ავტორი: ვაჟა სოფრომაძე
26 იანვარს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა – ლუკაშენკომ ზედიზედ მეშვიდედ გაიფორმა პრეზიდენტის პოსტი. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე რეჟიმის მიერ ტოტალური კონტროლის პირობებში წარიმართა. ოფიციალურად არჩევნებში მონაწილეობა ხუთმა კანდიდატმა მიიღო, ოთხი მათგანი რეჟიმის მიერ მართული ტექნიკური კანდიდატები იყო. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, ლუკაშენკომ „არჩევნებში“ მოსახლეობის 87%–ის მხარდაჭერა მიიღო. ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც შეერთებული შტატები და არც ევროპის კავშირი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
პარალელი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან
წინასაარჩევნო გარემო და უშუალოდ არჩევნების დღე პრინციპულად განსხვავდებოდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან. 2020 წელს ოპოზიციის ორგანიზებით იმართებოდა მრავალათასიანი დემონსტრაციები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი მედია საშუალებები. არჩევნების დღეს საჯაროდ გავრცელდა მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მასალები, მაგრამ ამის მიუხედავად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკოს გამარჯვება გამოაცხადა (80 %). არჩევნების გაყალბებას მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაციებით უპასუხა ოპოზიციამ. ოპოზიციის უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტი რამდენიმე თვე გაგრძელდა, რეჟიმის მხრიდან კი ადგილი ჰქონდა აგრეთვე უპრეცედენტო ფორმის რეპრესიებსა და ძალადობას. უშუალოდ პროტესტების მიმდინარეობისას დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ფიზიკურად გაუსწორდნენ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს. პროტესტების ძალით ჩახშობის შემდეგ რეჟიმი აქტიურად დევნიდა როგორც პროტესტის ორგანიზატორებს ასევე უბრალო მონაწილეებს, რის შედეგადაც ათეულობით ათასი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. მათ შორის, 20 ათასზე მეტმა ბელარუსის მოქალაქემ თავი შეაფარა საქართველოს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს განვითარებული მოვლენები არ იყო გამოწვეული მხოლოდ არჩევნების მასშტაბური გაყალბებით. 2020 წლისთვის ბელარუსში საკმაოდ ძლიერი იყო ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი. ამავე პერიოდში, ლუკაშენკოს გაცხადებული ჰქონდა რუსეთსა და დასავლეთს შორის მოჩვენებითი დაბალანსების პოლიტიკა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით საზოგადოების უდიდესს ნაწილში არსებობდა სისტემური ცვლილებების დაკვეთა და გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რეალურად იყო ბელარუსიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროტესტების საბოლოო კატალიზატორი. ამ პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კრემლის როლი, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს დაეხმარა ადამიანური რესურსით (3 000 მეტი ძალოვანი გადაისროლა პროტესტების ჩასახშობად) და მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებაც. 2020 სექტემბერში ლუკაშენკოს და პუტინის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც პუტინმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ლუკაშენკოს და ასევე მოუწონა დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმების ჩატარების ინიციატივა. ლუკაშენკოს რეჟიმი საჯაროდ აფიქსირებდა საკონსტიტუციო რეფორმების გატარების მზაობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის იყო კრემლის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო მმართველობიდან, საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის გეგმა, რაც კიდევ უფრო გაამარტივებდა კრემლის მიერ ბელარუსზე სრული პოლიტიკური კონტროლის დამყარებას. აღნიშნული საკითხი ასევე განიხილეს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამ პროცესებში მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმერ მაკეის როლი, რომელიც მალევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ლუკაშენკოს რეჟიმმა საკონსტიტუციო ცვლილებები რეფერენდუმზე გამოიტანა, რომელიც 2022 წლის 27 თებერვალს ჩატარდა. საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის ნაცვლად, განახლებული კონსტიტუციის მიხედვით შეიქმნა ახალი წარმომადგენლობითი ორგანო, ფორმალურად გაძლიერდა აღმასრულებელი ხელისუფლების როლი. აგრეთვე ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი სარგებლობს სრული სამართლებრივი იმუნიტეტით და სურვილის შემთხვევაში შეუძლია გახდეს რესპუბლიკის საბჭოს მუდმივი წევრი. კონსტიტუციის განახლებულ ვერსიაში აღარ გვხდება ნეიტრალიტეტის და ბირთვულ ენერგიაზე უარის გაცხადების შესახებ ჩანაწერები. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებით ლუკაშენკომ გაიმყარა საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები და პოტენციურად შესაძლებელი გახადა ძალაუფლების გადაცემა. ამასთან ერთად, ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერის ამოღება კონსტიტუციიდან ნიშნავდა იმას, რომ მინსკი უარს ამბობდა თუნდაც ფორმალურ „უბლოკო სტატუსზე“ და სრულად იზიარებდა კრემლის სტრატეგიულ პრიორიტეტებს. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ლუკაშენკომაც არაერთხელ აღიარა, რომ კრემლთან „ერთ ნავში ზის“, რითაც ხაზი გაუსვა რუსეთის და ბელარუსის საერთო სტრატეგიულ ინტერესებს.
დემოკრატიული არჩევნების სრული დემონტაჟი და ავტორიტარული მოდელის საბოლოო ფორმირება
2020 წელთან შედარებით შიდაპოლიტიკური ლანდშაფტი ბელარუსში დრამატულადაა შეცვლილი. 2025 წლის არჩევნებისთვის რეჟიმმა ჰიპოთეტური შანსიც არ დატოვა რაიმე სახის საპროტესტო, ან თუნდაც ფორმალური ოპოზიციური საქმიანობისთვის. ყველა დამოუკიდებელი კანდიდატი ან ციხეშია, ან იძულებით ემიგრაციაში, შეკრება და მანიფესტაციის უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვთ მოქალაქეებს და მედია სრულად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ. როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნების დღე რეჟიმის მიერ კარგად ორკესტრირებული პროცესი იყო. რეალური ოპოზიციის არარსებობის პირობებში სისტემა გადავიდა რეპრესიების ახალ დონეზე, როდესაც რეჟიმის სამიზნე ხდება ხალხი, რომელსაც საჯაროდ არც კი აქვს დაფიქსირებული განსხვავებული პოზიცია. ძალოვანი სტრუქტურების მიერ მართული რეპრესიული აპარატი რომელიც იქცა რეჟიმის ერთადერთ საყრდენად, გადასულია სიმბოლური პოლიტიკური პერფორმანსების გამო ადამიანების დასჯაზე. მოქალაქეებს პასუხისგებაში აძლევენ ოპოზიციური მედია საშუალებების „დალაიქების“ და გამოწერის გამო (ფორმალური მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური მედია საშუალებების უმეტესისას ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი აქვს). უფლებადამცველები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ წინასაარჩევნოდ დააკავეს ადამიანები, რომლებიც სატელეფონო ანძების ინფორმაციის გაშიფვრის შედეგად 2020 წელს იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე სადაც საპროტესტო მსვლელობები მიმდინარეობდა.
ლუკაშენკოს რეჟიმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე საარჩევნო ციკლის მაქსიმალურად სტაბილურ ვითარებაში დასრულება, ფორმალურად ახალი საპრეზიდენტო ვადის გაფორმებით რეჟიმმა სიმბოლურად დაძლია საკუთარი ხალხის წინააღმდეგობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ისევე როგორც პუტინის რეჟიმი მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებს ფორმალურ ლეგიტიმაციას, ამიტომაც ინარჩუნებს არჩევნების პრაქტიკას, პირველ რიგში რეჟიმის მომხრე საზოგადოების ნაწილის დასაკმაყოფილებლად და ამასთან ერთად საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების სურვილით. რეჟიმი ამ საპრეზიდენტო არჩევნებით ავრცელებს ორ ძირითად გზავნილს:
- საპროტესტო მუხტი ქვეყანაში აღარ არსებობს, ვინც წინააღმდეგი იყო უკვე დატოვა ქვეყანა;
- ვინც დარჩა – ის რეალურად უჭერს მხარს არსებულ „ხელისუფლებას“.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის პირობებში სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული პროპაგანდა ხშირად საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს საზოგადოების ფართო მასებზე, და ამ ნაწილშიც საკმაოდ რელევანტურია პარალელების გავლება რუსეთში არსებულ ვითარებასთან, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მოწყვლადია აგრესიული სახელმწიფო პროპაგანდის წინაშე. ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, როდესაც საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს ფიზიკურად არ აქვს წვდომა ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროებზე, ცხადია საზოგადოების რაღაც ნაწილი მეტად მოწყვლადი აღმოჩნდება აგრესიული პროპაგანდისტული მანქანის წინაშე და გაიზიარებს, თუნდაც ნაწილობრივ, რეჟიმის პოზიციას. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ხარისხს, რადგან საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი, ვისაც არ სურს ავტოკრატიის პირობებში ცხოვრება არსად არ გამქრალა, ის უბრალოდ ფრუსტრირებულია და ჩამოშორდა პოლიტიკურ პროცესებს და ელოდება სისტემის ჩავარდნას, რომელმაც შესაძლოა პოტენციურად შეცვალოს არსებული სტატუს-კვო.
ემიგრაციაში მყოფი ოპოზიცია
2020 წლის ყველაზე რთული და დრამატული პერიოდიდან მოყოლებული ბელარუსის ოპოზიციურმა სპექტრმა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანას მიაღწია, მათ ჯერ კიდევ იძულებით ემიგრაციამდე შეძლეს ერთიანი პოზიციის და პლატფორმის შექმნა, და ლუკაშენკოს რეჟიმთან ერთიანი ფრონტით დაპირისპირება. სამწუხაროდ, ოპოზიციის გაერთიანებული ძალისხმევაც არ აღმოჩნდა საკმარისი ბელარუსში სისტემური ცვლილებების განსახორციელებლად, ლუკაშენკოს რეჟიმმა ათასობით ოპოზიციის წარმომადგენელი ციხეში ჩასვა, უდიდესს ნაწილს კი, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ სვეტლანა ტიხანოვსკაიას და მის გუნდს, ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ამ ხუთ წლის განმავლობაში ოპოზიციამ რეალურად ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს მიაღწია, ისინი ჯერ კიდევ აგრძელებენ ფუნქციონირებას როგორც პოლიტიკური გაერთიანება და შეზღუდული, ხშირად ფორმალური დონის აქტივობებით, ცდილობენ ლუკაშენკოს რეჟიმის დასუსტებას. ემიგრაციაში მყოფი ოპოზიციის საქმიანობა, შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულად:
- საერთაშორისო არენაზე აგრძელებენ ბელარუსი ხალხის პროტესტის და პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას;
- ლობირებენ სანქციების რეჟიმის შენარჩუნებას ლუკაშენკოს წინააღმდეგ;
- უცხოეთში იძულებით მცხოვრებ ბელარუსებს უწევენ სამართლებრივ დახმარებას.
ამავდროულად, ბელარუსის დღევანდელ ოპოზიციას ახასიათებს მნიშვნელოვანი ობიექტური სისუსტე, მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ საზოგადოებაზე. შიდა აუდიტორიასთან კონტაქტის გარეშე გარდაუვალია მთლიანი ოპოზიციური მოძრაობის დასუსტება და მარგინალიზაცია, მსგავსი პროცესები აღინიშნება იძულებით ემიგრაციაში მყოფი რუსული ოპოზიციის შემთხვევაშიც. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი, რეალური შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მუდმივი ფიზიკური კონტაქტი საზოგადოების ფართო მასებთან. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2022 წლის შემდეგ გლობალურ პოლიტიკაში ბევრი ახალი პრობლემური საკითხი წამოიჭრა და ბელარუსი ოპოზიციონერებისთვის სულ უფრო რთულია დღის წესრიგში შეინარჩუნოს ბელარუსის საკითხი.
რეჟიმის მომავალი და ანექსიის საფრთხე
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლუკაშენკოს მთავარი მიზანი იქნება რეჟიმის ე.წ. კონსერვაცია, რაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვასა და საზოგადოების ცხოვრებაზე სრული კონტროლს დამყარებას გულისხმობს. აღნიშნულს ემატება „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ ფორმატში ნაკისრი ვალდებულებები, უკვე სამი ათწლეულია მოსკოვი ნაბიჯ–ნაბიჯ აღრმავებს ბელარუსის ინტეგრაციის პროცესს, რომელიც პირველ რიგში ეკონომიკურ ინტეგრაციაში აისახებოდა, მაგრამ ახლა როდესაც ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის ბირთვული შეიარაღება, ლუკაშენკოს დიდი ალბათობით კიდევ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა მოუწევს. საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბელარუსის მოქალაქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რუსეთში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიგვითითებს იმაზე, რომ პოლიტიკური ანექსიის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა, რაც საშუალოვადიან პერსპექტივაში ბელარუსისთვის სუვერენიტეტის საბოლოო დაკარგვით შესაძლოა დასრულდეს. გარდა ამისა, რეჟიმის და ბელარუსის ბედი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდის და რა ფორმით დასრულდება რუსეთ–უკრაინის ომი. მაგრამ სისტემისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს რეჟიმის პერსონიფიცირებული სახე, სადაც ყველაფერი ლუკაშენკოს ირგვლივ ტრიალებს. მსგავსი ტიპის სიტემები მოჩვენებითად მდგრადია და არ იძლევა ძალაუფლების ტრანზიციის საშუალებას. საბოლოო ჯამში, დღევანდელ ვითარებაში საკმაოდ რთულია პოზიტიური პროგნოზების გაკეთება. ბელარუსი ფაქტობრივად ორმაგ ტყვეობაში რჩება. ქვეყნის შიგნით პროცესებს ლუკაშენკოს რეჟიმი მართავს, ხოლო ქვეყნის გარეთ კრემლი ემზადება ანექსიის პროცესის დასასრულებლად.