანა გააჩნია. ერთი მხრივ, უნდა მოხდეს BRICS-ში გაერთიანებული ქვეყნების ეკონომიკურ ინტეგრაციის ხელშეწყობა. მერე მხრივ კი, დასუსტდეს აშშ-ის და ზოგადად დასავლეთის გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე.
გარდა ამისა, BRICS-ის სამიტის ფარგლებში პუტინს საშუალება ჰქონდა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გაემართა. მათ შორის, იგი შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტსა და ინდოეთის პრემიერ მინისტრს. უკრაინაში სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე ორივე ამ ქვეყანასთან კავშირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. ორმხრივი შეხვედრები ასევე გაიმართა ირანისა და პალესტინის პრეზიდენტებთან, რასაც დამატებითი პოლიტიკური დატვირთვა აქვს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე. უკრაინის და ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობების კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვის მქონედ უნდა მივიჩნიოთ პუტინის შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინას შემადგენლობაში შემავალ სერბთა რესპუბლიკის ლიდერ მილორად დოდიკთან, რომელიც დასავლეთში პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა. ამავე თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. თურქეთი ერთადერთი იყო NATO-ს წევრ ქვეყნებიდან, რომელმაც ამ სამიტში მონაწილეობა მიიღო, თანაც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსული პრესის თანახმად, ორმხრივი შეხვედრა დაიწყო იმ პრობლემებზე საუბრით, რომელიც რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, თურქეთსა და რუსეთს შორის საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელების კუთხით არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა ქონდა BRICS-ის სამიტში გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის მონაწილეობას, რომელთანაც ასევე შედგა შეხვედრა ორმხრივ ფორმატში. უნდა ითქვას, რომ ანტონიო გუტიერში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად გააკრიტიკა. კერძოდ, სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ „გაეროს გენერალურმა მდივანმა უარი თქვა მიეღო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში, გლობალური უსაფრთხოების პირველ კონფერენციაში მონაწილეობის თაობაზე. თუმცა, მან მიიღო სამხედრო დამნაშავის, პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც არ ემსახურება მშვიდობის ინტერესებს. ამასთან, იგი მხოლოდ აზიანებს გაეროს რეპუტაციას“.
BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იყო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის შეხვედრა, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში პირველად გაიმართა. ამ ორ ქვეყანას პრობლემური ურთიერთობები გააჩნიათ. ბოლოს მათ შორის ურთიერთობების გაციება 2020 წელს ჰიმალაის საზღვარზე მომხდარმა შეტაკებამ გამოიწვია, რომელსაც მსხვერპლიც მოყვა. BRICS-ის სამიტის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად მხარეებმა ამ პრობლემური სასაზღვრო მონაკვეთის პატრულირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
BRICS-ის სამიტის ძირითად შედეგები
ყაზანში გამართულ BRICS-ის სამიტზე ამ ორგანიზაციაში ახალი წევრები არ მიუწვევიათ. თუმცა, 13 ქვეყნას – ალჟირი, ბელარუსი, ბოლივია, ვიეტნამი, თურქეთი, ინდონეზია, კუბა, მალაიზია, ნიგერია, ყაზახეთი, უგანდა, უზბეკეთი და ტაილანდი – მიენიჭა BRICS-ის პარტნიორი ქვეყნის სტატუსი.
BRICS-ის სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ნაკლებად შეინიშნება რუსეთის ანტიდასავლური პოზიციების შესაბამისი ფორმულირებები. ეს გარემოება ყურადღებას იმსახურებს იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ზოგადად, მოსკოვის ანტიდასავლური რიტორიკა ძალზედ მწვავეა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებსა თუ მის განაცხადებში. სამიტის დეკლარაციის ტექსტის მხოლოდ ერთ პუნქტშია საუბარი უკრაინაზე, რომლის შინაარსი საკმაოდ ნეიტრალურია და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით დიალოგისა და დიპლომატიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. დღეისათვის არსებული საერთაშორისო კონფლიქტებიდან დეკლარაციაში ყველაზე მეტი ყურადღება ახლო აღმოსავლეთს დაეთმო. მათ შორის, დეკლარაციის ტექსტში დაგმობილია ისრაელის მიერ განხორციელებული ქმედებები, როგორც ღაზაში, ისე ლიბანთან, სირიასთან და ირანთან მიმართებაში.
გარდა ამისა საყურადღებოა, რომ BRICS-ის სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ასახულია ისეთი საკითხები, რომლებსაც რუსული მხარე ტრადიციულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მათ შორის, შეიძლება გამოიყოს შემდეგი:
- „გამოვხატავთ შეშფოთებას მსოფლიო ეკონომიკაზე, საერთაშორისო ვაჭრობასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე უკანონო ცალმხრივი იძულებითი ზომების დამაზიანებელი ეფექტით, რომელიც მოიცავს უკანონო სანქციების დაწესებას (პუნქტი 10).“
- „მოვუწოდებთ ბრეტონ ვუდსის ინსტიტუტების რეფორმირებისკენ, რომელიც მოიცავს განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდას ხელმძღვანელ პოზიციებზე, რაც ასახავს მათ წვლილს გლობალურ ეკონომიკაში (პუნქტი 11).“
- „მივესალმებით BRICS-ის ბანკთაშორისი თანამშრომლობის მექანიზმს (ICM), რომელიც ფოკუსირებულია პროექტებისა და პროგრამების ინოვაციური ფინანსური პრაქტიკისა და მიდგომების ხელშეწყობასა და გაფართოებაზე, მათ შორის, ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მისაღები მექანიზმების მოძიებაზე (პუნქტი 63).“
- „ვაღიარებთ უფრო სწრაფი, იაფი, ეფექტური, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ინკლუზიური ტრანსსასაზღვრო გადახდის სისტემის სარგებელს, რომელიც ეფუძნება მინიმალურ სავაჭრო ბარიერებსა და იძლევა არადისკრიმინაციული წვდომის შესაძლებლობას. მივესალმებით ადგილობრივი ვალუტების გამოყენებას BRICS-ის ქვეყნებსა და მათ სავაჭრო პარტნიორებს შორის ფინანსური ტრანზაქციებისას (პუნქტი 65).“
- „მივესალმებით რუსული მხარის ინიციატივას BRICS-ის ფარგლებში მარცვლეულის სავაჭრო პლატფორმის შექმნის თაობაზე (BRICS მარცვლეულის ბირჟა) და ასევე, შემდგომში მის განვითარებას სოფლის მეურნეობის სხვა სექტორების მოცვის მიზნით (პუნქტი 73).“
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე BRICS-ში გაერთიანებული ქვეყნების კონფიგურაცია არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ორგანიზაციას მკვეთრად დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული დღის წესრიგი გააჩნია. თუმცა, სავარაუდოა, რომ განსაკუთრებით რუსეთს და ასევე, ჩინეთს BRICS-სთან მიმართებაში ასეთი გეგმები გააჩნიათ. რაც შეეხება რუსეთის სტრატეგიას, იგი სავარაუდოდ იმაში მდგომარეობს, რომ მოსკოვს სურს გააძლიეროს საკუთარი პოზიციები BRICS-ში მისი მოკავშირე ავტოკრატიული რეჟიმების ჩართვით და ეს ორგანიზაცია ძლიერ ანტიდასავლურ პლატფორმად გადააქციოს.