ალექსანდრ ვუჩიჩის „ელექტორალური ავტოკრატია“ სერბეთში

ალექსანდრ ვუჩიჩის „ელექტორალური ავტოკრატია“ სერბეთში

ხატია დავლიანიძე

Freedom House-ის „Nation In Transit 2024-ის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ავტოკრატიზებული ჰიბრიდები, როგორიცაა სერბეთი, უნგრეთი და შედარებით მცირე მასშტაბით საქართველო, ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად ჩამოყალიბების გზაზე იმყოფებიან. საკვანძო ინსტიტუტები, მედიიდან სასამართლომდე, პოლიტიზაციის იმ დონეს გასცდნენ, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური განსაზღვრებითაა მოსალოდნელი და მიტაცებული არიან მმართველი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ, რომლებიც ამ ინსტიტუტებს საკუთარი პარტიული და პირადი სარგებლობისთვის ბოროტად იყენებენ“.

2012 წელს სერბეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, „პროგრესული პარტია“ და მისი ლიდერი, პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი 12 წლის განმავლობაში პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას წარმატებით ახერხებენ. ერთი მხრივ, პოლიტიკური ინსტიტუტების მიტაცება, მაფიასთან თანამშრომლობა,  მედია საშუალებების უმრავლესობის კონტროლი ალექსანდრ ვუჩიჩისა და მისი პარტიისთვის სისტემურ უპირატესობებს უზრუნველყოფს. მეორე მხრივ კი, ძალაუფლების შენარჩუნებას სუსტი და დანაწევრებული ოპოზიციური ფლანგიც უადვილებს.

პრეზიდენტი ვუჩიჩი ერთგვარ ილუზიას ქმნის, რომ ევროპის კავშირში გაწევრიანება სურს და ევროპული ღირებულებების ერთგულია, ამავდროულად კი, ჩინეთის, რუსეთისა და უნგრეთის ლიდერებთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს. ის ღიად უჭერს მხარს ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბული რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკს, წარმატებულად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას და დასავლეთს ბალკანეთის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებს ბრალს.

„პროგრესული პარტიის“ მმართველობის პერიოდში სერბეთი არაერთმა მასშტაბურმა ანტი-სამთავრობო აქციამ მოიცვა. როგორც წესი, როდესაც ხელისუფლება დემონსტრანტების „გადაღლას“ და მათ სახლებში გაბრუნებას ვერ ახერხებს, პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს, რის გამოც სერბეთი „მარადიულ“ წინასაარჩევნო კამპანიაში იმყოფება. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში სერბეთში სამი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, თუმცა, ყველა მათგანი ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ბოლო საპარლამენტო არჩვენები და პოლიტიკური კრიზისი სერბეთში

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების 2023 წლის დეკემბერში დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასული წლის მაისში ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებულ სროლებს ოცამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანაში მასშტაბური ანტი-სამთავრობო გამოსვლები დაიწყო. 2023 წლის 17 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების პარალელურად, 65 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, მათ შორის ბელგრადის საკრებულოსა და ვოევოდინას ავტონომიური პროვინციის ასამბლეის, არჩევნებიც გაიმართა.

წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების შედეგების გათვალისწინებით არსებობდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ბელგრადის საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიცია მოიპოვებდა, თუმცა, მმართველმა ძალამ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა, რომ დედაქალაქზე კონტროლი არ დაეკარგა. „პროგრესულმა პარტიამ“ ბელგრადის 110 წევრიან ასამბლეაში 49, ხოლო ოპოზიციურმა გაერთიანებამ 43 მანდატი მოიპოვა.

მმართველმა პარტიამ ასევე სასურველი შედეგი მიიღო საპარლამენტო არჩევნებშიც. სერბეთის 250 წევრიან პარლამენტში სულ ხუთი პოლიტიკური გაერთიანება მოხვდა. „პროგრესულმა პარტიამ“ – 129, მთავარმა ოპოზიციურმა ალიანსმა – „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ – 65, „სოციალისტური პარტიის“, „გაერთიანებული სერბეთის“ და „მწვანეების“ კოალიციამ – 18, ხოლო „ეროვნულ-დემოკრატიულმა ალტერნატივამ“ და „ხალხის ხმამ“ 13-13 მანდატი მიიღეს.

მართალია, სერბეთის საარჩევნო კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციების 5000-ზე მეტ წარმომადგენელს და რამდენიმე ასეულ საერთაშორისო დამკვირვებელს მიანიჭა აკრედიტაცია, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განცხადებით, მმართველი ძალის წარმომადგენლების მხრიდან პირდაპირი და ირიბი ზეწოლის გამო, დამკვირვებლები მკაცრად შეზღუდული იყვნენ.

OSCE/ODIHR-ის შეფასების მიხედვით, „არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული და მოქალაქეებს პოლიტიკურ ალტერნატივებს სთავაზობდა, თუმცა, მმართველი პარტიის წინასარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტი დომინირებდა და მისი ჭარბი ჩართულობა, მმართველ პარტიას სისტემურ უპირატესობებთან ერთად უსამართლო პირობებს უქმნიდა. ასევე, წინასაარჩევნო კამპანია, რომელშიც ფუნდამენტურ თავისუფლებებს ძირითად შემთხვევაში პატივს სცემდნენ, მკაცრი რიტორიკით, მედია საშუალებების მიკერძოებით, საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლითა და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით გამოირჩეოდა.“

გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სერბეთის, როგორც ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის ხელისუფლების მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ფაქტების დაგმობის, სერბეთის მთავრობის მიმართ დევიდ კამერონის „მზარდი იმედგაცრუების“, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადების ფონზეც კი განსაკუთრებულად მწვავე იყო ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შეფასება:

„ბევრი არჩევნები მინახავს ყაზახეთიდან კოსოვომდე, უკრაინიდან ერაყამდე, თუმცა მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ არჩევნების დამკვირვებელი გავხდი, მსგავსი არაფერი მინახავს – „პროგრესული პარტიის“ ამომრჩევლების მასობრივი მიგრაცია დედაქალაქ ბელგრადში, ასობით ამომრჩევლის ავტობუსებით ჩამოყვანა რესპუბლიკა სრპსკადან, ამომრჩეველზე ზეწოლა, ე.წ. „კარუსელი“, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არჩევნების დღემდე საერთაშორისო მედიასთან წვდომის არქონა, კენჭისყრის შედეგების დაგვიანებით გამოცხადება, რამაც ოპოზიციას უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვის და გასაჩივრების უფლება წაართვა. არჩევნები გაყალბებულია. ხმები მოპარულია. რომ არა „პროგრესული პარტიის“ მიერ ამომრჩეველზე ზეწოლა, გაერთიანებულ ოპოზიციას ბელგრადის არჩევნების მოგება შეეძლო“.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „პროგრესულმა პარტიამ“ სერბეთის საკანონმდებლო ორგანოში მანდატების უმრავლესობის მოპოვების გარდა, ძალაუფლება 65-დან 60-ზე მეტ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, შეინარჩუნა, ბელგრადში ოპოზიციური გაერთიანების ორგანიზებით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტების განცხადებით, მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა რის გამოც კენჭისყრის შედეგებმა სერბეთის მოქალაქეების პოლიტიკური ნება ვერ გამოხატა. ოპოზიციურმა ფლანგმა და მათმა მხარდამჭერებმა შედეგების გაუქმება და არჩვენების ხელახლა ჩატარება მოითხოვეს.

ხელისუფლების შეფასებები რა თქმა უნდა სრულიად საპირისპირო იყო. ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, არჩვევნები დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩატარდა და იყო “ყველაზე მშვიდობიანი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა თანამედროვე ისტორიაში”. საპროტესტო მუხტის დაგდებისა და ანტი-სამთავრობო აქციების დისკრედიტაციის მიზნით, სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შტურმით აღების მცდელობაში დაადანაშაულა და ბელგრადში განვითარებული მოვლენები უკრაინულ „მაიდანს“ შეადარა. გარდა ამისა, პრემიერმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურს მადლობაც კი გადაუხადა იმისთვის, რომ მათ სერბეთის მთავრობას დასავლური სამსახურების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდეს. სერბეთში რუსეთის ელჩის, ალექსანდრ ბოტსან-ხარჩენკოს თქმით, მას პრეზიდენტმა ვუჩიჩმა უთხრა, რომ „ბელგრადში არეულობის უკან დასავლეთი იდგა“.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ხელისფლება დათმობებზე არ წავიდა. მართალია 30 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული 8273 უბნიდან 30 უბანზე განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 30 უბანი უბნების საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.37%-ს შეადგენს, განმეორებით კენჭისყრას ოპოზიციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია.

6 თებერვალს, საპროტესტო აქციების ფონზე, სერბეთის საკანონმდებლო ორგანომ საინაუგურაციო სხდომა გამართა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველ პარტიასთან ერთად ფიცის დადებაზე უარი განაცხადეს, თუმცა პარლამენტის წევრობაზე უარი არ უთქვამთ.

Photo courtesy AP

ევროპის კავშირის რეაქცია

სერბეთში ჩატარებული არჩვენების შემდეგ, მალევე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შეშფოთება გამოხატა მოქმედი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ინსტიტუტებისა და მედიის ბოროტად გამოყენების, სერბეთის ოფიციალური პირების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლებსა და ევროპარლამენტარებზე თავდასხმის, მედიის თავისუფლების შეზღუდვის, ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის ფაქტების გამო. მხარი დაუჭირა 2023 წლის 17 დეკემბრის საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისას დაფიქსირებული დარღვევების საერთაშორისო  გამოძიებას, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ინსტიტუტების მიერ. ამასთან ერთად, მოითხოვა ევროპის კავშირის მიერ სერბეთის ფინანსური დახმარების შეწყვეტა იმ შემთხვევაში თუ ბელგრადი ძირითადი საარჩევნო რეკომენდაციების შესრულებაზე უარს განაცხადებს, ან საერთაშორისო გამოძიება დაასკვნის, რომ ხელისუფლება ამომრჩეველთა ხმების გაყალბებაში უშუალოდ იყო ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია ევროპული გაერთიანება ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველობას აკრიტიკებს, სერბეთისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში პირველად დადგა. აქამდე ევროპის კავშირის პოზიცია შედარებით მოზომილი იყო. ასე მაგალითად, 2020 წელს სერბეთის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბელგრადს ბრიუსელის მხირდან სერიოზული წნეხი არ უგრძვნია. სერბეთში პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით ევროპის კავშირმა მხოლოდ ინტერპარტიული დიალოგის წარმოება დაიწყო.

საპარლამენტო არჩვენებთან დაკავშირებით ევროპის კავშირის რეზოლუციაზე სერბეთის ხელისუფლების რეაქცია საკმაოდ ხისტი იყო. კერძოდ, პრემიერმა ბრნაბიჩმა ევროპარლამენტის რეზოლუცია დაგმო და აღნიშნა, რომ შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიების ჩატარებას არასდროს დაუშვებს, რადგან ასეთი ქმედება სერბეთის სუვერენიტეტის გაუქმების ტოლფასი იქნება. თუმცა, საბოლოოდ, შიდა და საერთაშორისო ზეწოლამ გარკვეული შედეგი გამოიღო, რადგან მარტის დასაწყისში „პროგრესულმა პარტიამ“ განაცხადა, რომ 2024 წლის 2 ივნისს ბელგრადის ასამბლეის არჩევნებს ჩაატარებს.

ოპოზიციური ფლანგი

სერბეთის პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობისა და ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ გაერთიანების პირველი სერიოზული მცდელობა 2018 წელს ჰქონდათ, როდესაც ბელგრადის ყოფილი მერის, დრაგან ჯილასის მეთაურობით ერთმანეთისგან იდეოლოგიურად განსხვავებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა „ალიანსი სერბეთისთვის“ შექმნეს. აღნიშნული გაერთიანება 2020 წლის აგვისტოში დაიშალა და 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ ახალი კოალიცია – „სერბეთის გაერთიანებული ოპოზიცია“ ჩამოაყალიბა.

2021 წლის იანვარში „სერბეთის გაერთიანებული ოპოზიცია“ წევრ პარტიებს შორის არსებული უთანხმოების გამო ორ ბანაკად გაიყო, ერთი ნაწილი „სახალხო პარტიის“ გარშემო, ხოლო მეორე ნაწილი „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიის“ გარშემო გაერთიანდა. იმავე წლის ოქტომბერში „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტიამ“ და „სახალხო პარტიამ“ თანამშრომლობა განაახლეს და 9 პოლიტიკურ გაერთიანებასთან ერთად ახალი ალიანსი – „სერბეთის გამარჯვებისთვის გაერთიანებულები“ შექმნეს, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება და 2022 წლის აპრილის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე დაიშალა.

2023 წლის მაისში მასობრივი სროლების შედეგად დაწყებული ანტი-სამთავრობო გამოსვლების ფონზე ოპოზიცია კიდევ ერთხელ გაერთიანდა და ოქტომბერში პრო-ევროპული და ანტი-კორუფციული კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ჩამოაყალიბეს. თუმცა, როგორც ბოლო საპარლამენტო არჩვენების შედეგებმა აჩვენა კოალიციის ჩამოყალიბება წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

www.pbs.org

ამასთან, თუ მმართველი ძალა წინასაარჩევნო პერიოდში ეკონომიკურ განვითარებაზე, სოციალურ ბენეფიტებზე, მიგრაციაზე, კოსოვოს საკითხზე, ევროპის კავშირთან ინტეგრაციაზე და ა.შ. საუბრობს და ამომრჩეველს კონკრეტულ გამოსავალს (შესაძლებელია სრულიად პოპულისტურს, არარეალურს და შეუძლებელს) სთავაზობს, ოპოზიციური ფლანგი აქცენტს მხოლოდ ხელისუფლების არასწორ ქმედებებსა და ვუჩიჩის ხელისუფლების სათავიდან ჩამოშორებაზე აკეთებს და არა გამოსავალზე. შესაბამისად, ამომრჩეველმა ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ ის იცის, რომ იგი პრო-ევროპული და ანტი-კორუფციულია, თუმცა წარმოდგენა არ აქვს გამარჯვების შემთხვევაში კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.

დასკვნა

ვიქტორ ორბანთან, ვლადიმირ პუტინთან, სი ძინპინთან და მილორად დოდიკთან პოლიტიკურ ფლირტში მყოფი „ელექტორალური ავტოკრატიის“ არქიტექტორი, ალექსანდრ ვუჩიჩი დასავლური დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ბრიუსელს სერბეთში სანდო პარტნიორი სჭირდება, რომელიც პოლიტიკურ კრიზისებს ბოლოს მოუღებს, ევროპის კავშირთან სერბეთსა და კოსოვოს შორის ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის მიზნით მჭიდროდ ითანამშრომლებს, გაფართოების მომდევნო ეტაპამდე EU-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და სერბეთის ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანებას უზრუნველყოფს.

ნათელია, რომ ამჟამად სერბეთის პოლიტიკაში მთავარ სიტყვას „პროგრესული პარტია“ ამბობს და საპროტესტო აქციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები, დასავლეთის ლიდერების კრიტიკული განცხადებები ალექსანდრ ვუჩიჩის ძალაუფლებას ვერ არყევს, თუმცა ოპოზიციური პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს და 2 ივნისს დანიშნულ ბელგრადის ასამბლეის არჩევნებში მათი გამარჯვების შანსს ზრდის.

ალექსანდრ ვუჩიჩის ერთპიროვნული მმართველობისა და უსაზღვრო ძალაუფლების სიმტკიცის შესარყევად ყველაზე კარგი რამ, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე სერბეთის ოპოზიციას შეუძლია, დედაქალაქში გამარჯვების მოპოვებაა. არ დაგვავიწყდეს, რომ სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმის რღვევა სწორედ ოპოზიციის მიერ ბელგრადის ასამბლეის 1996 წლის არჩევნებში გამარჯვებით დაიწყო.