რბოლა AI-ს საერთაშორისო სტანდარტების დასაწესებლად

რბოლა AI-ს საერთაშორისო სტანდარტების დასაწესებლად

ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი

2025 წლის თებერვალში მსოფლიოს ლიდერები პარიზში, მესამე გლობალურ AI სამიტზე შეიკრიბნენ. სამოცდაორმა ქვეყანამ, აფრიკის კავშირმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ხელოვნური ინტელექტისადმი ღია, ინკლუზიურ და ეთიკურ მიდგომას ეხმიანებოდა. დეკლარაციას არ შეუერთდა შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სამიტის დახურვის ცერემონიაზე გამოსვლისას, ადმინისტრაციის პოზიცია ცალსახად წარმოადგინა: „ამერიკული AI ავტორიტარული ცენზურის ინსტრუმენტად არ იქცევა.” ამის საპირწონედ, დეკლარაციას ხელი მოაწერა ჩინეთის დელეგაციამ, რომელიც აქტიურად ცდილობს გლობალურად AI მიმართულებით საკუთარი როლის გაზრდას.

ამ მომენტმა ნათლად წარმოაჩინა ის, რაც წლების განმავლობაში იკვეთებოდა, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენცია მხოლოდ ყველაზე მძლავრი მოდელების ან ყველაზე სწრაფი ჩიპების შექმნის რბოლა არ არის. ეს უფრო ღრმა ბრძოლაა იმაზე, თუ ვინ დაწერს წესებს, ნორმებს, სტანდარტებსა და ინსტიტუციურ ჩარჩოებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება, დაინერგება და დარეგულირდება AI გლობალურად. სამიტის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ ორივე სახელმწიფო აქტიურ რეჟიმში ცდილობს ამ ბრძოლისთვის AI ინსტიტუციების შექმნას საკუთარი წესებით.

სტანდარტების დაწესების ფასი

ჩინეთ-აშშ-ს AI რბოლაში ძირითადად მთელი ყურადღება ახალი მოდელების გამოშვებასა და ჩიპების ომს ეთმობა, თუმცა, იმის გასაგებად თუ რას მოიცავს ეს კონკურენცია რეალურად, საჭიროა ვნახოთ თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ტექნიკურ და მმართველობის სტანდარტებს. სტანდარტები ნეიტრალური ადმინისტრაციული დოკუმენტები არ არის, ისინი განსაზღვრავენ, რომელი ტექნოლოგიები არის ურთიერთთავსებადი, რომელი პლატფორმები ხდება დომინანტური, რომელი კომპანიები იღებენ ბაზარზე წვდომას, და რომელი მმართველობის ღირებულებები იქნება ჩაშენებული ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურაში. ქვეყანა ან ბლოკი, რომელიც აყალიბებს საერთაშორისო AI სტანდარტებს, ათწლეულების განმავლობაში სტრუქტურულ უპირატესობებს მოიპოვებს, ვინაიდან სხვა აქტორები ავტომატურად მოარგებენ საკუთარ სისტემებს მის სპეციფიკაციებს.

ამის მაგალითი ისტორიაში უკვე გვაქვს. თავის დროს, შეერთებულმა შტატებმა ინტერნეტ-ეპოქის ფუძემდებლურ სტანდარტებში დომინირება მოახდინა, პროტოკოლებში, პლატფორმებში და ტექნიკურ არქიტექტურებში. შედეგად, ყველა სხვა აქტორმა ან სრულად მიიღო აშშ-ს მიერ დამკვიდრებული სტანდარტები ან მას მცირე მოდიფიკაციებით მოერგო. თუმცა, მაშინ ეს დომინირება უშუალოდ სახელმწიფოს შეგნებული პოლიტიკის შედეგი არ ყოფილა, ის ამერიკული კომპანიების წარმატებამ მოიტანა, რომელთა პროდუქტები გლობალურ სტანდარტად იქცა. ჩინეთმა ეს გაკვეთილი შეითვისა და კონკრეტული დასკვნა გამოიტანა: სხვა ძალის დე-ფაქტო სტანდარტების გლობალურ სტანდარტად ქცევის დაშვება სტრატეგიული დამოკიდებულების ფორმაა, რომლის გამეორება AI ეპოქაში მისთვის დაუშვებელია. ახლა კითხვა ის არის, შეძლებს თუ არა პეკინის უფრო აქტიური და კოორდინირებული მიდგომა სტანდარტების დაწესების მიმართ, გადალახოს ის სტრუქტურული უპირატესობები, რომლებსაც ამერიკის კერძო სექტორის დინამიკა ქმნის.

ჩინეთის მცდელობა

ჩინეთის სტრატეგია გლობალური AI მმართველობის ჩამოსაყალიბებლად სწრაფად განვითარდა და ამჟამად ერთდროულად რამდენიმე პარალელური მიმართულებით მოქმედებს. ყველაზე ცხადი მტკიცებულება 2026 წლის 16 ივლისს გამოჩნდა, როდესაც 29 ქვეყნის წარმომადგენელი შანხაიში შეიკრიბა, რათა ფორმალურად დაეარსებინათ ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაცია (WAICO), დამოუკიდებელი, სამთავრობოთაშორისო ორგანოს სახით, შანხაიში ცენტრალური ოფისით. წინადადება, რომელიც პირველად პრემიერ-მინისტრმა ლი ციანგმა 2025 წლის ივლისში წამოაყენა და შემდეგ სი ძინპინმა პირადად, ამავე წლის ნოემბერში, ბუსანის APEC სამიტზე ხელი შეუწყო, ახლა უკვე წინადადება აღარ არის. ეს უკვე დაფუძნებული ინსტიტუტია, და მისი გახსნის ცერემონიას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეშიც კი დაესწრო, რაც პეკინისთვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს.

WAICO-ს დაარსებასთან ერთად, ჩინეთმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაც გამართა, რომლის მთავარი მომხსენებელი სი ძინპინი იყო. თავის სიტყვაში სიმ ნათლად განაცხადა, რომ AI-მმართველობა უნდა იყოს „საერთო კეთილდღეობისა და საერთო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი”, და არა ერთი სახელმწიფოს მიერ ნაკარნახევი. მისი გამოსვლა დაპირებებსაც მოიცავდა, განვითარებად ქვეყნებს ხუთი წლის განმავლობაში 5000 AI ტრენინგისა და სემინარის შესაძლებლობას დაჰპირდა, ხოლო ASEAN-თან, აფრიკის კავშირთან და BRICS-თან კი თანამშრომლობის ცენტრების შექმნა დააანონსა. WAICO-ს დამფუძნებელ ქვეყნებს შორის არიან რუსეთი, ბრაზილია, ინდონეზია, პაკისტანი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა და გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნები. დამფუძნებლებს შორის დასავლეთის არც ერთი მთავარი დემოკრატია არ ფიგურირებს. ამ ნაბიჯით ნათლად ჩანს, რომ პეკინი არ ცდილობს ვაშინგტონის მოკავშირეების გადაბირებას. ამის ნაცვლად, ის აშენებს პარალელურ ინსტიტუციურ წესრიგს იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც არსებულ წესრიგში სათანადოდ არ არიან წარმოდგენილები.

ჩინეთი ამავდროულად აქტიურად მუშაობს ტექნიკური მიმართულებითაც. 2025 წელს ჩინეთი იკავებდა თავმჯდომარისა და მენეჯერის პოზიციებს ISO/IEC JTC 1/SC 42-ში, AI სტანდარტიზაციის ძირითად საერთაშორისო კომიტეტში, სადაც 8 საერთაშორისო წინადადება წარადგინა და 400-ზე მეტი რეგისტრირებული ექსპერტი ჰყავდა ჩართული. ეს ის ტექნიკური სამუშაოა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ძირითადად უხილავია, მაგრამ მისი ეფექტი დროთა განმავლობაში იზრდება, როგორც კი სტანდარტი საერთაშორისოდ იქნება მიღებული, ტექნოლოგიური არქიტექტურაც სწორედ ამ სტანდარტის გარშემო იწყებს შენებას.

ჩინეთის ამგვარ ქმედებებს ცალსახად იდეოლოგიური განზომილება გააჩნია. პეკინის ნარატივი, რომ AI „საერთაშორისო საზოგადოებრივი სიკეთე” უნდა იყოს, რომ მმართველობა ინკლუზიური უნდა იყოს, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ციფრული უფსკრული უნდა გადაილახოს, მიმზიდველია ბევრი ქვეყნისთვის, რომლებიც თავს უფუნქციოდ გრძნობენ G7-ის ჰიროშიმას პროცესის ან Bletchley-ის სამიტების სერიიდან, სადაც ძირითადად დასავლეთის განვითარებული ქვეყნები ქმნიან დღის წესრიგს. ჩინეთის მხრიდან მსგავსი რეტორიკა მოიაზრებს გრძელვადიან დამოკიდებულებისა და ნორმატიული გათანაბრების მცდელობას, ქვეყნები, რომლებიც საკუთარ AI ინფრასტრუქტურას ჩინურ ტექნოლოგიაზე ააშენებენ, საკუთარ ინჟინრებს ჩინური პროგრამების მეშვეობით მოამზადებენ, და ჩინური შაბლონების მიხედვით ჩამოყალიბებულ მმართველობის ჩარჩოებს მიიღებენ, დროთა განმავლობაში ბუნებრივად დაუჭერენ მხარს ჩინურ პოზიციებს საერთაშორისო ფორუმებზე.

ვაშინგტონის საპასუხო მიდგომა

ამერიკის მიდგომა გლობალური AI ნორმების დაწესებისადმი, როგორც წესი უფრო ბაზარზე ორიენტირებული იყო და აქამდე არ მოიცავდა ინსტიტუციურ ჩარჩოს. თუმცა, ჩინეთის ქმედებების საპასუხოდ, აშშ-ც ცვლის თავის ხედვას და WAICO-ს პარალელურად საკუთარ AI კოალიციას აშენებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა 2025 წლის დეკემბერში დააარსა Pax Silica, როგორც AI-ისა და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების ძირითადი ინიციატივა, იმ არგუმენტით, რომ AI ეკონომიკას სჭირდება G7 და G20-სგან განსხვავებული, ცალკე მდგომი ეკონომიკური უსაფრთხოების ჩარჩო. WAICO-სგან განსხვავებით, Pax Silica ეთიკის ან მმართველობის ორგანოდ არ მოიაზრება. მისი მთავარი იდეა AI ეკონომიკის ფიზიკური ინფრასტრუქტურის, კრიტიკული მინერალების, ენერგეტიკის, ნახევარგამტარების, წარმოებისა და AI ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის და ჩინეთის კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდების ჯაჭვებზე დამოკიდებულების შემცირებაა. თუმცა, ინსტიტუციური ლოგიკა WAICO-ს ლოგიკის იდენტურია, სახელმწიფოების კოალიციის შეკრება, პოლიტიკისა და ინვესტიციების კოორდინირება. დღეისათვის Pax Silica-ს დეკლარაციას 25 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორისაა ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი, ფილიპინები, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი.

აღსანიშნავია, რომ აშშ მხოლოდ Pax Silica-თი არ შემოიფარგლება. 2025 წლის 23 ივლისს ტრამპის ადმინისტრაციამ წარმოადგინა აშშ-ს AI სამოქმედო გეგმა, სახელწოდებით „რბოლის მოგება,” რომელიც პირდაპირ ამტკიცებს, რომ „ვისაც ყველაზე დიდი AI ეკოსისტემა ექნება, ის დააწესებს გლობალურ AI სტანდარტებს და ისარგებლებს ფართო ეკონომიკური და სამხედრო სარგებლით.” ამავდროულად, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს „სრული AI ტექნოლოგიური მიმართულების, აპარატურის, მოდელების, პროგრამული აპლიკაციებისა და სტანდარტების ექსპორტს ყველა ქვეყანაში, რომელიც ამერიკის AI ალიანსში გაწევრიანდება”.

ასე რომ, AI-ს მიმართულებით საკუთარ კოალიციას ვაშინგტონიც აშენებს, თუმცა, პეკინისგან განსხვავებული მიდგომებით და ინსტიტუციური ჩარჩოებით.

AI სტანდარტების მომავალი

ის, რაც AI ნორმების დაწესებაზე შეერთებული შტატებისა და ჩინეთის კონკურენციას ანალიტიკურად საინტერესოს ხდის, არის ის, რომ ორივე მხარე დანარჩენ სამყაროს სთავაზობს AI მმართველობის საკუთარ, განსხვავებულ მოდელს.

ჩინეთის მოდელი მრავალმხრივობაზე, განვითარებაზე და სუვერენიტეტზე აკეთებს მთავარ აქცენტს. WAICO, გლობალური AI-მმართველობის სამოქმედო გეგმა და BRICS თანამშრომლობის ცენტრები, ყველა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებისა და სარგებლის სამართლიანი მიღების ტერმინებითაა ჩამოყალიბებული, ღიად წარმოდგენილი იმის საწინააღმდეგოდ, რასაც პეკინი დასავლეთის დომინირებულ მმართველობის ინიციატივებს უწოდებს. ამერიკული მოდელი კი ეყრდნობა მტკიცებას, რომ ღია ბაზრები და კერძო სექტორის ლიდერობა უკეთეს AI-ს გვთავაზობს და აქცენტი ძირითადად ინოვაციაზე და განვითარებაზე აქვს.

ის თუ რომელი ქვეყანა შეძლებს AI მიმართულებით საკუთარი ხედვის და სტანდარტების დაწესებას გლობალურად, ასევე განსაზღვრავს თუ რა ღირებულებები, დაშვებები და პოლიტიკური პრეფერენციები იქნება ჩაშენებული AI-ით უზრუნველყოფილი სამყაროს ინფრასტრუქტურაში. თუ ამ მხრივ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კონკურენცია არსებითად რიტორიკული იყო და უმეტესწილად ხელმოწერილ ან უარყოფილ დეკლარაციებს და ინსტიტუციური ფორმის გარეშე წამოყენებულ წინადადებებს მოიცავდა, დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია. WAICO უკვე ფუნქციონირებადი ორგანიზაციაა, შანხაის სათავო ოფისით და 29 წევრი სახელმწიფოთი. Pax Silica ფუნქციონირებადი კოალიციაა, 25-ზე მეტი ხელმომწერითა და ფიზიკური ინფრასტრუქტურის პროექტებით, რომლებიც ფილიპინებიდან პანამამდე მიმდინარეობს. ორივე სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯი წესებზე კამათიდან იმ ინსტიტუტების მშენებლობისკენ, რომლებიც ამ წესებს დაწერენ. ის თუ რომელი აღმოჩნდება უფრო წარმატებული ამ წესების გლობალურად დამკვიდრებაში, ამას დრო გვიჩვენებს.