ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი
2025 წლის 13 ივნისს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის ბირთვული ობიექტები, სამხედრო ბაზები, ბირთვული ფიზიკის მეცნიერების, „გუშაგთა კორპუსის“ და გენერალური შტაბის მაღალჩინოსნების საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რამაც ირანის მოსახლეობაში დიდი ქაოსი და გაურკვევლობა გამოიწვია. იქიდან გამომდინარე,რომ ირანი საკმაოდ მრავალეროვან ქვეყანას წარმოადგენს, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ამ 12 დღიანი ომის მიმდინარეობის დროს მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ირანის ეროვნული უმცირესობების ამ ომისადმი დამოკიდებულებისა და შესაძლო რეაგირების საკითხმა.
ირანის ეროვნული უმცირესობები და მათი ომისადმი დამოკიდებულება
დიდი ისტორიისა და იმპერიული წარსულის მქონე ირანში ყოველთვის ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელები. დღესაც ქვეყანაში ამ თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანი პალიტრაა წარმოდგენილი. სპარსელების გარდა, რომელიც ირანში სახელმწიფოწარმომქნელ ერად ითვლება, აქ ცხოვრობენ აგრეთვე ირანის აზერბაიჯანელი თურქები, ქურთები, ბელუჯები, სომხები, ებრაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. თუმცა, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის კუთხით გამორჩეულ ყურადღებას აზერბაიჯანელი თურქები, ქურთები და ბელუჯები იქცევენ.
ისრაელ-ირანის ომის საწყის ეტაპზე ირანში მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც სპარსულ, ისე აზერბაიჯანულ რეგიონებში ომის შედეგად აიათოლების ხელისუფლებიდან ჩამოშორების შანსს ხედავდა და რეჟიმის საყრდენი ინსტიტუტების დაბომბვებს მიესალმებოდა კიდეც, თუმცა არა იმას, რომ ომი უშუალოდ მათ ოჯახებს და რიგით მოქალაქეებს შეხებოდა. იმის გამო, რომ ისრაელ-ირანს შორის საომარი მოქმედებების დაწყებას ირანის მოსახლეობაში ქაოსი და დაბნეულობა მოჰყვა, თავიდანვე ძალიან გართულდა იმის დადგენა თუ მოსახლეობის, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების რა ნაწილმა შეინარჩუნა ოპტიმისტური განწყობა და რა ნაწილში იმძლავრა პესიმიზმმა. თუმცა, თავიდანვე შეინიშნებოდა ტენდენცია, რომ დაბომბვების ინტენსიფიკაციის ფონზე შეიძლებოდა მომხდარიყო ირანის დაყოფილი საზოგადოების კონსოლიდაცია აშშ-ისრაელის წინააღმდეგ. ამას დასავლური მედიის მიერ გადაღებული რეპორტაჟებიც ადასტურებდა.
არის კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი და აშშ მაღალი სიზუსტით კონკრეტულ სამიზნეებს ანადგურებდნენ, ზოგიერთ შემთხვევებში ადამიანურ მსხვერპლს მშვიდობიან მოქალაქეებშიც, მათ შორის აზერბაიჯანელ თურქებშიც ჰქონდა ადგილი. ეს გარემოება კი ირანში ეროვნულ უმცირესობებსაც, მათ შორის ირანის აზერბაიჯანელებსაც თავისთავად აწუხებდათ. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სხვადასხვა რეგიონთან და ქალაქებთან ერთად აზერბაიჯანელელი თურქებით დასახლებული თავრიზისა და არდებილის ტერიტორიებიც აქტიურად იბომბებოდა. თან, ისრაელს და აშშ-ს ძლიერი იერიშები მიჰქონდა ურმიესა და თავრიზში არსებულ სამხედრო ბაზებზე, ენერგეტიკულ და ბირთვული ობიექტებზე. ეს საკითხი იმდენად აქტუალური გახდა, რომ საქმეში ოფიციალური ბაქოც კი ჩაერია და ისრაელს აზერბაიჯანელებით დასახლებული ირანის ტერიტორიების დაბომბვისაგან თავის შეკავება სთხოვა. საგულისხმოა, რომ ეს პრობლემა ირანის აზერბაიჯანელების ოპოზიციურმა, სეპარატისტულმა მედიამაც კი გააშუქა, რაც საკითხის მნიშვნელობასა და სენსიტიურობაზე მიუთითებს.
ასეთი რეალობა ირანის მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს და რა თქმა უნდა ირანის აზერბაიჯანელებს ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ განაწყობდა, რაც ირანში აიათოლების ხელისუფლების შესაძლო შეცვლის ამოცანასთან სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდიოდა. გარდა ამისა, რიგითი სამხედროების დაღუპვის შემთხვევებიც, რომელთა შორის ბევრი ირანელი აზერბაიჯანელი თურქი მსახურობს, აიათოლების სასარგებლოდ მუშაობდა, რადგან მათ უკან თავისთავად მრავალრიცხოვანი ოჯახები და სანათესაო უნდა მოვიაზროთ, რომლებისთვისაც ასეთი რეალობა სრულიად მიუღებელი იყო.
ამ ომის დროს ირანის აზერბაიჯანელების რეჟიმის წინააღმდეგ ნაკლები აქტიურობა დიდი ალბათობით განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებითაც: ირანის აზერბაიჯანელები სრულიად არიან ინტეგრირებული ირანის სახელმწიფო სისტემაში. მეტიც, დღეისათვის ირანის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებს სწორედ ისინი იკავებენ. ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი ირანის აზერბაიჯანიდანაა, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი თავრიზელი აზერბაიჯანელია. გარდა ამისა ირანის აზერბაიჯანელები იკავებენ მრავალ საკვანძო თანამდებობას მთავრობაში, სპეცსამსახურებსა და სამხედრო სტრუქტურებში.
ამასთან ერთად უნდა ითქვას ისიც,რომ ირანის აზერბაიჯანში წარმოდგენილია სხვადასხვა სეპარატისტული ორგანიზაცია: სამხრეთ აზერბაიჯანის ეროვნული განთავისუფლების ფრონტი-მოძრაობა; წინააღმდეგობის აზერბაიჯანული სახელმწიფო ორგანიზაცია; სამხრეთ აზერბაიჯანის დემოკრატიული თურქული კავშირი; აზერბაიჯანული სტუდენტური მოძრაობა; სამხრეთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის პარტია; სამხრეთ აზერბაიჯანის დემოკრატიული პარტია; სამხრეთ აზერბაიჯანის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია; აზერბაიჯანის ცენტრის პარტია; გარდა ამისა, დამოუკიდებლად მოქმედებს სამხრეთ აზერბაიჯანის ეროვნული გამოღვიძების მოძრაობა, რომელიც ირანის ფედერალური მოწყობით უფროა დაინტერესებული, ვიდრე აზერბაიჯანული რეგიონების ირანისაგან გამოყოფით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ირანის აზერბაიჯანელების გარკვეული ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანელების ეროვნულ უფლებებს იცავს და სეპარატისტულადაა განწყობილი, თუმცა ზემოხსენებულ გარემოებათა გამო მათ ამ ეტაპზე რეჟიმის საწინააღმდეგოდ რაიმე მკვეთრი განცხადებების გაკეთებისა და მოძრაობისაგან თავი შეიკავეს.
საბოლოო ჯამში, ზემოხსენებული ფაქტორების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ ამ 12 დღიანი ომის დროს ირანის აზერბაიჯანში არ შეინიშნებოდა აიათოლების რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები. ირანელი აზერბაიჯანელები ძირითადად შეშფოთებით და სიფრთხილით უყურებდნენ ისრაელ-ირანის ომს, რომელიც უშუალოდ მათზე აისახა.
ირან-ისრაელის ომის ფონზე აგრეთვე ყურადღებას იქცევს ირანის ქურთებით დასახლებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, სადაც წარმოდგენილია შემდეგი პარტიები: ქომალა, ქურთისტანის დემოკრატიული პარტია (KDPI), PKK-ს ირანული ფილიალი PJAK-ი და ქურთისტანის თავისუფლების პარტია (PAK). ზოგადად,ზოგიერთი ამ პარტიის რადიკალური პოზიციის მიუხედავად, ომის დაწყებისთანავე ირანელი ქურთების ორგანიზაციებმა საკმაოდ ფრთხილი და მოზომილი მიდგომა აირჩიეს. შესაბამისად, ისმის შეკითხვა: რატომ ფრთხილობენ ასე ირანელი ქურთები?! სავარაუდოდ ისინი ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ აშშ-ის და ისრაელის მთავარ მიზანს ირანის მოქმედი ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენდა. მითუმეტეს, რომ ვაშინგტონმა ამის შესახებ რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია. კერძოდ, ომის დღეებში აშშ-ისპრეზიდენტმა ირანის ხელისუფლების უკომპრომისო პოზიციის გამო აიათოლების მმართველობის შეცვლის ალბათობაზე გააკეთა განცხადება. თუმცა, მოგვიანებით თვითონვე უარყო და განაცხადა, რომ ეს ქაოსს გამოიწვევდა.
არაა გამორიცხული,რომ ტრამპის პირველი განცხადება სწორედ ირანის ოპოზიციასა და ეროვნულ უმცირესობის გააქტიურებაზე იყო გათვლილი. თუმცა, არის კიდევ ერთი დეტალი – ტრამპის ასეთი მერყევი პოზიციის გამო შესაძლოა ირანელ ქურთებს შეეშინდათ, რომ თუ ისრაელი და აშშ მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის განეიტრალებაზე გააკეთებდნენ აქცენტს და ბირთვული ობიექტების განადგურების შემდეგ საომარ მოქმედებებს შეწყვეტდნენ, აიათოლები და „გუშაგთა კორპუსი“ ხელისუფლებაში ისევ დარჩებოდნენ და მალევე მოიკითხავდნენ იმ ქურთული პარტიებისა და ორგანიზაციების წევრებს, ვინც მათ წინააღმდეგ იმოქმედებდა. თავისთავად ამას მოჰყვებოდა ირანის ძალოვანების სასტიკი სადამსჯელო ოპერაციები ირანის ქურთისტანის ტერიტორიაზე, რაც ქურთულ მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა. საბოლოო ჯამში, დღევანდელი გადასახედიდან, ქურთული ორგანიზაციების სიფრთხილემ გაამართლა, რადგან ირანის რეჟიმი სერიოზული დარტყმის მიღების მიუხედავად გადარჩა და თავისი პოლიტიკური ოპონენტების და უცხო ქვეყნის აგენტების დასჯა უკვე დაიწყო. ირანის სპეცსამსახურები ბოლო ხანებში მასობრივ რეპრესიებს ახორციელებენ და ისრაელის აგენტების ბრალდებით დიდი რაოდენობით აპატიმრებენ საკუთარ მოქალაქეებს.
კიდევ ერთ დამატებით ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ირანის ყოფილი შაჰის შვილის, რეზა ფეჰლევის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა, რომელიც ბოლო წლებში საჯარო აქტიურობით გამოირჩეოდა და ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილსაც ღიად გამოხატავდა. ცნობილია, რომ ფეჰლევების დინასტიის მმართველობის დროს ბევრი ქურთი პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციას და დაპატიმრებას ჰქონდა ადგილი, რამაც ირანის ქურთისტანის ქურთულ ეროვნულ მოძრაობას დიდი ზიანი მიაყენა. საფიქრებელია, რომ ქურთებისათვის მათ მიმართ სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებით ცნობილი პაპისა და მამის შთამომავლის ხელისუფლებაში მოსვლა სრულიად მიუღებელი იყო.
თუმცა, ზოგადი თავშეკავების ფონზეც იყო ცალკეული გამონაკლისებიც. კერძოდ, ირანის ქურთისტანის დემოკრატიულმა პარტიამ (KDPI) 2025 წლის 14 ივნისს გააკეთა განცხადება, რომელშიც მოსახლეობას ირანის ხელისუფლების ჩამოგდებისაკენ მოუწოდა. გარდა ამისა, ერაყის ქურთისტანში ბაზირებულმა ქურთისტანის თავისუფლების პარტიამ (PAK) განაცხადა, რომ ერთერთი ქურთული დაჯგუფება ისრაელის მხარეზე ბრძოლისათვის მზადყოფნას გამოთქვამდა. მათივე განცხადებით, ბოლო ხანებში ირანის ხელისუფლებამ ირანის აღმოსავლეთ ქურთისტანის რეგიონში დამატებითი სამხედრო კონტინგენტი შეიყვანა. გარდა ამისა, ირანის სპეცსამსახურებმა 300-მდე ეთნიკური ქურთი დააკავეს და მათი ნაწილი სიკვდილითაც კი დასაჯეს. საფიქრებელია, რომ ირანელ ძალოვნებს ქურთისტანში მდგომარეობის დაძაბვის ეშინოდათ და პრევენციულ ზომებს მიმართავდნენ. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელს და აშშ-ს ქურთულ პარტიებსა და ორგანიზაციებში ძლიერი პოზიციები ჰქონდათ და მათში საიმედო მოკავშირისა და პარტნიორის იმიჯი გააჩნდათ.
აღსანიშნავია, რომ PKK-ს ირანული ფილიალის PJAK-ის ხელმძღვანელობამ (თავად PKK-მ არსებობა შეწყვიტა) ირანის აზერბაიჯანის მოსახლეობას და პარტიებს ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაერთიანების წინადადებით მიმართა. ქურთული პარტიის აზრით, ირან-ისრაელის ომის ფონზე გართულებების თავიდან აცილების მიზნით ირანის აზერბაიჯანის იმ ტერიტორიებზე, სადაც აზერბაიჯანელები და ქურთები ერთად ცხოვრობენ მშვიდობის შენარჩუნება და ირანის სპეცსამსახურებისგან თავის ერთობლივად დაეცვა იყო საჭირო. აქ საუბარი უნდა იყოს ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის ოლქის დედაქალაქ ურმიესა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რადგან სწორედ ეს ტერიტორია ეთნოკონფლიქტის წარმოქმნის მაღალი ალბათობის გამო პრობლემურად ითვლება და მშვიდობიანობის დროსაც კი ირანის ძალოვანი სტრუქტურების განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ იმყოფება. საყურადღებოა, რომ ისრაელ-ირანის ომს აგრეთვე გამოეხმაურა ბელუჯისტანის განთავისუფლების მოძრაობა და ისრაელს მხარდაჭერა აღუთქვა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ირანი და პაკისტანი ისრაელისა და ბელუჯისტანის მტრებად დაასახელა. პოტენციურად, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ირანის საწინააღმდეგოდ გარკვეული მცირემასშტაბიანი აქციებიც განეხორციელებინა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ამას ისრაელ-ირანის ომზე ან აითოლების რეჟიმის სიმყარეზე რაიმე სერიოზული ზეგავლენა მოეხდინა. საინტერესოა,რომ ისრაელ-ირანის ომის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა პაკისტანი, რომელსაც ირან-პაკისტანის საზღვრის მონაკვეთზე ბელუჯი სეპარატისტების გააქტიურება აშინებდა.
დასკვნა
ირან-ისრაელის ომმა ნათლად აჩვენა, რომ ირანში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები და მათი პარტია/ორგანიზაციები აიათოლების მმართველი რეჟიმის მიმართ საკმაოდ ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენენ. სავარაუდოდ, ეს განპირობებულია იმ წარსული გამოცდილებებით, რომელიც გასული ათწლეულების განმავლობაში დაუგროვდათ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ეროვნულ უმცირესობას განსხვავებულ რეალობაში უწევს ცხოვრება, მათი დამოკიდებულებაც განსხვავებულია. კერძოდ, ირანის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამხედრო ელიტაში ირანის აზერბაიჯანელების დიდი კონცენტრაციის გამო, ისინი რევოლუციური განწყობებით არ გამოირჩევიან. ირანის აზერბაიჯანელებში ორი ერთმანეთთან გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მყოფი იდეა დომინირებს: 1. ირანის სახელმწიფო სისტემაში მაქსიმალური ინტეგრაცია და ქვეყნის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება, რაც ამ ეტაპზე პრინციპში დიდწილად განხორციელებულიცაა; 2. თურქულ-აზერბაიჯანული ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ირანის შემადგენლობიდან გამოყოფა. ამ იდეის მომხრეების მიერ ირანის საკმაოდ მყარი რეჟიმის დამარცხების ალბათობა საკმაოდ დაბალია. უფრო მეტიც, დღევანდელი მდგომარეობით არარეალურია.
სულ სხვა რეალობა აქვთ ქურთებს, რომლებიც თავისი ირანული წარმოშობისა და სპარსელებთან ახლო ნათესაობის მიუხედავად, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენენ. ფაქტია,რომ ირანში მათი უფლებები მაქსიმალურად შეზღუდულია და მმართველი რეჟიმი მათ მნიშვნელოვან ნაწილს სეპარატისტებად მიიჩნევს. შესაბამისად, ქურთული ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი ეროვნული თვითმყოფადობისა და საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით ბრძოლის შეიარაღებულ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული უმცირესობების უმეტესი ნაწილი შეეცდება ირანის მოქმედ რეჟიმთან თანაარსებობას ისეთი ფორმით, რომელიც მათ მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს. თუმცა, მათი მცირე ნაწილის მხრიდან გარკვეული სახის ლოკალურ დაპირისპირებებს მომავალშიც ექნება ადგილი. განსაკუთრებით ეს ეხება ქურთულ პარტია-ორგანიზაციების გარკვეულ ნაწილს. რაც შეეხება ირანის აზერბაიჯანელ თურქებს, იმ ფონზე, როცა ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებს მათი აზერბაიჯანელი თანამოძმეები იკავებენ, მათგან რაიმე რევოლუციური პროცესების წამოწყება ნაკლებადაა მოსალოდნელი. მეტიც, აზერბაიჯანელთა სახელმწიფო სისტემაში ინტეგრაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.