კრემლის ჩარევა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში

კრემლის ჩარევა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში

ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი

2026 წლის მარტის დასაწყისში საგამოძიებო პლატფორმა “Vsquare-მა” და “Financial Times-მა” უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. მათი ცნობით, კრემლმა ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოში სპეციალური ჯგუფი გაგზავნა, რომლის მთავარი დავალება სოციალურ ქსელებში მანიპულაციური კამპანიების მართვაა. ჯგუფის წევრები რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) ოფიცრები არიან, რომელთაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ გადაცემული, რათა დაცული იყვნენ ქვეყნიდან გაძევებისგან.

ბუნებრივია, მოსკოვი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის ფაქტს უარყოფს და გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკს“ უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ბუდაპეშტში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების ყოფნასა და მათ მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოების ფაქტს ადასტურებს, უნგრეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ “Vsquare-ის” და “Financial Times-ის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია „მემარცხენეების შეთქმულების“ ნაწილია, რომლის მიზანიც უკრაინიდან მომავალი საფრთხეებიდან ყურადღების გადატანაა.

„სოციალური დიზაინის სააგენტო“ და დეზინფორმაციული კამპანიები

ვიქტორ ორბანის მხარდამჭერი ოპერაციის საინფორმაციო ნაწილს კრემლთან მჭიდრო კავშირის მქონე „სოციალური დიზაინის სააგენტო (SDA)“ ახორციელებს, რომლის დამფუძნებელიც ილია ღამბაშიძეა. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ოპერაციებს უშუალოდ ხელმძღვანელობს პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური გავლენის ოპერაციების მთავარმა არქიტექტორმა, კირიენკომ სქემა, რომელსაც ამჟამად უნგრეთში იყენებს, 2024 წელს მოლდოვაში გამოიყენა – საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და მაია სანდუს კანდიდატურის დისკრედიტაციის მიზნით.

„სოციალური დიზაინის სააგენტო“ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კამპანია „Doppelganger-ით“ გახდა, რომლის მიზანიც 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება და აღმოფხვრა იყო.

სააგენტოს მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები ავტორიტეტული დასავლური გამოცემების ვებ-გვერდების კლონირებასა და AI-ით გენერირებული ყალბი ამბების გავრცელებასაც მოიცავს.

რუსეთის მთავრობის მიერ წარმოებულ გავლენის ოპერაციებში მონაწილეობის გამო, „სოციალური დიზაინის სააგენტო“ და მისი ხელმძღვანელი ილია ღამბაშიძე, აშშ-ის და ევროპის სახელმწიფოების მიერ სანქცირებული არიან.

უკრაინა – ორბანის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უნგრეთის მოქალაქეებს ყველაზე მეტად ინფლაციის მაღალი დონე, მასშტაბური კორუფცია და ევროპის კავშირის მიერ უნგრეთისთვის გაყინული მილიარდობით ევროს ფულადი დახმარება აწუხებთ, ვიქტორ ორბანი ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას ძირითადად უკრაინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ეგზისტენციალურ საფრთხედ წარმოჩენით ცდილობს. პროსახელისუფლებო მედია საშუალებების მიერ აქტიურად ვრცელდება „ომისა და მშვიდობის“ ნარატივი, როლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნგრეთი ომში ჩაერთვება, შესაბამისად ქვეყანაში „სტაბილურობისა და მშვიდობის ერთადერთი გარანტი“ ვიქტორ ორბანია. მისი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი სტრატეგია ემოციური მანიპულაციაა. ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებისას აქტიურად იყენებს მგრძნობიარე თემებით „თამაშის“ ტექნიკას. ამ სტრატეგიის ყველაზე მკაფიო მაგალითია მისი გზავნილი: „ჩვენი შვილები უკრაინისთვის არ დაიხოცებიან“, რაც ამომრჩეველში შიშის გაღვივებასა და ამ შიშის ფონზე ხელისუფლების გარშემო კონსოლიდაციას ემსახურება.

ვიქტორ ორბანი უნგრეთის მოქალაქეებს ორ დაპირისპირებულ ბანაკად ჰყოფს, რითაც ხელოვნურად ქმნის პოლარიზებულ გარემოს: ერთ მხარეს არიან „Fidesz-ის“ ამომრჩევლები, რომელთაც, მისი თქმით, უნგრეთის სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს დაცვა სურთ, ხოლო მეორე მხარეს – ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებსაც ის „ომის პარტიის“ მხარდამჭერებად და უკრაინის ინტერესების გამტარებლებად მოიხსენიებს. ამგვარი რიტორიკით ხელისუფლება ოპოზიციის დისკრედიტაციას და ამომრჩევლის მორალური დილემის წინაშე დაყენებას ცდილობს, სადაც არჩევანი არა პოლიტიკურ პარტიებსა და მათ პროგრამებს, არამედ „სუვერენიტეტის შენარჩუნებასა“ და „საგარეო ინტერესების მორჩილებას“ შორის უნდა გაკეთდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი პარტია „Fidesz” უნგრეთის მედიასაშუალებების დაახლოებით 80%-ს აკონტროლებს, ორბანისა და მისი გუნდის ანტიუკრაინული ნარატივები მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ვრცელდება. გარდა ამისა, უნგრეთის ხელისუფლებას დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში განსაკუთრებულად ეხმარება კრემლთან მჭიდრო კავშირის მქონე „სოციალური დიზაინის სააგენტო“, რომელიც რუსეთში შექმნილ კონტენტს, უნგრეთის სოციალურ მედიაში, ადგილობრივი პროსახელისუფლებო ინფლუესერების საშუალებით ავრცელებს. უნგრეთის პროსამთავრობო მედიებისა და მოსკოვის მიერ ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოში ჩანერგილი ჯგუფის მიერ შექმნილი კონტენტის მიხედვით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ვიქტორ ორბანი არა ოპოზიციას, არამედ „ომის ალიანსს“ უპირისპირდება. ამომრჩეველთა „დასაშინებლად“ ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გენერირებული ვიდეოები, სადაც არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, უნგრელი ჯარისკაცები ომში იღუპებიან.

გარდა ამისა, პეტერ მადიარისა და მისი პარტიის დისკრედიტაციისთვის, პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა ინფორმაციას ავრცელებს, რომ ოპოზიცია „გარედან“ ფინანსდება, რისთვისაც საეჭვო ინციდენტებს იყენებს. მაგალითისთვის, 5 მარტს უნგრეთის ანტიტერორისტულმა ცენტრის თანამშრომლებმა უკრაინული „Oschadbank-ის“ ინკასატორები დააკავეს, რომლებსაც ჯავშანმანქანებით ოქრო და ნაღდი ფული, ავსტრიიდან უნგრეთის ტერიტორიის გავლით, უკრაინაში გადაჰქონდათ. ორბანის განკარგულებით, დაყადაღებული ტვირთი (40 მილიონი აშშ დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქრო), ფულის გათეთრების ბრალდებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე, უნგრეთში დარჩება. ხელისუფლების მტკიცებით, ზემოაღნიშნული თანხით უკრაინა ოპოზიციურ პარტია „Tisza-ს“ აფინანსებს.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პროსახელისუფლებო მედიის მიერ სწრაფად გავრცელდა შეიარაღებული სპეცრაზმელების, ჯავშანმანქანების ბლოკირებისა და ბორკილებდადებული პირების დამონტაჟებული კადრები, რომელიც მოსახლეობას „საშიში საერთაშორისო დანაშაულის“ აღკვეთის ილუზიას უქმნის. გარდა ამისა, სოციალური ქსელები მოიცვა გრაფიკულმა ვიდეოებმა, რომელშიც ნაჩვენებია ზუსტი მარშრუტი, თუ როგორ აღწევს უკრაინული ფული „Tisza-ს“ ოფისამდე.

პარალელურად, ვრცელდება დამონტაჟებული ვიდეოები, სადაც უკრაინელი პოლიტიკოსები თითქოს ვიქტორ ორბანის ოჯახის წევრებს, მათ შორის შვილიშვილებს, ემუქრებიან. თავად ორბანმაც გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც შვილებს უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ესაუბრება. ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მადიარის წინააღმდეგ მომზადდა რუსული სტილის „კომპრომატი“ მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რასაც მან პრევენციული აღიარებით უპასუხა.

საბოლოოდ, ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანია უმეტესწილად ამომრჩეველზე ემოციურ მანიპულაციას, არარსებული ეგზისტენციალური საფრთხეებით საზოგადოების დაშინებასა და ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის შექმნას ეყრდნობა. ამ მიზნის მისაღწევად კი ხელისუფლება აქტიურად იყენებს კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ პროპაგანდისტულ კონტენტსა და ოპონენტების საეჭვო „კომპრომატებით“ დისკრედიტაციას.რატომ სურს კრემლს ვიქტორ ორბანის გამარჯვება?

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში „Vsquare-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვებში ორბანსა და მადიარს შორის პროცენტული სხვაობის რადიკალურად ზრდის შემთხვევაში, რუსული მხარე უფრო აგრესიული დეზინფორმაციული შეტევებისთვისაცაა მზად არის. ორბანის რეიტინგის მკვეთრი ვარდნის ფონზე (უკანასკნელი გამოკითხვებით, სხვაობა 20%-მდე აღწევს), გამოცემა „The Washington Post“ იუწყება, რომ რუსეთის დაზვერვის ოფიცრებმა კრემლს წარუდგინეს გეგმა, კოდური სახელწოდებით „Gamechanger“, რომელიც პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ინსცენირებას ითვალისწინებს.

რუსეთის ხედვით, ვიქტორ ორბანზე თავდასხმა ამომრჩეველში შიშის განცდას გამოიწვევს, რაც დღის წესრიგში სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს დააყენებს. მსგავსი კრიზისული სცენარი ორბანს სტაბილურობის ერთადერთ გარანტად წარმოაჩენს, რაც მის გარშემო საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს და არჩევნებში გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოების არჩევნებში ჩარევა ახალი არ არის. კრემლი ყოველთვის ცდილობს ჩაერიოს იმ ქვეყნების შიდაპოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც მოსკოვის ხედვით, მის სტრატეგიულ ინტერესებსა და გავლენის სფეროს საფრთხეს უქმნის.

ვიქტორ ორბანი, რომელმაც ხელისუფლების შტოები და ადმინისტრაციული ორგანოები მძლავრ სამთავრობო კონტროლს დაუქვემდებარა, საარჩევნო კანონმდებლობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეცვალა, კრიტიკული მედია საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეზღუდა, გაა „Fidesz-ის“ მიმართ სიმპათით განწყობილი ბიზნესელიტა გააძლიერა და ქვეყანაში სისტემური კორუფცია ააყვავა (იხილეთ: “არალიბერალური ზეიმის დასასრული უნგრეთში?“), შესაძლებელია ითქვას, რომ ვლადიმირ პუტინის იდეოლოგიურ მოკავშირეს წარმოადგენს.

ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების ხელყოფისა და პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, დიქტატორები ეროვნულ საზღვრებს სცდებიან, ერთმანეთთან თანამშრომლობენ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ურთიერთდაკავშირებულ ქსელს ქმნიან, შესაბამისად, 21-ე საუკუნის ავტოკრატიული რეჟიმები იზოლირებულ ფენომენს აღარ წარმოადგენენ (Applebaum, 2024).

უნგრეთი აქტიურად იყენებს ვეტოს უფლებას, რითაც არა მხოლოდ ხანგრძლივი დროით აფერხებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების (რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება და ა.შ.) მიღებას, არამედ ძირს უთხრის EU-ს ერთიანობას და ინსტიტუციურ ფუნქციონირებას, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. შესაძლებელია ითქვას, რომ უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი კრემლს, რომელიც დასავლური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისა და ალიანსების გაფართოებას საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხედ აღიქვამს, გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის ორბანი „ტროას ცხენის“ როლს ასრულებს ნატოსა და ევროპის კავშირში.

გარდა ამისა, უნგრეთის ხელისუფლების სათავეში რუსეთის მიმართ „მეგობრული“ დამოკიდებულების მქონე „Fidesz-ის“ ყოფნა, კრემლს შესაძლებლობას აძლევს, რომ დასავლეთის პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ წინასწარ ფლობდეს ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავადაც დაადასტურა „The Washington Post-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პეტერ სიიარტო ევროპის კავშირის დახურული შეხვედრების დროს რეგულარულად ამყარებს კონტაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლერგეი ლავროვთან. რუსი დიპლომატების მიმართ „ლოიალურ“ დამოკიდებულებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უნგრეთი იყო ნატოსა და ევროპის კავშირის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებაზე უარი განაცხადა. “Vsquare-ის” სტატიაში აღნიშნულია, რომ უნგრეთი განსაკუთრებულ „სტუმართმოყვარეობას“ იჩენს რუსი სამხედრო დიპლომატების მიმართ. ოფიცრები კონტაქტობენ უნგრეთის სამთავრობო მედია საშუალებებთან და პრო-ორბანულ პროპაგანდისტებთან.

უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საკუთარი ქმედებებით დემოკრატიის პრინციპებს ფაქტობრივად ყოველდღიურად ხელყოფს, აძლიერებს პუტინის ნარატივს, რომ დასავლური ლიბერალური დემოკრატია მარცხისთვისაა განწირული.

12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ანტი-რუსული განწყობების მქონე ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მადიარის გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთი ევროპის კავშირში იდეოლოგიურ მოკავშირეს, სანდო პარტნიორსა და ევროპული ერთიანობის დამრღვევს დაკარგავს, შესაბამისად, მოსკოვი ყველაფერს (ინსცენირებული თავდასხმის ჩათვლით), გააკეთებს იმისთვის, რომ „არალიბერალური დემოკრატიის არქიტექტორი“ და მისი პარტია „Fidesz” უნგრეთის ხელისუფლების სათავეში შეინარჩუნოს.