ესკალაცია ბრძოლის ველის მიღმა: რუსეთის ომი და ევროპის უსაფრთხოება

ესკალაცია ბრძოლის ველის მიღმა: რუსეთის ომი და ევროპის უსაფრთხოება

ავტორი: ნატა ქორიძე, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი

მ.წ. 4აგვისტოს ლაიფციგის აეროპორტში დრონით თავდასხმის მცდელობა მნიშვნელოვანია, რადგან იგი რუსეთ-უკრაინის ომის ბუნების ცვლილებაზე მიუთითებს: რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს ევროპის ტერიტორიაზე პირდაპირ თავდასხმებს. გერმანიამ აღნიშნულ ინციდენტში რუსეთი დაადანაშაულა, ევროპაში კი იზრდება შეშფოთება მოსკოვის მიერ ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ ჰიბრიდული მეთოდების გამოყენების ინტენსიფიკაციის გამო. უკრაინაზე რუსეთის გახშირებული თავდასხმები, ევროპის ქვეყნების მიმართ მომატებული პირდაპირი მუქარა და რუსეთზე უკრაინის მიერ განხორციელებული მზარდი დარტყმები მიუთითებს ესკალაციის ახალ ეტაპზე, რომლის შედეგებიც შესაძლოა ბრძოლის ველს მნიშვნელოვნად გასცდეს.

მიმდინარე ეტაპის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რომელიმე ცალკეული ინციდენტი კი არ განაპირობებს, არამედ ესკალაციის რამდენიმე ფორმის ერთდროულად გაძლიერება. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ზოგჯერ ჩიხად არის შეფასებული, ომის სხვა მიმართულებები აშკარად ინტენსიფიცირდება: უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სულ უფრო ღრმა სამიზნეებს უტევს, რუსეთი ევროპაში ჰიბრიდულ საქმიანობას აფართოებს, ხოლო ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ მისი რიტორიკა სულ უფრო პირდაპირი ხდება. აღნიშნული კი სულ უფრო ძლიერ გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოების ფართო გარემოზე.

ლაიფციგის ინციდენტი და გერმანიის რეაქცია

4 აგვისტოს, ლაიფციგის აეროპორტში, Antonov Airlines-ის მართავის ქვეშ მყოფი უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის გვერდით ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს და მოგვიანებით რობოტის დახმარებით გააუვნებელყვეს. აეროპორტი, რომელსაც ასევე იყენებენ ევროპული და ნატოს სამხედრო თვითმფრინავები, დროებით დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე დრონი ახლომდებარე თვითმფრინავს შეეჯახა და განადგურდა. ათი დღის შემდეგ გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აეროპორტის მიმდებარე მინდორში აღმოაჩინეს მესამე დრონი, რომელსაც სამხედრო ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი ჰქონდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, 1 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობაში. ბერლინმა დახურა რუსეთის საკონსულო ბონში და „რუსული სახლი“ ბერლინში, გაამკაცრა გერმანიაში შემომავალი რუსეთის მოქალაქეების კონტროლი და რუსეთის ელჩი დაიბარა საგარეო უწყებაში. გერმანიამ ადრეც მკაფიო პოზიცია დაიკავა რუსეთის დიპლომატიურ და სადაზვერვო საქმიანობასთან მიმართებაში. ომის დაწყებიდან გერმანიამ ქვეყნიდან დაახლოებით 400 რუსი გააძევა, მათ შორის 80-ზე მეტი დიპლომატი და 313 მოქალაქე. მოსკოვმა ბრალდებები უარყო, მათ რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების ესკალაცია უწოდა და გააფრთხილა გერმანია რომ ამას შედეგები მოჰყვებოდა. რუსი ოფიციალური პირები ასევე აცხადებდნენ, რომ მტკიცებულებები განზრახ იყო გაყალბებული რათა რუსეთი დამნაშავედ წარმოეჩინათ.

რამდენიმე ნატოელმა მოკავშირემ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, იტალიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და პოლონეთმა, მხარი დაუჭირა გერმანიის შეფასებას.

ლაიფციგის ინციდენტი იზოლირებული მოვლენა არ არის; იგი უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელსაც ევროპული მთავრობები სულ უფრო ხშირად რუსეთის ჰიბრიდულ ომად აფასებენ.

ევროპა ზეწოლის ქვეშ

შიდა წინააღმდეგობების მიუხედავად, ევროპა უკრაინის ყველაზე თანმიმდევრულ და საიმედო მოკავშირედ ჩამოყალიბდა, რაც მოსკოვისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. რუსეთი ტრადიციულად ევროპასა და ევროკავშირს უპრინციპო, მერკანტილურ და ადვილად მანიპულირებად  სივრცედ/ორგანიზაციად აღიქვამდა. რუსეთი იყენებს მეთოდებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ კონვენციური სამხედრო დაპირისპირების ზღვარს ქვემოთ დარჩეს. ეს მოიცავს კიბერშეტევებს, ჯაშუშობას, დეზინფორმაციას, საბოტაჟსა, და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩარევას. მათი მიზანია ხარჯების ზრდა, დაუცველობის განცდის შექმნა და ევროპული პოლიტიკური ერთიანობის შესუსტება.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ Associated Press-მა რუსეთის მიერ ევროპაში საბოტაჟისა და მავნე საქმიანობის დაახლოებით 200 ინციდენტი დააფიქსირა. მაგალითად, 2024 წლის მარტში აღმოსავლეთ ლონდონში ცეცხლი წაუკიდეს საწყობს, სადაც უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარება ინახებოდა. გამოძიებამ თავდასხმა კრემლთან დაკავშირებულ „ვაგნერის“ ჯგუფის პირებს მიაწერა. 2026 წლის აგვისტოში რუსეთის მტრული საქმიანობის ნიშნები,  გამოვლინდა რუმინეთში, სლოვაკეთში, ესტონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, და  ა.შ. ეს მოიცავს არა მხოლოდ ე.წ. აქტიურ ღონისძიებებს, არამედ ისეთ პირდაპირ მოქმედებებსაც, როგორიცაა ხანძრის გაჩენა, საბოტაჟი და ძალადობრივი მოქმედებები. ზოგიერთი ანალიტიკოსი უფრო შორს მიდის და მიიჩნევს, რომ რუსეთის ის ქმედებები, რომლებსაც ჩვეულებრივ „ჰიბრიდულ ომად“ მოიხსენიებენ, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ტერორიზმის ნიშნებს მოიცავს; სხვები კი აღნიშნავენ მსგავსებებს ISIS-ისა და რუსეთის ჰიბრიდული ომის მეთოდებს შორის. ტერმინოლოგიის მიუხედავად, ევროპაში შეშფოთებას იწვევს, რომ რუსეთი ცდილობს ევროპულ სახელმწიფოებზე ზეწოლას და მათ დაშინებას ისე, რომ აუცილებელი არ იყოს იმ ზღვრის გადაკვეთა, რომელიც ნატოსთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამავდროულად, ევროპის სახელმწიფოების მიმართ რუსეთის რიტორიკა სულ უფრო კონფრონტაციული ხდება და მომდინარეობს როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტებისგან, ისე ოფიციალური პირებისგან ბირთვული შანტაჟის, დაშინებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ერთობლიობის სახით.

ევროპის შეშფოთება, სხვა საკითხებთან ერთად, აისახება რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირებაშიც. ევროპაში რუსეთის დიპლომატიურ მისიებს სულ უფრო ხშირად განიხილავენ დაზვერვის ინფორმაციის მოპოვების, გავლენის ოპერაციებისა და ფარული საქმიანობის შესაძლო მხარდამჭერებად. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ევროპაში რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემცირების წინადადებით გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთს ევროკავშირში დიპლომატების გადაჭარბებული რაოდენობა ჰყავს. პოლონური შეფასებით, ევროკავშირში 2,000-ზე მეტი რუსი დიპლომატია, რომელთა სულ მცირე 40 პროცენტი, სიკორსკის განცხადებით, დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობაშია ჩართული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ რუსეთი დაძაბულობას ზრდის პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, რუმინეთსა და გერმანიაში.

1 სექტემბერს ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს „განზრახ დაგეგმილი ტერორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთის მოქმედებები სულ უფრო დაუნდობელი და დამანგრეველი ხდება და მიზნად ისახავს ევროპული ქვეყნების დაშინებას, რათა მათ უკრაინის მხარდაჭერა შეამცირონ. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ ტურისტული ვიზები ევროპელების წინააღმდეგ საბოტაჟის აქტების განსახორციელებლად გამოიყენება.

ესკალაცია ევროპამდე აღწევს: რატომ ახლა?

ლაიფციგის ინციდენტის დრო მნიშვნელოვანია. ომი უკვე ოთხ-ნახევარი წელია გრძელდება. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ვინმეს შეეძლო ეწინასწარმეტყველა 2022 წელს, მით უმეტეს, მოსკოვს. კრემლი სულ უფრო მეტად აწყდება უკმაყოფილებას საზოგადოებაში, რომელიც ომის შედეგებს გრძნობს, იქნება ეს მსხვერპლი, პირდაპირი ეკონომიკური გავლენა თუ დრონებით თავდასხმები. ამასთან, უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთარი შესაძლოა განსაკუთრებით რთული იყოს. აშშ-ის მხარდაჭერის დიდწილად შემცირების ფონზე, ევროპაში რუსეთის ფარული ოპერაციები მიზნად ისახავს პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაღლილობის გაძლიერებას, შიშის დათესვას და კრიტიკულ მომენტში უკრაინის მიმართ ევროპული მხარდაჭერის შესუსტებას.

რაც შეეხება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას, სამხედრო და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები სულ უფრო მეტად ხედავენ ჩიხის ნიშნებს, რადგან რუსეთი ტერიტორიულ წინსვლას ვერ ახერხებს. ამავდროულად, რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური პრობლემების შესახებ გავრცელებული ცნობები მიუთითებს, რომ დროთა განმავლობაში მას შესაძლოა ომის ძალისხმევის შენარჩუნება სულ უფრო გაუჭირდეს. თუმცა, ამ ვითარებამ შესაძლოა კრემლს უფრო მეტად უბიძგოს ესკალაციისკენ, სანამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვს.

რადგან ორივე მხარე საკუთარი მეთოდების ადაპტირებას ახდენს და თავდასხმების გეოგრაფიულ და ტექნოლოგიურ მასშტაბს აფართოებს, ომი ხასიათდება როგორც სამხედრო ჩიხით, ისე სტრატეგიული ესკალაციით.

აშშ–ის ბოლო მედიაციის მცდელობები

გერმანიის ბრალდება მოჰყვა CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის, აგვისტოში მოსკოვში დაუგეგმავ ვიზიტს. არც ერთ მხარეს საჯაროდ არ გაუმხელია მოლაპარაკებების დეტალები. Politico-ს ცნობით, რეტკლიფმა რუსეთის ოფიციალური პირები გააფრთხილა აშშ-ის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებთან, დაძაბულობის ესკალაციის წინააღმდეგ. სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ვიზიტის მიზანი იყო პუტინისთვის იმის დადასტურება, რომ ირანში ომის მიუხედავად, აშშ-ის სამხედრო ძლიერება ურყევია, ასევე იმის ხაზგასმა, რომ რუსეთი უკრაინის ომში მარცხდება და მოსკოვის დარწმუნება შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაში.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსალოდნელია, რომ რუსეთმა ნატოს სიმტკიცის გამოცდა კონვენციური თავდასხმისგან განსხვავებული საშუალებებით სცადოს, მათ შორის დივერსიით, საბოტაჟითა და იძულების მეთოდებით ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა ან ფინეთში. ასეთი სცენარების ლოგიკა მარტივია: ომის დასრულება გამარჯვების გარეშე პრეზიდენტ პუტინს სერიოზულ პოლიტიკურ სირთულეებს შეუქმნის. ამიტომ ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა შესაძლოა ევროპაზე ზეწოლისა და ნატოს ერთიანობის შესუსტების ალტერნატიულ გზებს მიმართოს.

აშშ-ის მედიაციის კიდევ ერთმა  მცდელობამ, ანუ სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის 5–6 სექტემბრის ვიზიტებმა მოსკოვსა და კიევში, ახლო მომავალში შეთანხმების მიღწევის ნიშნების გარეშე ჩაიარა. ეს ვიზიტები შესაძლოა კავშირში იყო აშშ-ის ადმინისტრაციის მცდელობასთან, ხელშესახებ შედეგს მიაღწიოს ნოემბერში შუალედურ არჩევნებამდე, ისევე როგორც ვაშინგტონის შეშფოთებასთან რუსეთის შემდგომი ესკალაციის გამო. თუმცა მოსკოვმა კომპრომისისთვის მზადყოფნა არ გამოავლინა და კვლავ მაქსიმალისტური მიზნებით ხელმძღვანელობს, ხოლო კიევი განახლებულ დიალოგს მიესალმა, თმცა უარყო რუსეთის ტერიტორიული მოთხოვნები და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებას.

ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გრძელდება

ჯერჯერობით, უკრაინის მიმართ ევროპული მხარდაჭერა, როგორც ჩანს, მხოლოდ იზრდება. ევროპელი ლიდერების 24 აგვისტოს კიევში ვიზიტი, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს მიეძღვნა, უკრაინის მიმართ ევროპული პოლიტიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება იყო. ვიზიტი უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ ინტენსიური ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული დარტყმების ფონზე შედგა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის 2022 წლის შეჭრის პირველ თვეებთან გათანაბრებული მსხვერპლი მოჰყვა. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ცენტრალური თემა იყო უკრაინის გადაუდებელი საჭიროება – უახლესი თობის საჰაერო თავდაცვის გზაგადამჭრელი რაკეტები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება გადაუდებელი პრიორიტეტია. ევროკავშირი შეთანხმდა დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევაზე, მათ შორის 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, უფრო ფართო, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სასესხო პაკეტის ფარგლებში.

ევროკავშირმა ახლახან მიიღო რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების 21-ე პაკეტი, რაც მიუთითებს, რომ ევროპის რეაქცია, სავარაუდოდ, უფრო ყოვლისმომცველი გახდება. ბლოკმა ასევე მიაღწია შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის რუსი მებრძოლებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ასეთ ქმედებებს არ შეეგუება და ხაზი გაუსვა, რომ „თუ მიზანი იყო ევროკავშირის დაფიქრება უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას გაზრდის.

ევროპული მხარდაჭერა სულ უფრო მეტად სცდება უკვე არსებულ იარაღის მიწოდებას. გაერთიანებულმა სამეფომ MBDA-ს ნება დართო, მიეცა Storm Shadow / SCALP-ის რაკეტის კომპონენტების შესახებ გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე უკრაინისთვის წვდომა, რადგან უკრაინა და საფრანგეთი უკრაინაში საწარმოო ხაზების შექმნას გეგმავენ. ბრიტანეთმა და უკრაინამ ასევე გამოაცხადეს ახალი სამხედრო-ტექნოლოგიური პარტნიორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ბრიტანელი ექსპერტები წვდომას მიიღებენ კიევის Avengers AI Labs-ის მონაცემთა ბაზაზე. ეს არის ომში გამოცდილი სამხედრო ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ბაზა, რომელიც რეალურ საბრძოლო მოქმედებებში მიღებული მონაცემების უზარმაზარ მოცულობას შეიცავს.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც თავადაც, ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ რუსული დრონის სამიზნე გახდა და უკრაინის დიდი ხნის მხარდამჭერია, რუსული აქტივების გაყინვის მოხსნისა და მათი უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ  ბელგიის საბანკო ანგარიშზე რუსული აქტივების 162 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, ხოლო ლონდონში დაახლოებით 13.5 მილიარდი აშშ დოლარი ინახება.

ამასობაში, უკრაინამ 2026 წლის ზაფხულის განმავლობაში გააძლიერა შორ მანძილზე მოქმედი თავდასხმები მოსკოვზე და რუსეთის სხვადასხვა რეგიონებზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და Wildberries-ის საწყობებზე. რუსეთმა პასუხად გააძლიერა დრონებითა და რაკეტებით თავდასხმები, მათ შორის დღისით განხორციელებული დრონების თავდასხმები უკრაინის დედაქალაქზე. პრეზიდენტ ზელენსკიმ კი 20 სექტემბერს დაადასტურა, რომ რუსეთზე განხორციელებული დარტყმისას უკრაინამ პირველად გამოიყენა ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტა Pelican-ი.

რას ნიშნავს ეს ევროპისთვის?

მიმდინარე ესკალაციის მნიშვნელობა მხოლოდ უკრაინაში ბრძოლების ინტენსივობაში არ მდგომარეობს; იგი ასევე მდგომარეობს იმ მზარდ ზეწოლაში, რომელსაც ეს ესკალაცია ევროპის უფრო ფართო უსაფრთხოების გარემოზე ახდენს. სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების შესაქმნელად რუსეთს არ სჭირდება ნატოს წევრ სახელმწიფოზე კონვენციური თავდასხმის განხორციელება. საბოტაჟმა, კიბერშეტევებმა, ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა, სადაზვერვო ოპერაციებმა, დეზინფორმაციამ და იძულების სხვა ფორმებმა შესაძლოა ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი შექმნას/გაზარდოს თუმცა, ამავდროულად, დარჩეს იმ ზღვარს ქვემოთ, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის ამოქმედებას გამოიწვევდა.

ცალკეული ინციდენტები შესაძლოა შეზღუდულად და მართვადად გამოიყურებოდეს, თუმცა მათ კუმულაციურ გავლენას გაცილებით უფრო სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თანმიმდევრულმა საბოტაჟმა და დაშინებამ შესაძლოა გამოცადოს ევროპის მედეგობა, გამოავლინოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოწყვლადობა, გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკური ფასი და წარმოშვას უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა უპასუხოს ევროპამ.

ლაიფციგის ინციდენტისა და ევროპაზე ზემოქმედების მქონე რუსეთის კინეტიკური თავდასხმების შემდეგ, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლიტვა მზად არის თავდაცვითი პასუხისთვის, ატრიბუციის, განზრახვის და ზიანის შესაბამისი კრიტერიუმის დაკმაყოფილების. ეს განცხადება ასახავს რუსეთის მეზობელ და ნატოს წევრ ქვეყნებში არსებულ უფრო ფართო შეშფოთებასა და მოსაზრებას, რომ ბუნდოვნება არ უნდა იყოს მზარდად აგრესიული რუსეთის საქმიანობისთვის მუდმივი ფარი.

შესაბამისად, მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, მოხდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია ბრძოლის ველზე. კითხვა მდგომარეობას იმაში, თუ როგორ აისახება ესკალაცია თავად ევროპის უსაფრთხოების გარემოზე და არის თუ არა ევროპა მზად გასცეს პასუხი ამ ესკალაციას.

დასკვნა

ბრძოლის ველზე არსებული ჩიხისა და რუსეთის გაძლიერებული საჰაერო თავდასხმების ფონზე, მოახლოებული ზამთარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. უკრაინას მოუწევს რუსეთის მიერ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული კიდევ ერთი პოტენციურად ინტენსიური კამპანიის გაძლება. ამავდროულად, კიევს მოუწევს სამხედრო სამიზნეებზე დარტყმისა და რუსეთის მიერ ომის გაგრძელების შესაძლებლობის შეფერხების უნარის შენარჩუნება. ევროპული მხარდაჭერა ამ მიზნების მისაღწევად კრიტიკული იქნება.

უკრაინის უსაფრთხოება სულ უფრო ხდება ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი. უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ ომის ძალისხმევის შენარჩუნებაში კიევის დახმარებას არ გულისხმობს; ის ასევე გულისხმობს ევროპის უსაფრთხოების გარემოში კონფლიქტის რისკებისა და ხარჯების გადატანის მასშტაბის შეზღუდვას. ომი სულ უფრო პირდაპირ ახდენს გავლენას ევროპის უსაფრთხოებაზე.

მიმდინარე ფაზის განმსაზღვრელი მახასიათებელია უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, რუსეთის უფრო ინტენსიური დარტყმების, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმა დარტყმებისა და ევროპაში რუსეთის გაფართოებული ჰიბრიდული ოპერაციების თანხვედრა. ერთობლიობაში, ეს მოვლენები ცხადყოფს უკრაინისა და უფრო ფართო ევროპის უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულებას. ეს ევროპას სტრატეგიული არჩევანის წინაშე აყენებს. მას შეუძლია გააგრძელოს საბოტაჟის, პირდაპირი თავდასხმების, დაშინებისა და იძულების ცალკეულ ინციდენტებად განხილვა და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე უპასუხოს. ან შეუძლია აღიქვას ისინი უფრო ფართო უსაფრთხოების გამოწვევის ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებად და შესაბამისად გააძლიეროს საკუთარი კოლექტიური მედეგობა. ეს უკანასკნელი სულ უფრო აუცილებელი ხდება.

უფრო ეფექტიანი პასუხი ასევე მოითხოვს უფრო მკაცრ სანქციებს და მათი გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად უფრო ეფექტიან ზომებს, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის უკეთ დაცვას, სადაზვერვო თანამშრომლობის გაღრმავებას და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებასა და გაძლიერებას. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ფასი, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ომის წარმოებისა და ევროპის უსაფრთხოების დაკნინებისთვის იხდის, მისთვის ასატანია და მას ამ მცდელობებისგან ხელი არ აუღია.