ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
Winners & Losers
25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად სერბეთში ალექსანდარ ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა. ოპოზიციურმა „სტუდენტურმა სიამ“ ამომრჩეველთა ხმების 53% (2 354 417 ხმა) მოიპოვა, ხოლო მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ – 39% (1 731 323 ხმა). წინასაარჩევნო გარემოზე, მთავარ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და კამპანიაზე იხ. „სერბეთის ისტორიული საპარლამენტო არჩევნები – ვუჩიჩის დასასრული?
არჩევნებში კრახი განიცადა ივიცა დაჩიჩის „სოციალისტურმა პარტიამ“. 1990 წელს სლობოდან მილოშევიჩის მიერ დაარსებულმა გაერთიანებამ 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და თანამედროვე სერბეთის ისტორიაში პირველად დარჩა საკანონმდებლო ორგანოს მიღმა.
აღსანიშნავია, რომ პროევროპულმა, მემარცხენე-მწვანე და კონსერვატიულმა ჯგუფებმა, ეთნიკური უმცირესობების ნაწილთან ერთად, უარი თქვეს კენჭისყრაში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე და „სტუდენტურ სიას“ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.
საკანონმდებლო ორგანოს მიღმა აღმოჩნდნენ ის ოპოზიციური ძალებიც, რომლებმაც გაერთიანებაზე უარი თქვეს. მათ შორის იყო კოალიცია „ავთენტური მემარჯვენეები“ (რომლის ლიდერმაც 1%-ზე ნაკლები ხმების მიღების გამო თანამდებობა დატოვა) და პროევროპული ბლოკი „პლატფორმა ევროპული სერბეთისთვის“ (დრაგან ჯილასის „თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია“ + ზდრავკო პონოშის „სერბეთის ცენტრი“ + გორან ჯეშიჩის „სოლიდარობა“).
საბოლოოდ, საპარლამენტო მანდატები მხოლოდ ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „სტუდენტურმა სიამ“ და „პროგრესულმა პარტიამ“, ასევე, ეროვნული უმცირესობების სიებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ უმცირესობების სიები სტანდარტული 3%-იანი საარჩევნო ბარიერისგან გათავისუფლებული არიან და „ბუნებრივი ბარიერის“ პირობებში (D’Hondt-ის სისტემით ხმათა დაახლოებით 0.4%-0.5%) 1 მანდატის მოპოვებას ახერხებენ.
25 ოქტომბრის არჩევნების შედეგად შესაძლებელია ითქვას, რომ „სტუდენტურმა სიამ“ არა მხოლოდ მმართველი პარტია დაამარცხა, არამედ სერბეთის დრომოჭმული ოპოზიციური ფლანგიც წარსულს ჩააბარა.
ვინ უხელმძღვანელებს ახალ მთავრობას?
25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ახლად არჩეულ დეპუტატებს მთავრობის შესაქმნელად 30 დღე აქვთ (საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შესაძლოა 90 დღემდე გაიზარდოს). მოძრაობამ საკუთარი რიგებიდან უნდა შეარჩიოს კანდიდატი, რომელიც პრემიერ-მინისტრი გახდება და მინისტრთა კაბინეტს დააკომპლექტებს. აღსანიშნავია, რომ მოძრაობის 250-კანდიდატიან სიაში ნახევარზე მეტი აკადემიური სფეროდანაა, შესაბამისად, პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.
უნგრული „Tisza-სგან“ განსხვავებით, სადაც პეტერ მადიარი გამოკვეთილი ლიდერი იყო, „სტუდენტურმა სიამ“ წინასაარჩევნო კამპანია ცენტრალური ფიგურის გარეშე აწარმოა, შესაბამისად, მთავრობის მეთაურის პოსტზე წინასწარ დასახელებული კანდიდატი არ არსებობს.
ამჟამად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი ძირითადი ფიგურა განიხილება: კარდიოლოგი და ნოვი-სადის უნივერსიტეტის პროფესორი, „სტუდენტური სიის“ პირველი ნომერი – ილია სრდანოვიჩი და დეიან შოშკიჩი – სერბეთის ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი და ბელგრადის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი (პრემიერობის ალტერნატივად, ფინანსთა მინისტრის პოსტზე მთავარ ფავორიტად მოიაზრება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის დიდი გამოცდილების გამო). მედიაში ინფორმაცია ვრცელდება მესამე ფიგურაზეც – საკალათბურთო ლეგენდასა და ევროლიგის მოქმედ პრეზიდენტზე, დეიან ბოდოროგაზე, თუმცა, სპორტულ მენეჯმენტში არსებული ვალდებულებებისა და პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობის გამო, მისი პრემიერად დანიშვნა ნაკლებად სავარაუდოა.
პრემიერმინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი, ილია სრდანოვიჩის თქმით, ახალი მთავრობა ევროინტეგრაციის კურსს არ გადაუხვევს და შიდა პოლიტიკას ევროპის კავშირის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს სრულად შეუსაბამებს. სრდანოვიჩის თქმით, „სტუდენტური სია“ უპირობოდ ემხრობა კოსოვოსთან კონსტრუქციულ დიალოგსა და საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემას. ამასთან, მოძრაობა კოსოვოს სერბეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და მისი დამოუკიდებლობის აღიარებას გამორიცხავს. მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების პრინციპებზე საუბრისას სრდანოვიჩი განმარტავს, რომ პროცესი სრულად სამართლებრივ ჩარჩოებში წარიმართება და საკვანძო პოსტებზე პირებს დეპუტატთა უმრავლესობა კოლექტიურად შეარჩევს.
რა პროცესები მიმდინარეობს ამჟამად სერბეთში?
ამჟამად პოლიტიკური ტრანსფორმაცია ყველაზე თვალსაჩინოდ სერბეთის მედიასივრცეში აისახება. საინფორმაციო საშუალებებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ალექსანდარ ვუჩიჩის პროპაგანდისტულ დასაყრდენს წარმოადგენდნენ, სარედაქციო პოლიტიკა მკვეთრად შეცვალეს. ცვლილებები შეეხო სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, რომელმაც მრავალწლიანი მიკერძოებული გაშუქების გამო მაყურებელს ოფიციალური ბოდიში მოუხადა და არხის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, „სტუდენტური სია“ უკვე გარკვეული პერიოდია კომუნიკაციას ინარჩუნებს პოლიციასა და საჯარო ადმინისტრაციაში მომუშავე იმ პირებთან, რომლებიც ვუჩიჩის რეჟიმს ეწინააღმდეგებოდნენ. ახალი პოლიტიკური ძალა მოუწოდებს სამართალდამცავებსა და მოსამართლეებს, იმოქმედონ მხოლოდ კანონის ფარგლებში ან დატოვონ თანამდებობები. გარდა ამისა, მოწოდება გაკეთდა მხილებლების მიმართაც, რათა დაუყოვნებლივ გაასაჯაროონ დარღვევები, თუკი პოლიტიკური ძალაუფლების გადაბარების პროცესში ყოფილი ხელისუფლება „დოკუმენტაციის განადგურებას“ შეეცდება.
სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს დავორ მაწურა – კერძო ფინანსური ინსტიტუტის, Alta Bank-ის მფლობელი და „პროგრესულ პარტიასთან“ მჭიდროდ დაკავშირებული პირი. მას ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. მაწურა მილიონობით დოლარის კაპიტალის ქვეყნიდან უკანონოდ გატანის მცდელობისას აიყვანეს (ბანკს საზედამხედველო ლიცენზიაც გაუუქმდა). ასევე, დააკავეს ვუჩიჩის კრიმინალური პოლიციის ყოფილი მეთაური მარკო კრიჩაკი და კრიმინალთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელი ბოშკო სეკულოვიჩი, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად, ხოლო კრიჩაკის სახელი ცალკეული გახმაურებული საქმეების, მათ შორის აქციების დროს სტუდენტი ქალის მიმართ გაუპატიურების მუქარის სკანდალსაც უკავშირდება. გარდა ამისა, ბელგრადის სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხრა მოქმედ და ერთ ყოფილ თანამშრომელს (მათ შორის, სპეციალური ანტიტერორისტული ერთეულის მეთაურ იგორ ზმირიჩსა და იზოლატორის მოვალეობის შემსრულებელ დირექტორ მილან ვუკოვიჩს), რომლებსაც პროკურატურა 2025 წლის აგვისტოს საპროტესტო აქციების შემდეგ, სამთავრობო შენობაში სტუდენტებისა და სხვა პირების მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ძალადობას, წამებასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
საზოგადოების ყურადღების ცენტრშია „პროგრესული პარტიის“ მიერ „თაროზე შემოდებული“ ელიტური კორუფციის საქმეები, მათ შორის 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიება. ამჟამად სერბული საზოგადოება ამ გაყინული საქმეების ხელახალ გადახედვასა და დამნაშავეთა დასჯას ელოდება. პარალელურად, პროკურატურას საჩივრების უპრეცედენტო რაოდენობა მიეწოდება. ეს საქმეები ეხება როგორც საარჩევნო მანიპულაციებს, ისე დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნასა და მათზე განხორციელებულ ზეწოლას.
ვუჩიჩის გეგმები
25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელსაც ახლა ოპოზიციის ლიდერად მოიხსენიებენ, „პროგრესული პარტიის“ მიმართ ჯერ კიდევ ლოიალურად განწყობილ მედია საშუალებებში გამოჩენას აქტიურად განაგრძობს, სადაც სტუდენტურ მოძრაობას „რევოლუციურ ტერორში“ ადანაშაულებს და პოლიტიკური რევანშის პირობას დებს. ტელეკომპანია Pink-ის ეთერში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება საკმაოდ მძიმეა მისი ოჯახისა და მხარდამჭერებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სირთულისთვის მზად არის და ყველაფერს გაუძლებს. ვუჩიჩი კატეგორიულად უარყოფს კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირს და აცხადებს, რომ სავარაუდო გამოძიებისა და შესაძლო დაკავების არ ეშინია. მისი მტკიცებით, სამართალდამცავები მის წინააღმდეგ ვერაფერს იპოვიან, რადგან უკანონო დოკუმენტებზე ხელს არასდროს აწერდა და მის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ „სტუდენტური სიის“ პირველი ნომრის, ილია სრდანოვიჩის შეფასებით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ალექსანდარ ვუჩიჩის ეპოქა დასრულდა და ის ისტორიას ჩაბარდა, ექს-პრეზიდენტი პოლიტიკური ასპარეზის დატოვებას არ გეგმავს. მან ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლების დაბრუნებას აპირებს, თუმცა იქვე აღიარა, რომ უახლოეს პერსპექტივაში ეს შეუძლებელი იქნება. ვუჩიჩი კვლავ ინარჩუნებს საკვანძო როლს „სერბეთის პროგრესულ პარტიაში“ და ოპოზიციურ რეჟიმში გადასვლის პარალელურად, პარტიული სტრუქტურების სრულ განახლებასა და რეფორმირებას აანონსებს. ყოფილი პრეზიდენტი და მისი თანამებრძოლები ირწმუნებიან, რომ ძლიერ ოპოზიციად ჩამოყალიბდებიან და ხელისუფლების სწრაფად დაბრუნებას ეცდებიან მას შემდეგ, რაც ახალი მმართველები „ქვეყანას დაანგრევენ“.
ამასთანავე, საზოგადოებაში მზარდია მოლოდინი, რომ მალე სამართლებრივი პროცესები უშუალოდ ვუჩიჩის, როგორც სერბული ავტოკრატიის მთავარი არქიტექტორის, წინააღმდეგაც დაიწყება. თუმცა, ცლკე სირთულეს წარმოადგენს კონკრეტულ ბრალდებებზე საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ექს-პრეზიდენტი სერბული მართლმსაჯულების ყველა შესაძლო ხარვეზისა თუ სამართლებრივი ხვრელის გამოყენებას შეეცდება.
ალექსანდარ ვუჩიჩისა და „პროგრესული პარტიისთვის“ მორიგ სერიოზულ დარტყმას მიმდინარე წლის დეკემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს. საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული დამაჯერებელი წარმატების შემდეგ, „სტუდენტური სია“ გეგმავს, საზოგადოებას ერთიანი და მაღალი ავტორიტეტის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატი შეთავაზოს, სადაც მთავარ ფავორიტად დეიან ბოდიროგა მოიაზრება. თავის მხრივ, „სერბეთის პროგრესული პარტია“ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება – კონსტიტუციური შეზღუდვა ვუჩიჩს მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ აძლევს, ხოლო შიდაპარტიული რღვევისა და ელექტორალური მხარდაჭერის დაკარგვის ფონზე, პარტიას გამარჯვების შანსი აღარ აქვს. სწორედ ამიტომ, არსებობს მოლოდინი, რომ „პროგრესულმა პარტიამ“ დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.
დასკვნა
25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ვუჩიჩის 14-წლიანი მმართველობა დაასრულა, თუმცა „სტუდენტური სიის“ გამარჯვება გამოწვევებით სავსე გზაზე მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
ვუჩიჩის „ერთგულ მსახურთა“ ქსელი ღრმადაა ფესვგადგმული სახელმწიფო უწყებებსა და სისტემის ყველა დონეზე, შესაბამისად, მისი დაშლა რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ „სტუდენტური სიის“ წევრებს პოლიტიკური გამოცდილების სიმწირე აქვთ. მიუხედავად მოსალოდნელი სირთულეებისა და წინააღმდეგობებისა, ფაქტია, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, სერბეთს დემოკრატიული გადატვირთვის, ფუნდამენტური ცვლილებებისა და პოლიტიკური ტრანსფორმაციის უნიკალური შანსი აქვს.
