ავტორი: ნატა ქორიძე, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი
3-6 ივნისს სანქტ-პეტერბურგმა უმასპინძლა სანქტ-პეტერბურგის 29-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს (SPIEF) (Петербургский международный экономический форум, ПМЭФ), რომელიც ჩატარდა სათაურით — „პრაგმატული დიალოგი: გზა სტაბილური მომავლისკენ“. ფორუმი ტრადიციულად იმართება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პატრონაჟითა და მონაწილეობით.
SPIEF-ს ხშირად რუსეთის „დავოსის ფორუმად“ მოიხსენიებენ. ფორუმის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, იგი წარმოადგენს „უნიკალურ პლატფორმას დიალოგისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარებისთვის“, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს პარტნიორების მოძიების, საქმიანი ქსელების გაფართოების, გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან დაკავშირებისა და ინვესტორებისა და მედიის ყურადღების მოზიდვის შესაძლებლობას. ფორუმი ასევე მიზნად ისახავს რუსეთის როლის წარმოჩენას იმ ახალი მრავალპოლარული საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში, რომლის ჩამოყალიბებაზეც მოსკოვი აქტიურად საუბრობს.
თუმცა, გავლენის გაფართოების დემონსტრირების ნაცვლად, 2026 წლის ფორუმმა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა რუსეთის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გეოგრაფიული ბაზის შევიწროება და ომის გარდაუვალი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
მონაწილეთა შემადგენლობა: ფორუმი, რომელიც სულ უფრო მეტად ორიენტირებულია გლობალურ სამხრეთზე
გასული ათწლეულების განმავლობაში SPIEF რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა იყო დასავლელი ინვესტორების, საერთაშორისო კორპორაციებისა და პოლიტიკური ლიდერების მოსაზიდად. თუმცა, დასავლეთის მონაწილეობა თანდათან შემცირდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ და განსაკუთრებით – 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
2026 წლის ფორუმმა ეს ცვლილება მკაფიოდ წარმოაჩინა. დასავლეთის წამყვანი პოლიტიკური და ბიზნესფიგურების ნაცვლად, კრემლმა უმასპინძლა რეგიონულ პარტნიორებსა და გლობალური სამხრეთის წარმომადგენლებს, მათ შორის უზბეკეთისა და ტანზანიის პრეზიდენტებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ასევე საუდის არაბეთის, ბელარუსისა და კუბის მინისტრთა დონის წარმომადგენლებს.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, აფრიკასთან, BRICS-ის ქვეყნებთან და გლობალური სამხრეთის სხვა აქტორებთან თანამშრომლობას. ამავდროულად, აქტიურად ხდებოდა დასავლური ეკონომიკური ინსტიტუტების ალტერნატივების პოპულარიზაცია.
თუმცა, ფორუმს რამდენიმე დასავლელი მონაწილეც დაესწრო. მათ შორის იყო როდნი მიმს კუკ უმცროსი — აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიის (U.S. Commission of Fine Arts) თავმჯდომარე, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის გაფართოების პროექტს ხელმძღვანელობდა. კუკმა რუსულ სახელმწიფო მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთში ჩასვლის ნებართვა როგორც დონალდ ტრამპისგან, ისე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო. თუმცა მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო რაიმე ოფიციალური ამერიკული დელეგაციის მონაწილეობა ფორუმში.
ფორუმს ასევე ესწრებოდნენ მემარჯვენე პოლიტიკური კომენტატორი კენდის ოუენსი, მსახიობი სტივენ სიგალი და ინტერნეტ-სივრცეში ცნობილი და არაერთი სკანდალით მოცული ფიგურა ენდრიუ ტეიტი. კრემლის განცხადებით, ეს იყო პირველი რუსული საინვესტიციო ფორუმი 2017-2018 წლების შემდეგ, რომელშიც ამერიკელმა მონაწილეებმა მიიღეს მონაწილეობა.
უნდა ითქვას, რომ მონაწილეთა შემადგენლობა უფრო ფართო ტენდენციას ასახავდა. 2025 და 2026 წლების ფორუმებმა გააგრძელა მოსკოვის აქცენტი გლობალურ სამხრეთზე, განსაკუთრებით აზიასთან, აფრიკასთან, ახლო აღმოსავლეთთან, BRICS-ის ქვეყნებთან და სხვა არადასავლურ აქტორებთან თანამშრომლობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსი ოფიციალური პირები ამ პროცესს „გლობალური სამხრეთისკენ წარმატებულ შემობრუნებად“ წარმოაჩენენ, აღნიშნული ცვლილება შეიძლება შეფასდეს, როგორც დასავლურ კაპიტალზე, ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე რუსეთის შემცირებული წვდომის შედეგი.
ფორუმი წარმოაჩენდა რუსეთის როლს ვითომდა ფორმირებად მრავალპოლარულ საერთაშორისო წესრიგში. 2025 და 2026 წლების ფორუმებმა ეს თემა კიდევ ერთხელ გაამყარეს – ყურადღება გამახვილდა აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან, აფრიკასთან, BRICS-ის ქვეყნებთან და გლობალური სამხრეთის სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე, პარალელურად კი ხდებოდა დასავლური ეკონომიკური ინსტიტუტების ალტერნატივების წახალისება.
საგულისხმობა, რომ ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ფიგურა, SPIEF-ს პირველად არ დაესწრო ბოლო ათწლეულის განმავლობაში (თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, როდესაც ფორუმი COVID-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა).
მისმა არყოფნამ სხვადასხვა სპეკულაცია წარმოშვა. გავრცელდა ვარაუდები, რომ ნაბიულინას არ სურდა ცენტრალური ბანკის პოლიტიკის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა, ასევე გაჩნდა ხმები მისი შესაძლო ნაადრევი გადადგომის შესახებ. კრემლმა და ცენტრალურმა ბანკმა ეს ვარაუდები უარყვეს და მიზეზად ავადმყოფობა დაასახელეს.
ნაბიულინა ამჟამად თავისი მესამე და კანონით დაშვებული ბოლო ვადის დასასრულ ეტაპზე იმყოფება, რომელიც 2027 წლის ივნისში იწურება. მისი წასვლა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, იგი ვლადიმირ პუტინის სრული ნდობით სარგებლობს და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თანამდებობაზე სწორედ პუტინის თხოვნით დარჩა. გარდა ამისა, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებით, რუსეთის ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია როგორც მონეტარულ პოლიტიკაზე, ისე ფინანსურ ზედამხედველობაზე, რაც ძალაუფლების მნიშვნელოვან კონცენტრაციას ქმნის ერთ ინსტიტუტში.
ომის ჩრდილი SPIEF-ზე
უკრაინაში მიმდინარე ომი ფორუმის გარდაუვალ ფონად რჩებოდა. SPIEF-ის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართული ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მესამე ქვეყანაში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
პუტინმა ეს წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებაში „აზრს ვერ ხედავს“. ფორუმის განმავლობაში მან არაერთხელ შეაქო უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროები, მოუწოდა სამხედრო ძალისხმევის გაგრძელებისკენ და ხაზი გაუსვა რუსეთის ეკონომიკის მდგრადობას დასავლური სანქციების მრავალწლიანი ზეწოლის მიუხედავად.
პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის განზრახვა, მიაღწიოს საკუთარ სამხედრო მიზნებს, უარყო დროებითი ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებები და ყურადღება გაამახვილა საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების აუცილებლობაზე უკრაინის სულ უფრო დახვეწილი შორი მოქმედების დრონული ოპერაციების საპასუხოდ.
თუმცა ადგილზე განვითარებული მოვლენები ართულებდა იმ თავდაჯერებული სურათის შექმნას, რომლის წარმოჩენასაც მოსკოვი ცდილობდა. ფორუმის გახსნამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, უკრაინამ შორი მოქმედების დრონებით იერიშები მიიტანა სანქტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენში მდებარე სამიზნეებზე, მათ შორის ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებზე. ამ დარტყმებს მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
იმის დემონსტრირებით, რომ უკრაინას შეუძლია იერიში მიიტანოს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ღონისძიებასთან ახლოს მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, კიევმა ეჭვქვეშ დააყენა ის მთავარი გზავნილი, რომლის გადაცემასაც SPIEF ცდილობდა: რომ რუსეთი უსაფრთხოა, სტაბილურია და მოვლენებს სრულად აკონტროლებს. თავდასხმებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ომის მიმდინარე ფასი და აჩვენა, რომ რუსეთს სულ უფრო უჭირს დაცვა ფრონტის ხაზზე არსებული რეალობის გავლენისგან.
დრონების იერიშები ფორუმის დასრულების პერიოდსაც დაემთხვა. 6 ივნისს უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებით, რამდენიმე უპილოტო აპარატმა „წარმატებით დააზიანა დასახული სამიზნეები“ რუსეთის ბალტიის ფლოტის კრონშტადტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო: „კრონშტადტი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სიმბოლო და მტრის სამხედრო მანქანის სტრატეგიული ელემენტია. ბაზაზე განთავსებულია სამხედრო ხომალდები, წყალქვეშა ნავები, სასწავლო ცენტრები, სარემონტო დოკები და გემთმშენებელი ობიექტები.“
იმისათვის, რომ ფორუმის უცხოელ სტუმრებს შოკი არ განეცადათ რუსეთის რეალობასთან შეჯახებისას, ფორუმის ორგანიზატორებმა ინტერნეტზე წვდომასთან დაკავშირებით წინასწარი ზომები მიიღეს. როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის ხელისუფლება პერიოდულად ზღუდავს ინტერნეტს, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორებს დაევალათ უცხოელი სტუმრებისთვის WhatsApp-ის, Instagram-ისა და სხვა პოპულარული სერვისების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამისათვის საჭირო გახდა სპეციალური SIM-ბარათების მომზადება და VPN-სერვისების გამოწერა.
პუტინის გამოსვლა: თავდაჯერებული რიტორიკა არასახარბიელო რეალობის ფონზე
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბიზნესის წარმომადგენლებისა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების კომენტარები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ მზარდ შეშფოთებაზე მიუთითებდა, SPIEF-ზე ვლადიმირ პუტინის გამოსვლამ ამ პრობლემებს გვერდი აუარა. გამოსვლისას პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის მდგრადობის შესახებ უკვე ნაცნობი ნარატივი. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტექნოლოგიურ სუვერენიტეტს, ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ პლატფორმებს, ინდუსტრიულ მოდერნიზაციასა და რუსეთის ადაპტაციას სანქციების პირობებში.
პუტინის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა გარე ზეწოლის მიუხედავად ზრდას აგრძელებს, ხოლო თავად ქვეყანა უფრო დაბალანსებული და სამართლიანი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ლიდერად გვევლინება.
გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მან არა რუსეთის შიდა ეკონომიკურ გამოწვევებს, არამედ დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის კრიტიკას დაუთმო. პუტინის შეფასებით, ევროკავშირი ძირს უთხრის როგორც გლობალურ უსაფრთხოებას, ისე ეკონომიკურ სტაბილურობას. ამამავდროულად, მან დადებით კონტექსტში მოიხსენია არადასავლური ქვეყნების – მაგ. ინდოეთის, ტანზანიის და უზბეკეთის- ეკონომიკური მიღწევები.
პუტინმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა გლობალურ დაპირისპირებაზე და მსოფლიო ორ საპირისპირო ბანაკად წარმოაჩინა – ერთი მხრივ დასავლეთი, უპირველეს ყოვლისა „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნები, ხოლო მეორე მხრივ, მისი სიტყვებით, „ჩვენი BRICS-ის ალიანსი“. პუტინის შეფასებით, დასავლეთი ეტაპობრივად კარგავს გავლენას მსოფლიო სისტემაში, მაშინ როდესაც BRICS-ის ქვეყნები წლიდან წლამდე ძლიერდებიან. ამ მოსაზრების გასამყარებლად კრემლის ლიდერმა არაერთი ექსპერტული შეფასება და სტატისტიკური მონაცემი მოიყვანა, თუმცა ხშირ შემთხვევაში სათანადო კონტექსტის გარეშე.
მაგალითად, მან აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში BRICS-ის ქვეყნებმა გლობალური ეკონომიკური ზრდის 49 პროცენტი უზრუნველყვეს, მაშინ როდესაც G7-ის წილი მხოლოდ 18 პროცენტი იყო.
მისივე თქმით, მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის G7-ის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში 1.5 პროცენტს მიაღწევს, მაშინ როდესაც BRICS-ის ქვეყნებისთვის საშუალო მაჩვენებელი 4 პროცენტის ფარგლებში იქნება.
მართლაც, BRICS-ის წევრები ამჟამად უფრო დიდ წვლილს შეიტანენ გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში, ვიდრე G7-ის ქვეყნები. თუმცა ეკონომიკურ ლიტერატურაში საყოველთაოდ აღიარებულია, რომ განვითარებული ეკონომიკების ზრდის ტემპი, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე განვითარებადი ეკონომიკებისა, რადგან ამ უკანასკნელებს ზრდისთვის გაცილებით მეტი სივრცე აქვთ.
პუტინის განცხადებით, მრავალი ქვეყანა დასავლურ ფინანსურ სისტემებზე დამოკიდებულებას ამცირებს და ანგარიშსწორებაში ეროვნულ ვალუტებზე გადადის, რადგან შიშობს იმ სანქციებისა და აქტივების გაყინვის მექანიზმების გამეორებას, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. მართალია, BRICS-ის ქვეყნებმა მართლაც გააფართოვეს ეროვნული ვალუტების გამოყენება ერთმანეთთან ვაჭრობისას, თუმცა გლობალური სურათი განსხვავებულია. SWIFT-ის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის აშშ დოლარი კვლავაც დომინირებდა საერთაშორისო ანგარიშსწორებებში და მსოფლიო ტრანზაქციების ნახევარზე მეტს შეადგენდა. დოლარს საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ ევრო, ბრიტანული გირვანქა, იაპონური იენი და ჩინური იუანი. ამ კონტექსტში, რუსეთის მცდელობა, საერთაშორისო ანგარიშსწორებებში რუბლი გამოიყენოს, და მისი მზარდი დამოკიდებულება ჩინურ იუანზე უფრო მეტად ჰგავს დასავლური სანქციებით შექმნილ შეზღუდვებთან პრაგმატულ ადაპტაციას, ვიდრე გლობალური ეკონომიკური ტენდენციის ლიდერობას.
პუტინის გამოსვლის ცენტრალური თემა სუვერენიტეტი იყო – პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ფინანსური. მან ისაუბრა იმაზე, რასაც „სუვერენიტეტისთვის გლობალურ რბოლას“ უწოდებს და განაცხადა, რომ რუსეთი გარე ზეწოლის მიუხედავად საკუთარი პოზიციების გამყარებას აგრძელებს.
პუტინის გამოსვლაში თითქმის არ ყოფილა სერიოზული მსჯელობა რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურულ პრობლემებზე. მან რუსეთის მშპ-ის მაჩვენებლები ევროპასთან შედარებით და უმუშევრობის დაბალი – 2.2-პროცენტიანი – დონე ეკონომიკური წარმატების მტკიცებულებად წარმოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა აღიარა ეკონომიკური ზრდის „ზომიერ“ ტემპამდე შენელება, მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მხოლოდ იმ ნიშნულზე დავიდა, რომელზეც ევროზონის ქვეყნები უკვე მრავალი წელია იმყოფებიან. როგორც მან განაცხადა: „…ჩვენ ახლა იმ დონეს მივაღწიეთ, რომელზეც ევროზონის ბევრი ქვეყანა უკვე წლების განმავლობაში ცხოვრობს.“
თუმცა რუსეთში ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, უფრო დაბალი იქნება. 2026 წლისთვის ევროკომისია ევროკავშირის ეკონომიკის 1.1-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს, 2025 წლის 1.5-პროცენტიანი ზრდის შემდეგ. გარდა ამისა, განვითარებული ევროპული ეკონომიკისა და განვითარებადი რუსული ეკონომიკის ზრდის მსგავსი მაჩვენებლები თავისთავად ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. რაც შეეხება უმუშევრობის დაბალ დონეს, პუტინის ნარატივი გვერდს უვლიდა იმ ფაქტს, რომ შრომითი რესურსების დეფიციტი მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია ომში დაღუპულთა დიდი რაოდენობით – რომელიც, სხვადასხვა შეფასებით, ნახევარ მილიონ ადამიანს უახლოვდება, და ასევე ასობით ათასი რუსის ემიგრაციით. ემიგრანტებს შორის განსაკუთრებით დიდი წილი უკავიათ ახალგაზრდა, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, განსაკუთრებით ტექნიკური სფეროების წარმომადგენლებს.
ამ ფონზე განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად ჟღერდა პუტინის განცხადებები განათლების, ცოდნისა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მნიშვნელობის შესახებ. ეს განცხადებები გაკეთდა იმ პირობებში, როდესაც რუსეთის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში გრძელდება სტუდენტების სამხედრო სამსახურში ჩართვის კამპანიები უკრაინაში მიმდინარე ომისთვის, ხოლო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კვლავ ვრცელდება ცნობები რეკრუტირების მანიპულაციური პრაქტიკის შესახებ.
არანაკლებ ირონიულად გამოიყურებოდა პუტინის მტკიცება, რომ ბიზნესს სჭირდება პროგნოზირებადობა და სტაბილური საინვესტიციო გარემო, მაშინ როდესაც იმავე გამოსვლაში მან ნათლად დაადასტურა, რომ ომის გაგრძელებას აპირებს.
პუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის რეგიონებისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან გადარიცხვების ზრდაზე. თუმცა მან არ ახსენა, თუ რამდენად მძიმე ტვირთად აწევს მრავალი რეგიონის ბიუჯეტს სამხედრო დანაკარგებთან დაკავშირებული კომპენსაციების დაფინანსება, რომლის გადახდაც სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებებს უწევთ.
თავის გამოსვლაში პუტინი ცდილობდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტორიის დარწმუნებას, რომ რუსეთმა სანქციებთან წარმატებით ადაპტირება შეძლო და გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას კვლავ ინარჩუნებს.
ხელოვნური ინტელექტის, ავტონომიური სისტემების, ინფრასტრუქტურისა და ინოვაციების შესახებ გაკეთებული აქცენტები უფრო ფართო გზავნილის ნაწილი იყო – რომ რუსეთი მხოლოდ გარე ზეწოლის ატანას არ ცდილობს, არამედ მომავალ ტექნოლოგიურ კონკურენციაშიც საკუთარი ადგილის დამკვიდრებას გეგმავს. თუმცა მრავალი საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავს მნიშვნელოვან აცდენას ამ ნარატივსა და ეკონომიკურ რეალობას შორის, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ ომის მეხუთე წელს.
რუსეთის ბოლო წლების ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად სამხედრო ხარჯებსა და თავდაცვითი სექტორის წარმოებაზე იყო დამოკიდებული. ამავდროულად, ინფლაციური ზეწოლა, სამუშაო ძალის დეფიციტი, ტექნოლოგიური შეზღუდვები და საომარი ხარჯების სტიმულებზე მზარდი დამოკიდებულება კვლავ ქმნის სისტემურ მოწყვლადობას.
ბევრი ანალიტიკოსის შეფასებით, კრემლის გზავნილები ეკონომიკური სიძლიერის რეალურ ასახვაზე მეტად წარმოადგენდა მცდელობას, შეენარჩუნებინა თავდაჯერებულობის იმიჯი მზარდი გამოწვევების პირობებში.
დასკვნა
SPIEF კვლავაც რჩება მნიშვნელოვან დიპლომატიურ და ეკონომიკურ სპექტაკლად, რომლის მეშვეობითაც მოსკოვი ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი მდგრადობა, მრავალპოლარული საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში ლიდერის როლი და არადასავლელი პარტნიორებისთვის მიმზიდველობა. თუმცა 2026 წლის ფორუმმა ნათლად წარმოაჩინა ის წინააღმდეგობები, რომელთა წინაშეც თანამედროვე რუსეთი დგას. ღონისძიებამ აჩვენა ქვეყანა, რომელიც ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, როგორც შეუცვლელი გლობალური ძალის, მაშინ როცა მისი საერთაშორისო აუდიტორია სულ უფრო მეტად კონცენტრირდება გლობალური სამხრეთის ქვეყნებზე.
ფორუმმა ასევე წარმოაჩინა სახელმწიფო, რომელიც ეკონომიკურ სიძლიერეზე საუბრობს, მაგრამ ამავდროულად უწევს გამკლავება სანქციებთან, ინფლაციასთან, სამუშაო ძალის დეფიციტთან, სერიოზულ დემოგრაფიულ პრობლემებთან და ომით გამოწვეულ ეკონომიკურ დისბალანსთნ. ამავე დროს, ხელისუფლება ცდილობს სტრატეგიული თავდაჯერებულობის დემონსტრირებას მაშინ, როდესაც უკრაინული დრონები რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ეკონომიკური ღონისძიების უშუალო სიახლოვეს აღწევენ.
ამ თვალსაზრისით, 2026 წლის SPIEF, რომელიც უკრაინული დრონებით თავდასხმების ფონზე ჩატარდა, შეიძლება ნაკლებად განვიხილოთ, როგორც რუსეთის მზარდი გავლენის დადასტურება და უფრო მეტად როგორც საგულდაგულოდ დადგმული მცდელობა, მართოს აღქმები ქვეყნის გავლენის შემცირების, მოწყვლადობისა და საერთაშორისო იზოლაციის შესახებ.
