ომი ირანში და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე

ომი ირანში და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე

ავტორი: ნატა ქორიძე

შესავალი

ირანში მიმდინარე ომი წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ შოკს, რომელსაც სამხრეთ კავკასიაზე მყისიერი გავლენა აქვს. იგი ვითარდება უშუალოდ რეგიონის სამხრეთ საზღვართან, რის შედეგადაც სამხრეთ კავკასია ექცევა ორი მიმდინარე ომის – რუსეთის ომის უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში მზარდი კონფლიქტის -გადაკვეთაზე. ეს ორმაგი ზეწოლა რეგიონს გარდაქმნის კრიტიკულ დამაკავშირებელ წერტილად კონკურენტ გეოპოლიტიკურ სისტემებს შორის. სამხრეთ კავკასია აღარ არის პერიფერია; იგი სულ უფრო მეტად იქცევა ცენტრალურ კორიდორად დაკავშირებადობის, ენერგეტიკული ნაკადებისა და სტრატეგიული კონკურენციის თვალსაზრისით.

საბოლოო ჯამში, ომის გავლენა რეგიონზე დამოკიდებული იქნება ორ ძირითად ცვლადზე: მის ხანგრძლივობაზე და შედეგზე, განსაკუთრებით კი იმაზე, გადარჩება თუ არა ირანში მოქმედი რეჟიმი. თუმცა, უკვე ამ ეტაპზეც იკვეთება სამი სტრუქტურული ეფექტი: უსაფრთხოების გარემოს გაუარესება, რეგიონის სატრანზიტო როლის სწრაფი გაძლიერება და რეგიონში პოლიტიკური განვითარების მიმართულებებზე მზარდი ზეწოლა. წარმოდგენილი ანალიზი განიხილავს, როგორ ცვლის ირანში მიმდინარე ომი სამხრეთ კავკასიას — რეგიონული არასტაბილურობის გაღრმავებისა და მისი სტრატეგიული სატრანზიტო როლის (განსაკუთრებით შუა კორიდორისა და საავიაციო მარშრუტების) გაძლიერების გზით — იმ ფონზე, როდესაც გარე ძალებს შორის გეოპოლიტიკური კონკურენცია ინტენსივობას იძენს. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს, რომელიც ისტორიულად მიიჩნეოდა რეგიონში დასავლეთის მთავარ მოკავშირედ და ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორადაც, თუმცა აღნიშნული ბოლო პერიოდში შეიცვალა.

ტრანსფორმირებადი რეგიონული უსაფრთხოების გარემო

სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხასიათდებოდა მოუგვარებელი კონფლიქტებითა და გარე აქტორებს შორის კონკურენციით, ახლა შესაძლოა ირანში მიმდინარე ომის გადმოდინების (spillover) რისკების წინაშე დადგეს.

2026 წლის 5 მარტს აზერბაიჯანის ექსკლავში, ნახიჭევანში განხორციელებული დრონების დარტყმები, რომლებმაც დააზიანა სკოლა, ადგილობრივი აეროპორტი და რამდენიმე ადამიანი, აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება  გავრცელდეს კონფლიქტი ჩრდილოეთის მიმართულებით. მაშინაც კი, როდესაც ასეთი ინციდენტები დიპლომატიური გზებით კონტროლდება, ისინი ნათლად უსვამს ხაზს რეგიონული უსაფრთხოების მყიფეობას და ესკალაციის სიმარტივეს.

გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი შესაძლოა ირანს აწვდიდა სამიზნეების შესახებ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თავდაპირველად კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღიარა გარკვეული სახის დახმარება, კერძოდ, ირანისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდება, თუმცა უარყო სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ეს მიუთითებს რეგიონში უფრო ფართო ანტიდასავლური ალიანსის კონსოლიდაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასია უშუალო სიახლოვეში მდებარეობს მიმდინარე ომთან, იზრდება იმის ალბათობა, რომ მან იგრძნოს გეოპოლიტიკურ ბლოკებს შორის უფრო ფართო დაპირისპირების უშუალო შედეგები.

უშუალო უსაფრთხოების რისკებს მიღმა, გახანგრძლივებულმა ომმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო ფართო, სისტემური ზეწოლა რეგიონსა და მის ქვეყნებზე:

  • ირანიდან რეგიონში ლტოლვილთა შესაძლო ნაკადები;
  • სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების ნაწილის შეფერხება, სხვა მიმართულებების მნიშვნელობის ზრდის პარალელურად;
  • რეგიონის უფრო ინტენსიური გამოყენება სანქციების გვერდის ავლისა და ლოგისტიკური ალტერნატიული გზების უზრუნველსაყოფად;
  • და უსაფრთხოების გაუარესების პირობებში ავტორიტარული მმართველობის მოდელების განმტკიცება.

შუა კორიდორის სტრატეგიული აღმავლობა და მოწყვლადობა

ირანში მიმდინარე ომის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო შედეგი გახდა სამხრეთ კავკასიის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი შუა კორიდორისა ნაწილის, სტრატეგიული მნიშვნელობის სწრაფი ზრდა.

რუსეთის და ირანის მარშრუტების მზარდი შეზღუდვის ფონზე, სატრანზიტო ნაკადები — როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო — გადამისამართდა ვიწრო დერეფანში, რომელიც კვეთს კასპიის ზღვას, სამხრეთ კავკასიასა და თურქეთს.

ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება საავიაციო სფეროში ჩანს. ირანის საჰაერო სივრცის დახურვამ/ გადაფრენების რისკის ზრდამ გლობალური ავიაკომპანიები აიძულა, ფრენები ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაეტანათ, რამაც სამხრეთ კავკასიის თავზე გადაფრენების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მაგალითად, საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრაობა მრავალჯერ გაიზარდა, რაც მას ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საჰაერო კორიდორად აქცევს.

ეს მხოლოდ ლოგისტიკური ადაპტაცია არ არის — ეს არის რეგიონის გეო-ეკონომიკური მნიშვნელობის თვალსაჩინო  ილუსტრაცია. დაკავშირებადობა აღარ არის აბსტრაქტული ცნება; იგი იქცა ფიზიკურად შეკუმშულ და მაღალი რისკის მქონე სისტემად.

თუმცა, ამ ცენტრალურობას თან ახლავს მნიშვნელოვანი მოწყვლადობები:

  • გლობალური ტრანზიტის კონცენტრაცია ვიწრო და მყიფე დერეფანში;
  • მოქმედ კონფლიქტურ ზონებთან სიახლოვე;
  • დიდი გეოპოლიტიკური აქტორების – ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ჩინეთს, რუსეთსა და თურქეთს – შორის კონკურენციის ზრდით გამოწვეული ზეწოლა;
  • და ესკალაციის თუნდაც შეზღუდული შემთხვევებისგან მომდინარე შეფერხებების გაზრდილი რისკი.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეს ომი ზრდის რეგიონული თანამშრომლობის სტიმულებს (განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის), იგი ასევე ზრდის მნიშვნელობასა და სენსიტიურობას საკვანძო დაკავშირებადობის პროექტების მიმართ, განსაკუთრებით იმ პროექტების, რომლებიც ირანის სტრატეგიულ ინტერესებს კვეთს.

ირანი, რეგიონული დაკავშირებადობა და TRIPP-ის ფაქტორი

სამხრეთ კავკასიაში ირანის როლი ტრადიციულად იყო როგორც ეკონომიკური პარტნიორის, ასევე გეოპოლიტიკური საპირწონე ძალის. მიმდინარე ომი ამ როლს არყევს, რაც გავლენას ახდენს რეგიონში ძალთა ბალანსზე და ამავდროულად ზრდის თეირანის მგრძნობელობას ახალ რეგიონულ პროექტებთან მიმართებით.

ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს რეაქციებში Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP)-ზე — დაგეგმილ სატრანზიტო კორიდორზე, რომელიც აზერბაიჯანს მის ნახიჭევანის ექსკლავთან სომხეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს და რომელიც ირანის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს გაივლის.

ირანის ოფიციალური გზავნილები ამ ეტაპზე ორ ძირითად ასპექტს უსვამს ხაზს:

  • ირანში არასტაბილურობამ შეიძლება შეცვალოს რეგიონული ძალთა ბალანსი ისე, რომ გავლენა იქონიოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესზე;
  • და თეირანი მის საზღვრებთან ახლოს მიმდინარე ნებისმიერ სატრანზიტო პროექტს უსაფრთხოების პრიზმით აფასებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას პოტენციური სამხედრო ან სტრატეგიული მნიშვნელობა შესაძლოა ჰქონდეს.

საბოლოოდ, TRIPP უკვე აღარ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი: იგი იქცა გეოპოლიტიკურ გამყოფ ხაზად. პროექტი ასახავს რეგიონული წესრიგის ორი განსხვავებული ხედვის კონკურენციას: ერთის მხრივ, დასავლეთის მხარდაჭერილ დაკავშირებადობასა და ნორმალიზაციაზე დაფუძნებულ მოდელს, და მეორეს მხრივ, ირანის მცდელობას შეინარჩუნოს გავლენა და თავიდან აიცილოს სტრატეგიული იზოლაცია. შესაბამისად, ომი ერთდროულად ზრდის ასეთი ინიციატივების როგორც აქტუალობას, ისე მყიფეობას: ირანის შესუსტებამ შეიძლება ახალი კორიდორებისთვის სივრცე შექმნას, თუმცა გაძლიერებულმა არასტაბილურობამ და გეოპოლიტიკურმა კონკურენციამ შესაძლოა ისინი ისევე მარტივად შეაფერხოს.

რეგიონი განსხვავებული ზეწოლების ქვეშ

ომის გავლენა სამხრეთ კავკასიის მასშტაბით არათანაბრად ნაწილდება, თუმცა საერთო რეგიონული ეფექტი უფრო ფრაგმენტაციის სურათს ქმნის, ვიდრე კონვერგენციის.

ირანში მიმდინარე ომს აქვს პოტენციალი, დაარღვიოს სამხრეთ კავკასიაში არსებული ზოგიერთი სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტი — ძირითადად ირიბი ეფექტების გზით და არა უშუალო ფიზიკური დაზიანების შედეგად. მოსალოდნელ რისკებს შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი: არასტაბილურობამ შეიძლება იმოქმედოს ჩრდილოეთ–სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორზე — დაახლოებით 7,000 კმ სიგრძის მულტიმოდალურ ქსელზე, რომელიც ინდოეთს, ირანს, რუსეთსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტებით. აღნიშნული არასტაბილურობა, დიდი ალბათობით, იმოქმედებს სავაჭრო ნაკადებზე, რომელშიც ჩართულია სომხეთი და სხვა რეგიონული აქტორები, რომლებიც სამხრეთის ბაზრებზე წვდომისთვის ირანის ტერიტორიას ეყრდნობიან. ამასთანავე, ფართო რეგიონულმა არასტაბილურობამ შეიძლება გაზარდოს სატრანსპორტო ხარჯები, სადაზღვევო პრემიები და ლოგისტიკური გაურკვევლობა, რაც მთლიანად რეგიონულ მიწოდების ჯაჭვებზე აისახება.

სტრატეგიულ დონეზე, თუმცა, კონფლიქტმა შეიძლება გაზარდოს სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა, როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტისა, განსაკუთრებით ე.წ. შუა კორიდორის ფარგლებში, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით აკავშირებს. ამავე დროს, ამ მზარდმა მნიშვნელობამ შესაძლოა რეგიონი კიდევ უფრო მეტად გახადოს გეოპოლიტიკური კონკურენციისა და უსაფრთხოების რისკების მიმართ მოწყვლადი.

სომხეთის ურთიერთობები ირანთან ძირითადად განისაზღვრებოდა პრაგმატული თანამშრომლობით, რომელიც გეოგრაფიასა და ეკონომიკურ საჭიროებებს ეფუძნება. თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრების თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში დახურულ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში, სომხეთი ირანზე იყო დამოკიდებული როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო მარშრუტსა და ენერგეტიკულ პარტნიორზე, განსაკუთრებით გაზის ელექტროენერგიაზე გაცვლის სქემებისა და სატრანსპორტო დაკავშირებადობის პროექტების ფარგლებში. ამან ჩამოაყალიბა შედარებით სტაბილური ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც ეკონომიკურ კომპლემენტარულობასა/ურთიერთშევსებასა და სომხეთის საჭიროებაზე-შეემსუბუქებინა გრძელვადიანი რეგიონული იზოლაციის შედეგები- იყო დაფუძნებული. ამავე დროს, ორმხრივი ურთიერთობები ასახავს უსაფრთხოების ინტერესების თანხვედრასაც: ირანი მუდმივად უჭერდა მხარს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგებოდა ისეთ რეგიონულ სატრანზიტო პროექტებს, რომლებიც არსებულ ძალთა ბალანსზე შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა, ხოლო სომხეთი ირანს აღიქვამდა, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაციისთვის. შესაბამისად, სომხეთ–ირანის ურთიერთობები საუკეთესოდ შეიძლება შეფასდეს, როგორც პრაგმატული პარტნიორობა, რომელიც ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების გადაკვეთაზეა აგებული.

ირანში ომის გახანგრძლივების პირობებში, სომხეთი აწყდება ყველაზე უშუალო სტრუქტურულ რისკებს,  ირანზე მისი ხანგრძლივი დამოკიდებულების გამო სავაჭრო, ენერგეტიკული და საგარეო დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამ არხების შეფერხება – ლტოლვილთა შესაძლო ნაკადებთან ერთად – შეიძლება მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი მოახდინოს სომხეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობაზე. მეორე მხრივ, ომმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სომხეთის სტრუქტურული თანამშრომლობის გაღრმავებას აზერბაიჯანსა და თურქეთთან, განსაკუთრებით აზერბაიჯანთან ბოლო პერიოდში მიღწეული ნორმალიზაციის ფონზე.

სომხეთში ირანის ელჩმა 2026 წლის 2 მარტს განაცხადა, რომ ირანის „შესუსტება ან დამარცხება სომხეთსაც ავნებს“. სომხეთი ცდილობს ფრთხილად დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას და მხარს უჭერს ირანში მშვიდობის სწრაფ აღდგენას. გაიმართა სატელეფონო საუბრები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანსა და ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შორის, ასევე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. სომხეთმა ასევე გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება ირანს.

აზერბაიჯანს არაერთგვაროვანი ურთიერთობა ჰქონდა ირანთან, რაც მათ შორის, განპირობებულია ისრაელთან და თურქეთთან სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობით. აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები ხასიათდება პრაგმატული თანამშრომლობისა და ფარული სტრატეგიული კონკურენციის ერთობლიობით, რაც ძირითადად უსაფრთხოების ფაქტორებით, რეგიონული პოლიტიკური კონფიგურაციებით და შიდა მგრძნობელობებით არის განპირობებული და არა იდეოლოგიური განსხვავებებით.

ამავე დროს, დაძაბულობა პერიოდულად ძლიერდებოდა რეგიონულ სატრანსპორტო კორიდორებზე უთანხმოების, 2020 წლის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში არსებული წესრიგის შესახებ განსხვავებული ხედვებისა და ირანის მგრძნობელობის გამო აზერბაიჯანული ნაციონალიზმის მიმართ – განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ირანში დიდი რაოდენობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მიუხედავად ამ დაძაბულობისა, ორივე ქვეყანა, როგორც წესი, ცდილობდა ფუნქციური დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას, რაც ასახავს მათ საერთო ინტერესს – თავიდან აიცილონ ესკალაცია საერთო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან საზღვარზე.

2026 წლის 5 მარტს ნახიჭევანზე განხორციელებული სავარაუდო ირანული დრონების თავდასხმის მეორე დღეს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა ირანთან დაკავშირებული ჯაშუშური და დივერსიული ქსელების გამოვლენის შესახებ, რომლებიც დიპლომატიურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას მიზანში იღებდნენ. თუმცა ამასთანავე, აზერბაიჯანი ეცადა, შეეზღუდა ურთიერთობების შემდგომი გაუარესება დიპლომატიური ჩართულობის შენარჩუნებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმის გზით, მათ შორის მიმდინარე ომის პირობებში ირანისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევით. ეს ორმაგი მიდგომა მიუთითებს, რომ ორივე ქვეყანა ცდილობს დაძაბულობის „სექტორულად“ მართვას იის ფონზე რომ ორმხრივი ურთიერთობები განსაზღვრულია გეოგრაფიული სიახლოვითა და კონკურენტული, თუმცა არა შეუთავსებელი, რეგიონული ინტერესებით.

ირანში მიმდინარე ომის შედეგად ენერგომატარებლების ფასების ზრდამ შეიძლება მოკლევადიან პერსპექტივაში სარგებელი მოუტანოს აზერბაიჯანს. თუმცა, ამასთან ერთად, ქვეყანა უსაფრთხოების რისკების წინაშეც დგას – განსაკუთრებით ნახიჭევანის მიმართულებით – და ასევე პოტენციური არასტაბილურობის რისკის წინაშეც, რომელიც უკავშირდება ირანში მცხოვრებ მრავალრიცხოვან აზერბაიჯანულ მოსახლეობას (რომლის რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებით, 20 მილიონზე მეტია, თუმცა ზუსტი მონაცემი უცნობია). ამავე დროს, ეკონომიკური სარგებელი, დიდი ალბათობით, ნაწილობრივ განეიტრალდება ინფლაციური ზეწოლითა და რეგიონული არასტაბილურობით.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ირანთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს. საქართველო–ირანის ურთიერთობები ძირითადად განისაზღვრებოდა პრაგმატული ეკონომიკური თანამშრომლობითა და ფრთხილი პოლიტიკური დაბალანსებით, და არა ღრმა სტრატეგიული ალიანსით. თუმცა, ამჟამად ისინი ხასიათდება ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების სწრაფი გაფართოებით, აგრეთვე პოლიტიკური დიალოგის ინტენსივობის გაზრდით. ორგანიზაცია Transparency International Georgia-ის ანგარიშის მიხედვით, ვაჭრობის მოცულობა გასამმაგდა, ხოლო ირანიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2013 წლიდან ხუთჯერ გაიზარდა.

ამავდროულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია ართულებს ქვეყნის შესაძლებლობას, მყარად დამკვიდრდეს დასავლურ ჩარჩოში იმ ვითარებაში, როდესაც მიმდინარე პროცესები სამხრეთ კავკასიას უფრო მეტად აქცევს რეგიონული და გლობალური ძალების კონკურენტული განლაგებების სივრცედ. საქართველო სულ უფრო მეტად ყალიბდება ცენტრალურ სატრანზიტო კვანძად – განსაკუთრებით საავიაციო და ლოგისტიკურ სფეროებში – თუმცა პარალელურად იზრდება შეშფოთება გარე გავლენების გაძლიერების შესახებ, მათ შორის ირანისა და რუსეთის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ყურადღება მიმართული იყო საქართველოს დაახლოებაზე რუსეთსა და ჩინეთთან, ირანის მზარდი გავლენა შედარებით ნაკლებად იყო განხილული. თუმცა ეს ტენდენცია აშშ-ში შეუმჩნეველი არ დარჩენილა – კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიმართ, ისმის აშშ-ის კონგრესში. საქართველოს ხელისუფლება უარყოფს ირანის გავლენის ზრდას, მიუხედავად რიგი სადავო ნაბიჯებისა, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მონაწილეობისა 2026 წლის 11 თებერვალს თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ მიღებაზე, რომელიც ეძღვნებოდა „ირანში ქართველთა ჩასახლების წლისთავს“. აშნიშნული უკავშირდება ისტორიულ ეპიზოდს, რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც XVII საუკუნეში კახეთიდან ქართველთა იძულებითი გადასახლება ირანში.

ამავდროულად, არსებობს ცნობები ირანის გავლენის სწრაფი ზრდის შესახებ, განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ აზერბაიჯანულ შიიტურ უმცირესობაში. აღნიშნული მოიცავს აშშ-ის მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ავრცელებს თეირანთან ასოცირებულ იდეოლოგიურ დოქტრინას და აყალიბებს მისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს. Hudson Institute-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ვრცელი ანგარიში აღნიშნავს, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყენებს ქართველი შიიტი მორწმუნეების მომლოცველთა ვიზიტები ირანსა და ერაყში რეკრუტირების, იდეოლოგიური დამუშავებისა და სადაზვერვო მიზნებისთვის შერჩევის მიზნით. ამავე ანგარიშში საუბარია ირანთან დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და პრო-საინფორმაციო პლატფორმების საქმიანობაზეც, რომლებიც ირანის გავლენის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ანგარიშის კიდევ ერთი ასპექტი ეხება ეკონომიკურ შეღწევასა და სანქციების გვერდის ავლის ქსელს: განსაკუთრებით აღნიშნულია საქართველოში ირანული კომპანიების რეგისტრაციის ზრდა და 2022 წლის შემდეგ ირანული იმპორტის მკვეთრი მატება. კიდევ ერთი ანგარიშის თანახმად, ე.წ. „სანქციების გვერდის ავლის პროექტი“ მოქმედი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი – აღნიშნულია, რომ „2022–2025 წლებში 72 კომპანია იყო პასუხისმგებელი ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე, და ამ იმპორტიორთა დიდი ნაწილი დაკავშირებულია დონორებთან, სახელმწიფო კონტრაქტორებთან და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთანაც.“

მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში აღნიშნული ანგარიშის ავტორების დაბარება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააკრიტიკა აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ (U.S. Helsinki Commission) 9 მარტის განცხადებაში. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ანგარიშის ავტორების გამოძიების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება „უნდა იყოს შეშფოთებული მისი მიგნებებით“ და რომ საქართველოში ირანის გავლენის ზრდის „მკაფიო და სისტემური” სურათი  “ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს.“

განახლებული ამერიკული ინტერესი საქართველოს მიმართ?

საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესების, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებისა და მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების არარსებობის ფონზე, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი. აშშ-ის წარმომადგენელმა მოინახულა ისეთი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ფოთისა და ანაკლიის პორტები, რამაც გააჩინა სპეკულაციები საქართველოს რეგიონული როლისა და ეკონომიკური დაკავშირებადობის მიმართ განახლებული ამერიკული ინტერესის შესახებ — განსაკუთრებით შუა კორიდორის კონტექსტში და ირანში მიმდინარე ომის ფონზე.

ამას მოჰყვა 2026 წლის 30 მარტს სატელეფონო საუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის. ეს იყო პირველი მსგავსი მაღალი დონის კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც აშშ-მა 2024 წელს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და, სავარაუდოდ დაკავშირებული იყო ირანსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს „ურთიერთსაინტერესო საკითხები“, მათ შორის „უსაფრთხოება კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“.

მომდევნო დღეს საქართველოში ირანის ელჩმა გაავრცელა გაფრთხილება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც აშშ-ს დახმარებას. მან კერძოდ აღნიშნა: „ერთი ფაქტი დონალდ ტრამპისა და ამერიკული პოლიტიკის შესახებ არ უნდა გამოგვრჩეს: როდესაც ზოგი ქვეყანა, ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას უთმობს გარე ავანტიურისტებს, ადრე თუ გვიან ამის ფასს საკუთარ საზღვრებში იხდის.“ მან ასევე განაცხადა, რომ „არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან“, რომელიც „იმაზე ბევრად ახლოს არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“. ელჩის, ალი მუჯანი მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ფეისბუქ პოსტი მოგვიანებით წაიშალა და მხოლოდ მოკლე განცხადება დარჩა ტვიტერზე.

ირანის ელჩის ეს განცხადებები უნდა გავიგოთ არა მხოლოდ როგორც რეაქცია ორმხრივ დიპლომატიურ კომუნიკაციაზე, არამედ როგორც ფართო, საომარი პერიოდის კომუნიკაციის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მესამე ქვეყნების ქცევაზე გავლენის მოხდენას. ირანთან დაკავშირებული მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში, ასეთი იმპლიციტური მუქარები ასრულებს შეკავების ინსტრუმენტის როლს და მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნები დააფრთხოს აშშ-ის ან დასავლეთის სამხედრო და ლოგისტიკური აქტივობების ხელშეწყობისგან, თუნდაც ირიბი ფორმით.

საქართველოსთვის ეს განცხადებები ნათლად აჩვენებს იმ სტრუქტურულ შეზღუდვებს, რომელთა წინაშეც დგანან მცირე სახელმწიფოები გეოპოლიტიკურად სენსიტიურ რეგიონებში: უშუალო ჩართულობის გარეშეც კი, გეოსტრატეგიულმა მდებარეობამ და პოლიტიკურმა ორიენტაციამ ისინი შეიძლება გახადოს ზეწოლისა და მუქარის სამიზნე. უფრო ფართოდ, ეს ეპიზოდი აჩვენებს, რომ კონფლიქტის სტრატეგიული ეფექტები უკვე სცდება უშუალო საბრძოლო მოქმედებების არეალს.

მიუხედავად იმისა, რომ ირანში მიმდინარე ომი ხაზს უსვამს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, დაკავშირებადობისა და შუა კორიდორში მისი როლის მნიშვნელობას, იგი ასევე ზრდის რისკების მართვის აუცილებლობას საქართველოს საგარეო პოლიტიკაში.

ირანში ომმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოზე, პირველ რიგში, მისი როგორც ევრაზიულ სავაჭრო და ენერგეტიკულ კორიდორებში სატრანზიტო ქვეყნის, როლის თვალსაზრისით. ირანთან დაკავშირებული მარშრუტების შეფერხებამ შეიძლება შეამციროს ჩრდილოეთ–სამხრეთის სავაჭრო ნაკადები, მაშინ როდესაც პარალელურად გაიზრდება საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის ალტერნატიული კორიდორების ნაწილისა, კერძოდ  შუა კორიდორის, რომელიც კასპიის რეგიონს ევროპასთან საქართველოს შავი ზღვის ინფრასტრუქტურის გავლით აკავშირებს. ამასთანავე, რეგიონული არასტაბილურობის ზრდამ შესაძლოა გაზარდოს ტრანსპორტირების ხარჯები და რისკი შეუქმნას საქართველოს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სატრანზიტო ფუნქციებისთვის.

შედეგები რუსეთისთვის და უფრო ფართო რეგიონული წესრიგისთვის

ირანში ომის განვითარება და მისი ხანგრძლივობა პირდაპირ იმოქმედებს რუსეთის პოზიციაზე როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე უკრაინაში.

ირანი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სამხედრო მომარაგების ჯაჭვებში. ირანის შესუსტება შეზღუდავდა რუსეთის ოპერაციულ შესაძლებლობებს და კიდევ უფრო დაასუსტებდა მის ავტორიტარულ მოკავშირეთა ქსელს. მეორე მხრივ, რუსეთ–ირანის თანამშრომლობის გაღრმავებამ შეიძლება გააძლიეროს ანტიდასავლური ღერძი, რასაც სამხრეთ კავკასიისთვის გრძელვადიანი შედეგები ექნება.

სამხრეთ კავკასიისთვის:

  • რუსეთის შესუსტებამ შეიძლება შეამციროს მისი ზეწოლა რეგიონზე;
  • ხოლო მდგრადმა ან გაძლიერებულმა რუსეთმა შეიძლება უფრო აგრესიულად აღადგინოს გავლენა, განსაკუთრებით ფრაგმენტირებული რეგიონული გარემოს პირობებში.

ნებისმიერ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასია კვლავ რჩება გარე ძალებს შორის კონკურენციის ზემოქმედების ქვეშ, შიდა კოლექტიური დაბალანსების შეზღუდული შესაძლებლობებით.

ამავე დროს, ირანში ომის გახანგრძლივება, პირიქით, სავარაუდოდ მოუტანს რუსეთს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს — გლობალურად ენერგომატარებლების მაღალი ფასების შენარჩუნებისა და მისი ნავთობის ექსპორტზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად. ეს გააძლიერებს მოსკოვის ფინანსურ შესაძლებლობას, გააგრძელოს უკრაინაში ომის დაფინანსება. ჰორმუზის სრუტეში ენერგეტიკული ნაკადების შეფერხებამ და მიწოდების გაურკვევლობამ ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარზე მაღლა აიყვანა, რაც ზრდის რუსეთის საექსპორტო შემოსავლებს და ამსუბუქებს ზეწოლას სახელმწიფო ბიუჯეტზე. ამასთანავე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობის ექსპორტზე გარკვეული სანქციების დროებით შეჩერებამ ან შემსუბუქებამ – რაც ნაწილობრივ ირანის კონფლიქტის ფონზე გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციას ისახავდა მიზნად – ფაქტობრივად მისცა რუსეთს დამატებითი წვდომა ბაზრებზე და შემოსავლების ახალ წყაროებზე, მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე ომისა.

ერთად აღებული, ენერგომატარებლებიდან მიღებული გაზრდილი შემოსავლები და სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქება ზრდის რისკს, რომ უკრაინაში ომი გახანგრძლივდეს, რუსეთის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებისა და სამხედრო ხარჯების შენარჩუნების ფონზე, და ამავდროულად ასუსტებს დასავლური სანქციების მიზნობრივ ეკონომიკურ ზეწოლას.

დასკვნა

ირანში ომი შეიძლება იქცეს გარდამტეხ მომენტად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ეს ერთდროულად წარმოადგენს უსაფრთხოების კრიზისს, გეოეკონომიკურ გადალაგებასა და რეგიონისთვის პოლიტიკურ სტრეს-ტესტსაც. სამხრეთ კავკასია ერთვება ახალ სტრატეგიულ რეალობაში, რომელშიც მისი,  როგორც სატრანზიტო კორიდორის როლი, იზრდება მის მოწყვლადობასთან ერთად. რეგიონის თავზე გადატვირთული საჰაერო სივრცე ამ ტრანსფორმაციის თვალსაჩინო სიმბოლოა: ვიწრო გასასვლელი, რომელზეც ახლა გლობალური ნაკადებია დამოკიდებული და რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან შეფერხების რისკის წინაშეა.

ამასთან, უსაფრთხოებისა და ურთიერთდაკავშირებულობის საკითხების გარდა, ირანში მიმდინარე ომს სერიოზული გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო მმართველობის დინამიკაზე, რადგან ამ კონტექსტში სხვადასხვა განვითარების სცენარები იკვეთება. ირანში არსებული რეჟიმის შენარჩუნება, განსაკუთრებით რუსეთისა და ირანის შორის კოორდინაციის გაძლიერებასთან ერთად, დიდი ალბათობით გააძლიერებს ავტორიტარულ ტენდენციებს მთელ რეგიონში. და პირიქით, ირანში მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა გარდაქმნებმა შესაძლოა შეასუსტოს ავტორიტარული ქსელები და გახსნას შესაძლებლობები დემოკრატიული განვითარებისათვის.

რეგიონში მოვლენების განვითარების შედეგები დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ირანზე, არამედ იმაზეც, რა როლს ითამაშებენ გარე მოთამაშეები და როგორ უპასუხებენ ადგილობრივი პოლიტიკური სისტემები. ამ კონტექსტში, რეგიონის საკვანძო სახელმწიფოების პოზიცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომელთა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია კვლავაც არაერთმნიშვნელოვანია, გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს იმის განსასაზღვრად, მიემართება თუ არა რეგიონი უფრო მეტი გახსნილობისკენ თუ არალიბერალური კონსოლიდაციის გაღრმავებისკენ.

საბოლოო ჯამში, რეგიონის განვითარების ტრაექტორია დამოკიდებული იქნება ომის ხანგრძლივობასა და მის შედეგზე. გაჭიანურებული კონფლიქტი არასტაბილურობის გაღრმავებისა და გარე კონკურენციის გამწვავების საფრთხეს ქმნის. გადამწყვეტი ცვლილებები, განსაკუთრებით ირანის შიგნით, შესაძლოა შეცვალოს რეგიონში ძალთა ბალანსი. ნებისმიერ შემთხვევაში, სამხრეთ კავკასია უკვე აღარ არის გლობალური გეოპოლიტიკის პერიფერია: ის იქცევა მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაკვეთის წერტილად.